კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უპასუხა გიგი დედალამაზიშვილმა 9 აპრილს რუსეთში გამართული კონცერტით აღშფოთებულ საზოგადოებას

28 ივნისს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა და მაყურებელს საშუალება მიეცა, ყველასთვის საყვარელ ჯგუფ „მგზავრებისთვის“ მოესმინა.
 უკვე ათი წელია ერთად არიან – ხუთი ალბომი, სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული 500-ზე მეტი კონცერტი და უამრავი გულშემატკივარი. ეს „მგზავრების“ ისტორიაა. ჯგუფი სულ მალე ამერიკელი მსმენელის მოხიბვლას აპირებს.
გიგი დედალამაზიშვილი: ჩვენი ჯგუფის ისტორია ათი წლის წინ მეგობრობით დაიწყო და რაც ყველაზე მთავარია, მეგობრობითვე გრძელდება. წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, უბრალოდ, მეგობრული ჯგუფი, რომლის თვითმიზანიც სცენის დაპყრობა არ ყოფილა. უბრალოდ, დავიწყე სიმღერების დაწერა და შემოვიერთე მეგობრები, ვისთან ერთადაც ვარ ბოლომდე. სპონტანურად შეიქმნა ჯგუფი, სპონტანურადვე გაიმართა რამდენიმე კონცერტი და უკვე ათი წელია, ერთად მოვდივართ.
– დღეს როგორ აფასებთ თქვენს პირველ ნაბიჯებს?
– რა გითხრა, ამაზე ალბათ, ბევრს არ ვფიქრობ. ყოველთვის სპონტანურად ხდებოდა ყველაფერი და არასდროს გვიცდია, მუსიკალური თვალსაზრისით, მიზანმიმართულად რაღაცეები გაგვეკეთებინა. არსად მივსულივართ თხოვნით, რომ ჩვენი სიმღერა რადიოში ან ტელევიზიაში გაეშვათ, კონცერტში ჩავესვით ან რამე მსგავსი. ჩვენი არსებობა თავზე არავისთვის მოგვიხვევია. უბრალოდ, ვუკრავდით, თუ კონცერტიდან შემოთავაზება გვქონდა. შემიძლია გითხრა, რომ ყველაფერი თავისით მოდიოდა.
– არ აპირებთ ათი წლის იუბილეს განსაკურებულად აღნიშვნას?
– მაგაზე ვფიქრობდით, მაგრამ, ალბათ, არა. ათი წელი ცოტა არ არის, მაგრამ ძალიან ბევრიც არაა. შემოდგომაზე ახალი ალბომის გამოშვებას ვაპირებთ და კონცერტსაც ვგეგმავთ. ის შეიძლება ათ წელს არ მივუძღვნათ, მაგრამ შესაძლოა, უბრალოდ, კონცერტზე დავაფიქსიროთ, რომ ათი წელი შეგვისრულდა.
– რომელი პერიოდია თქვენი ჯგუფის ისტორიაში გამორჩეულად განსაკუთრებული?
– ბევრი... 2010 წელი, როცა პირველად გვქონდა ფილარმონიაში კონცერტი და კარგად მახსოვს, მაშინ ძალიან ვინერვიულე; ასევე, 6-7 წლის წინ, როცა საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, პირველი ნაბიჯები კი ყოველთვის უფრო ბევრ ნერვიულობასთანაა დაკავშირებული; ნერვიულობასთან და ემოციებთან იყო დაკავშირებული ჩვენი ცხოვრების საერთოდ მუსიკასთან დაკავშირება. რაღაც მომენტში გადავწყვიტეთ, რომ ის ჩვენი ცხოვრების მთავარ საქმედ გვექცია და სამსახურებიდან წამოვედით. ეს პერიოდი ძალიან ამაღელვებლად მახსენდება. ყოველთვის გამორჩეულად გამახსენდება, რამდენიმე დღის წინ ჩატარებული, „იავნანას“ კონცერტი. ნერვიულობის თვალსაზრისით ის არ ჩამოუვარდებოდა შვიდი წლის წინ, პირველად ფილარმონიაში გამართულ ჩვენს კონცერტს. საერთოდ, ყველა კონცერტზე ვნერვიულობ, მაგრამ ჩემთვის ფილარმონიის სცენაზე დგომა, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა.
– ამ წლების განმავლობაში იქნებოდა სირთულეებიც.
– ეს ჩვეულებრივი ცხოვრებაა და რა თქმა უნდა, გვხვდება სირთულეები, რომლებიც უნდა გადალახო. მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს, უბრალოდ, შესაბამისი გზები უნდა მოძებნო. იყო პერიოდები, როცა კონცერტები არ გვქონდა, ფინანსურად გვიჭირდა და ასე შემდეგ, მაგრამ ღვთის წყალობით, ამ ეტაპზე ყველაფერი კარგადაა, ჩანს მომავალი, რომელშიც მე ჩვენ ჯგუფს ვხედავ.
– 500 კონცერტი, საერთო ჯამში, ძალიან დიდი ციფრია.
