დედაქალაქის გადასარჩენად
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-26(809)
ოთახში დაბრუნებულ პოლკოვნიკსა და გრუელებს, იქ გაგნიძე და ორი ოფიცერი დახვდათ, რომლებიც სავარძლებში იყვნენ მოკალათებულები.
– გაარკვიეთ რამე? – ჰკითხა პროფესორმა სიმონს, მან კი თავი გააქნია და მიუგო:
– არაფერი იციან.
ოთახში „გრუს“ ოფიცერი შემოვიდა და, გაგნიძეს რომ არ გაეგო, სიმონს რაღაც უჩურჩულა ყურში. პოლკოვნიკი წამოდგა და სწრაფად და უხმოდ გავიდა ოთახიდან. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ უკან დაბრუნდა, გაგნიძეს ოთახის დატოვება მოსთხოვა და, პროფესორი რომ გავიდა, იქ შეკრებილ რვავე გრუელს უთხრა:
– ახლახან ცენტრი ექსტრემალურად დამიკავშირდა და ახალი დავალება მოგვცეს. მოსკოველმა ანალიტიკოსებმა ყველა სავარაუდო ვარიანტი გააანალიზეს და კონკრეტულ დასკვნამდე ვერ მივიდნენ, დრო კი არ ითმენს. ამიტომ, სუპერექსტრემალური სიტუაციიდან გამომდინარე, იმის გაკეთება დაგვავალეს, რასაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აქვს ადგილი. ახლა სწორედ ასეთი უკიდურესი შემთხვევა და გამოუსწორებელი რამ რომ არ მოხდეს, ჩვენ დონალდ ონილისგან უნდა შევიტყოთ, რას ამზადებენ ამერიკელები.
გრუელები მშვიდად უსმენდნენ სიმონს და, ლაპარაკი რომ დასრულდა, ერთ-ერთმა ოფიცერმა პოლკოვნიკს უთხრა:
– თუ სწორად გავიგე, ამერიკელი აქ უნდა მოვიყვანოთ და დავკითხოთ. მის ხელში ჩასაგდებად კი ბარაბაძის ბანდა უნდა გამოვიყენოთ – ონილი ხომ მათ დილის 8 საათზე უნდა შეხვდეს ჩანაწერის მისაღებად.
– სწორად გაიგე, ოღონდ, უფრო უნდა გადავიბიროთ, ვიდრე დავკითხოთ, – მიუგო სიმონმა.
– გადავიბიროთ? კი მაგრამ, როგორ?
– ცენტრმა მასზე რაღაც მასალები გადმომცა და მასთან საუბრისას გამოვიყენებ. ახლა კი ყველაფერი ისე უნდა შევიმუშაოთ, რომ ონილი ყოველგვარი კუდისა და ხმაურის გარეშე მოვიყვანოთ აქ და დაველაპარაკოთ. მანამდე კი ბარაბაძე და მისიანები უნდა დავამუშაოთ, რომ დავალება არ ჩაგვიშალონ, – თქვა სიმონმა და დაამატა: – მოდი, გეგმა დავაწყოთ.
პოლკოვნიკმა და გრუელებმა ონილის მოტაცების რამდენიმე ვარიანტი შეიმუშავეს. ყველამ თავისი როლი გაინაწილა და სიმონმა თქვა:
– ახლა კვლავ ბარაბაძეს ვესტუმროთ და დავაკაჩავოთ. წავედით.
ძელებზე მიბმული ბარაბაძე და მისი მეგობრები სიმონისა და გრუელების სწრაფმა დაბრუნებამ საკმაოდ შეაშინა და ბარაბაძემ პოლკოვნიკს ჰკითხა:
– ჩვენს მოსაკლავად დაბრუნდით?
სიმონმა თვალი შეავლო ბარაბაძეს. შემდეგ მას ხელბორკილები თავადვე მოხსნა და უთხრა:
– დაჯექი და კარგად მომისმინე.
ბარაბაძე ხის ტაბურეტზე ჩამოჯდა. მოწევის უფლება ითხოვ, გააბოლა და სიმონს მიუგო:
– გისმენთ.
– ბარაბაძე! ამერიკელებისგან განსხვავებით, ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ მიცემულ პირობას და, სიტყვას გაძლევ, თუკი ჩვენს მოტყუებას არ შეეცდები, ცოცხლებს დაგტოვებთ. გასაგებია? – უთხრა სიმონმა ბარაბაძეს.
