როგორ გადაარჩინა მთავარანგელოზის ხატმა ჯაჭვ-საჭურვლის გარეშე მდგარი დავით აღმაშენებელი, რომელსაც მკერდში ისარი მოხვდა
მეფე გიორგი მეორის ვაჟს, უფლისწულ დავითს სიყრმიდანვე ეტყობოდა, რომ განსაკუთრებული პიროვნება იყო. სამეფო კარზე მოღვაწე პოლიტიკოსებმა და სასულიერო პირებმა პატარაობიდანვე შეამჩნიეს მისი განსაკუთრებული ტალანტი, რომელიც სჭირდებოდა მეფეს: მორწმუნეობა, შრომისმოყვარეობა, საქმის ერთგულება, ნიჭიერება და მას მერე, რაც ტახტზე აიყვანეს 16 წლის ჭაბუკი, დიდ იმედებს ამყარებდნენ მასზე.
ქვეყანა გაპარტახებული იყო, დაშლილი და გმინავდა თურქ-სელჩუკთა შემოსევების გამო.
დიდი იმედით უყურებდნენ ჭაბუკ მეფეს ქართველი მამულიშვილები. მათ ხომ უშიშარი მეფე ჩამოაცილეს აქტიურ პოლიტიკას, რომელიც გახლდათ ფარცხისის ომის გმირი და იმ დროისთვის უძლეველ თურქ-სელჩუკებზე, თუნდაც ერთხელ გამარჯვებული მთავარსარდალი, შემდეგ, დიდი თურქობისას კი, სიკვდილის რისკის ფასად, სამშობლოს გადასარჩენად თურქ-სელჩუკთა სულთანთან უშიშრად გამგზავრებული მეფე. მის ნაცვლად, კი გამოუცდელი ჭაბუკი აიყვანეს ტახტზე. რისკი დიდი იყო, მაგრამ, დავითმა გაამართლა. დავით მეოთხის ტახტზე ასვლას და მის მიერ საქართველოსთვის განხორციელებული დიადი საქმეების დაწყებას ასე აღწერს მისი უცნობი მემატიანე:
„მაშინ რისხვის მერე გაიღო წყალობა მან, რომელიც ცდის ყოველ შვილს, რომელსაც უყვარს, მოაკვდინებს და აცხოვნებს, რომელიც მოსიყვარულე მამაზე მეტად, მზად არის, წყალობა გასცეს, რამეთუ დაწერილია: „უფალმა კი არ მიგვატოვა ჩვენ, ჩვენ გავხდით სოდომელნი და დავემსგავსეთ გომორელებს“, რამეთუ ამიერიდან დაიწყო ცხოვრების ნიავმა მობერვა და მაცოცხლებელმა ღრუბელმა ამოსვლა. ვინაიდან თორმეტი წლის განმავლობაში გაგრძელებული მრავალი ჭირისა და სიბნელის მერე დაიწყო აღმოცისკრება ყოველი მეფობის მზემ, სახელით დიდმა და საქმით უდიდესმა, ღვთის მამად წოდებული დავით წინასწარმეტყველის მოდგმისამ და სამოცდამეთვრამეტე შთამომავალმა ამ დავითისმა, დავითმა“.
მართლაც, დავით აღმაშენებელმა და მისი გუნდის წევრებმა, უპირველესად, ჭყონდიდის ეპისკოპოსმა და მწიგნობართუხუცესის სახელოს ხელმძღვანელმა, უმთავრესმა ვაზირმა, ჩვენი დროის განმარტებით – მთავრობის კანცლერმა, ქვეყანა ნელ-ნელა ფეხზე დააყენეს.
პირველი, რაც ყველაზე აუცილებელი იყო, მოხდა არმიის რეორგანიზაცია. დააწინაურეს ნიჭიერი, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, უბრალო წარმოშობის ადამიანები.
დაიწყო გაუთავებელი აღლუმები – არმიის წვრთნა. დამარცხებული ქართული სახელმწიფო გამარჯვებებისთვის ემზადებოდა.
