კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასიკვდილო პარტია

ქურდი მაღალი ტანის იყო... შებრუნებული გამალებით იქექებოდა ძველებური კარადის უჯრებში. როცა არჩერ ტრებსონი სახლში შევიდა, მძარცველს ეს არც კი შეუნიშნავს, იმდენად იყო გართული უჯრების შიგთავსის დათვალიერებით. მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როცა თავისკენ მიშვერილი მსხვილკალიბრიანი რევოლვერის ლულა დაინახა.
– არ გამიმართლა, – თქვა სინანულით, –თქვენ სახლის პატრონი ხართ...
– გამოიცანით, – ჩაეცინა არჩერ ტრებსონს, საკმაოდ წარმატებულ ბიზნესმენს.
– ახლა რა მოხდება? ციხეში ჩამსვამენ? ოჰ, როგორ არ მინდა ციხეში ყოფნა, ეს ისეთი უსიამოვნოა...
– არ ვიცი, ციხეში არასდროს ვმჯდარვარ.
– რა თქმა უნდა, თქვენ ხომ ქურდი არ ხართ. ახლა რა მოხდება?
– ჯერ არ ვიცი, არ გადამიწყვეტია...
– მაშინ, თუ შეიძლება, ეგ რევოლვერი ცოტა გვერდზე გასწიეთ და სხვა რამეს დაუმიზნეთ, თორემ, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს.
– მართლა? – ბიზნესმენმა მხრები აიჩეჩა, – მე უკეთეს ადგილს დასამიზნებლად ვერ  ვხედავ, სამიზნე აქ მარტო თქვენ ხართ.
– რას აპირებთ, უნდა მესროლოთ?
– ამის სრული უფლება მაქვს, – ცივად მოუჭრა ბიზნესმენმა.
– ჰო, მაგრამ, ხმაურის ატეხა რაში გჭირდებათ? თანაც, მეეჭვება, გვამი კარგი სანახავი ვიყო. დავილაპარაკოთ, როგორც ცივილიზებულმა ადამიანებმა. იქნებ, მეც რამეში გამოგადგეთ... ჯიბეში ცოტაოდენი ფული მაქვს – თქვენ ხომ ბიზნესმენი ხართ და მოგწონთ, როცა მოგებას ნახულობთ.
– მოგებას გააჩნია. მეეჭვება, სერიოზულ თანხაზე იყოს საუბარი, –  არჩერმა რევოლვერი მეორე ხელში გადაიტანა.
– მგონი, ხუთასი დოლარი უნდა მქონდეს. ჩავთვალოთ, რომ ეს ქველმოქმედებაა.
– მიზერული თანხაა ქველმოქმედებისთვისაც კი.
– ღმერთო, აქ თუ მომკლავთ, ეს ძვირფასი ხალიჩა სისხლით დაისვრება და ლაქებად დარჩება. თქვენს ცოლს კი ეს არ მოეწონება.
– არა უშავს, მე და ჩემი ცოლი მოვრიგდებით. ბოლო-ბოლო, ახალ ხალიჩას ვუყიდი.
– პოლიციას რას ეტყვით, რატომ მოვკალიო? მართალია, ქურდი ვარ, მაგრამ, ჩემი მოკვლა მაინც მეტისმეტია... პოლიციას მეტი არგუმენტები დასჭირდება.
ბიზნესმენმა ჩაიცინა:
– ხელში რა გიჭირავთ? დიახ, აი, ეგ ნივთი... მომაწოდეთ.
– ეს საკეტის გასატეხი  ჩვეულებრივი „ფომკაა“...
– საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. ვიტყვი, რომ  ამით მემუქრებოდით და თავი დავიცავი. მომაწოდეთ... აქ მომეცით...
მძარცველმა ხელსაწყო გაუწოდა.
– ტარი გაცილებით მძიმე და მასიური აქვს, – არჩერმა „ფომკა“ დაათვალიერა, – ესეც ასე, აი, შესანიშნავი არგუმენტი. ახლა ყველაფერი წესრიგშია.
– არ მომკლათ, – მძარცველს ხმა დაუსევდიანდა, – რა უსამართლობაა... ამხელა სახლი და სიმდიდრე გაქვთ, განა ისეთი რა უნდა მომეპარა...
– ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი პრინციპებია.
– იქნებ, რამით დაგაინტერესოთ.
– რა ვიცი, რა ვიცი... კარგი... ჭადრაკს თამაშობთ?
მძარცველს სახე გაუნათდა – მიხვდა, რომ რაღაც შანსი მიეცა.
– ძალიან კარგად ვთამაშობ, საჭადრაკო კლუბის წევრი ვარ. მაგრამ, მომისმინეთ... თუ მოვიგებ, მაშინ, მომკლავთ... თუ წავაგებ, ალბათ, გადარჩენის მცირე შანსი მექნება. ასეა?
ბიზნესმენმა მხრები აიჩეჩა:
– უნდა დამაინტერესო და გამართო. თუ ამას მოახერხებ, შეგიძლია, იფიქრო, რომ შანსი გაგიჩნდა. ჩემი ცოლის მოსვლამდე საათ-ნახევარი დარჩა. რას იტყვით, ვცადოთ?
– სხვა არჩევანი მაქვს?
