როგორ გამოსძალა 150 ათასი მანეთი ცნობილმა ქართველმა თაღლითმა სამი რელიგიური კონფესიის მრევლს
ცნობილი ქართველი თაღლითი, პავლე ჯანაშია, საბჭოთა კრიმინალურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მოუხელთებელ ბოროტმოქმედად ითვლებოდა. ის გარეგნობით ძალიან ჰგავდა საქვეყნოდ ცნობილ მსახიობს, სერგო ზაქარიაძეს; ამავდროულად, ბრწყინვალედ ფლობდა გარდასახვის ხელოვნებას და თავის აფერებს უზადოდ ახორციელებდა. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ამ ცნობილი კრიმინალის ცხოვრებიდან.
საქველმოქმედო ღონისძიებები
1930 წელს დაბადებულ პავლე ჯანაშიას თბილისში თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული გრაფიკის განხრით და ის ბრწყინვალედ ხატავდა. თუმცა, ყოველთვის მსახიობობა უნდოდა და, მართალია, პროფესიონალი მსახიობი ვერ გახდა, მაგრამ მთელი თავისი ცხოვრება სხვადასხვა როლს თამაშობდა, რადგან, თაღლითი იყო და ასეთი რამ ადამიანების გასაბითურებლად სჭირდებოდა.
თოიძის სასწავლებელში პავლე აქტიურად მონაწილეობდა მხატვრულ თვითშემოქმედებაში, თითქმის ყველა სპექტაკლში მთავარ როლს ასრულებდა და დიდი წარმატებითაც სარგებლობდა. მოსწავლეები და პედაგოგ-მასწავლებლები მას დიდ აქტიორულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და თავადაც თეატრალურ ინსტიტუტში აპირებდა სწავლის გაგრძელებას. თუმცა მშობლების ტრაგიკულმა დაღუპვამ პავლეს გეგმები შეცვალა და უსახსროდ დარჩენილმა ყმაწვილმა მუშაობა დაიწყო – ერთ-ერთ სამხატვრო სალონში გრაფიკოსად მოეწყო, მაგრამ, დაბალი ანაზღაურების გამო, იძულებული გახდა, კანონი დაერღვია და 500 მანეთად ტექნიკუმის ყალბი დიპლომი დაამზადა. ამის გამო პავლე დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს, მაგრამ ის სამსახურიდან გაუშვეს და ყოველგვარი სახსრების გარეშე დარჩა. პავლემ რამდენიმე ადგილას სცადა მუშაობის დაწყება, მაგრამ არ გამოუვიდა, ბოლოს ხელი ჩაიქნია პატიოსან ცხოვრებაზე და, შიმშილით რომ არ მომკვდარიყო, თაღლითობას მიჰყო ხელი. მან სანეპიდსადგურის მუშაკის ყალბი პირადობის მოწმობა დაამზადა. შიგნით თავისი ფოტოსურათი ჩააკრა და თბილისის მაღაზიებში ვითომდა სანიტარულ შემოწმებებს ატარებდა. დირექტორებს ოქმის შედგენითა და დიდი ფულადი ჯარიმით აშინებდა და მათ ფულს სძალავდა. მალე სტალინი გარდაიცვალა, გამოცხადდა დიდი ამნისტია და ციხიდან უამრავი კრიმინალი გათავისუფლდა. მათ შორის იყო ცნობილი ქუთაისელი თაღლითი ამბაკო ბუცხრიკიძე, მეტსახელად „ჯამბაზი“. სწორედ ამბაკოსთან შეხვედრამ და დაახლოებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი პავლეს შემდგომ ცხოვრებაში. ჯამბაზმა უშეცდომოდ ამოიცნო ახალგაზრდა ჯანაშიაში დიდი პოტენციის მქონე თაღლითი და ერთად მუშაობა შესთავაზა. პავლე დათანხმდა და თაღლითები მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც მათი „საქმიანობისთვის” დიდი ასპარეზი იყო. მათ ვოიაჟს ხრუშჩოვის ეგრეთ წოდებული „დათბობის“ პერიოდი დაემთხვა. საბჭოთა კავშირის დედაქალაქში ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალი ჩატარდა, რომელზეც მსოფლიოდან ჩავიდნენ სტუმრები და „დუეტმა” ფრთები გაშალა: ყარაბას-ბარაბასისა და ბურატინოს სამასკარადო სამოსში გამოწყობილი თაღლითები უზარმაზარი ყულაბით დადიოდნენ მოსკოვის ქუჩებში და ფესტივალის მონაწილეებსა და უბრალო მოქალაქეებს შორის და ვითომდა საბავშვო თეატრის ასაშენებლად ფულს აგროვებდნენ. ამ ორკვირიანმა „საქველმოქმედო ღონისძიებებმა“ თაღლითებს დიდი ფინანსური მოგება მისცა – მათ 25 ათასი მანეთის შეგროვება შეძლეს და სულის მოსათქმელად და დასასვენებლად შავი ზღვისპირეთში გაემგზავრნენ...