დაიწყეს იმ დროისთვის თანამედროვე ტექნოლოგიის კვლავ ათვისება. საალყე მანქანების, ლოდსატყორცნების, გადასატანი ხიდებისა და სხვა შეტევისთვის აუცილებელი მოწყობილობების აგება, ჯარისკაცების განსწავლა და დაოსტატება ამ საქმეში.
განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს დისციპლინას ჯარში. დავით აღმაშენებელმა რკინის დისციპლინა შემოიღო არმიაში. აიკრძალა ცეკვა-თამაში, ნებისმიერი გართობა, დასვენების დროსაც კი. ყურადღებას აქცევდნენ შეიარაღებას, სხვადასხვა სახის, სხვადასხვა დანიშნულების ნაწილების შესაბამის მომზადებასა და სინქრონულ მოქმედებას. უმნიშვნელოვანესი იყო სამეთაურო კადრების საკითხიც და სხვა.
შეიქმნა მუდმივი, არც თუ მრავალრიცხოვანი, მაგრამ მობილური სამხედრო შენაერთი – მონა სპა, რომელიც მუდამ მეფის პირად დაქვემდებარებაში იყო.
პარალელურად, ქვეყანაში მიმდინარეობდა რეფორმები, ეკონომიკის, ფინანსებისა და სხვა მიმართულებით. ყველანაირად ხელს უწყობდნენ ვაჭრობის განვითარებას. ქვეყანა უნდა დამდგარიყო ფეხზე. არმიას და საერთოდ, ქვეყნის განვითარებას, ფინანსები სჭირდებოდა
1096 წელს, უფლის საფლავის გამოსახსნელად, დაიწყო პირველი ჯვარსონული ომი მაჰმადიანების წინააღმდეგ. 1099 წელს ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი, დაარსდა რამდენიმე ქრისტიანული სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მაჰმადიანების წინააღმდეგ გააქტიურდა ბიზანტიაც.
მაჰმადიანთა დიდი ნაწილი დაკავდა ჯვაროსნებთან ბრძოლით. დავით მეფემ ისარგებლა ამ ვითარებით და ხარკი შეუწყვიტა თურქ-სელჩუკებს. ამით ფინანსურადაც შეღავათი გაუჩნდა ქვეყანას და დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრივი განვითარების პრეტენზიაც კვლავ ხმამაღლა გაცხადდა.
სელჩუკები არ შეურიგდნენ ამას, მაგრამ, თანდათანობით, ნელ-ნელა, დავით მეფე და მისი ჯარი ამარცხებდნენ თურქულ ბრბოებს და ერეკებოდნენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებიდან, თან ქვეყანას აერთიანებდა მეფე.
დავით მეფის ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა, არამედ ხიფათებით იყო სავსე. მთავარი ხიფათი მას ემუქრებოდა ბრძოლებში, რომელთა მიმდინარეობისას შორიდან კი არ ხელმძღვანელობდა არმიას, არამედ პირადად მიუძღოდა წინ.
ერწუხის ბრძოლის მერე, საღამოს, კარავში რომ შემოიხსნა ქამარი, ჯაჭვის პერანგის ქვეშ ჩაცმული სამოსიდან დიდი რაოდენობით სისხლი დაიღვარა. თანამებრძოლებს მეფე დაჭრილი ეგონათ. მერე მიხვდნენ, გააფთრებულ ბრძოლაში მის ხმალს მეფის მიერ დაჭრილი მოწინააღმდეგეების სისხლი ჩამოსდიოდა. ზეამართული ხელისა და მკლავის გავლით სისხლი ჩადენილა და დაგროვილა მეფის სამოსში.
მეფე პირადად მონაწილეობდა ქვეყნის აღმშენებლობაში, შრომობდა, ეზიდებოდა ქვებს. სწავლობდა სხვადასხვა ხელობას, პირადად უვლიდა სნეულებს.
დაუდგრომელი ხასიათის მეფე რამდენჯერმე ძალიან დაშავებულა. ერთხელ, გელათის მონასტრის მშენებლობაზე, თვითონაც რომ ეზიდებოდა დიდ ქვებს, ხარაჩოებიდან ჩამოვარდნილა და დამტვრეულა. მეფისთვის უმკურნალიათ ავჟანდაძეებს და მოურჩენიათ.
