წმიდა სწავლებანი
ანგელოზის მსგავსი
ღმერთმა ადამიანი შექმნა უბიწო, მართალი, სიკეთის მოყვარული, თავისუფალი ნების მქონე, მოკლებული ყოველგვარ საზრუნავსა და ურვა-მწუხარებას, შემკული ყოველგვარი სიკეთითა და სათნოებებით – შექმნა თითქოსდა მეორე სამყარო, მეორე – დიდში, შექმნა ანგელოზის მსგავსი, სხეულის მქონე – სულიერი და გონიერი არსება, როგორც ახალი ანგელოზი, რომელიც თაყვანს სცემს და განადიდებს შემოქმედ ღმერთს; შექმნა იგი შეზავებული ორი ბუნებისაგან – სულისა და სხეულისაგან; მჭვრეტელად მთელი ხილული ქმნილებისა; შემმეცნებლად და მიმწვდომად გონიერი ქმნილების საიდუმლოებებისა; მეუფედ და მთავრად ყოველივე იმისა, რაც კი არსებობს და არის ამქვეყნად, მაგრამ შექმნა, ამავე დროს, დაქვემდებარებულადაც მასზე მაღლა მდგომ ხელმწიფებაზე; შექმნა როგორც ქვეყნიერიც და ზეციურიც ერთსა და იმავ დროს; შექმნა დროებითიც და მარადიულიც, ხილულიც და გონებით მისაწვდომიც, როგორც საშუალო დიდებულსა და კნინს შორის; შექმნა ერთდროულად სულის მქონედაც და სხეულის მქონედაც, სულის მქონედ იმისთვის, რომ ადამიანი უცვალებელი დარჩენილიყო და მარადის თავისი კეთილისმყოფელი უფალი ღმერთი განედიდებინა, სხეულის მქონედ კი – იმისთვის, რომ ვნებულიყო, ეტანჯა და ამის ძალით მარადის ხსომებოდა თავისი თავი და დანიშნულება – თუ ვინ არის, რას წარმოადგენს და რისთვის შეიქმნა.
წმიდა იოანე დამასკელი
სწორი აღზრდა
მშობლები, რომლებიც მოხვეჭას არიან დახარბებულნი, ბოლომდე ვერ მოახერხებენ დატკბობას მატერიალური სიკეთით. ეს ქონება ცუდად აღზრდილ მათ შვილებსაც არ შეერგებათ, რადგან ყველაფერს გაანიავებენ. იცით, რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ მშობლები ვერცხლისმოყვარეობის უკურნებელი სენით არიან შეპყრობილნი, ეს დაავადება კი მათ სიკვდილამდე გაჰყვებათ!
ყველა სხვა, ღმრთივბოძებული სიკეთეებისადმი, ისინი გულგრილნი რჩებიან. ისე დაიხოცებიან, ვერც კი მოასწრებენ საკუთარი სიმდიდრით განცხრომას. მათ უნიათო შვილებს კი ძალა არ ეყოფათ შეძენილის შესანარჩუნებლად – შენარჩუნება ხომ გაცილებით რთულია, ვიდრე შეძენა!
აქედან გამომდინარე, სწორი აღზრდა მაშინ კი არ უნდა დავიწყოთ, როცა მოგვინდება ან მოგვიხერხდება; სწორი აღზრდისათვის საჭიროა ორი რამის თანხვედრა: შვილებისადმი მშობლების აღმზრდელობითი მოვალეობის შეგნება და ბავშვის აღსაზრდელად შესაფერისი დროის შერჩევა. ეს დრო კი ზუსტად მისი ჩასახვის წუთიდან იწყება. აღზრდა გრძელდება მუცლად ყოფნის განმავლობაში და განუხრელად რთულდება ბავშვის დაბადებიდან მის გაზრდამდე.
ბერი პორფირი
ქრისტეს მადლი
ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის, ის ქრისტიანი არაა, რადგან იესო ქრისტეს მადლს ვერ მიიღებს. რა სახით გადმოგვცემს ეკლესია იესო ქრისტეს მადლს? პირველ ყოვლისა, ნათლიღებით, შემდეგ – სახარებისა და საერთოდ საღმრთო წერილის სწავლებით; რაც მთავარია, ეკლესია არა მხოლოდ იესო ქრისტეს მადლს გვაზიარებს, არამედ, გვაერთებს მასთან, როცა უფლის სისხლსა და ხორცს ვეზიარებით. ეკლესია არასოდეს დაგტოვებს ობლად სიხარულისა და მწუხარების ჟამს, ჭირსა თუ ლხინში, წმიდა ეკლესია მიგვიძღვის ლოცვით, კურთხევით, ნუგეშისცემით, მოძღვრებით. თუ ცოდვაში ჩავარდი, ეკლესია მიგიღებს, ვითარცა შვილს და, უკეთუ მოინანიებ, იესო ქრისტეს სახელით შენდობას მოგანიჭებს.
დაბადებიდან სიკვდილამდე
თუ ავად გახდი, ეკლესია შენთვის ილოცებს, ზეთს აკურთხებს, იესო ქრისტეს სახელით გცხებს და სნეულებათა კურნებასა და ცოდვათა შენდობას მოგანიჭებს. როდესაც ამ სოფლიდან წახვალ, ეკლესია მიგიძღვის ლოცვითა და მსხვერპლის შეწირვით და შენს სულს უფალს ავედრებს. ბოლოს, როცა ყველა შენ მახლობელს დაავიწყდები, ეკლესია მაშინაც არ დაგივიწყებს, რადგან იგი გარდაცვლილთ ყველა წირვა-ლოცვის დროს იხსენიებს და მათ სულებს ღმერთს ავედრებს. ერთი სიტყვით, დაბადებიდან სიკვდილამდე, ეკლესია, ვითარცა დედა, გივლის შენ და შენს ჭეშმარიტ მორწმუნედ გაზრდას ცდილობს.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
ვინც საკუთარი თავით არის დაკავებული...
თავს ვნებენ ის ღვთისმსახურებიც, რომლებიც ახალგაზრდულ ასაკში რაიმე საეკლესიო თანამდებობას იკავებენ. ისინი ტყუილუბრალოდ იხარჯებიან, მაშინაც კი, ამ თანამდებობისათვის შესაფერისი თვისებები რომ ჰქონდეთ. მათ მეტად ამძიმებთ და დიდ დროს ართმევთ ადმინისტრაციული და საკანცელარიო საქმეები და სულიერ სარგებელს ვერ ნახულობენ, თუნდაც ამისათვის საკმარისი მონაცემები ჰქონდეთ. შესაძლებლობები ასე უაზროდ რომ არ გაეფლანგათ და საკუთარ თავზე ემუშავათ, ზოგიერთი მათგანი ეკლესიისათვის უდიდესი კაპიტალი იქნებოდა. ის, ვინც საკუთარი თავით არის დაკავებული (ამ სიტყვის კარგი გაგებით), ანუ საკუთარ თავზე არ მუშაობს, იმ ვაჭარს ემსგავსება, რომელიც ვაჭრობს და, ამავე დროს, არ იცის, რამდენი ფული აქვს. ბოლოს და ბოლოს, ასეთი ვაჭარი ციხეში მოხვდება.
მამა პაისი მთაწმინდელი