რატომ გახდა იძულებული, საქართველო დაეტოვებინა ირმა ბერძენიშვილს, რომლის ნამღერმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია
ირმა ბერძენიშვილი ოპერის მომღერალია, რომელმაც „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ყრილობაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულა. მისი ნამღერით ერი მოხიბული ვერ დარჩა და ბევრი კრიტიკა დაიმსახურა. თუმცა, არავის აღუნიშნავს, რომ მისი წარუმატებელი სიმღერა შეიძლება, აპარატურის, ან ორგანიზების ბრალი ყოფილიყო. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების მხრიდან ამ თემის მიმართ დაინეტრესება დიდი იყო, ქალბატონ ირმას ვესაუბრეთ. მან, მიუხედავად გადატანილი მძიმე ტრავმისა, გულწრფელი ინტერვიუ მოგვცა.
ირმა ბერძენიშვილი: დიდი ხანია, რაც სცენაზე ვდგავარ და ოპერის მომღერალი ვარ. პირველად ჯანსუღ კახიძემ მომისმინა და მიმიღო. საქართველოში საკმაოდ წარმატებული კარიერა მქონდა. რაც კი წამყავნი პარტიები იყო თეატრში, თითქმის ყველა შევასრულე. ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემდამი. როგორც მსმენელებს და მხარდამჭერებს, ასევე, დასსაც. მერე ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურად რომ შეიცვალა სიტუაცია, შევიწროვებაში მოვხვდი. მაშინ, მოგეხსენებათ ძველი ყველაფერი ცუდი ეგონათ. თეატრში კიდევ, ყველა ძველი მომღერალი ვიყავით. ამის გამო იძულებული გავხდი, საქართველო დამეტოვებინა, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, რაც დიდი წვალება იყო. თუმცა, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. მინდოდა, უცხოეთში წავსულიყავი კონკურსზე, სადაც ჩემს თავს შევამოწმებდი, მართლა შემეძლო თუ არა სიმღერა. წავედი იტალიაში. ამ კონკურსმა საკმაოდ კარგი შედეგები მომიტანა. მიწვევა მივიღე გერმანიიდან. ამიყვანეს თეატრში და იქ გადავედი საცხოვრებლად. თავდაპირველად, დეზდემონას როლი შევასრულე „ოტელოში”, შემდეგ გერმანულენოვან სპექტაკლში მომცეს პატარა როლი, რომელსაც ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, ისევ დავბრუნდი იტალიაში, სადაც ერთწლიანი სტაჟირება გავიარე. მანამდე ამის შესაძლებლობა არ მქონდა და არ მინდოდა, ეს შანსი ხელიდან გამეშვა. მარიო დელ მონაკოს და რენატა ტებალდის სახელობის აკადემიაში წარმატებით გავიარე ეს კურსი, ხოლო დასკვნით საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილის მფლობელი გავხდი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო. რთულია, წახვიდე საქართველოდან ფინანსების გარეშე და იქ თავი დაიმკვიდრო.
– საქართველოში მოწვევით იყავით, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ყრილობაზე ჰიმნის შესასრულებლად?
