კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აარჩიეს რუსკა ქარქაშაძე 500 ბავშვიდან მელანოს როლზე

„ფორმულა კრეატივის“ ახალ სერიალში –  „ხელოვნურ სუნთქვაში“ ერთ-ერთ მთავარ, 13 წლის მელანოს როლს 11 წლის რუსკა ქარქაშაძე ასრულებს. რუსკა მერვე კლასშია, სკოლაში საუკეთესო მოსწავლეა და ზუსტად იცის, რომ მისი მომავალი კინოსა და თეატრთან იქნება დაკავშირებული. სწავლის გაგრძელებას კი ამერიკაში გეგმავს.
რუსკა ქარქაშაძე: სკოლაში კარგად ვსწავლობ, ყველაფერში „ათიანი“ მყავს და წარჩინებული მოსწავლეების დაფაზეცაა ჩემი ფოტო. განსაკუთრებით ბიოლოგია, ისტორია და ხელოვნება მიყვარს. პროფესიად, რა თქმა უნდა, მსახიობობა მინდა. ამით ბავშვობიდან მოწამლული ვარ. ჩემი თავის სხვადასხვა სფეროში მოსინჯვა მიყვარს და მსახიობობა საშუალებას გაძლევს, იყო მილიონი ერთში. სამომავლოდ მინდა, სწავლა ამერიკაში გავაგრძელო. ქასთინგზე რომ მივდიოდი, კარგად ვიცოდი, რამდენი შრომა იქნებოდა საჭირო, მაგრამ მზად ვიყავი. ძალიან რთული გრაფიკი გვაქვს, რაც ჩემთვის ძნელია. სამწუხაროდ, სულ დაღლილი ვარ, ძველებურად აღარც ვცეკვავ და აღარც დავხტივარ. მხოლოდ მინდა, დავწვე და მეძინოს. თუმცა, რას ვიზამთ, საქმეა და უნდა გააკეთო. მსახიობობა ისე მინდა, რომ სირთულეებს ყურადღებას არ ვაქცევ.
– როგორი იყო ქასთინგი?
– მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვთამაშობ სპექტაკლში „1945“. იქ ერთ-ერთმა მსახიობმა – ანა სანაიამ მითხრა, რომ ქასთინგი იყო. რადგან ამ სერიალსაც „ფორმულა კრეატივი“ იღებს, თავიდან მეგონა, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“  ეპიზოდური როლისთვის ეძებდნენ მსახიობს. მაშინ ჯერ არაფერი იყო გახმაურებული ახალი სერიალის შესახებ. ქასთინგი ორ ტურად ჩატარდა, 500 ბავშვიდან მეორე ტურში სამი გოგო დავრჩით. ზოგადად, მე არ ვნერვიულობ, როცა ქასთინგებზე მივდივარ. იმიტომ რომ, ვიცი, აზრი არ აქვს, რაც უფრო ინერვიულებ, მით უარესს გაუკეთებ თავს. პირიქით, მოტივირებული უნდა იყო, რომ შენ აგირჩევენ. ქასთინგიდან ერთ კვირაში დამირეკეს, მეორე ტურში გადახვედიო. არადა, გადავიწყებული მქონდა, 500 ბავშვში რაღა მე ამარჩევენ-მეთქი?! მეორე ტურის შემდეგ ორი კვირაში დამირეკეს, მაგ დროს საერთოდ გადაწურული მქონდა იმედი. მაგრამ, მითხრეს, რომ როლზე მე დამამტკიცეს და სიხარულისგან გავგიჟდი, ვიკივლე და ვიწივლე (იცინის). 
– მოზარდ მაყურებელთა თეატრში როგორ აღმოჩნდი?