1118 წელს დავით მეფემ ყივჩაღების 40 000 არმია დაიქირავა. რომ არ ეღალატათ ყივჩაღებს, მათი ოჯახებიც გადმოიყვანა საქართველოში და დაასახლა სხვადასხვა ადგილას. ამგვარად, ყივჩაღთა ოჯახები, ფაქტობრივად, მძევლებად იქცნენ ქართული სახელმწიფოს ხელში, რათა მრავალრიცხოვან მეომრებს სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლებისა და ქვეყნის ხელში ჩაგდების მცდელობა არ ჰქონოდათ. ეს იყო უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ნაბიჯი. უნდა აღინიშნოს, რომ დავითის გარდაცვალების შემდეგ ყივჩაღთა დიდი ნაწილი უკან გაბრუნდა კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე ველებისკენ და ამგვარად, უდიდესი ნაწილი არ შერევია ქართულ მოსახლეობას.
დაქირავებულმა ყივჩაღებმა, მაინც, არაერთგზის განიზრახეს ღალატი და მეფეს მოსაკლავად მიუჩინეს გამოცდილი მკვლელები – ზოგი ხმლით, ზოგი შუბით, ზოგი მშვილდ-ისრით. თურქ-სელჩუკებსაც ძალიან უნდოდათ დავით მეფის მოკვლა. მეფეზე შეტევა ბევრჯერ მომხდარა, მაგრამ ღმერთმა დაიფარა დავით მეოთხე აღმაშენებელი ტერორისტული აქტებისგან.
მეფისთვის მიჩენილები იყვნენ მდევრებიც, რადგან მას ახასიათებდა, თურქებს, ხშირად მარტო გამოდევნებოდა. ასეთ დროს, არაერთხელ, მარტოდ მოიხელთეს, მაგრამ ღვთის „ხელი იგი ზეგარდამო“ იფარავდა ჩასაფრებულ მდევართაგან – ვერ მოკლეს საქართველოს მეფეთა-მეფე.
უფალი შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო მფარველობდა. წმიდა გიორგი განცხადებულად და ყველასათვის დასანახად წინ უძღოდა და შეეწეოდა ბრძოლაშიო, გვიამბობს მემატიანე.
ერთ-ერთ ციხესთან, ქართლში, დავით მეფე დაბანაკდა თავისი სამხედრო ნაწილით და მტრისგან ციხის გათავისუფლებას შეუდგა. ზაფხული იყო, შუადღე, ცხელოდა, ქართველთა ხელმწიფე იდგა თავის კარავთან, მხოლოდ პერანგი ეცვა. ციხიდან ვიღაც კარგმა მოისარმა ისარი ისროლა... მეფეს მკერდში მოხვდა... თუმცა, ჩვენს მეფეს მკერდზე ეკიდა მთავარანგელოზის ოქროს პატარა ხატი და ამ ხატმა აისხლიტა ისარი. ასე დაიფარა ხატმა ჩვენი ხელმწიფე.
სხვათა შორის, დაახლოებით საუკუნის მერე, 1199 წელს, საფრანგეთში, ამგვარად, ციხიდან გამოსროლილმა არბოლეტის ისარმა სასიკვდილოდ დაჭრა ინგლისის ლეგენდარული ჯვაროსანი მეფე რიჩარდ ლომგული, რომელსაც აბჯარი გაეხადა და ისე იდგა თავის კარავთან. გამწარებულმა ინგლისელებმა შეუტიეს ციხეს, აიღეს და მსროლელი მიუყვანეს რიჩარდს. ინგლისის მეფემ შეიწყალა ტყვე. თუმცა, იმ ღამით რიჩარდ ლომგული გარდაიცვალა, რის გამოც მისმა თანამებრძოლებმა მეორე დილას ცოცხლად გაატყავეს ფრანგი.
ჩვენთვის არ არის ცნობილი, რა ბედი ეწია დავით აღმაშენებლისთვის ისრის მსროლელს, თუმცა ციხე რომ აიღო, ქვემო ქართლი მთლიანად რომ გაათავისუფლა და ქვეყანა გააერთიანა, ჩვენმა სამაყო ხელმწიფემ, ვიცით.