საკულტო ნაგებობები
პავლე ჯანაშიასა და ჯამბაზის ტანდემმა ოთხი წელი იარსება. ამ ხნის განმავლობაში მათ არაერთი აფერა ჩაატარეს, პავლემ კი დიდი გამოცდილება მიიღო ჯამბაზისგან. 1960 წელს ამბაკო ბუცხრიკიძე ინფარქტით გარდაიცვალა და პავლე კვლავ მარტო დარჩა. მან ჯერ კიევიდან ქუთაისში ჩაასვენა თავისი მასწავლებელი, იქ დაკრძალა და სასაფლაო გაუკეთა. შემდეგ კი ჯამბაზთან ერთად დაგეგმილი აფერის განსახორციელებლად გაემგზავრა, რომელიც მათ უმცირეს დეტალებამდე ჰქონდათ დამუშავებული. იდეა ჯამბაზს ეკუთვნოდა და მისი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ რელიგიური გრძნობების, ანუ ადამიანთა რწმენის გამოყენებითა და მათზე ზეგავლენის მოხდენით, მუსლიმანებისთვის, იუდეველებისა და კათოლიკე ქრისტიანებისთვის დიდძალი ფული გამოეძალათ.
ამ გეგმის პირველი ნაწილის შესასრულებლად, მოლას სამოსში გამოწყობილი პავლე ჯანაშია მთიან აჭარაში გაემგზავრა, ერთ-ერთ სოფელში შეჩერდა და ადგილობრივ ქართველ მუსლიმანებს თავი რელიგიის მსახურად წარუდგინა. მერე იქადაგა, ბოლოს კი მათ ბათუმში უზარმაზარი მეჩეთის აშენებას შეჰპირდა. შემდეგ „სამშენებლო თანხა” აკრიფა და 35 ათასი მანეთით მიიმალა... იგივე გაიმეორა ჯანაშიამ ებრაელების ავტონომიურ ოლქში, რომელიც რუსეთში მდებარეობდა და, ასევე, რუსეთში მდებარე კათოლიკურ დასახლება მარაევკაში. შესაბამისად, პავლე ჯანაშია რაბინისა და წმიდა პეტრეს სამოსში გამოწყობილი ჩავიდა. ორივე კონფესიის მრევლს უქადაგა. სინაგოგასა და პავლე მოციქულის ტაძრის აგებას შეპირდა, მათგანაც ფული შეაგროვა და გაუჩინარდა. საკულტო ნაგებობებისთვის შეგროვილმა თანხამ კი 150 ათასი მანეთი შეადგინა, რაც იმ პერიოდისთვის უზარმაზარი თანხა იყო და 30 წლის ქართველი თაღლითი შეიხივით ატარებდა დროს... პავლემ ყირიმის, სოჭისა და ბალტიისპირეთის საუკეთესო კურორტები მოიარა და 150 ათასი მანეთი ორ წელიწადში დახარჯა. ფული რომ შემოელია, ახალი აფერა მოიფიქრა, თუმცა, იძულებული შეიქნა, დამალულიყო, რადგან ყირიმში, იალტის სასტუმროში, მას „გადაგდებული“ ებრაელი შეხვდა, რომელმაც მილიციაში დაასმინა. პავლემ ოპერჯგუფს ერთი ნაბიჯით გაასწრო – ფანჯრიდან გადაძვრა და გაიპარა...
