კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის და რატომ „კლავს“ ლეო ანთაძე ჯემალს და რისთვის მიიღო მან სუფრაზე სამი ძვირად ღირებული საათი საჩუქრად

ყველასთვის ცნობილ მსახიობ ლეო ანთაძისთვის, კინოსა და თეატრში შესრულებული უამრავი როლის მიუხედავად, ყველაზე დიდი პოპულარობის მომტანი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ განსახიერებული ჯემალის როლი აღმოჩნდა. სინამდვილეში, ბატონი ლეო სულაც არ არის საკუთარი გმირივით სიტყვაძუნწი. ტელევიზორს ისიც ხშირად უყურებს, მაგრამ ჯემალივით საინფორმაციო გამოშვებებზე ფანატიკურად შეყვარებული არ არის. მსახიობს საკუთარ ოჯახზე, შემოქმედებაზე, სიზმრებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებსა და გამორჩეულ იუმორის გრძნობაზე ვესაუბრეთ.
– ცოტა ხნის წინ, სერიალში ჯემალისა და მანანას გაცნობის ისტორია ვნახეთ. თქვენი ნამდვილი ცხოვრების ეს ეტაპი როგორ გახსენდებათ?
– სამწუხაროდ, მე მეუღლე აღარ მყავს, გარდამეცვალა. ძალიან ძნელი ყოფილა მეგობრის ხელიდან გამოცლა, განსაკუთრებით, ჩემს ასაკში. ჩემი მეუღლე ფილოლოგი იყო. ერთმანეთი ოჯახში გავიცანით და მოგვეწონა. რომ ვისაუბრეთ, ხასიათითაც ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. ძალიან თბილი ოჯახი გვქონდა და მასთან თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ვხედავდი, რომ ჩემს მეუღლეს ძალიან უხაროდა ჩემი წარმატება.
  მე თვითონ ოთხი შვილი მყავს. უფროსმა ქალიშვილმა თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა, მაგრამ დღეს დიასახლისია. მეორე შვილი ფარმაკოლოგიური ქარხნის GMP-ის დირექტორი და საკმაოდ ცნობილი კაცია, გიორგი ანთაძე; მესამე ქალიშვილი ქიმიკოსია, მაგრამ ამ დროისთვის ისიც დიასახლისია. ნაბოლარა პროფესიით მენეჯერია, მაგრამ არც ის მუშაობს. ახლა მხოლოდ მე და ჩემი ბიჭი ვართ ოჯახში. დანარჩენი ყველა დაბინავებულია და ოჯახებიც აქვთ, ნაბოლარას გარდა, რომელიც უკვე ორმოცი წლის ხდება და ცოლი არ მოჰყავს. ქალის გარეშე ვართ და ძალიან გვიმძიმს (იცინის).
– როგორი ბაბუა ხართ?
– ჯემალი ცოტა ცივი კაცია ცოლთან და სხვებთან მიმართებაში, მაგრამ ბავშვები ძალიან უყვარს, როგორც კი მათ დაინახავს, სხვანაირი ხდება. მეც ასე ვარ. ბებიაჩემი – ნინო ნაკაშია საბავშვო მწერალი იყო და მთელი სოცოცხლე მათ შეალია. არ ვიცი, გენების თუ მისი აღზრდის დამსახურებით, ბავშვები მეც უზომოდ მიყვარს, მათაც ძალიან უხარიათ, როცა ვაკითხავ. ერთ-ერთი შვილიშვილი სკოლის დადგმაში მონაწილეობდა ახლახან და ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად. შეიძლება, გაჰყვეს კიდევაც ამ გზას. თბილი და ჭკვიანი გოგონაა, გარეგნულადაც ლამაზია, სულ მე მგავს (იცინის).
– როგორც ვიცი, განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ სიზმრებისადმი.