– 7-8 წლიდან დავდიოდი თეატრალურ სტუდია „დებიუტში“ ნიკა საბაშვილთან. ამ ადამიანმა დამაყენა გზაზე და ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მან მითხრა, რომ თეატრში დგამდა სპექტაკლს – „1945“, მეორე მსოფლიო ომის თემაზე და უნდოდა, მეთამაშა. იქაც ერთ-ერთი მთავარი როლი მაქვს და ძალიან წარმატებული სპექტაკლია, არაერთი ჯილდო აიღო, მათ შორის, „დურუჯი“.
– როგორი შეგრძნება იყო, როცა სცენაზე პირველად დადექი?
– პრემიერაზე, რომ ვთქვა, არ ვნერვიულობდი-მეთქი, მოვიტყუები. ძალიან ბევრი ხალხი იყო და ვინერვიულე. მაგრამ, როცა სცენაზე გავდივარ, ჩემი ნერვიულობა კულისებში რჩება. ყველაფერი მავიწყდება სპექტაკლის გარდა. მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა სპექტაკლი და ორჯერ 42 გრადუსი სიცხით ვითამაშე. ისე ცუდად ვიყავი, წამლები არ მშველოდა, მაგრამ დუბლიორი არ მყავდა და აუცილებლად უნდა მეთამაშა. კულისებში სიცხისგან მაკანკალებდა, მაგრამ გამოვიდოდი თუ არა, კარგად ვხდებოდი. მშობლებიც მამხნევებდნენ, თუ საქმე დაიწყე, ბოლომდე მიიყვანეო.
– მშობლების შესახებ მომიყევი.
– დედა – ნათია, მამა – კოტე ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან ჩემთვის. არ არსებობს თემა, რომელზეც მათთან არ ვსაუბრობ. ორივე იურისტია და თავის პროფესიით მუშაობენ. თბილები არიან და ყველაფერში მიგებენ. მყავს და – ქეთა და ძმა – დათო. ქეთა ერთი წლით პატარაა, მაგრამ ზუსტად ერთნაირები ვართ. ყველაფერს ერთად ვაკეთებთ და სულ ერთად დავდივართ. დათო შვიდი წლისაა და ახლა მეორე კლასში გადავიდა, ჯერ პატარა და ძალიან საყვარელია.
– ცნობილია, რომ გიორგი ლიფონავა მკაცრი რეჟისორია. შენთან როგორაა, რას გეუბნება?
– ჩემთან მკაცრი არაა, პირიქით, ძალიან ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს, რადგან თბილი ადამიანია და რასაც მეუბნება, ფაქტობრივად, ერთ ნათქვამში ვასრულებ. უკვე მესმის, რას წარმოადგენს ეს სერიალი, როგორი ჟანრია. როცა გათვითცნობიერებული ხარ, მერე ყველაფერი მარტივია.
– შენი პერსონაჟი მოგწონს?
– ძალიან ჯიუტია და ეგ არ მომწონს. მე ასეთი არ ვარ, პირიქით, არ მიყვარს ჯიუტი ადამიანები. ერთი, რაც გვაკავშირებს, ისაა, რომ ძალიან მტკიცე ხასიათი აქვს და როცა რამე უნდა, აუცილებლად აღწევს. მეც ეგეთი ვარ. მელანოსგან განსხვავებით, მე ძალიან პრანჭია ვარ. თუმცა, კიდევ ერთი საერთო გვაქვს, მეც ძალიან მიყვარს სახლის საქმეების კეთება და საჭმლის მომზადება. მის მსგავსად, სამსახურიდან მოსული მშობლებისთვის ბევრჯერ დამიხვედრებია საჭმელები და ნამცხვარი. რაღაცეების გამოცხობაც მიყვარს და გამომდის კიდეც.
– ცელქი გოგო არ ხარ? შატალო, მასწავლებლის წვალება და ასე შემდეგ არ გახასიათებს?
– არა, შეიძლება, ვინმემ დამცინოს, მაგრამ შატალოზე არასდროს ვყოფილვარ. არც არის საჭირო. მე არ მიყვარს იმის კეთება, რასაც სხვები აკეთებენ. რა არის განსაკუთრებული შატალოში? ორი გაკვეთილით ადრე სკოლიდან წამოსვლას და გასეირნებას რა აზრი აქვს? როცა მორჩება, მერე ვერ გაისეირნებ? არაფერი არაა ეგ, უაზრობაა და არც არასდროს ვაპირებ შატალოზე წასვლას. რაც შეეხება მეგობრებთან ურთიერთობას, ვცდილობ, კარგი ვიყო, რადგან მიყვარს კარგი ადამიანებისგან კარგი მაგალითის აღება და მინდა, ჩემგანაც აიღონ, თუ რამე მოეწონებათ. ცელქიც ვარ, უბრალოდ, სიცელქე უზრდელობაში არ გადამდის.
– მშობლებთან როგორი ხარ, თინეიჯერებისთვის დამახასიათებელი თავისებურებები თუ გახასიათებს?
– დაუმორჩილებელი შვილი არ ვარ, უბრალოდ, ვარ მოზარდი, რომელსაც თავის თავი ყოველთვის მართალი ჰგონია. სანამ მე თვითონ არ გამოვცდი რამეს, სხვისი ნათქვამი არ მჯერა. ჩემი თვალით რომ ვნახავ, მხოლოდ მერე ვიჯერებ. ახლა ჩემმა მშობლებმა ასეთი მეთოდი შეიმუშავეს, რაც მაინტერესებს, მიმიშვებენ, რომ საკუთარი თვალით ვნახო, რადგან, მათი ნათქვამი არ მესმის.
– სერიალმა, ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი შეგმატა. შენ თუ მოგწონს ვინმე, შეყვარებული თუ ხარ?
– კი, ბომბა შემოაგდეს ტერორისტებმა (იცინის). ძალიან მსიამოვნებს დადებითი შეფასებები და სითბო, რომელიც მათგან მოდის. მათი უმეტესობა ბიჭია. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში შეყვარებული არ მყავს, მაგრამ მომწონს. ალბათ, მასაც მოვწონვარ, თუმცა სერიოზული არაფერია. სხვათა შორის, ძალიან ბევრი მეკითხება, როგორ მოხვდი სერიალშიო?! მთხოვენ, რომ თუ ქასთინგი იქნება, ვუთხრა, მაგრამ არ იციან, რომ ეს საკითხი მე არ მეხება. ბევრს არ სჯერა, რომ მე ქასთინგით მოვხვდი. საზოგადოებისთვის ცნობილ ბევრ ადამიანს, მათ შორის „X ფაქტორის“ მონაწილეებსაც უკითხავთ, როგორ მოხვდიო და როცა ვპასუხობ, ქასთინგით-მეთქი, მათ ირონიაში ვგრძნობ, რომ არ სჯერათ. არადა, ვის უნდა „ჩაეწყო“, არავის ვიცნობდი.
– გამოცდილი მსახიობების პარტნიორობა გიწევს. როგორია მათთან ურთიერთობა?
– თორნიკე გოგრიჭიანი ჩემი ძალიან კარგი მეგობარია, ერთმანეთთან ისე ვართ, თითქოს ტოლები ვიყოთ. ასევეა ეკა დემეტრაძეც. რჩევებსაც მაძლევენ ხოლმე – ხრიკებს მასწავლიან, როგორ ვითამაშო უკეთ.
– სხვა რა ინტერესები გაქვს?
– მე და ჩემი და ჩოგბურთელები ვართ. დავდიოდი მძლეოსნობაზე, მორბენალიც ვიყავი და რვა წელია, ქართულ ცეკვებს ვცეკვავ. მოკლედ, ბავშვობიდან ვვარჯიშობ, რომ ფორმა არ დავკარგო, რადგან ეს მსახიობისთვის მთავარია.

скачать dle 11.3