როგორ დაარღვია ილია ჭავჭავაძემ კოტე მარჯანიშვილის დედის ცოლად შერთვის პირობა
ჩვენი საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის წარდგენა საჭირო არ არის, მხოლოდ მისი სახელის ხსენებაც საკმარისია. მისი პირადი წერილებით შევეცდებით გაგაცნოთ, როგორი მეუღლე და მეოჯახე იყო ილია. დარწმუნებული ვარ, ეს დღიურები თქვენც ისევე გაოცებულს დაგტოვებთ როგორც მე.
აღსანიშნავია, რომ ოლღა გურამიშვილამდე ილიას ცხოვრებაში იყო რამდენიმე სასიყვარულო ისტორია, რომლის შესახებაც ნაკლებად არის ცნობილი (წყარო: movlenebi.ge). ილიას დისშვი ლი, კოტე აფხაზი იხსენებს, რომ ილიას პირველი სატრფო იყო ვინმე ტერ-ასატუროვისა. ილია ამ დროს 13-14 წლისა იქნებოდა, მაგრამ ეს სიყვარული, თუკი სიყვარულად ჩავთვლით, ნამდვილად პლატონური გრძნობა იყო და მხოლოდ შორიდან ღიმილით შემოიფარგლებოდა. შესაძლოა, მრავალი წლის შემდეგ სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ილიას ნატო გაბუნიასადმიც, თუმცა, ჭორების მოყვარული საზოგადოება ბევრს საუბრობდა მათ რომანზე... ილიასა და ნატო გაბუნიას შორის სხვაობა 22 წელი იყო. ის აქტიურად ტრიალებდა მაშინდელ ინტელიგენციაში და საპატიო ადგილსაც იკავებდა. იყო დრო, როცა ილიას სატრფო ბევრს ეგონა სოლომონ ჭავჭავაძის ასული. საქმე კი სხვაგვარად ყოფილა: შეძლებული თავადი ილიას მამას მოლაპარაკებია, რომ მის ვაჟს პეტერბურგში სწავლის დამთავრებამდე 400 თუმანს გაუგზავნიდა, სამაგიეროდ კი, სწავლის დამთავრების შემდეგ, ილიას მისი ქალიშვილი უნდა შეერთო ცოლად. ეს შეთანხმება მწერლის გარეშე მომხდარა, თუმცა, როგორც ამბობენ, სტუდენტი ილია ამას დათანხმებია, მაგრამ მძიმე ტვირთად კი აღიქვამდა. საქართველოში დაბრუნებულს ვალი მაშინვე გაუსტუმრებია და ასე დაუღწევია თავი ამ პირობიდან. ის ქალი კი, რომელიც მას უნდა შეერთო, მოგვიანებით კოტე მარჯანიშვილის დედა გახდა. დისადმი მიწერილ ქვემოთ მოყვანილ წერილში კი ჩაიკოვსკის ასული, მშვენიერი ალექსანდრა იგულისხმება, რომელსაც ილია ეტრფოდა და მას მოფერებით საშას, საშენკას ეძახდა. თავიდან მწერლის მიმართ გულგრილი არც ალექსანდრა ყოფილა, თუმცა შემდეგ, ალბათ, გაუმხილა თავისი გადაწყვეტილება, რომ ცოლად სხვას მიჰყვებოდა, რასაც მოჰყვა ილიას ლექსი – „ჩ...სას’’.
სამშობლოში დაბრუნებული ილია გულგატეხილი ყოფილა, რომ თბილისში რამდენჯერმე ჩამოსულ მეგობარს, კომპოზიტორ ჩაიკოვსკის (საშა მისი და იყო) არც კი შეხვედრია.
გთავაზობთ წერილს:
„ჩემო დაო, ნინო!