– გასაგებია. რა უნდა გავაკეთოთ? – მიუგო ბარაბაძემ.
– ძალიან ექსტრემალური სიტუაცია შეიქმნა და დიდი საშიშროება მოგველის, ამიტომ, თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მის თავიდან აცილებაში. შენ და შენიანები, როგორც შეთანხმებულები ხართ, ონილს უნდა შეხვდეთ და ვითომდა ჩანაწერი მიუტანოთ, შემდეგ კი ჩვენ ჩავერთვებით საქმეში – ონილს მოვიტაცებთ და დანარჩენი უკვე ჩვენი საქმეა. გაწყობთ?
– ესე იგი, ჩვენ სატყუარები უნდა ვიყოთ? – იკითხა ბარაბაძემ.
– ჰო.
– რა გაეწყობა. თანახმა ვარ, – მიუგო სიმონს ბარაბაძემ.
– ოღონდ, კარგად დაიმახსოვრე, – თუ ჩვენს მოტყუებას შეეცდებით, გაქცევას ან ონილისთვის ნიშნის მიცემას დააპირებთ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ხომ იქვე გაგანადგურებთ ყველას, არც ამას გაკმარებთ და, თქვენს ოჯახებსაც არ დაადგებათ კარგი დღე. ყველაზე დაწვრილებით ვიცით ყველაფერი და სათითაოდ მივაკითხავთ მათ, – გააფრთხილა სიმონმა ბარაბაძე და მისი მეგობრები. შემდეგ დანარჩენებსაც მოხსნა ხელბორკილები და დაამატა: – ეს ჩვენი მხრიდან კეთილი ნების ჟესტია და, იმედია, თქვენც კეთილგონიერებას გამოიჩენთ. ახლა კი აქ დარჩით და მოემზადეთ. დილის რვის ნახევარზე ონილი დაგირეკავთ და შეხვედრაზე შეგითანხმდებათ. ტელეფონს მოგვიანებით მოგიტანთ.
სიმონმა სარდაფთან ორი გრუელი დატოვა სადარაჯოდ, თავად კი დანარჩენ ოფიცრებთან ერთად დაბრუნდა ოთახში და ცენტრიდან ფაქსით გამოგზავნილი საბუთების კითხვას შეუდგა, რომელშიც დონალდ ონილის მაკომპრომეტირებელი ინფორმაციები იყო და პოლკოვნიკს ისინი ამერიკელის გადასაბირებლად უნდა გამოეყენებინა.
***
დილის რვის ოცი წუთი იყო, როდესაც სიმონი და „გრუს“ ოთხი ოფიცერი კვლავ სარდაფში დაბრუნდნენ. პოლკოვნიკმა ბარაბაძეს ტელეფონი მისცა და უთხრა:
– გამომართვი და მოემზადე, ათ წუთში ამერიკელი დარეკავს და არ დაიბნე. იცოდე, არ „დაიწვა“ და ყველაფერი არ ჩაგვიშალო.
ბარაბაძემ სიმონს ტელეფონი გამოართვა და მიუგო:
– დარდი ნუ გაქვთ, ყველაფერი რიგზე იქნება.
დონალდ ონილმა ზუსტად დათქმულ დროს დარეკა და ბარაბაძეს უთხრა:
– დილა მშვიდობისა. რა ქენით?
– გამარჯობა, – მიუგო ბარაბაძემ, – ყველაფერი რიგზეა. რა ვქნათ?
– შევხვდეთ.
– სად?
– რუსთავის გზატკეცილზე. სოფელ ფონიჭალას რომ გაცდები, ასიოდე მეტრში, ხელმარცხნივ, მიტოვებული გარაჟის ნახევრად დანგრეული შენობაა. ყველანი იქ მოდით ზუსტად რვა საათზე. თქვენთვის სიურპრიზი და პატარა საქმე მაქვს, გასაგებია? – უთხრა ონილმა ბარაბაძეს, რომელმაც მიუგო:
– გასაგებია. მოვდივართ, – ბარაბაძემ ტელეფონი გათიშა და სიმონს უთხრა:
აქვე, რუსთავის გზატკეცილზე დაგვითქვა შეხვედრა, თან გამაფრთხილა, ოთხივე მოდითო.
