როგორ დაიწყო ბიძინა ივანიშვილის დახმარებით თამუნა აბესაძის წარმატებული კარიერა და ვის არ მისცემდა ის ცხოვრების დანგრევის უფლებას
თამუნა აბესაძე პროფესიონალი მოცეკვავე და პროფესიონალი ქორეოგრაფია. როგორც თავად ამბობს, ცეკვისადმი სიყვარული მუდმივად ჰქონდა სულში და ჯერ კიდევ ბაღში სიარულისას დაიწყო ცეკვა. 18 წლის ასაკში კი „ვერნისაჟში“ მივიდა და იქიდან მისი საცეკვაო კარიერა უფრო მეტი წარმატებით განვითარდა.
თამუნა აბესაძე: პატარა რომ ვიყავი, ჭიათურაში ვცეკვავდი. ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით საჩხერეში შეიქმნა ცეკვის სტუდია, სადაც კონკურსში მივიღე მონაწილეობა. 300 გოგონადან ოცეულში მოვხვდი. ამის შემდეგ ბევრ კონკურსში, ფესტივალებზე გამოვდიოდით და სერიოზული წარმატებები გვქონდა. პარალელურად, 15 წლის ასაკიდან, ბავშვებსაც ვასწავლიდი. დღეს მათთან ურთიერთობა და ცეკვა ჩემი ცხოვრების ნაწილია. 18 წლის ასაკში „ვერნისაჟში“ მივედი. ყველა ჯგუფს ვესწრებოდი, რომ რამენაირად დავწეოდი სოლისტ გოგონებს. იმდენი გავაკეთე, რომ თეა გობეჯიშვილი გაოგნებული იყო. თვე-ნახევრის შემდეგ პირველად გამოვედი კონცერტზე. ეს არასდროს დამავიწყდება – უამრავი ხალხი, ლამაზი კოსტიუმები, მაკიაჟი, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვიყავი. ჩემი ოცნებაც ახდა – დიდ სცენაზე ვიცეკვე „ვერნისაჟთან“ ერთად. ამის შემდეგ ბევრი გზა გამოჩნდა: სამოდელო სააგენტოებიდან, ცეკვის სტუდიებიდან მთავაზობდნენ ქორეოგრაფად მუშაობას. 18 წლიდან სტუდიებში ვმუშაობ, ბავშვებთან, ასევე, უფროსებთანაც. გარდა ამისა, იყო კიდევ ბევრი ფილმი, რომელშიც გადაღებული ვარ. ასევე ხორავას თეატრში ამიყვანეს როგორც მსახიობი, ეპიზოდურ როლებში. გარდა ამისა, ყრუთა კავშირში ვმუშაობ უკვე 5 წელია და ვამზადებ გოგონებსა და ბიჭებს. აქ ფასდება ის, თუ ვის როგორი მონაცემები აქვს. ეს გოგონები იმდენად ნიჭიერები არიან, რომ ერთმა, რომელმაც „მის საქართველოზე“ პირველი ადგილი აიღო, შემდეგ უკვე „მის მსოფლიოზე“ მესამე ადგილი დაიკავა. მე ძალიან მიყვარს მრავალფეროვნება – ყველაფერში, განა მხოლოდ ცეკვაში. ესეც მრავალფეროვანი და საინტერესო შოუ გამოვიდა.
– ეს, ალბათ, შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
– ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილას ვხვდები ხოლმე. ასე მოვხვდი ყრუთა კავშირში. ძალიან მინდოდა, ყველას დავხმარებოდი და დირექტორს შევთავაზე, რომ მათთან ვიმუშავებდი. შოუს პროგრამის მომზადებაში დავეხმარე და მას შემდეგ უკვე კონკურსისთვის ვამზადებ გოგონებს. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ადამიანს დაუდგამ შოუს და ის საერთაშორისო კონკურსზე წარმატებას აღწევს. ასევე, მნიშვნელოვანი იყო „ევროვიზიის“ შოუ, რომელიც პატარებისთვის დავდგი. ეს დიდი გამოცდა იყო ჩემთვის და მიხარია, რომ წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა. თავიდან ვღელავდი, არ ვიცოდი, თეა გობეჯიშვილს თუ მოეწონებოდა. მაგრამ, მე მიყვარს საკუთარ თავთან გამოცდების ჩაბარება. ასეთ დროს უფრო იზრდები და ძლიერდები. საკუთარ თავს უმტკიცებ, რომ შენ ძლიერი ხარ და ყველაფერს შეძლებ. ისე მოეწონათ ეს შოუ, ერთ-ერთი სტუდიის უფროსი მეძებდა, რომ მასთანაც მემუშავა. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როდესაც „X ფაქტორის“ სახე გავხდი. საკმაოდ დიდი ქასთინგი ჩატარდა, 200-მდე გოგონა იყო და ოთხეულში მოვხვდი. თავდაჯერებული ვარ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვნერვიულობ – მგონია, არ ამიყვანენ. ამიტომ, მაქსიმალურს ვაკეთებ, რომ გამარჯვება შევძლო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ 28 წლის ასაკში ჯერ საკუთარი თავი არ ამომიწურია, უფრო მეტის გაკეთება შემიძლია.
– როდესაც „X ფაქტორში” ან მსგავსი ტიპის შოუებში გამოდიხართ, ჩაცმულობა, მოძრაობები თამამი, სექსუალური, შოუს, სცენის შესაფერისია. ბევრი კი ამის გამო გაკრიტიკებთ.