– შემდეგ პაუზა მქონდა და ჩამოვედი საქართველოში, სადაც მივიღე შემოთავაზება, მემღერა ყრილობაზე. ეს ჩემთვის სასიხარულო იყო, რადგან არასდროს მიმღერია ფონოგრამაზე და მაინტერესებდა, თან ჰიმნის შერულებაც სულ სხვა საკითხია. გადავწყვიტე მემღერა, თუმცა ბევრი გაუთვალისწინებელი ფაქტორის გამო, მოხდა, ის რაც მოხდა. ეს იყო ახალგაზრდული ფრთის ყრილობა და ალბათ, გამოცდილებაც არ ეყოთ. ვგულისხმობ იმას, რომ სადაც ვიდექი, იქ არ იყო აპარატურა. ჩემსა და აპარატურას შორის დიდი მანძილი იყო. მსგავს შემთხვევაში, აუცილებელია, მომღერალს ჰქოდნეს პატარა მიკროფონი, რათა აკონტროლოს საკუთარი ხმა და მუსიკა. ვიდრე გამოვიდოდი, რისკებზე მქონდა საუბარი. იქ, რომ მოისინჯა ხმა, ვთქვი, არაფერი მესმის-მეთქი. მაგრამ, ოპერატორმა მითხრა, რომ ჩემ უკან ჩაირთვებოდა ხმის გამაძლიერებელი და ეს პრობლემაც მოგვარდებოდა. თუმცა, ეს არ მოისინჯა რეპეტიციაზე. იმავდროულად, დარბაზიც სპეციფიკური იყო, ხმა ექოს სახით მიბრუნდებდა, რადგან დახურული სივრცეა. სიმღერის დროს, რაღაც გაურკვევლი ხმა მესმოდა. სიტყვებით ვერ გეტყვით ეს წუთ-ნახევარი, თუ ორი წუთი ჩემთვის რა რთული და საშინელი იყო. ამ წუთ-ნახევარში ათი წლის სიცოცხლე დავკარგე. როგორც კი პირი გავაღე, მაშინვე მივხვდი, რაც ხდებოდა. ამით უდიდესი შოკი და ტრავმა მივიღე. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ არ შემეძლო ამ ყოველივეს კონტროლი. არ დავიწყებ ახსნას, ეს ამის ბრალი იყო და იმის-მეთქი. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სტრესი აღმოჩნდა – იმდენად, რომ საყვარელი ადამიანის გარდაცვალებაც კი ვერ აღვიქვი. ნათესავი დამეღუპა. მესმის იმ ხალხის, ვინც ცუდი კომენტარები დაწერა, რადგან ეს ძალიან ფაქიზი თემაა. ეს არის ეროვნული ღირსება. ჩემი ჩანაწერი რომ მოვისმინე, პირველი კომენტარი, რაც გავაკეთე იყო – რა კოშმარია და ამას სკანდალი მოჰყვება-მეთქი. ძალიან მძიმე და რთული იყო ეს ჩემთვის, თუმცა იმავდროულად, სამართლიანი. თავს არ ვიმართლებ და ვფიქრობ ადამიანებზე, ვისაც მოუწია ჩემი, ამ ორ-წუთიანი კოშმარის მოსმენა. ზოგადად, რეალისტი ვარ და არ შემიძლია, ვინმეს შევახოცო ხელები. უბრალოდ, საჯაროდ ვსაუბრობ იმაზე, რაც რეალურად მოხდა. ესეც იმიტომ, რომ ხალხის დაინტერესება დიდია. ჩემთვის ამ ყოველივეზე საუბარი მარტივი არ არის. ჩემს კარიერაში მსგავსი კრიტიკა პირველი იყო და ძალიან განვიცადე.
– თუ ასეთი სარისკო იყო, რეპეტიცია რატომ არ გაიარეთ?
– არ ვიცი, ერთადერთი, რაშიც ორგანიზატორებს შემიძლია, მოვედავო, ეს თემაა. კონკრეტულ მომენტში ყველა მაქსიმუმს ეცადა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს შედეგი მივიღეთ.
– ამბობდნენ, რომ თითქოს მთავრობის წევრებთან დაახლოებული იყავით და ჰიმნიც მაგიტომ გამღერეს.
– იქნეობდა ასეთი ეჭვებიც, რადგან ასეთი კოშმარული შესრულება სხვა რით შეიძლება აიხსნას?! არავისთან დაახლოებული პირი არ ვარ. როცა ჩემი კანდიდატურა წარუდგინეს ბატონ დავით ოქიტაშვილს და მომისმინა, მოეწონა. ასე რომ არ ყოფილიყო და სიმღერა არ შემძლებოდა, უარს მეტყოდა. სიმღერის შემდეგ, პირველი, რაც გავაკეთე, იყო ის, რომ დავრეკე ბატონ დათოსთან და ბოდიში მოვუხადე. მან თავად იზრუნა, რომ ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, რასაც იმ მცირე დროში ვერ აღმოფხვრიდა.
– თუმცა, ამ სიტუაციაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მხარს გიჭერდნენ და თანადგომას გიცხადებდნენ. მათ შორის იყო ქალბატონი თამარ ივერი...