სიმონს გაეცინა და თქვა:
– აბა, რას გეუბნებოდი? ყველა ერთად იმიტომ დაგიბარათ, რომ ერთდროულად მოგიშოროთ და უკანასკნელი კვალიც გააქროს.
– დამპალი, – კბილებში გამოცრა ბარაბაძემ, – ჩემი ხელით მოვაჭრი თავს.
– თვითშემოქმედების გარეშე, ბარაბაძე! იცოდე, ნერვებმა არ გიმტყუნოს და ოპერაცია არ ჩაგვიშალო, გესმის? – გაიმეორა სიმონმა.
– მესმის, მესმის. ყველაფერი რიგზე იქნება, – მიუგო ბარაბაძემ.
„გრუს“ ორი ოპერატიული და ერთი ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფი დაუყოვნებლივ გაემგზავრა შეხვედრის ადგილზე, რომ სიტუაცია წინასწარ დაეზვერათ და ჩასაფრებულიყვნენ. ბარაბაძე და მისი ჯგუფი ათი წუთით ადრე გაემართნენ შეხვედრაზე. უკან კი მათ სიმონი გაჰყვა „მერსედესის“ ტაქსით, თან „გრუს“ ყველა ჯგუფთან ერთდროულად იმყოფებოდა კავშირზე, რომლებიც მას ადგილზე შექმნილ ოპერატიულ მდგომარეობას ატყობინებდნენ.
ბარაბაძის ბანდა ნახევრად დანგრეულ, მიტოვებულ გარაჟში რომ მივიდა, დონალდ ონილი უკვე იქ იმყოფებოდა. მას თავისი „ჯიპი“ იქვე ეყენა, თვითონ კედელთან იდგა. ბარაბაძემ მანქანა ათიოდე მეტრში გააჩერებინა და, როგორც წინასწარ იყო შეთანხმებული პოლკოვნიკთან, მარტო გადავიდა მანქანიდან, ეს კი იმისთვის იყო საჭირო, რომ ონილს სროლის საშუალება არ მისცემოდა. ამერიკელი მხოლოდ მაშინ დააპირებდა ბარაბაძის ბანდის ლიკვიდაციას, როდესაც ოთხივე პირისპირ ეყოლებოდა.
ბარაბაძე ონილს მიუახლოვდა, ფლეშკა გაუწოდა და უთხრა:
– აი, ბატონო დონალდ, ინებეთ. ყველაფერი აქაა, რაც თქვენ გნებავთ.
ონილმა ფლეშკა ჯიბეში ჩაიდო. ბარაბაძეს გაუღიმა და უთხრა:
– ყოჩაღ, არწივებო! გაგნიძის საქმე როგორაა?
– ცუდად, – გაეცინა ბარაბაძეს, – მისგან სველი ადგილიც აღარ დარჩა, შარშანდელი თოვლივით გავაქრეთ.
– მაინც, რა უქენით?
– როგორც კი გატყავება დავუწყეთ, მაშინვე გაგვიმხილა ფლეშკის ადგილსამყოფელი და მოვიტანეთ. შემდეგ კი ყველაფერი უკვე ტექნიკის საქმე იყო: მას ჯერ ყელი გამოვჭერით, მერე აბაზანაში ჩავაგდეთ, მჟავა დავასხით და ერთ საათში მისი სველი ნარჩენები კანალიზაციამ ჩაიტანა მტკვარში.
– ფლეშკა თუ შეამოწმეთ?
– რა თქმა უნდა, შევამოწმეთ. მასზე სწორედ ის წერია, რაც თქვენ გინდოდათ. იქ ის გარეწარი იმას ყვება, როგორ გადაიბირეთ სამუშაოდ და მსგავს რაღაცეებს. მოკლედ, ყველაფერი რიგზეა.
– ძალიან კარგი. ყოჩაღ, ბიჭებო. ახლა კი ჩემი სიურპრიზი მიიღეთ. მეფურად უნდა დაგაჯილდოვოთ, თან პატარა დავალებასაც მოგცემთ და, რომ შეასრულებთ, კარგა ხანს აღარ შეგაწუხებთ, შეგიძლიათ, დიდხანს დაისვენოთ თქვენს გემოზე, – უთხრა ონილმა ბარაბაძეს, თან მანქანისკენ დაიძრა, სადაც დანარჩენები ისხდნენ.