– მეც არ ვიცოდი ჩვენი კონცერტების ზუსტი რაოდენობა. დედაჩემი იწერს ხოლმე და რომ დაითვალეს 500-ზე მეტი კონცერტი გამოვიდა. შარშან 100-მდე კონცერტი ჩავატარეთ, წელს უკვე 50-მდე გვქონდა. მარტო ივლისში 12 კონცერტი გვაქვს დაგეგმილი, აგვისტოში – 7 და შემოდგომაზე – 30. ჯგუფისთვის, რომელიც მარტო საქართველოში არ მოღვაწეობს, არ არის ბევრი, ჩვეულებრივი სამუშაო ციფრია. უბრალოდ, მთლიანობაში რომ დაითვალა, მეც გამიკვირდა – ვაიმე, რამდენი კონცერტი ჩაგვიტარებია-მეთქი (იცინის). სულ დავდივართ, ახლაც, 25-ში წავედით, 27-ში ჩამოვედით „იავნანას“ კონცერტისთვის. მანამდე 17-ში წავედით და 18-ში დავრუნდით. თვის განმავლობაში რამდენიმეჯერ გავდივართ ქვეყნიდან, მაგრამ აქ ვცხოვრობთ.
– ახლა რა გეგმები გაქვთ?
– კონცერტები გვაქვს საირმეში, ყვარელში, კიევში, მოსკოვში, სოჭში, პეტერბურგში, ნოვოსიბირსკში, ბათუმში, რიგაში... შეიძლება, კიდევ დაემატოს. შემოდგომისთვის კი, როგორც უკვე ვთქვი, ალბომის ჩაწერა უნდა დავიწყოთ. სექტემბერს მასზე მუშაობას დავუთმობთ და უკვე ოქტომბრიდან ამერიკის ტურნე დაგვეწყება. უკრაინის, რუსეთის, ბელორუსიის, აზერბაიჯანისა და სხვა ტურნეებთან ერთად.
–  ამერიკაში პირველად მიდიხართ?
– კი, ამერიკაში პირველად მივდივართ კონცერტების გასამართად, ამერიკელების მოწვევით.  ჩვენი ტური რამდენიმე ქალაქს მოიცავს. სულ 6 კონცერტს გავმართავთ.
– ქართველ შემსრულებლებს უცხოეთში ძირითადად უცხოური რეპერტუარი აქვთ, რასაც „მგზავრებზე“ ვერ ვიტყვით. სადაც არ უნდა იყოთ, ყველგან ქართულ სიმღერებს მღერით.
– კი, 99 პროცენტი ქართულია, მხოლოდ ორი-სამი სიმღერა გვაქვს რუსული. მგონია, რომ იქაურ მსმენელს ქართული სიმღერა უფრო აინტერესებს. „მგზავრები“ ქართული ჯგუფია და რა თქმა უნდა, გვინდა, ქართულად ვიმღეროთ.
– ამბობენ, რომ ყველა ქვეყანას თავისებური გულშემატკივარი ჰყავს. ქართველი მსმენელისადმი დამოკიდებულება გასაგებია, მაგრამ კიდევ რომელი ქვეყნის გულშემატკივარს გამოარჩევთ?
– საქართველოში ნამდვილად რთულია მსმენელის ნდობის მოპოვება, მაგრამ თუ ამას დაიმსახურებ, მერე ძალიან შეგიყვარებენ. იმიტომ რომ, ქართველები ძალიან გულწრფელები არიან, თუ არ მოსწონთ, ტაშს არ დაგიკრავენ. სხვა მხრივ, ყველა ქვეყნის მაყურებელი ერთნაირია იმ თვალსაზრისით, რომ შენგან მაქსიმალურს მოითხოვენ. თუ დაინახეს, რომ ბოლომდე იხარჯები და შენს საქმეს აკეთებ, აუცილებლად დაგიკრავენ ტაშს. კონკრეტულად, რომელიმე ქვეყნის გამორჩევა რთულია. პრინციპში, მე მაყურებლის რეაგირების მიხედვით კი არა, უპირველესად, ჩემი თავისგან ვითხოვ საქმის კარგად კეთებას. თუ ამას შევძლებ, დარწმუნებული ვარ, მაყურებელი დააფასებს.
– კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელება არ გიფიქრიათ?
– თბილისში ვცხოვრობთ და სულ დავდივართ. სხვაგან გადასვლა გეგმებში არაა. საქმეზე ვართ დამოკიდებული, ანუ ვიქნებით იქ, სადაც კონცერტები იქნება. ჯერჯერობით მივფრინავთ და მოვფრინავთ უკვე ბოლო რამდენიმე წელია და ასეც გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახლი თბილისია და ჩვენ აქ ვცხოვრობთ.
– 9 აპრილის ამბებზეც მინდა გკითხოთ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთში გამართულმა კონცერტმა საზოგადოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. თუმცა, შენ მიერ სცენაზე ნათქვამმა სიტყვამ საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ; ის წუთიერი პატივი, რომელიც მაყურებელმა 9 აპრილს გარდაცვლილ ადამიანებს შენივე თხოვნით მიაგო და მაყურებლებში აფრიალებული ქართული დროშა, ძალიან ემოციური იყო.
