როგორ „გადააგდო“ სტალინმა ამერიკა და პრეზიდენტი ტრუმენი
მიუხედავად იმისა, რომ სტალინი შეუვალი, მკაცრი და, არცთუ იშვიათად, სასტიკი პიროვნებაც კი იყო, ადამიანებთან ურთიერთობებში საკმაოდ კეთილგანწყობილ ნატურას წარმოადგენდა და არასდროს უსვამდა ხაზს თავის უპირატესობას სხვების მიმართ.
პროფესორი ზინოვი ფირსოვი წერს: „1948 წელს, „ცეერუში“ მომუშავე ფსიქოანალიტიკოსმა, ცნობილმა პროფესორმა მაქს უორენმა, ხელმძღვანელობის დავალებით, სტალინის ფსიქოლოგიური პორტრეტი შექმნა, რაც პირადად პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის დავალებით განხორციელდა, რომელიც იმედოვნებდა, რომ სტალინთან ურიერთობების დროს სუსტ წერტილებზე მოახდენდა ზეწოლას და სასურველ პოლიტიკურ შედეგს მიიღებდა. უორენის ეს კვლევა უაღრესად გასაიდუმლოებული იყო, თუმცა საბჭოთა დაზვერვამ მაინც მოიპოვა ის და სტალინს გადასცა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ფსიქოლოგიის ასის – უორენის ამ კვლევის დასკვნით ნაწილში ცალსახადაა აღნიშნული: სტალინი ისეთი ფსიქოტიპია, რომელიც არანაირ ზეწოლას არ ექვემდებარება და მისი რაიმე სახის იძულებაზე წამოყვანა გამორიცხულიაო.
თავის გვიანდელ მოგონებებში პროფესორი მაქსიმილიან (მაქს) უორენი წერს: „სტალინის ფსიქოლოგიური პორტრეტის დასკვნას სანამ დავწერდი, უამრავი მასალა გავაანალიზე სტალინზე, რომელიც, როგორც ღია, ისე დახურული წყაროებიდან მქონდა მიღებული და, რომ იტყვიან, მარცვალ-მარცვალ ვალაგებდი ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ჩვენი იდეოლოგიური და პოტენციურად სამხედრო მტერიც იყო, ამ პიროვნების მიმართ ღრმა პატივისცემა გამიჩნდა და თავი იმაში გამოვიჭირე, რომ სტალინის პიროვნების ხიბლის ქვეშ მოვექეცი.” ხომ წარმოგიდგენიათ, იმ რანგის პროფესორი იმ ადამიანის ხიბლის გავლენის ქვეშ მოექცა, ვისაც „შიფრავდა“... თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უორენმა არასწორი, ტენდენციური დასკვნა დადო. პირიქით, უორენის დასკვნის შედეგად გაკეთებული ყველა პროგნოზი გამართლდა და მის მიერ შექმნილი „სტალინის სახე“ ყველაზე ზუსტია და უშეცდომო.