ონილს, საზაფხულო პიჯაკი ეცვა, რომლის ქვეშ მაყუჩიან პისტოლეტს მალავდა და მისი მეშვეობით აპირებდა ბარაბაძისა და მისი მეგობრების დახოცვას, თუმცა, არ დასცალდა: როგორც კი ამერიკელი ხუთიოდე მეტრით მიუახლოვდა მანქანას, სარეველა ბალახებში მიმოფანტული ნაგვიდან უზადოდ შენიღბული ორი გრუელი ამოიმართა. მათ ამერიკელს ხელები გადაუგრიხეს და პისტოლეტი აართვეს; პირზე უზარმაზარი სკოჩი ააკრეს, თავზე შავი ტომარა ჩამოაცვეს, სასწრაფოდ მოვარდნილ შავ „ჯიპში“ შეაგდეს და წაიყვანეს. ეს ყველაფერი სულ რაღაც ორ წამში მოხდა. შემდეგ ბარაბაძის ბანდის ორ-ორი წევრი გრუელებს ორ „ჯიპში“ ჩაუჯდა და ისინიც სასწრაფოდ მოშორდნენ იქაურობას...
***
შემდგომი მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით და მოულოდნელად განვითარდა. „გრუს“ კონსპირაციულ აგარაკზე მიყვანილი ონილი სარდაფში ჩაიყვანეს და ის ორ „გრუს“ ოფიცერს ჰყავდა გაკავებული. ტომარა რომ მოხსნეს და სკოჩიც ააძრეს, სიმონმა მას უთხრა:
– როგორც იქნა, ხელში ჩაგვივარდით, მისტერ ონილ.
ამერიკელმა ყურადღებით შეათვალიერა სიმონი და მიუგო:
– თქვენთან პირისპირ საუბარი მსურს.
პოლკოვნიკმა ოფიცრებს ანიშნა, გადითო და, მარტონი რომ დარჩნენ, ამერიკელს უთხრა:
– გისმენთ, წაგებულო „ცეერუს“ აგენტო, რა გაქვთ ჩემთვის სათქმელი?
ონილს ჩაეცინა და უპასუხა:
– თუ არ ვცდები, თქვენ პოლკოვნიკი ნოდარ გეგეჭკორი ბრძანდებით, იგივე პავლე მილსკი, იგივე თადეუშ ვოინოვსკი, იგივე შანდორ სალაი... გავაგრძელო თქვენი ფსევდონიმების ჩამოთვლა?
შემცბარმა სიმონმა ონილს ჰკითხა:
– ამდენი საიდან იცით?
– მე კიდევ ბევრი რამ ვიცი.
– კონკრეტულად? – წამოწითლდა გეგეჭკორი.
– თუნდაც ოპერაცია „ტრიპლეტის“ შესახებ. რა, საკმარისი არაა იმისთვის, რომ თქვენმა რუსმა პატრონებმა სახრჩობელაზე აგიყვანონ?
„ტრიპლეტის“ გაგონებაზე სიმონი გაფითრდა, მაგრამ მაინც იკითხა:
– რა იცით მის შესახებ?
– ყველაფერი. მთავარი კი ისაა, რომ თქვენ გგონიათ, ის ასი მილიონი დოლარი, რომელიც თქვენი მეგობრის, ამ ოპერაციის კურატორის, საველიევის მკვლელობის საფასურად შვეიცარიის ბანკში საიმედოდ გაქვთ შენახული, ტყუილია. საველიევის ნაცვლად ბუდაპეშტში სხვა აფეთქდა, მაიორი კი ჯანმრთელადაა, ჩვენთანაა და ფულიც ამ ორიოდე საათის წინ გადავქაჩეთ სხვა ანგარიშზე. ასე რომ, ძვირფასო პოლკოვნიკო, რუსები კი მოატყუეთ, მაგრამ ყველაფერს ჩვენ ვაკონტროლებდით და, ერთი წელია, ამ შეხვედრას ვამზადებდით.
– მატყუებთ?
– ახლა უკვე არა, – ჩაეცინა ამერიკელს და დაამატა: – მე თქვენ „ტრიპლეტის“ შესახებ მოგითხრობთ და, თუ რამე შემეშლება, გამისწორეთ.