ერთი რამა მაქვს შენთვის სათხოვარი და, თუ გიყვარდე, ამისრულე. ერთმა ქალმა ქალური ვერცხლის ქამარ-ხანჯალი მთხოვა და დავპირდი. შენი ჭირიმე, ნინუცი, ნუ გამამტყუნებ ამ ქალთან, მერე უნდა იცოდე, რა ქალია! იმათ ოჯახში როგორც შვილი, ისე ვარ მიღებული. ისეთი დედ-მამა ჰყავს, რომ თავი შემაყვარეს. თუ შეიძლება, შენი სულის ჭირიმე, ნინო, სააღდგომოდ გამომიგზავნე. ვიცი, გიყვარვარ, თუმცა ცოტა ხელის მოჭერა გიყვარს, მაგრამ ჩემი სიყვარული გაგაბედვინებს.
შენი ილია“
გავიდა წლები. ილიამ გაიცნო ოლღა – მდიდარი მემამულის, თადეოზ გურამიშვილის ქალიშვილი. როდესაც თადეოზის ახლობლებმა ილიასა და ოლღას სიყვარულის ამბავი გაიგეს, არ ეჭაშნიკათ. უფრო მეტიც, ერთგან ოლღა ილიას სწერს: „მამაჩემმა რომ შეიტყოს ჩვენი ამბავი, თოფით მომკლავს“. ძალიან იშვიათად, შეყვარებულები მაინც ახერხებდნენ შეხვედრას, რაც ხან ეკლესიაში წირვის დროს ხდებოდა, ხან რომელიმე საერთო ახლობლის ოჯახში. მაგრამ, როგორც ყოველთვის, სიყვარულმა აქაც გაიმარჯვა, ილიამ და ოლღამ აპრილის თვეში, თბილისის სამების ეკლესიაში, ფარულად დაიწერეს ჯვარი. ამ დროს ილია 25 წლის იყო, ოლღა კი – 20-ის.
გთავაზობთ ილია ჭავჭავაძის პირად წერილს, რომელიც კარგად ჩანს ერთი შეხედვით პირქუში ილიას გრძნობები, მისი სიყვარული, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა მას ცოლის მიმართ.
„ჩემო კუკლუშკი!!!
უნდა იცოდე, რომ განძრახ შენს წყენას, შენს შეწუხებას, თავს მოვიკლავ და არ მოვინდომებ, იმიტომ, რომ ერთადერთი საგანი ჩემი ცხოვრებისა შენა ხარ. არ მიყვარს ამისთანების თქმა, მაგრამ რა ვქნა, რომ მათქმევინებ ხოლმე. ღმერთს ჩემთვის ალერსის ნიჭი და უნარი არ მოუცია და როცა მეტი გზა არ არის, რომ ალერსიანი სიტყვა უნდა ვუთხრა ვინმეს, მე თითონ ვწითლდები. გაწითლებას კიდევ გავუძლებდი, სულიერად ვიტანჯები ხოლმე. ასე მგონია, რომ გული გავიუპატიურე, როცა წმინდად გულში შენახული გრძნობა პირით გამოვთქვი. ეს მართალი გრძნობაა, რომელიც კატასავით მუდამ არა სჩხავის და მზეთუნახავად დაბინავებულა გულში.. ამ სახით, ჩემო კარგო ოლიკოჯან, ერთხელ და სამუდამოდ მერწმუნე, რომ, თუ მოღრუბლულსა მხედავ, ჩემს უგემურ ხასიათს მიაწერე და არა იმას, რომ შენს ბედნიერებას მე გულგრილად ვექცევი. ბევრჯერ მეტი სიტყვა მომივა ხოლმე, ბევრჯერ გუნება ისე მომეშლება, რომ ლაპარაკის თავი არ მაქვს, ბევრჯერ დაფიქრებული და ხმაგაკმენდილი დავეთრევი, – უფრო ხშირად არც მოცლა მაქვს და არც ხალისი ხმის ამოღებისა და გართობისა, შენ კი ამას სამდურავის მიზეზად ხდი და, შენდობის მაგიერ, გულს მიკლავ ხოლმე. ესეც იცოდე, ჩემო საყვარელო კუკლუკი, რომ, როცა მაგისთანები მესმის შენგან, ის დღე