საგულისხმო ფაქტია, რომ სტალინის ზეგავლენის ქვეშ ხვდებოდა ყველა, ვისაც კი ოდესმე ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა ბელადთან. ლაპარაკია არა მხოლოდ სტალინის ხელქვეითებზე და ისეთ ძლიერ პიროვნებებზე, როგორებიც იყვნენ მარშლები – ჟუკოვი, როკოსოვსკი, კონევი და ბუდიონი, არამედ, პრემიერ ჩერჩილზე, პრეზიდენტ რუზველტსა თუ გენერალ დე გოლზე, ეიზენჰაუერზე და მარშალ მონტგომერიზე, რომ არაფერი ვთქვათ, რიგით ადამიანებზე, იმ ათასებზე, ვისაც სტალინი თუნდაც ორიოდე წუთით შეხვედრია... თვით მაჰათმა განდიმაც კი, რომელსაც ერმა „დიადი სული“ შეარქვა, სტალინის პიროვნებას „დიადი იოგი“ უწოდა. არადა, თავად განდი იყო უმაღლესი რანგის იოგი, სიცოცხლეშივე წმიდანად შერაცხილი და, როგორც სტალინი, ასევე განდიც, არ ექცეოდა არავის ზეგავლენის ქვეშ, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ განდი მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტით ზეწოლის მომხრე იყო, სტალინი კი, არა მხოლოდ უხეში ძალის, არამედ, სამხედრო-პოლიტიკური ძალის უმაღლესი ხელოვნების რანგში აყვანილი ძალის გამოყენების მომხრე. სწორედ ამ ძალის ეშინოდათ ამერიკელებსა და პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს და ამიტომ შეაქმნევინეს უორენს საბჭოთა ბელადის ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომ მისივე მეშვეობით (იგულისხმება სტალინის სისუსტეები) დაეშალათ საბჭოთა სამხედრო მანქანა (ასეთი რამ ამერიკელებმა მეოცე საუკუნის 90-იან წლებში მოახერხეს გორბაჩოვის მეშვეობით), თუმცა, მათდა სამწუხაროდ, სტალინს სისუსტეები არ აღმოაჩნდა, ის ფოლადივით მტკიცე იყო და ასი პროცენტით ამართლებდა თავის ფსევდონიმს – სტალინს...
თავის მემუარებში უორენი ასე აღწერს ჰარი ტრუმენთან შეხვედრას: „როგორც შეთანხმებულები ვიყავით, სტალინის ფსიქოლოგიური პორტრეტის აღწერა პირადად უნდა მიმეტანა პრეზიდენტთან და იმ კითხვებზე გამეცა პასუხი, რომლებიც მას გაუჩნდებოდა მისი გაცნობის შემდეგ. ორთვიანი საფუძვლიანი კვლევის შემდეგ, მუშაობა დასრულებული მქონდა და თაბახის ოცდაათ ფურცელზე დაბეჭდილი ნაშრომი პირადად წარვუდგინე ტრუმენს. ის ჩემი თანდასწრებით, თითქმის სამი საათის განმავლობაში, გულდასმით ეცნობოდა ამ დოკუმენტს, თან თავის ღერბიან ბლოკნოტში აკეთებდა აღნიშვნებს, კიდევ ორი საათის განმავლობაში კი კითხვებს მისვამდა და მე განმარტებებს ვაკეთებდი. ბოლოს კი, როდესაც აბსოლუტურად დარწმუნდა, რომ სტალინზე ვერანაირ ზეწოლას ვერ მოახდენდა, მას იმედგაცრუება დაეტყო და მითხრა:
– მისტერ უორენ! თქვენმა ნაშრომმა ჩვენი სტრატეგიული გეგმები შეცვალა, რაც სტალინის სუსტ მხარეებზე ზეწოლით უნდა გაგვეხორციელებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, საბჭოთა ბელადს ისინი არ აღმოაჩნდა, – პრეზიდენტმა პაუზა გააკეთა და დაამატა, – თქვენ, ალბათ, გესმით, რომ ჩემი ამ სიტყვების გასაჯაროება არ შეიძლებაო.