– ზოგ მოცეკვავეს ამაზე გართულება აქვს, მე ეს არასდროს მქონია, რადგან კოსტიუმები გემოვნებითაა შერჩეული. ჩვენც ზოგჯერ ვერევით და ვეუბნებით, რომ კოსტიუმი ისეთი იყოს, ცეკვას რომ მოუხდეს. მაშინ მაყურებელს ძალიან ღია კოსტიუმზე უკვე აღარ გადააქვს ყურადღება. მე მომწონს. გართულება ჩემი ოჯახის არცერთ წევრს არ ჰქონია. ბავშვობიდან მამიკო ყოველთვის დამყვებოდა კონკურსებზე. თვითონ მიცვლიდა და მეხმარებოდა. ზოგ გოგოს იმიტომ აქვს კომპლექსი, რომ წონაში მოიმატა, ფორმაში არ არის. მე ბიონსეს აღნაგობა მაქვს. არასდროს ვარ რბილი, სულ კუნთი მაქვს და არაესთეტურადაც არასდროს ვჩანვარ. ცეკვის გარდა, ფიტნესშიც ვვარჯიშობ. ვცდილობ, მკვრივი ვიყო და არ მაქვს იმის კომპლექსი, რომ რამე ცუდად გამომიჩნდება. როცა პარტნიორთან ცეკვავ, მხოლოდ ცეკვაზე ფიქრობ. სხვანაირად ვერც შეხედავ პარტნიორს. ეს მხოლოდ ხელოვნებაა. ვერ წარმომიდგენია, ვინმეს მიმართ რაიმე გრძნობა გამიჩნდეს. ჩემი მეორე ნახევარი ვერც წარმომედგინა და ვერც წარმოვიდგენ, რომ ჩემი კოლეგა იყოს. სხვა პროფესიის უნდა იყოს, რომ მასთან ერთად სხვა სამყარო მქონდეს და ასე შევავსოთ ერთმანეთი.
- აღნიშნე – ფერადი, მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვსო. რას გულისხმობდი?
– არცერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს, მრავალფეროვანია და სწორედ ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, როგორც მე მინდოდა. მთელი დღე ვმუშაობ და დღის ბოლოს აუცილებლად გავდივარ მეგობრებთან ერთად. მეორე დღეს კი სხვა სამსახურში ვარ – კიკეთში სკოლაში ავდივარ, სადაც ცეკვას ვასწავლი. კვირის ბოლოს, ქალაქგარეთ გავდივარ. ძალიან მიყვარს სოფელი, ბუნება. სიამოვნებით ვატარებ დღეს, ვმშვიდდები. შემიძლია, მარტო წავიდე, პლედი გავშალო, წიგნი წავიკითხო, გამოვიძინო. ტელეფონი გამოვრთო და მთელ სამყაროს გამოვეთიშო.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში, შეყვარებული ხომ არ ხარ?
– ცხოვრებაში პირველად ვარ შეყვარებული. საერთოდ, ბიჭებთან ურთიერთობისას ყოველთვის დისტანცია მქონდა, არ მიყვარდა იმედის მიცემა. თუ ვიცი, რომ ის არასდროს მომეწონება, იმედს ვერ მივცემ, რომ მერე ამას იმედგაცრუება არ მოჰყვეს. ყოველთვის ვფიქრობდი: ჯერ კარიერა, შრომა, წარმატებები... ყველაფერს თავისი დრო აქვს. მაგრამ, 28 წლიდან დაიწყო ჩემი სიყვარულის ამბავი და ძალიან ლამაზია. თუმცა, ჯერჯერობით სერიოზულს არაფერს ვგეგმავთ.
– როგორ შეგაყვარა თავი?
– თავიდან ვმეგობრობდით. მერე ისე ბუნებრივად დაიწყო ჩვენი სიყვარულის ამბავი, ვერც კი მივხვდით, როდის შეგვიყვარდა ერთმანეთი. სიყვარული ძალიან აძლიერებს ადამიანს, უფრო მეტი სტიმული გაქვს. ვფიქრობ: სიყვარულისა და პირადი ცხოვრების გარეშე, ყველაფერი ერთფეროვანია. ორივე უნდა შეუთავსო ერთმანეთს, ორივეში უნდა გქონდეს წარმატება. სიყვარულით ყველაფერს მოასწრებ ადამიანი.
– როგორი ხარ შეყვარებული?
– მზურნველი. ეჭვიანი საერთოდ არ ვარ. როცა დარწმუნებული ხარ, მას ძალიან უყვარხარ, აღარ ფიქრობ იმაზე, რომ შეიძლება, სხვა გამოჩნდეს. მზრუნველი ვარ და მოსიყვარულე. თუ მიყვარს, ბოლომდე მიყვარს, მისი ერთგული ვარ. ჩვენთვის ვართ ბედნიერად.
– მოსწონს შენი ცეკვა? რაიმე შეზღუდვები ხომ არ აქვს?
– ძალიან გამიმართლა, რომ მას ესმის ხელოვნება. ხელოვანია სულით და გულით, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და კრიტიკოსია. როცა ვიცი, დარბაზში ზის, უფრო მეტად ვნერვიულობ, რადგან, ერთი შეცდომაც კი არ გამოეპარება. გვერდში მიდგას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხელოვნება ჩემთან ერთად გაიზარდა ჩემში და მის მიმართ დიდი სიყვარული მაქვს. თუ ადამიანი, რომელიც ახლა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, შეეცდებოდა ეს ყველაფერი დაენგრია, რა თქმა უნდა, ჩემი ღირსი ვერ იქნებოდა, ჩემს სიყვარულს ვერ დაიმსახურებდა. მე უნდა ვუყვარდე მას ჩემს პროფესიასთან ერთად.