ჩემთვის სიკვდილია. ამას არ გეუბნები ხოლმე და ვმალავ და, აბა, სწორედ ეს ართქმა და მალვაა ის დიდი ჭირი, რომელიც კაცს ბოლოს უღებს და ნელ-ნელა სიცოცხლესა სწოვს; რაც შენ ეგ ხასიათი დაიჩემე, მას აქეთ მომწყდა წელი და ვგრძნობ, რომ სულითაც და ხორცითაც დღე და დღე უკან მივდივარ. თუ ჩემი სიცოცხლე გინდა, ძველებურადვე მოიბრუნე გული ჩემკენ და ყურს ნუ ათხოვებ ხოლმე, როცა წარბშეკრული ვზივარ და რაზედმე გულნაწყენი. შენ აქ არაფერ შუაში ხარ და, თუ პატარას გაგებუტები ხოლმე, ეგ უნდა მაპატიო და შემინდო, იმიტომ, რომ შენი კარგად და მხიარულად ყოფნა – ჩემი კარგად და მხიარულად ყოფნაა... ერთი სიტყვით, შაბათამდე დამაცადე და შაბათს მოვალ და ყურებს ავუწევ ჩემს უმადურ, მაგრამ ყოველთვის ერთგულ და საყვარელ კუკლუშკას, რომ მეორედ ამისთანები აღარ გაბედოს. აბა, დაფიქრდი, ჩემო კარგო და გულადო მეგობარო, ისეთი რა უნდა მაწყენინო, რომ გულში ჩავიდო და იმავ წამსვე წყალს არ მივცე?! შენ ჩემს სახეს ნუ უყურებ, მარტო ჩემს გულში ჩაიხედე და იქ ნახავ, რამოდენა სიყვარული მაქვს ჩემი კარგი ოლიკოსი....’’
ოლღა ხშირად ეჭვიანობდა თურმე, მუდამ ქმრის გვერდით ყოფნას ცდილობდა. ილიას მეფუტკრე იგონებდა: „ოლღა მუდამ თან ახლდა ილიას, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე. ერთხელ მე და ილია აივანზე ვისხედით, წყაროს მახლობლად, წინ პოლონელმა მსახურმა გაიარა. „მანია! – დაუძახა ილიამ, – ერთი ჭიქა წყალი, თუ შეიძლება!” ქალმა მაშინვე მოართვა წყალი. ოლღა მეორე სართულის აივანზე იჯდა და ყველაფერს ხედავდა. საჩქაროდ ჩამოირბინა კიბეები, გაირბინა აივანი, სადაც ჩვენ ვისხედით, მინდორზე დაეცა და მიწას თავს ურტყამდა. მე და ილია მისაშველებლად მივცვივდით, ავაყენეთ, ცივი წყალი დავასხით და გრძნობაზე მოვიყვანეთ.
– ოლღა, გონზე მოდი! შენ ისევ შენებურად განაგრძობ, ნუ დაივიწყებ, რომ უკვე 70 წლის ვარ! – უთხრა მას ილიამ.
ოლღამ უსმინა, უსმინა და უთხრა:
– დაამთავრე, ილია? ეხლა მე მომისმინე: ნუ დაივიწყებ, რა ბედნიერებაა ჩემთვის, რომ მოგიტანო ჭიქა წყალი, შენ კი ამ სიამოვნებას მართმევ...
ოლღა ყოველდღე დადიოდა ილიას საფლავზე, სანთლებს უნთებდა და ლოცულობდა. მთაწმინდაზე ბინა იქირავა და იქ დასახლდა, რათა ქმართან ახლოს ყოფილიყო. საფლავზე ხშირად ხედავდნენ შავით მოსილ მოხუც ქალს, რომელიც ხალხს ევედრებოდა: სანთელი დაუნთეთ ილიას, ვითომც ტაძარში აგინთიათო. არავინ იცოდა, რომ ეს ოლღა იყო. მას მაშინაც ვერ ცნობდნენ, ლუკმა პურისთვის ბაზრობაზე დიდი მწერლის წიგნებს რომ ყიდდა. როცა საფლავზე სიარული აღარ შეეძლო, აივნის მოაჯირთან სანთლით ხელში დგებოდა, მთაწმინდას გაჰყურებდა და ჩურჩულებდა: „მოვდივარ, ილი, მოვდივარ!