იყო თუ არა ბედისწერა წლების შემდეგ ზურა დოიჯაშვილის შეხვედრა მომავალ მეუღლესთან
ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მომღერალი ზურა დოიჯაშვილი დიდი ხანია, საზოგადოებაში აქტიურად აღარ ჩანს. მოსკოვიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაბრუნებულმა უკან წასვლა ვეღარ მოახერხა. უკვე სრულიად გამოჯანმრთლებულს და სამშობლოში დარჩენილს თავის სასიმღერო კარიერასთან დაკავშირებით, გარკვეული გეგმები აქვს, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში აპირებს.
ზურა დოიჯაშვილი: დაახლოებით წელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც მოსკოვიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩამოვედი. გულის ოპერაცია გავიკეთე და გარკვეული პერიოდი დამჭირდა რეაბილიტაციისთვის. ექიმმა ალკოჰოლის მიღება და მოწევა სასტიკად ამიკრძალა. გარკვეული პერიოდი არცერთს არ გავკარებივარ. ახლა ცოტ– ცოტას ვსვამ და სიგარეტსაც ვეწევი, მაგრამ იშვიათად. ალკოჰოლზე მეტად თამბაქო ვნებს გულს და მაქსიმალურად ვერიდები. ის ახალგაზრდა ბიჭი აღარ ვარ, აგვისტოში 53 წლის ვხდები და ცოტა ცხოვრების წესიც შევიცვალე.
– ადვილი იყო ცხოვრების წესის შეცვლა?
– ადვილი არაა, როდესაც ამდენი საახლობლო და სამეგობრო გყავს და ლამის ყოველდღე გეპატიჟებიან სხვადასხვა სუფრაზე, შენ კი ალკოჰოლი გეკრძალება. როდესაც სხვები სვამენ და შენ ფხიზელი ხარ, არც ისე სასიამოვნო მდგომარეობაა, მაგრამ რაღაცნაირად შევეჩვიე. ვცდილობ, მხოლოდ საახლობლო წრეში ვიყო, სადაც იციან ჩემი პრობლემა და დაძალების მომენტიც არ იქნება. საერთოდ, ვცდილობ, ადრე დავტოვო სუფრა.
– ამჟამად რით ხართ დაკავებული?
– სიმღერის გარდა, სხვა საქმით არ ვარ დაკავებული. ხშირად მაქვს რეპეტიციები ცოცხალ ბენდთან ერთად. იყო ასეთი ჯგუფი „პირამიდა” და წლების შემდეგ გადავწყვიტეთ შეკრება. ბენდი შევქმენით და აქტიურად ვრეპეტიციობთ, ვაპირებთ კონცერტების გამართვას სხვადასხვა ქალაქში. პარალელურად, მივდივარ ყველგან, სადაც მეძახიან. ბოლო დროს სახელმწიფო კონცერტებზეც მიწევს გამოსვლა. ბესო კალანდაძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვმართავთ კონცერტებს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით და ვცდილობ, არ გამოვაკლდე, ყველგან მივიღო მონაწილეობა. ეს ის საქმეა, რომლის გარშეც ჩემი ცხოვრება, უბრალოდ, წამოუდგენელია.
– მაყურებელი როგორ გხვდებათ?
– ძალიან თბილად და ტკბილად. აშკარად ეტყობათ, რომ მოენატრათ ქართული სიმღერა. იყო პერიოდი, არც კონცერტები იყო და ხალხსაც არ ჰქონდა მოსმენის ხალისი უამრავი პრობლემის ფონზე. ყოველ კონცერტზე ვგრძნობ, რომ ძალიან მომენატრა ქართველი მაყურებელი. მგონი, მათაც მოვენატრე. ჩანს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის და ეს ძალიან მიხარია.
– მოსკოვში დაბრუნებას არ აპირებთ?
– სურვილი მაქვს, მაგრამ რატომღაც ვეღარ მოვახერხე. იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ძალიან მენატრებიან. კარგად მახსენდება იქ ყოფნის პერიოდიც, შემოქმედებითად ძალიან დატვირთული ვიყავი. სულ ვწერდი სიმღერებს და ვრეპეტიციობდი, მაგრამ გულმა არ შემიწყო ხელი და ამიტომ დაბრუნება მომიწია.
– ალბათ, სიმღერითაც იტვირთება გული. ექიმმა ხომ არ აგიკრძალათ?
– რა თქმა უნდა, სიმღერაც გარკვეულ დატვირთვას აყენებს გულს – ზოგადად, დიდი მოფრთხილება სჭირდება. ოპერაციის შემდეგ გარკვეული პერიოდი სიმღერასაც ვერიდებოდი, მაგრამ ახლა აღარ. როცა არ ვმღერი, მაშინ მაქვს გული ცუდად. სიმღერით მკვდარი ადამიანი მე არ მინახავს. არაფრის მეშინია, თუ რამე მომივა, მომივიდეს. სენტიმენტალური მაშინაც არ ვყოფილვარ, როცა გულზე პრობლემები მქონდა, ახლა მით უმეტეს. მე ეკლესიური ადამიანი ვარ და მაინც მგონია, რომ ყველაფერი უფლის ნებაა და ზეცაში წყდება ჩვენი ბედი. რამდენიც გინდა, აიცილო და დაემალო, მოსახდენი მაინც მოხდება.
– პარანორმალური მოვლენების თუ გჯერათ?
