აკაკი წერეთელი და მაკო საფაროვა
ერთხელ ცქრიალა გოგონა მაკო საფაროვა ალექსანდრეს ბაღში იყო. დეიდამ დაარიგა – ფრთხილად იყავი, არავის დაელაპარაკოო. ზის მაკო ბაღში. მოვიდა ვიღაცის პატარა ძაღლი, მაკომ ხელი გადაუსვა და აკოცა.
– უჰ, ქალო, მაგისთანა ცუგრუმელა გოგონა ძაღლს როგორ ჰკოცნი? – მოესმა მაკოს. მაკომ დაინახა ლამაზი ვაჟკაცი, რომელიც თავზე ადგა და იღიმებოდა.
– ზოგჯერ ძაღლის კოცნა ჯობია ზოგიერთ კაცთან ლაპარაკს, – მიახალა მაკომ. უცნობმა გადაიხარხარა:
– ოჰ, შენ ჭკუაც თუ მაგისთანა გაქვს, როგორიც ენა გქონია, ძალიან კარგი მსახიობი გამოხვალ.
– თქვენ როგორ მიბედავთ, რომ მაგისთანა სიტყვას მეუბნებით, მოსამსახურე გოგო ან ვინმე უპატრონო ხომ არ გგონივართ.
გაბრაზებული მაკო დეიდასთან მივიდა, რომელიც იქვე იყო ბაღში და შესჩივლა: დეიდა, ის ვიღაცა ოხერი, აქეთ რომ მოდის, გადამეკიდაო, – და იმ უცნობზე მიუთითა.
– რას მიჰქარავ, – მიაძახა დეიდამ, – იცი, ეგ ვინ არის? დიდი პოეტი აკაკი წერეთელია!
შერცხვა მაკოს, აილეწა. ამასობაში აკაკიც მოვიდა.
– ნება მიბოძეთ, გაგაცნოთ ჩემი დისწული, – მიმართა აკაკის მაკოს დეიდამ.
– ნუ წუხდებით, ჩვენ უკვე გავიცანით ერთმანეთი და, იმდენად კარგად, რომ ჩხუბიც კი მოვასწარით, – სიცილით უთხრა აკაკიმ და უამბო მათი გაცნობის დეტალები.
აკაკიმ დიდი როლი ითამაშა მაკოს ცხოვრებაში – სცენაზე მან გამოიყვანა იგი. შემდგომ მაკო ცოლად გაჰყვა ცნობილ მსახიობს, ვასო აბაშიძეს და თავის გვარს ქმრის გვარიც მიუმატა: მაკო საფაროვა-აბაშიძე.