რატომ ცდილობს ქართველი, თავი სხვას იმაზე მდიდრად და კარგად მოაჩვენოს, ვიდრე არის და რატომ აფასებს უარყოფითად თავის რეალურად შემფასებელს
აღმოჩნდა, რომ ადამიანების არც თუ მცირე ნაწილი ცდილობს, გამოჩნდეს იმაზე მდიდარი და უკეთესი, ვიდრე სინამდვილეშია, თუმცა ეს მიდრეკილება არც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს და არც სოციალიზაციას. გამომდინარე ქართველების არტისტული ბუნებიდან, რაც გარეშეებზე, ანუ პუბლიკაზეა ორიენტირებულ-მიმართული, წესითა და რიგით, ეს თვისება ჩვენ უფრო აქტიურად უნდა გვახასიათებდეს. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ მიდრეკილებას, რაში გვიშლის და გვიწყობს ხელს, – ამ თემას ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის პროფესიორთან, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად განვიხილავთ.
– რაზე მიანიშნებს ადამიანის მიდრეკილება, რომ იმაზე უკეთ წარმოაჩინოს თავისი თავი, ვიდრე არის?
– ეს თემა ძალიან ფსიქოლოგიურია თავისი შინაარსით. ერთი მხრივ, ეხება ადამიანის ხასიათს და, მეორე მხრივ, ეროვნულ ხასიათს. ძალიან ბევრი კარგი თვისება ახასიათებს ქართველს, როგორც ერს, მაგრამ, ისევე, როგორც ყველა ერს, მასაც აქვს თვისებები, რომლებიც ამოვარდნილია საერთო კონტექსტიდან, რომლებიც გარკვეულ პერიოდში შემოვიდა და კანონზომიერად, რადგან სიძნელეებში აღმოჩენილ ქართველ საზოგადოებასა და ადამიანს სჭირდებოდა, რომ გადარჩენილიყო. ეს თვისებებია: ტრაბახი, კვეხნა, მატრაკვეცობა, კუდაბზიკობა, ყავარზე კუდის გადება. შემთხვევით არაფერი ხდება და, მათ შორის, ხასიათის ასეთი თვისებებიც ნიშანდობლივია. ეს ხასიათი კარგად აქვს გამათრახებული დავით კლდიაშვილის გაღარიბებული იმერელი აზნაურების სახით.
– ცალ-ცალ კალოშიანი შემოდგომის აზნაურები, რა სინდრომსაც ვერც დღეს გავცდით.
– აი, ეს ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი შემოიჭრა ქართულ მხატვრულ ნაწარმოებშიც და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილიც დაიკავა. ყველა მახასიათებელს აქვს დადებითიც და უარყოფითიც. კარგი მახასიათებლებიც შეიძლება, მიუდგეს ამ ნიშან-თვისებებს, მაგალითად: ხელოვნებაში, სტუმარმასპინძლობაში ეს თვისებები ძალიან კარგად შეიძლება, წარმოჩინდეს, ოღონდ შესაბამისი გააზრების შემთხვევაში. მაგრამ ძალიან ცუდად ჩანს ეს ეროვნული და პიროვნული თვისებები ისეთ სოციალურ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, მართვა, სოციალური პასუხისმგებლობა. ამ სფეროებში ეს თვისებები არა მარტო უარყოფითად გამოიყურება, არამედ მოქმედებს დამანგრევლად. არადა თვალში მოსახვედრია ეს თვისებები ჩვენს პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ასეთი ტიპის ადამიანებმა წალეკა საზაგადოება და ქართველი პოლიტიკოსების ეს მიდრეკილება დამაზიანებელია ქართული სახელმწიფოებრიობისთვის.
– როდის გაჩნდა ეს მიდრეკილება, რა მიზნით?