– ერთხელ, ბავშვობაში ძალიან მძიმე სიზმარი დამესიზმრა. ჩემი მშობლები გაშორებულები იყვნენ და ცალ-ცალკე ოჯახები ჰქონდათ. რუსთაველის პროსპექტზე ვცხოვრობდით, დიდი ეზო გვქონდა და სკოლიდან დაბრუნებული, შინ რომ შემოვიდოდი, დედა აივანზე მელოდა. სახლში კი საჭმელი შიშხინებდა ჩემთვის. ის რომ გარდაიცვალა, დამესიზმრა: ეზოში შემოვედი და აივანზე ჩვეულებრივ, დედა დავინახე. ვიცოდი, რომ გარდაცვლილი იყო და: დედაა, შენ ცოცხალი ხარ-მეთქი, – ვიყვირე, გავქანდი და ჩავეხუტე. უცებ სიცივე ვიგრძენი და ტანში გამაჟრჟოლა. დედას შევხედე და მის ნაცვლად უცხო ქალი დავინახე. დაკრეჭილი კბილებით მიყურებდა და ჭაღარა თმა ჰქონდა – დედაჩემივით. დედას ჰგავდა, მაგრამ ის არ იყო. ხელი ვკარი და ყვირილით გამომეღვიძა. გავიდა რამდენიმე ხანი და მამინაცვალმა ითხოვა ზუსტად ის ქალი, რომელიც მე დამესიზმრა, ძალიან ჰგავდა დედაჩემს. გვარითაც – ისიც დედასავით ერისთავი იყო, თუმცა დედას მარიამი ერქვა, მას დარო. 
– განვლილი ცხოვრებიდან რომელი პერიოდები გახსენდებათ ყველაზე რთულად და პირიქით – ბედნიერად?
– დიდი ბედნიერებაა, როცა შვილები გყავს და კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, როცა მათ წარმატებას ხედავ და მათი ქება გესმის. ასევე, უდიდეს ბედნიერებას გრძნობ, როცა მშობლებს გიქებენ. დედაზე და მამაზე გიჟდებოდნენ, ისე უყვარდათ. ერთხელ ქორწილში უფროს თაობას შევხვდი. ერთ-ერთი მამაჩემის მეგობარი იყო და როცა დანარჩენებს უთხრა, ვისი შვილიც ვიყავი, უამრავი ადამიანი დამესია. მკოცნიდნენ და მეხვეოდნენ მისი სიყვარულით და მახსოვს, იმ მომენტში, თავი უბედნიერეს ადამიანად ვიგრძენი.
რაც შეეხება რთულ პერიოდებს, ბევრი გაჭირვება ყოფილა. მე ერთი შვილი, უფროსი გოგონა გარდამეცვალა 16 წლის ასაკში. ძალიან მძიმე ამბავი იყო, არ მინდა ამის გახსენება. მშობლებიც ადრე გარდამეცვალნენ, სტუდენტობისას – ჯერ დედა, ორი წლის შემდეგ კი, მამა. სადარდებლად მაქვს, რომ ისინი ჩემს დაოჯახებასა და სცენაზე გამოსვლას ვერ მოესწრნენ. თუმცა, თეატრალურ ინსტიტუტში კი ნახეს ჩემი ნამუშევარი და ბედნიერები იყვნენ ნანახით.
– სერიალს რა როლი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში?
– ძალიან ბევრი როლი მაქვს შესრულებული, როგორც კინოში, ისე თეატრში, მაგრამ ასეთი პოპულარობა არცერთს არ მოუტანია. ქუჩაში ისე ვერ გავივლი, ვინმემ რომ არ გამაჩეროს, სიყვარული გამოხატოს და სურათი არ გადაიღოს ჩემთან. ძალიან პატივმოყვარე არ ვარ, მაგრამ რაღა დაგიმალო, მსიამოვნებს ეს ყველაფერი (იცინის). ძალიან ბევრი მეკითხება, რა მოხდება მომდევნო სერიებშიო და ვოხუნჯობ ხოლმე: მომდევნო სერიებში სოფელში, ნათესავთან მივდივართ დასასვენებლად. ჯეკოს ბურთი გადაუვარდება ბუჩქებში და ასაღებად რომ მივა, ხელზე ქვეწარმავალი კბენს. ბავშვი ძალიან ცუდად ხდება, თუმცა საავადმყოფო არსადაა და მე ამოვწოვ სისხლს ნაკბენიდან. მოვიწამლები და ცოტა ხანში ვკვდები-მეთქი. ელოდებიან, როდის იქნება ეს სერია და მეკითხებიან: როდის გიკბენს გველი? შენ კიდევ ცოცხალი ხარ? (იცინის)  თუმცა, სინამდვილეში, წინასწარ არასდროს ვიცით, რა მოხდება.
– ცხოვრებაში გამორჩეული იუმორის პატრონი ხართ.
– ჩემი ცხოვრების შესახებ მემუარებს ვწერ და შემოდგომისთვის ვაპირებ გამოცემას. მასში ბევრ ამბავს მოვუყრი თავს მშობლებზე, ჩემს ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, ჩემს ოხუნჯობებზე, რომელიც მახასიათებს.