მე მას დავეთანხმე და მალევე წამოვედი.“
მართალია, ტრუმენმა არათუ საბჭოთა არმია ვერ შეასუსტა, არამედ, უმცირეს დათმობებზეც კი ვერ წამოიყვანა საბჭოთა ბელადი. თუმცა, ზეწოლა მაინც სცადა და საამისოდ მყარი არგუმენტებიც გამოიყენა. მიუხედავად ამისა, მაინც არაფერი გამოუვიდა და პირში ჩალაგამოვლებული დარჩა... საქმე კი ეხებოდა ეგრეთ წოდებულ „ლენდ-ლიზის“ პროგრამას, ანუ მეორე მსოფლიო ომში საბჭოეთის დახმარებას სამხედრო და საყოფაცხოვრებო სფეროში, რაც შეერთებულ შტატებს 3 მილიარდ 200 მილიონი დოლარი დაუჯდა და რაც საბჭოეთს ათი წლის განმავლობაში, ანუ 1955 წლამდე უნდა დაეფარა. ეს იმდენად დიდი თანხა იყო, ომგამოვლილ საბჭოეთს ეს ფული რომ გადაეხადა, ხალხი შიმშილით დაიხოცებოდა, რომ არაფერი ვთქვათ აღდგენასა და სამხედრო გაძლიერებაზე. ტრუმენმა ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდა და ეგრეთ წოდებული „კანონიერი გზით“, ანუ ხელშეკრულების რეალიზაციით (გადახდის იძულება) სცადა სტალინზე ზეწოლის მოხდენა. ამერიკის პრეზიდენტმა 1948 წლის სექტემბერში თავისი წარმომდაგენლები გაგზავნა მოსკოვში წინასწარი მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის იყო პროფესორი უორენიც. დელეგაციას კი ტრუმენის ნდობით აღჭურვილი პირი, ჯორჯ მარშალი ხელმძღვანელობდა. ეს ის მარშალი იყო, რომლის თაოსნობითაც იზოლაციაში მოქცეულ დასავლეთ გერმანიას ჰაერით უგზავნიდნენ დახმარებას, რამაც კიდევ უფრო დაძაბა „ცივი ომი“... სტალინი ამერიკელების ათკაციან ჯგუფს თავის კაბინეტში შეხვდა და გულთბილად მიიღო, ხოლო, როდესაც მარშალმა სტალინთან „ლენდ-ლიზის“ თანხების ანაზღაურებაზე ჩამოაგდო სიტყვა, საბჭოთა ბელადმა მას მოულოდნელად ჰკითხა:
– ბატონო სახელმწიფო მდივანო, თქვენი აზრით, ფული უფრო ფასეულია თუ ადამიანის სიცოცხლე?
– რა თქმა უნდა, ფული, – სხარტად მიუგო მარშალმა.
სტალინს ულვაშებში ჩაეცინა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს უთხრა:
– ჩვენმა ქვეყანამ, მსოფლიო რომ გადაერჩინა, ამ ომში ოცი მილიონი ადამიანი დაკარგა, რაც აუნაზღაურებელი ზარალია; თქვენ კი იმის საფასურს მთხოვთ, რაც ჩვენს დანაკარგთან შედარების ღირსიც კი არაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვალდებულებებს არ გავურბივართ და არც ფულის გადახდაზე ვამბობთ უარს, მაგრამ, კიდევ შვიდი წელი გვაქვს ვალის დასაფარავად და ნუ გვაჩქარებთ...
მარშალი საკმაოდ ჭკვიანი, ენაწყლიანი და მტკიცე კაცი იყო, მაგრამ სტალინის სიტყვებმა მას ენა ჩაუგდო და, ისღა დარჩენოდა, საბჭოთა ბელადისთვის თავი დაეკრა თანხმობის ნიშნად, ტრუმენთან კი ცარიელი დაბრუნებულიყო... სტალინმა კიდევ ხუთი წელი იცოცხლა, მაგრამ ამერიკელებისთვის ერთი ცენტიც არ გადაუხდია, ანუ, რომ იტყვიან, „გადააგდო“...
მეორე დღეს ამერიკული დელეგაცია უკვე სამშობლოში ბრუნდებოდა და გამოსამშვიდობებლად კვლავ სტალინს შეხვდა. მან თითოეულ მათგანს სხვადასხვა საჩუქარი უბოძა; მათ შორის დაასაჩუქრა უორენიც და ეს საჩუქარი იყო მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სტალინის ბიოგრაფია. ყდის შიდა გვერდზე ბელადმა თავისი ხელით მიაწერა: „პროფესორ უორენს, ჩემი ფსიქოლოგიური პორტრეტის შემქმნელს, კეთილი სურვილებით. სტალინი“.