– პრინციპში, მე ჩემი სათქმელი სცენაზე ვთქვი. მესმის ყველასი, ვინც აღშფოთდა, უბრალოდ, ასე მოხდა. თუმცა, მე იქ ჩემი სათქმელი ვთქვი. რამის დამატება არ მინდა, იმიტომ რომ, ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო და არის ემოციურად. უბრალოდ, მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანი და მესმის მათი.
– ცოტა მეუღლესა და შვილზე – ასეთი გრაფიკიდან გამომდინარე, როგორ ნახულობთ დროს მათ სანახავად?
– ფაქტობრივად, ვერ ვხედავ და ძალიან მწყინს. მეუღლესაც და ბავშვსაც თვეში ორჯერ, ორი-სამი დღით ვნახულობ. ზაფხულში და შემოდგომით – ვერა, მაგრამ იმედია, ზამთარში სადმე ერთად დავისვენებთ. ახალი წლის შემდეგ, მინდა, ერთი-ორი თვე სადმე წავიდეთ და ყველაფერს მოვშორდეთ. ახლა ჩემს ცოლსაც გადაღებები აქვს, მე – კონცერტები და საერთოდ ვერ ვახერხებთ ერთად ყოფნას, რაც ძალიან ცუდია. მაგრამ, სხვანაირად არ გამოგვდის. მინდოდა დასვენება და უკვე რვა საგზური მქონდა აღებული, მაგრამ ყველა დავაბრუნე კონცერტების გამო. რთულია, მაგრამ ეს ჩემი საქმეა. ადრე გადავწყვიტე, რომ მუსიკოსი ვყოფილიყავი და ახლა უარს ვერ ვიტყვი. ეს ყველამ იცის. ვერ ვიტყვი, რომ ოჯახი ამასთან შეგუებულია, რადგან ძნელია. როგორღაც მიწევს იმ სირთულის გადალახვა, რასაც ერთმანეთის გარეშე ყოფნა ჰქვია ძალიან დიდი ხნით და ხშირად.
– მარინა და ბავშვი ახლა უკრაინაში არიან?
– თბილისში ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ ახლა გადაღებები აქვს და ბოლო ორი თვეა, უკრაინაშია.
– ის ორი-სამი დღე როგორია, როცა ერთად ყოფნას ახერხებთ?
– ვართ ერთად. არსად გავდივართ, რომ მაქსიმალურად ერთმანეთსა და ოჯახურ გარემოს დავუთმოთ დრო. ვსეირნობთ, ვკითხულობთ წიგნს და ვუყურებთ ფილმს. ჩვენი ერთად ყოფნა იმდენად იშვიათად ხერხდება, რომ გვინდა, მარტო ვიყოთ და ხელი არავინ შეგვიშალოს (იცინის).
– არასდროს გისაუბრიათ, როგორია მამობა.
– მამობა ძალიან კარგია, უბრალოდ, შვილს ვერ ვნახულობ და ეგ ცუდია. ბოლო ორი თვეა, ორჯერ ვნახე და მარტო სკაიპით ველაპარაკები. ჯერ არ მაქვს საშუალება, რომ მამობას ბოლომდე ჩავწვდე, იმიტომ რომ, ბავშვს ვერ ვნახულობ და ძალიან მენატრება.
– როცა ნახულობთ, მაშინ თუ ხართ მის მოვლაში ჩართული?
– რომ გითხრა, ძალიან ჩართული ვარ-მეთქი, მოგატყუებ. სიდედრი, ჩემი ცოლი და დედაჩემი უვლიან, მაგრამ რაც შემიძლია, მეც ვეხმარები. თუ რამეს დამავალებენ, ვაკეთებ. ძირითადად, მეუბნებიან, ჯობია, არ დაგვეხმარო და თვითონ გავაკეთებთ ყველაფერსო. იმიტომ რომ, მე ცოტა მოუხერხებელი ვარ (იცინის).
– სახელი ვინ შეურჩია?
– სახელი – ლიზი ჩემმა ცოლმა მოიფიქრა. ძალიან მოსწონდა და მეც დავეთანხმე.
– როგორი ბავშვია ლიზი, ვის ჰგავს?
– ამბობენ, გარეგნულად  გგავსო, მაგრამ მე ვერ ვიმსგავსებ (იცინის). მგონია, რომ თავის თავს ჰგავს.
– გინდა, რომ შვილიც მუსიკოსი იყოს?
– მე მინდა, რომ ჩემი შვილი იყოს ის, რაც გულით მოუნდება. ჰქონდეს თავის ცხოვრება და არჩევანი თვითონ გააკეთოს. მე ყველაფერში ხელს შევუწყობ და გვერდით დავუდგები. არასდროს დავაძალებ, კონკრეტულ პროფესიას მიჰყვეს.

скачать dle 11.3