– არა, საჭირო არაა, – თავი გააქნია სიმონმა და ონილს ჰკითხა:
– თუ გონება არ მღალატობს, ეს ყველაფერი თქვენი კონტროლით მიმდინარეობდა?
– ყველაფერი არა. აბდულ-აზიზ ქემალის ეპიზოდი გამოგვეპარა, მაგრამ მალევე გამოვასწორეთ სიტუაცია და, ჩვენივე ქსელი, რომელიც უმართავი გახდა, ჩვენვე გავანადგურეთ. მანამდე და შემდეგ კი ყველაფერი ჩვენი კონტროლით მიდიოდა და, აი, შედეგი – ჩვენი შეხვედრაც შედგა. შემიძლია, ქუდი დავიხურო და სახლში წავიდე, მანამდე კი თქვენთან ერთი წინადადება მაქვს.
– გინდათ, გადამიბიროთ?
– არა, გიშველოთ.
– როგორ?
– აქედან ერთად გავალთ, შტატებში დღესვე გადავფრინდებით და რაც მოხდა, ყველაფერს ტელევიზიით მოყვებით.
– მერე კი ჩემზე რუსები ნადირობას დაიწყებენ, ხომ?
– თქვენს დაცვაზე ჩვენ ვიზრუნებთ. რა, არ გაწყობთ?! აქ რომ დარჩეთ, ან რუსები მოგაჭრიან თავს, რომლებიც სულ მალე გაშიფრავენ, რომ თქვენ მეორე და ყველაზე ქმედითი ტერორისტული ქსელი ჩაუგდეთ, ან, ისღა დაგრჩებათ, რომ შუბლში ტყვია იხალოთ. აირჩიეთ, პოლკოვნიკო! თქვენ გამოცდილი მზვერავი ხართ და დამარცხებასაც ღირსეულად უნდა შეხვდეთ. თანაც, ქართველი ხართ, მართალია, ჯერ „კაგებეში“, შემდეგ კი „გრუში“ გამოწვრთნილი, მაგრამ მაინც ქართველი. თანაც, ხომ ხედავთ, რომ არაფერში გადგებიან რუსები და ჩვენთან ყოველთვის აგებენ. წააგეს ამჯერადაც და მომავალშიც წააგებენ. მათ ვერც არნოლდ ნიუმანმა უშველა, რომელიც გაშიფრული ჰყავდა ჩვენს კანტორას და თბილისში იმიტომაც გამოგზავნეს, რომ მისთვის აგენტობა დაემტკიცებინათ. ახლა ის გაკოჭილი ზის თვითმფრინავში, ვაშინგტონში მიჰყავთ და ჯერ გაასამართლებენ, შემდეგ კი უვადო პატიმრობას მისცემენ. ხომ დარწმუნდით, რომ ყველაფერს ვაკონტროლებთ, გადმობარგდით ჩვენთან.
– ესე იგი, თუ სწორად გავიგე, რატი პეტრიაშვილის რაღაც მისიისთვის მზადება და რაც ჩვენ მსხვილი ტერაქტი გვეგონა, აბსოლუტურად ბლეფი იყო?
– რა თქმა უნდა, – ჩაეცინა ონილს, – რატიც თვითმფრინავშია და სასწავლებლად მიემგზავრება. ის ნამდვილი პატრიოტი აღმოჩნდა და ირწმუნა ჩვენი. ხომ გაგიგონიათ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. შემოგვიერთდით და ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე. თუმცა, თქვენ უკვე გააკეთეთ ეს, როდესაც მთელი რუსული ჯაშუშურ-დივერსიული ქსელი ჩაგვაბარეთ საქართველოში და მისი აღდგენის უფლებას ოკუპანტებს აღარ მივცემთ. რას იტყვით, გავიდეთ აქედან?
სიმონის ტელეფონმა დარეკა და კაკუბავამ მას უთხრა:
– როგორ ბრძანდებით, ბატონო სიმონ, ახალი ხომ არაფერია?
– მივდივარ.
– სად? – იკითხა კაკუბავამ.
– დედაქალაქის გადასარჩენად, – მიუგო სიმონმა და ტელეფონი გათიშა, ონილს კი უთხრა:
– წავედით...