– ღარიბი აზნაურის ფენომენი, რომელსაც სხვადასხვა კალოში აცვია, მაგრამ მაინც სულ თავისი თავის და თავისი წარმოშობის, განათლებისა და მატერიალური მდგომარეობის ქებაშია, მოდის ჩვენი იმ წარსულიდან, რომელიც მიეკუთვნება კოლონიური რუსეთის პერიოდს. როდესაც არ ვიყავით ავთენტურები, არ ვიხედებოდით სარკეში და არ ვუსწორებდით თვალს საკუთარ გამოსახულებას. ქართველი რუს კოლონიზატორს, რუს სახელმწიფო ჩინოვნიკს უყურებდა ქვემოდან ზემოთ და უნდოდა, რომ მისთვის ყველაფერი ლამაზ ფერებში დაენახვებინა; თუ როგორ ემსახურება, როგორ ემლიქვნელება, როგორ უნდა კარგი მისთვის და ეს დამოკიდებულება გამოიხატა იმაშიც, რომ ერთ დროს სამეფო გვარები გადაკეთდა რუსულად. რა თქმა უნდა, ეს აკნინებდა ქართულ ხასიათს, მაგრამ, მეორე მხრივ, გადარჩენის მიზნით, მათ სურდათ, მორგებოდნენ იმპერიას ქვეშევრდომის დონეზე.
– ეს ტენდენცია დასავლეთთან ურთიერთობაშიც ჩანს: გვარების გადაკეთებამდე ჯერ არ მივსულვართ, მაგრამ ვცდილობთ, მივბაძოთ მათ ტერმინოლოგიით, გარეგნულად. პათოსით, ყველაზე კარგი ასლი, ანუ მონა ვარო.
– ეს ფენომენი დღევანდელობაში მართლაც იმით იგრძნობა, თუ როგორ ემსახურებიან ქართველი ჩინოვნიკები ბრიუსელსა თუ ნიუ-იორკს. ეს თეზისი აპოთეოზში იყო სააკაშვილის დროს, როდესაც ამბობდნენ, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ სასტუმროს მომსახურე პერსონალი, მეტი ვერანაირი ფუნქცია ვერ დაინახეს ქართულ ხასიათსა და ბუნებაში. სააკაშვილის დროს ეს დიდი დოზით ხდებოდა, როდესაც დაიწყო ქართული მეცნიერების ნიველირებაც; მისი მონაცემები აღარ იყო საჭირო. მთავარი იყო, ჩამოეტანათ ამერიკიდან რაღაც მონაცემები, როგორც განუვითარებელ აფრიკაში ხდება და დაენერგათ. ეს ეხებოდა სხვა სფეროს: სპორტს, ხელოვნებას, სოციალურ ცხოვრებას. ფაქტობრივად, გაქრა ის ეროვნული ღირსება, რაზეც უნდა იდგეს ავთენტური პიროვნება, ერი და რასაც უნდა ავითარებდეს. თუ ამ კუთხით შევხედავთ დღევანდელობას, იმ კოლონიური წარსულის პერიოდში ჩამოყალიბებული ეს ცუდი თვისებები ისევ მოქმედებს და ეს აისახა შედეგებზეც. წერა-კითხვისა და მიმატება-გამოკლების ცოდნის მაჩვენებლით საქართველო 160-ე ადგილზეა.
მეფის რუსეთი ვახსენე, მაგრამ იგივე მეორდებოდა საბჭოთა იმპერიაშიც. იმ დროს, ასევე, გაჩნდნენ ქართველები: სტალინი, ბერია, შევარდნაძე… ადამიანები, რომლებიც გაწაფულები იყვნენ რუსეთის იმპერიის მსახურებაში. ცდილობდნენ, ყოფილიყვნენ რუსებზე რუსები, იმპერიისა და რუსეთის რუსებზე უფრო დამცველები, ანუ რომის პაპზე უფრო კათოლიკენი. რა თქმა უნდა, ეს პერიოდიც ძალიან დამაკნინებელი იყო ქართული საზოგადოების წინსვლაში. გახსოვთ, როგორი დემონსტრაციები ტარდებოდა მაშინ საბჭოთა დღესასწაულების აღსანიშნავად; როგორ დახვდნენ საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანს.
– ბუშსაც ძალიან პომპეზურად დავხვდით.
– რა თქმა უნდა, სად გაქრებოდა ის თვისებები?! აი, ასე ამოვარდნილად, არაადეკვატურად ვითარდება ეს თვისება და შემდეგ ერგება ნებისმიერ სხვას.