„ჯარისკაცის მამა“
პავლე ჯანაშიას რელიგიური აფერა გახმაურდა. ამ საქმით მილიცია დაინტერესდა, მოგვიანებით, კერძოდ, 1962 წელს, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო. დაკითხეს სამივე კონფესიის მოტყუებული მრევლი. ზუსტად დადგინდა თანხის რაოდენობა და, 150 ათასი მანეთის თაღლითური გზით გამოძალვისთვის პავლე ჯანაშიაზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა. საგულისხმო ისაა, რომ პავლეს სურათი სამართალდამცავ ორგანოებს არ ჰქონდათ და მას საპასპორტო მონაცემებით ეძებდნენ, რომელიც ყირიმში, იალტის სასტუმროში აღმოაჩინეს. იქ კი პავლე ომარ ბაიდაროვის ყალბი პასპორტით იყო, რომელიც თავადვე დაამზადა და სწორედ ამ გარემოებებმა იხსნა დაპატიმრებისგან მოხერხებული თაღლითი.
1963-69 წლებში პავლემ მთელი საბჭოეთი მოიარა. ერთ ადგილზე ერთ კვირაზე მეტს არ ჩერდებოდა და, იძულებული იყო, პატარ-პატარა თაღლითობებით გაეტანა თავი. მას შავი ტყავის პორტფელი ჰქონდა, რომელშიც პარიკებს, გრიმის გასაკეთებელ ნივთიერებებს, თმის საღებავებსა და მის მიერვე დამზადებულ ყალბ პასპორტებსა და მოწმობებს ინახავდა. საქმეზე წასული პავლე ჯერ გრიმს იკეთებდა, შემდეგ შესაბამის ყალბ საბუთს ჩაიდებდა ჯიბეში და, ხან მოსკოვიდან ჩამოსული ცეკას ინსტრუქტორის სახელით სძალავდა თანხებს პარტიული ბიბლიოთეკების შეშინებულ გამგეებს, რომლებსაც სააგიტაციო-პროპაგანდისტული ლიტერატურის ნაკლებობას „აღმოუჩენდა,” ხან „სანიტარული კუთხით“ აწიოკებდა მაღაზიებს, აბანოებსა და სახლმმართველობებსაც კი. ერთხელ კი პავლე ისე გათავხედდა, რომ ციმბირის ერთ-ერთი რაიონის მილიციის უფროსს პოლკოვნიკის ჩინით წარუდგა, სამინისტროს ინსპექტორად გააცნო თავი და 5 ათასი მანეთი აართვა.
ცნობილი ქართული კინოშედევრის, „ჯარისკაცის მამის“ გამოსვლის შემდეგ, პავლე ჯანაშიამ სერგო ზაქარიაძესთან თავისი გარეგნული მსგავსების გამოყნება გადაწყვიტა. მცირე მაკიაჟი გაიკეთა, ცნობილი მსახიობის გვარზე ყალბი საბუთი დაამზადა და აფერების ახალი სერია ჩაატარა. პავლე სხვადასხვა ქალაქში ვითომდა ინკოგნიტოდ ჩადიოდა და საუკეთესო სასტუმროების საუკეთესო ნომრებში ცხოვრობდა. რადგან სერგო ზაქარიაძეს ყველგან ცნობდნენ, თვითმარქვია აფერისტს ენდობოდნენ, რომელიც აცხადებდა, რომ ფულის გადარიცხვას ელოდებოდა და საფასურს მოგვიანებით გადაიხდიდა. შემდეგ კი იპარებოდა. ხშირ შემთხვევაში, „გადაგდებული“ სასტუმროს დირექტორები არც კი მიდიოდნენ მილიციაში და „დიდი ქართველი მსახიობის“ ვალებს ჩამოწერდნენ ხოლმე. პავლე იმდენად შეიჭრა როლში, რომ ირკუტსკის სახელმწიფო თეატრში მივიდა და მის დირექტორს დასში მიღება სთხოვა, რაზეც მყისიერი თანხმობა და ავანსის სახით 10 ათასი მანეთი მიიღო. პავლე, რა თქმა უნდა, გაუჩინარდა, მაგრამ ეს ამბავი მილიციის ყურამდე მივიდა და „ჯარისკაცის მამა“, ანუ თაღლითი პავლე ჯანაშია, ერთი კვირის შემდეგ ვოლგოგრადის თეატრის შენობაში დააპატიმრეს, როდესაც ის სერგო ზაქარიაძის სახელით თეატრის დირექტორს 5 ათასს სძალავდა... იმ დროს, გამოცდილი ქართველი თაღლითი 43 წლის იყო და პირველად მოხვდა ციხეში 5-წლიანი განაჩენით.
პავლე ჯანაშია 3 წლის შემდეგ, 1976 წელს გათავისუფლდა ციხიდან და 1983 წელს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვში.