როგორ დააინტერესა შვედეთში დაბადებულმა და გაზრდილმა საბინა ჭანტურიამ მეგრული სიმღერით ცნობილი რეჟისორი და პროდიუსერი
ნიჭიერი კომპოზიტორი და მომღერალი საბინა ჭანტურია შვედეთშია დაბადებული და გაზრდილი. მას მამა ქართველი ჰყავს, დედა კი – შვედი, რომელიც საქართველოზე უზომოდაა შეყვარებული და ქართული კულტურის, ენის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა. თავად საბინასაც განსაკუთრებულად უყვარს საქართველო. ის მისთვის მეორე სამშობლოა და შესაბამისად, სულ ცდილობს, ამერიკასა თუ შვედეთში მიღწეული წარმატება, ახალი ნამუშევრები ქართულ საზოგადოებასა და მსმენელს გააცნოს. როგორც თავად ამბობს, მუსიკალური ნიჭი დიდი ბებიისგან გამოჰყვა. ამიტომ მიაჩნია, რომ ეს ნიჭი მას ქართული გენეტიკიდან აქვს. ის დღემდე თავად წერს სიმღერებისთვის მუსიკას, ტექსტს და ამერიკაში იქნება თუ შევედეთში, მუდმივად ცდილობს, სოლო კონცერტზე ერთი ქართული სიმღერა მაინც შეასრულოს. მისი ჰოლივუდური წარმატება კი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც მონაწილეობა მიიღო ლოს-ანჯელესის საერთაშორისო კონკურსზე World Champhionship of Performing Arts. იქ კი ცნობილმა პროდიუსერმა ამერიკაში მუსიკალური კარიერის გაგრძელება შესთავაზა. დღეს საბინას შვედური და ამერიკულ-ჰოლივუდური კარიერა ძალიან წარმატებით მიდის.
საბინა ჭანტურია: ჩემი ბოლო კლიპი ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდში გადავიღე. ვთანამშრომლობდი პროდიუსერ ქევინ ჯარვისთან, რომელიც მუშაობდა ისეთ ცნობილ მომღერლებთან, როგორებიც არიან: ლეონარდ კოენი, ელვის კოსტელო, იგი პოპი, ცნობილი როკ-მუსიკოსი და ასე შემდეგ. რაც შეეხება კლიპის რეჟისორს, ის არის ასევე, ძალიან ცნობილი ჩედ შოლმაიერი, რომელთან მუშაობაც ნებისმიერი მუსიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიდეოკლიპში კი პარტნიორობას მიწევდა ჰოლივუდის მსახიობი რაიან ფრენსისი, რომელიც თამაშობდა სტივენ სპილბერგისა და სხვა ცნობილი რეჟისორების ფილმებში. მე ამ გუნდთან ერთად უკვე მეორედ ვითანამშრომლე, რადგან მოეწონათ ჩემი შემოქმედება, ჩემი მუშაობის წესი. რაც შეეხება კლიპის შინაარსს, მოქმედება ხდება ოთახში, სადაც ცენტრში დგას საწოლი. მე და რაიანი ვართ შეყვარებულები და მთელ ვიდეოში ასახულია ჩვენი ურთიერთობა ერთი წლის განმავლობაში. თავიდან ყველაფერი კარგად მიდის და შემდეგ ვითარდება დიდი დრამა.
– როგორი იყო მუშაობის პროცესი?
– რეჟისორიც და მსახიობიც პროფესიონალები არიან. რაიანი უბრალო და კეთილი ადამიანია, არ არის სნობი. კარგი, დადებითი ენერგია მოდიოდა და ადვილად ვიმუშავე. რეჟისორიც მეუბნებოდა: ბუნებრივი იყავიო. მეც ვცდილობდი, ბუნებრივი ვყოფილიყავი. არ მაქვს სამსახიობო გამოცდილება, მუსიკოსი ვარ, ამიტომ გამიადვილდა მუშაობა. გადაღებები მიმდინარებოდა სტუდია „ავალონში“, სადაც ძალიან ბევრი ცნობილი სიმღერის კლიპი, ფილმები და რეკლამებია გადაღებული. ამხელა სტუდია არ მინახავს. იქ იყო ყველაფერი, ძალიან კარგი გარემო. მაისში სინგლი უკვე გამოვუშვი შვედეთში, ვითანამშრომლე ქვეყანაში ძალიან ცნობილ მუსიკალურ სტუდიასთან. რეაქცია და გამოხმაურება კარგი იყო. სიმღერა გადიოდა დანიის, შვედეთის, ამერიკის რადიოებში.
– სულ ცდილობ, ქართული ელემენტები შეიტანო შენს სიმღერებში.
– ინგლისური სიმღერაა, თუმცა რამდენიმე პროცენტი ქართული დრამა იგრძნობა. ყველაზე სასაცილო იყო ერთი მომენტი, როდესაც სტუდიაში გადაღებები მიდიოდა. როგორც კლიპშია, თავიდან ორივენი ძალიან ბედნიერები ვართ. შემდეგ იძაბება ურთიერთობა. ერთ მომენტში კი ჩემში გაიღვიძა ქართულმა ხასიათმა და ვთქვი: „უფ, შენ“. ისეთი ეგზოტიკური იყო მათთვის: რა საინტერესოა, რა სიტყვას ამბობ, რა ენაზეო. ავუხსენი, რომ ეს ჩემი ქართული სისხლი იყო. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, მეუბნებიან: ცოტათი მეგრული ხასიათი გაქვსო და მიხარია. რაც უფრო ხშირად ჩამოვდივარ, უფრო მეტად მიყვარდება საქართველო. ეს ჩემი მეორე სამშობლოა. თან, ახლა საქართველოს მოქალაქეობა მივიღე და ოფიციალურადაც ქართველი ვარ. მისამართიც მაქვს. რაც მთავარია, ეს ჩემი სურვილი იყო. მამას არასდროს უთქვამს: მიდი, გაიკეთე საქართველოს მოქალაქეობაო. ჩემი ინიციატივა იყო.
– ხშირად მართავ კონცერტებს, ფესტივალებზე გამოდიხარ...
– კონცერტები მქონდა ლოს-ანჯელესში, სან-დიეგოში. ჩრდილოეთ ჰოლივუდში მქონდა სოლო კონცერტი, სადაც ჩემი სიმღერები შევასრულე. სან-დიეგოშიც არის ერთი ცნობილი კლუბი და იქ ვიმღერე. რეაქცია კარგი იყო, მოსწონთ ამერიკაში ჩემი სიმღერები, რაც ძალიან მახარებს. თან, ტექსტი, მუსიკა ყველაფერი ჩემია. სიურპრიზად მეგრული სიმღერა შევასრულე, რაც მათთვის ძალიან ეგზოტიკური და საინტერესოა. ასევეა შვედეთშიც. ყოველ კონცერტზე არა, მაგრამ ხშირად ვცდილობ, ერთი ქართული სიმღერა შევასრულო და მიხარია, როცა მსმენელს ძალიან მოსწონს. ამერიკის გარდა, შვედეთშიც მქონდა კონცერტები, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. მუსიკის გარდა, ძალიან მიყვარს ხატვა. ერთხელ გამოფენაც მქონდა და მომავალში შეიძლება, მუსიკა და ხატვა შევუთავსო ერთმანეთს.
– ამერიკაში ხომ არ აპირებ გადასვლას?
– კი, მაქვს გეგმები. სან-ფრანცისკოშია ცნობილი მუსიკალური სტუდია, რომელიც დაინტერესდა ჩემი მუსიკით და შეიძლება, ვითანამშრომლოთ.
– მეგრულ სიმღერას ვმღერიო და მეგრულიც ხომ არ ისწავლე? ნელ-ნელა ქართულად უფრო კარგად საუბრობ.
– „მუჭო რექ“ ვიცი, კიდევ რამდენიმე სიტყვა. მინდა სწავლა, საინტერესო იქნება. ჯერ არ ვყოფილვარ სამეგრელოში, აუცილებლად წავალ. არ შეიძლება, რომ არ ვიყო ნამყოფი. მამაჩემი სოხუმიდან იყო, მე არასდროს მინახავს და გული მწყდება ძალიან. მამა ბავშვობაში მიყვებოდა საქართველოზე, თუმცა მისთვის ამ თემაზე საუბარი ყოველთვის რთული, მტკივნეული იყო. სოხუმში დარჩა სახლი, სადაც ბავშვობა გაატარა და გაიზარდა. ბოლო დროს სულ ვცდილობ, მამასთან ქართულად ვილაპარაკო. გარდა ამისა, მალმოს უნივერსიტეტში არის ონლაინ-კურსები, სადაც შეგიძლია, ქართული ისწავლო. დედას ძალიან უყვარს საქართველო. ქართული ენა, ჯერ არ იცის, მაგრამ ესმის და უხარია, რომ მე ვსაუბრობ ქართულად.
– ქართული კერძების მომზადებაც ხომ არ ისწავლე?
– ვგიჟდები ქართულ კერძებზე. ნიგვზიანი ბადრიჯანი ჩემი ფავორიტი საჭმელია, ხაჭაპურიც მიყვარს, ხინკალი, „ტარხუნის“ ლიმონათი... დედა ამზადებს ძირითად ქართულ კერძებს – შვედურ-ქართულად. შვედურ-ქართულ ხაჭაპურებსაც აცხობს, გემრიელია. შარშან ქართველი მაყურებლის წინაშე რომ ვიმღერე, ძალიან ვინერვიულე. აქ სულ სხვა ენერგიაა, სხვა ემოციას ვგრძნობ, უბრალოდ, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
– როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– მინდა, ახალი სიმღერის, კლიპის პრეზენტაცია საქართველოში იყოს და ქართველმა მაყურებელმა ნახოს. გარდა ამისა, შვედეთში, სტუდიაში დავიწყებ ახალ ალბომზე მუშაობას. სამი ალბომი უკვე გამოშვებული მაქვს და ახალზე ვმუშაობ. ყოველთვის რაღაც ემოციას მოჰყვება სიმღერა, თითქოს ზემოდან ჩამოდის და მარტივად იწერება. ჰოლივუდში რომ ვიყავი, ერთ დღეს, უცებ საოცარი ენერგია ვიგრძენი და შვედური სიმღერა დავწერე. ასეთი კარგი შვედური სიმღერა ჯერ არ დამიწერია. 10 წუთში უკვე მზად იყო. ემოციებია საჭირო, რადგან, რომ თქვა: აი, ახლა ამას დავწერ, შეიძლება, არ გამოვიდეს კარგი.
– ადრე მითხარი, ქართველი ბიჭები მომწონსო და ვინმე ხომ არ მოგეწონა?
– მომწონს ქართველი ბიჭები. კარგი ბიჭები არიან აქ. მაგრამ, ახლა შვედეთში მყავს შვედი მეგობარი ბიჭი.