– ვინც მოვიდა გაუმარჯოს?
– ეს არის ადამიანისა და საზოგადოების ფიქსირებული განწყობები და ეძებენ ობიექტებს, სადაც შეიძლება, ასეთი განწყობების რეალიზაცია. ასე რომ, საბჭოთა პერიოდიც ძალიან აძლიერებდა ამ მავნე თვისებებს ეროვნული განვითარებისა და ზრდისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, ამის საპირისპირო პოლუსიც არსებობს. თუ შუაში განვიხილავთ მდგომარეობას, როდესაც ხარ ისეთი, როგორიც ხარ, ამას არაფერი სჯობს. რადგან ადამიანი ლაპარაკობს საკუთარ თავზე სიმართლეს და ასე აცნობს სხვას თავსაც და, ასევე, იმასაც, თუ როგორ ხედავს იმ სხვას. როდესაც ეს არ არის, ფაქტობრივად, ურთიერთობაა ფანტაზიაში, გამოგონილ რეალობაში და ასეთი ფანტაზიის რეალობად გასაღება არ გამოადგება საზოგადოებას საყრდენად. ტრაბახის საპირისპირო მხარეა საკუთარი თავის დამცირება, დათრგუნვა, არგამოხატვა ან ზედმეტი კრიტიკა და ზედმეტად სადისტურად მოქცევა საკუთარი თავისადმი. ასეთი თვისებებიც არსებობს, თუმცა ქართულ ხასიათში ცოტაა. ასეთი მკაცრი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი ქართული ბუნებისთვის მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნის შემდეგ, ფაქტობრივად, გაქრა და იმ ადამიანებს, რომლებიც ასე ექცევიან საკუთარ თავს, ქართული კულტურა აფასებს, როგორც სუსტს. ამ თემის კიდევ ერთი ასპექტი არის, რომ ერმა უნდა გამოხატოს თავისი თავი ადეკვატურად სხვა ერებთან ურთიერთობაში. ესეც ძალიან დეფიციტურია ჩვენში. როგორც ადამიანი ცდილობს, გააცნოს თავისი თავი მეორე ადამიანს, ერიც ასევე ცდილობს, გააცნოს სხვა ერებს საკუთარი თავი და საკუთარ თავს აცნობ ისეთად, როგორიც ხარ. ასეთია ურთიერთობის არსი. თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ქართველებს არ გვაქვს სხვა ერებისთვის საკუთარი თავის ადეკვატურად გაცნობის გამოცდილება.
– ვატყუებთ მათ?
– როდესაც საქმე საქმეზე მიდგება და გვინდა, გავეცნოთ სხვას, ვიწყებთ ფანტაზიის რეალობიდან ურთიერთობას, რაც ტყუილთან ასოცირდება. უცნაურია, მაგრამ ქართველებს არ გვყავს პარტნიორი ქვეყნები, პარტნიორი მეგობარი ქვეყნები. მაგალითად, უკრაინელებს ჰყავთ მეგობრად პოლონელები; ბალტიისპირელებს, ზოგს – ფინეთი, ზოგს – შვედეთი, ზოგს – გერმანია. ისინი ერთმანეთს აღმოუჩენენ დახმარებას რთულ სიტუაციაში. ჩვენ კი აღმოჩნდა, რომ არ გვყავს მეგობარი. მთელი „ვეფხისტყაოსანი“ მეგობრობასა და სიყვარულზეა აგებული, ჩვენს კულტურაში ძალიან ფასობს მეგობარი, მაგრამ ერთა შორის ურთიერთობაში ჩვენ უმეგობრო-უპარტნიორო ქვეყანა ვართ. როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ვინ შეიძლება, ჩვენს დასაცავად ხმა ამოიღოს? არავინ არაა.
– ასეთი ცუდები ვართ?