– დიახ და ამას არ მოველოდი. თამარი ჩემი თანაკურსელია. მივწერე კიდეც მას პირადად. ეს ადამიანი თავიდან გავიცანი და აღმოვაჩინე, რომ დიდი პიროვნებაა. ყველას არ შეუძლია, მსგავს სიტუაციაში გაგიგოს, ხელი გამოგიწოდოს, აგაყენოს, მოგეფეროს და გაგამხნევოს. ეს არის მხოლოდ დიდი ადამიანების ხვედრი. ქედს ვიხრი მის წინაშე. არ ველოდებოდი, თუ ვინმე ჩემს მხარეს დაიჭერდა, მაგრამ ასეთებიც აღმოჩნდნენ. ეს ჩემთვის უფრო ემოციური იყო, ვიდრე ის საშინელი წუთები. რაც ამ ხალხმა ჩემთვის გააკეთა, ამის ღირსი არ ვიყავი. ამ ამბის შემდეგ, არაფერი გამიკეთებია, გარდა ამ კომენტარების კითხვისა. არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ ვკითხულობდი ყველაფერს. ვიღებდი, როგორც კარგს, ასევე ცუდსაც, რადგან ორივე ჩემია.
– უცხოეთში, როგორც აღნიშნეთ, საკუთარი ფინანსებით წახვედით... ალბათ, რთული პერიოდის გავლა მოგიწიათ.
– ჩემმა ნათესაობამ და ლადო ათანელმა დამაფინანსეს. მასთან ვიმღერე „მაკბეტის” პარტია, რომელიც საქართველოში პირველად შესრულდა. ძალიან მგულშემატკივრობდა ლადო და აქ რომ არაფერი გამომდიოდა, მირჩია, წავსულიყავი. ხარჯებიც გაიღო ამისთვის. იტალიაში წავედი სრულიად მარტო. ეს ჩემი პირველი გასვლა იყო უცხოეთში და ჰგავდა ზღაპრულ მოგზაურობას. ნორმალურად ენაც არ ვიცოდი, რადგან არ ვემზადებოდი უცხოეთში წასასვლელად – არც ფული მქონდა და არც სურვილი. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ეს ბედისწერა იყო. წასვლამდე ყველა მეუბნებოდა, რომ რთული იქნებოდა. იტალიაში ღამე ჩავედი. მოხდა ისე, რომ გაიფიცნენ მატარებლები. უცებ შემეშინდა და ხმამაღლა დავიყვირე, უცხელი ვარ და დამეხმარეთ-მეთქი. ვერ წარმოიდგენთ, იქ რა მოხდა. იტალიელების ჯარი შემომეხვია. ზოგი რას მთავაზობდა, ზოგი რას. მერე ერთი პატარა გოგო აღმოჩნდა, რომელიც მამასთან ერთად იყო და მათ მიმიყვანეს დანიშნულების ადგილზე. ფული რომ შევთავაზე, არ გამომართვეს. ამ გოგომ მითხრა, თუ დიდი მომღერალი გახდებით, დაწერეთ ჩემზეო. ასეთი გულისამაჩუყებელი ისტორია გადამხდა.
– დაოჯახებული ხართ?
– არა, ყველაფერი ხელოვნებას შევწირე. გვერდზე გადავდე მთელი ჩემი ცხოვრება. შეიძლება, არ დამიჯეროთ და ვერ გამიგოთ, მაგრამ სცენა ისეთი მაღალი სულიერი მდგომარეობაა, ვერ აგიხსნით. მყვარებია კიდეც, მაგრამ ბედისწერა სხვა რამაა. ძალიან მიყვარს ბავშვები, ოჯახი, სახლში ფუსფუსი, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე საჯარო გამოსვლა, პიარი, სახელი და ასე შემდეგ. ძალიან უბრალო ადამიანი ვარ და არაამბიციური. მინდოდა, მყოლოდა ქმარი, ოჯახი, ბევრი შვილი. მამას ვეუბნებოდი ხოლმე, ხუთი შვილი უნდა მყავდეს და ხუთივე ბიჭი-მეთქი. მერე მახსენებდა, სადაა შენი ფეხბურთის გუნდიო (იცინის). ამით იმის თქმა მინდა, რომ სულ სხვაა, შენ რა გსურს და სულ სხვაა – შენი ბედისწერა.