– არა. მე გეტყვით, სადაც დევს ჭადრაკის დაფა და მოიტანეთ.
მძარცველმა ამოიოხრა, სახლის პატრონის მიერ მითითებულ ადგილას მივიდა და მალე პარტიაც დაიწყო. პირველად თეთრი ფიგურებით თამაშის უფლება მძარცველმა მოიპოვა და მოიგო კიდეც.
– მართლა კარგად თამაშობთ, – შეაქო არჩერ ტრებსონმა.
– ანუ, გადავრჩი? – გაუხარდა მძარცველს.
– წინასწარ ზეიმს არ გირჩევთ, ჯერ კიდევ არაფერი გადამიწყვეტია, – გააფრთხილა ბიზნესმენმა.
– ასე არ გამოვა, სტრესის ქვეშ ვერ ვითამაშებ. უნდა დამპირდეთ, რომ სიცოცხლეს შემინარჩუნებთ.
– მე არაფერს დაგპირდებით – ბიზნესმენები დაპირებებს არ იძლევიან, თანაც, აქ ძალით არ მომიყვანიხართ, თავად შემოძვერით ჩემს სახლში.
– ეს უსამართლობაა. გამოიძახეთ პოლიცია და იმათ გადაწყვიტონ, რა სასჯელი შემეფერება. ვინ მოგცათ უფლება, ლინჩის წესით გამასამართლოთ?
– ქურდის უფლებები?! ნუ მაცინებთ... – ბიზნესმენმა ჩაიცინა, – კარგი, კარგი, არ გკლავ, განაგრძე თამაში.
– მქონდეს იმედი, რომ შუბლს არ გამიხვრეტთ?
– ჭადრაკი ღირსეულების თამაშია... – პირქუშად ჩაილაპარაკა ბიზნესმენმა და დაფაზე ფიგურები დააწყო.
კიდევ ორი პარტია ითამაშეს. ერთი მძარცველმა მოიგო, მეორე – სახლის პატრონმა. თამაშში იყვნენ გართულები, როცა კარი გაიღო და ჰოლში მაღალი, ძვირფასად ჩაცმული ქერა ლამაზმანი შემოვიდა და ფრანგული სუნამოს არაჩვეულებრივი სურნელი შემოიტანა. ელეგანტურმა ახალგაზრდა ქალმა ხელჩანთა იქვე დადო და ქუსლების ბაკუნით ქმარს მიუახლოვდა:
– პარტნიორი იპოვე? კარგია, გაერთობი და ისეთი აბეზარი აღარ იქნები.
ბიზნესმენმა ცოლს არაფერი უპასუხა, მხოლოდ კბილები გააღრჭიალა, „ფომკას“ ხელი ჩაავლო და წამოდგა.
– შენი აღსასრულის დღე მოვიდა, მილისა... ახლა ვისთან წევხარ, ჩემს რომელ პარტნიორთან? სულ რამდენ კაცთან მიღალატე?
ქალი ქმარს მიაჩერდა, მაგრამ ვერაფრის კითხვა ვერ მოასწრო – ტრებსონმა „ფომკა“ გამეტებით მოიქნია და ქალს მთელი ძალით ჩაარტყა საფეთქელში... მერე კიდევ და კიდევ, სანამ ქალი უსულოდ არ გაიშხლართა იატაკზე.
– ეს... ეს რა ჩაიდინეთ?! – მძარცველმა შეძრწუნებით დახედა გვამს, – თქვენ ის მოკალით!..
– სულაც არა, – მშვიდად წარმოთქვა ბიზნესმენმა.
– რა?! ფიქრობთ, რომ მკვდარი არ არის?
– პირიქით, დიდი იმედი მაქვს, რომ მკვდარია. მაგრამ, ის შენ მოკალი... ჰო, სახლში შემოიპარე, ჩემმა ცოლმა ყვირილი დაიწყო, შეგეშინდა და თავი „ფომკით“ გაუჭეჭყე...
– ასე არ ყოფილა... ამ ბინძურ მკვლელობას ვერ შემტენით, თქვენ გამო ელექტროსკამზე არ დავჯდები!
– ნუ ნერვიულობ, არც მოგიწევს – ტრებსონმა რევოლვერი შუბლში მიუშვირა მძარცველს და სასხლეტს თითი გამოჰკრა. მერე საგულდაგულოდ გაწმინდა „ფომკის“ ტარი... ჭადრაკი აალაგა და შეინახა, მანამდე თითოეული ფიგურა კარგად გაწმინდა და პოლიციაში დარეკა.
– მომისმინეთ, უბედურება მოხდა... სახლში მისულს ცოლი მკვდარი დამხვდა... ყაჩაღს მაშინ მივუსწარი, როცა დანაშაულის ადგილის დატოვებას აპირებდა და მოვკალი. მალე მოდით... შოკში ვარ... ჩემი მილისა... ის, ის... მკვდარია...
ტრებსონმა ყურმილი დადო და ცოლის გვამს დახედა:
– ძუკნა! ალბათ, ფიქრობდი, რომ გამეყრებოდი და მთელ ქონებას წამგლეჯდი... რამდენი ხანია, ასეთ ხელსაყრელ შემთხვევას ველოდი. ჩემი შანსი არ დავკარგე, მილისა, შანსი გამოვიყენე...

скачать dle 11.3