– უცნაურად უმეგობრო ქვეყანა აღმოვჩნდით და მე ამას უპირველესად, მივაწერ არაადეკვატური ურთიერთობის სტილს. ტრაბახმა, მსახურებამ, იმპერიის შიგნით ყოფნამ და გაწაფვამ დაგვაკარგვინა სურვილი, რომ სწორი სწორზე ვიურთიერთოთ, გავცეთ და მივიღოთ. ჩვენ გვყავს მეზობლები, მაგრამ როგორი ურთიერთობა გვაქვს მათთან?! ასევე, ევროპის ქვეყნები, რომლებთანაც გვაქვს გარკვეული ტიპის ურთიერთობა, მაგრამ ეს არ არის ურთიერთობაში გამოცდილი ურთიერთობა, როდესაც ისინი თავისას გვეუბნებიან, ჩვენ – ჩვენსას და ამ ურთიერთობაში ვპოულობთ საერთოს და ერთმანეთსაც ვხედავთ. ეს იმდენად დეფიციტურია, რომ ფსიქოლოგიურად, ფაქტობრივად, ჩვენ არ ვარსებობთ. რაღაც ეგზისტენციურ ვაკუუმში ვართ. ის ურთიერთობაც, რომელიც გვაქვს უშუალო მეზობლებთან, არის იმ კოლონიური ურთიერთობის გამოძახილი. რუსეთთან ურთიერთობა გვაქვს იმ ასოციაციით, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით და არა, როგორც დამოუკიდებელ საქართველოს დამოუკიდებელ და თანასწორ რუსეთთან. ეს იმდენად დამაბნეველია, რომ ზოგიერთს ენატრება კოლონიური წარსული, რადგან მიაჩნია, რომ სწორედ ის იყო ნამდვილი ურთიერთობა რუსეთთან. არადა ამ ახალ რეალობაში, როგორც დამოუკიდებელი პიროვნების დამოუკიდებელ პიროვნებასთან, ასეთი ტიპის ურთიერთობაა ასაგები რუსეთთან. სომხეთთან და აზერბაიჯანთანაც იმ დონეზე ვურთიერთობთ, მოძმე სოციალისტური ქვეყნები რომ ვიყავით და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის პლანში არ განიხილება ეს ურთიერთობა. დღესაც წარსულ ურთიერთობებს ვუტრიალებთ, რაც, რა თქმა უნდა, არაადეკვატურია. ეს იმ დაბნეულობიდან გამომდინარეობს, როდესაც ქართველს უნდა, რომ ტრაბახით მოაწონოს თავი სხვას. და თუ განწყობის ფსიქოლოგიის თვალით შევხედავთ, ეს არის დაბალი დონის განწყობის რეალიზაცია, რომელიც ბიოლოგიურ გადარჩენას ემსახურება. მეორე მხრივ, ის თვისებები, რომლებიც ჩვენში ჭარბადაა, შესაძლებელია, გაანალიზდეს და გამოვიყენოთ იმ სფეროებში, რომლებშიც შესაძლებელია გამოვიყენოთ ჩვენდა სასარგებლოდ. მაგალითად: ტურიზმში, კულტურათა შორის ურთიერთობაში, ვაჭრობაში, ბიზნესში, სტუმარმასპინძლობაში, კინოსა და თეატრში. ამ სფეროებში შეიძლება სუბლიმაცია და დახარჯვა ქართველში დაგროვილი ამ უნარებისა, ოღონდ გააზრებულად. ეს თვისებები უნდა მოვარგოთ ახალ რეალობას. ეს გააკეთა დანგრეულმა გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
– იაპონიამაც, არანაკლებ დანგრეულმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
– იტალიამ, თუ ნეორეალისტურ ფილმებს გავიხსენებთ, ვნახავთ, რა გაჭირვებაში იყო ქვეყანა და როგორ შემოქმედებითად გადააბიჯეს ამას. იგივე ითქმის ესპანეთზე. მაგრამ იგივე არ ითქმის რუსეთზე, ირანზე და ბევრ სხვაზე. ჩვენზე ითქმება თუ არა, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გამოვალთ კოლონიურ სტაგნაციას მორგებული ხასიათის თვისებებიდან შემოქმედებითი და ინტელექტუალური გაცნობიერების ხარჯზე. ეს პროცესი ძალიან ცუდად და მძიმედ მიდის ჩვენს რეალობაში და ამიტომ მუდმივად ისმის კითხვა: გვეშველება რამე?!