იყო დიდებული პიროვნება და მსახიობი გოგი გელოვანი. ქართული ხალხური სიმღერები უყვარდა ძალიან და ბევრი მათგანი შეგვასწავლა. ერთხელ, საქეიფოდ წაგვიყვანეს ერთად რესტორანში. სუფრაზე სადღეგრძელო ვთქვი, ლექსიც მივაყოლე და სუფრის ერთ-ერთმა წევრმა საათი მოიხსნა და მაჩუქა. უძვირფასესი საათი იყო „სეიკო“, რომელიც მაშინ არც იშოვებოდა. მეორე დღეს გოგი გელოვანი უფროს მსახიობებს უყვებოდა, ლეომ ისეთი სადღეგრძელო დალია და ისეთი ლექსი თქვა, უძვირფასესი საათი აჩუქესო. ტარიელ საყვარელიძე მეუბნება: შე შობერლძაღლო, რა ლექსი თქვი ასეთი? მთელი ჩემი სიცოცხლე ლექსებს ვკითხულობ სუფრაზე, რადიოში, სცენაზე და კაციშვილს არაფერი უჩუქებია, შენ ამისთანა რა ქენიო. გოგი ტატიშვილმა, რომელიც ცნობილი თამადა იყო, მითხრა: ჩემთვის ერთი „ბუდილნიკი“ არავის უჩუქებია და აბა, გვანახე ერთი, რა გაჩუქესო. საათი რომ ნახეს, სულ გაგიჟდნენ, მე კიდევ უფრო გადავრიე. ვუთხარი: რა გიკვირთ, ასეთი საათები ერთი განჯინა მაქვს, ყოველ სუფრაზე მჩუქნიან-მეთქი (იცინის). რამდენიმე დღეში ყველა ერთად, ერთ სუფრაზე დაგვპატიჟეს. მე, რა თქმა უნდა, ჩემი საათი თან მქონდა. უზარმაზარი სუფრა იყო გაშლილი. თავში ვიჯექი, ავდექი, სუფრის ბოლოში მივედი ერთ კაცთან, საათი მოვიხსენი, მივეცი და ვუთხარი, მე ახლა ლექსს წავიკითხავ და თქვენ ეს საათი გადმომაწოდეთ, ვითომ მაჩუქეთ-მეთქი. დავუბრუნდი ჩემს ადგილას, წავიკითხე ვაჟას ლექსი და მაჩუქეს საათი, გაგიჟდნენ ესენი (იცინის). წავედი, ვიშოვე მეორე საათი. დავარტყი მეორე ლექსი და მაჩუქეს მეორე საათიც. საათების წურბელა ხარო, მეძახის ტატიშვილი. იქ ერთი ჩემი ებრაელი მეგობარი იყო, სასწაული საათი ჰქონდა. გეგონებოდა, თევზები დაცურავდნენ შიგნითო. საათის უნახავს გაგხდიდა. ჰოდა, მოველაპარაკე მასაც. გოგი გელოვანს ვეუბნები, მოდი, აფხაზური სიმღერა ვიმღეროთ-მეთქი. უცხო სიმღერა იყო, ბევრმა არ იცოდა მის შესახებ. მე სოლოს ვასრულებდი. ვიმღერეთ და მოვიდა კიდევ ერთი საათი. გოგი გაგიჟდა, ეს სიმღერა მე ვასწავლე, კაცო, ამას, ვის აჩუქეთ ეს საათიო?! გავიკეთე მაჯაზე სამივე საათი და ცოტა ხანში, საქართველოს სადღეგრძელოზე გალაკტიონის ლექსი ვთქვი. ჰოდა, შემოვიდა ამ დროს დიასახლისი, მოიძრო თავის საათი და მაწვდის (ეს უკვე მართლა).  არა, ქალბატონო, მართლა საათებს კი არ ვაგროვებ-მეთქი, ვუთხარი (იცინის). მერე ჩემს იუბილეზე თეატრმა მაგიდის დიდი და უნიკალური საათი მაჩუქა. ასე რომ, საათებით ამევსო ოჯახი და მას შემდეგ არც რეპეტიციაზე დამიგვიანია და არც სპექტაკლზე. პაემანზე უკვე აღარ დავდივარ, თორემ არც იქ დავიგვიანებდი (იცინის).

скачать dle 11.3