– გარკვეულწილად, მჯერა. წლების წინ, ომის პერიოდში, ვნახე რაღაც გაურკვეველი მფრინავი ობიექტი, რომელმაც ყოველგვარი ხმაურის გარეშე, საკმაოდ დაბლა გადაიფრინა. ვერ ავხსენი რა იყო. ღამე იყო, ბარათაშვილის ქუჩაზე მოვდიოდი, მარტო ვიყავი. გვერდით არავინ მყავდა, ვინც დამიდასტურებდა მის არსებობას. ამიტომ ვიფიქრე, მომეჩვენა-მეთქი. არც არავისთვის მითქვამს, არ ეგონოთ, რომ გავგიჟდი და მოჩვენებები მაქვს-მეთქი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისევ ღამე, აივანზე ვიდექი და სატელევიზიო ანძასთან რაღაც სინათლე დავინახე. ის ჯერ თითქოს მოძრაობდა, მერე გაჩერდა. ვაკვირდებოდი, ჯერ თვითმფრინავი მეგონა, მაგრამ, რომ გაჩერდა, მივხვდი, თვითმფრინავი ვერ იქნებოდა. სახლში შემოვბრუნდი, ტელფონი რომ ამეღო. მინდოდა, სურათი გადამეღო, მაგრამ, რომ გავედი, უკვე გამქრალი იყო. ცოტა ხნის წინაც ვნახე. ჩემს ძველ უბანში ვიყავი. ამოუცნობი ობიექტი რაღაც უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა – ხან წინ მიდიოდა, ხან უკან, ხან საერთოდ ჩერდებოდა. ჯერ ვიფიქრე, რაღაც გადამღები აპარატი ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ იმდენად მაღლა იყო, იმ სიმაღლეზე ვერანაირი აპარატი ვერ იქნებოდა. გამოვიყვანე ხალხი და დავანახვე, მაგრამ არ დაიჯერეს, რომ მფრინავი ობიექტი იყო. ეს ყოველღამე ასეაო.
– სხვებისგან თუ გსმენიათ მსგავსი მოვლენების შესახებ?
– დიახ, მგონი, ბევრს უნახავს მსგავსი ამოუცნობი ობიექტები, რომლებიც მერე უკვალოდ ქრებიან. რადგან მე ხშირად ვარ მსგავსი მოვლენების შემსწრე, ეს თემა უფრო მეტად მაინტერესებს. ხშირად ვუყურებ, ტელევიზიით ისეთ გადაცემებს, სადაც პარანორმალურ მოვლენებზეა საუბარი. შესაძლოა ორი ადამიანი ერთმანეთის გვერდით იყოს და ერთმა დაინახოს, მეორემ – ვერა. ალბათ, ამის აღქმასაც გარკვეული ხედვა სჭირდება. ყველას არ აქვს ამის უნარი. ჩვენს გარდა, იმდენი პლანეტაა, რომ სავსებით შესაძლებელია, იქიდან რამე მოხვდეს ჩვენთან.
– სიზმრების გჯერათ?
– არა, ეკლესიური ვარ და არ ვფიქრობ ამაზე, ბოლომდე არ ვიჯერებ. თუმცა, ძალიან ხშირად მიხდება სიზმარი. ყოფილა შემთხვევა, დამსიზმრებია ჩემი დიდი ხნის უნახავი ახლობელი და მეორე დღეს, სრულიად შემთხვევით, ქუჩაში შევხვედრივარ. მითქვამს, რომ გუშინ მესიზმრე და დღეს ამიხდა-მეთქი. ალბათ, სიზმარსა და რეალობას შორის კავშირი არსებობს, სხვანაირად ვერ ვხსნი ამ ფაქტებს. სიმართლე გითხრათ, რადგან ეკლესია ამის წინააღმდეგია, ამაზე ბევრს არც ვფიქრობ. არც რომელიმე სასულიერო პირთან მიცდია ამ თემაზე საუბარი. ისეთი შემთხვევაც მქონია, რომ აღარ მახსოვს, ესა თუ ის მომენტი სიზმარი იყო თუ ცხადი.
– როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრება?
– სამი შვილი, ორი შვილიშვილი და ერთი ცოლი მყავს (იცინის). მე და ჩემი მეუღლე იმდენი წელია, ერთად ვართ, რომ აღარც კი მახსოვს, მის გარეშე როგორ ვცხოვრობდი. ქეთი ჩემი პირველი სიყვარულია. მეათე კლასში იყო, ბორჯომში რომ გავიცანი. მერე, ისე გავიდა დრო, რომ დაახლოებით 6-7 წელი არ შევხვედრივართ ერთმანეთს. წლების შემდეგ ბედისწერამ ისევ შეგვახვედრა და ორ კვირაში ვიქორწინეთ კიდეც. მას მერე ერთად მოვდივართ. ძალიან ტკბილად მახსენდება ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი, ძალიან ახალგაზრდები ვიყავით. ცხოვრებაში ყველა ეტაპს თავისი ხიბლი აქვს. ჩემს მეუღლეს სიმღერასთან კავშირი არ აქვს. შვილებს აქვთ სიმღერის ნიჭი, მაგრამ არ მღერიან, სხვა პროფესიები აირჩიეს. თუმცა, ამის გამო გული არ მწყდება, თვითონ უნდა დასწყდეთ გული.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– არასდროს ჩამიწერია ალბომი და მგონი, დროა, ამ საქმეს მივხედო. დიდი სურვილი მაქვს, უახლოეს მომავალში ჩავწერო. მივხვდი, რომ ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ყველას მინდა, ვუსურვო მშვიდობა და ჯანმრთელობა. მე მჯერა, რომ ღმერთმა ერთმანეთის სიყვარულისა და პატივისცემისთვის შეგვქმნა. მე ასე ვცხოვრობ.