ინტიმური საუბრები
არ გვინდა ასეთი მამა!
როგორც ჩანს, ჩემი ოჯახის ქალებს (დედის ხაზით) რამე წყევლა აქვთ რომელიღაცა წინაპრის რაღაც საქციელის გამო, თორემ, აბა, როგორ უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ ჩემს დიდ ბებიასაც (მასზე გადმოცემით ვიცი), ბებიას, მის დას, დედაჩემსა და დეიდაჩემს – ანუ ყველა ქალს დედას მხრიდან, ქმრებმა უღალატეს და პატარა შვილებით ხელში მიატოვეს ბედის ანაბარა. ალბათ, ვინმე იტყვის, შენს წინაპარ ქალებს გენეტიკურად აქვთ ან აუტანელი ხასიათი, ან სხვა რამ საშინელი ნაკლი, რის გამოც კაცები გაურბიანო, მაგრამ ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ყველანი ციდან მოფრენილი ანგელოზები იყვნენ, მაგრამ, თავს დავდებ და ხატის წინაშე დამეფიცება, რომ ყველა ერთგული იყო ქმრის, შვილების, ოჯახის და არც აშარი, კაპასი და უხასიათო ქალები ყოფილან (ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვისაც მე კარგად მოვესწარი); პირიქით, ზედმეტად ჩუმები, წყნარები, დამთმობები და საწყლები იყვნენ.
სხვათა შორის, მე და ჩემი და ხშირად განვიხილავდით ხოლმე ერთმანეთში ამ თემას და, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარები ვიყავით, მაინც ვხვდებოდით, რომ ჩვენი ბებია-დედა-დეიდები უსამართლოდ დაჩაგრეს იმ მამაკაცებმა, რომლებსაც, წესით, უნდა მოევლოთ მათთვის, ეპატრონათ და ყველანაირი განსაცდელისა თუ მოშურნისგან დაეცვათ. არც ეს არის გასამართლებელი, მაგრამ, ცოლები თუ გადაუყვარდათ და ფეხზე დაიკიდეს, მთლად თოთო შვილებს რას ემართლებოდნენ, უპატრონოდ რომ დაყარეს და მხოლოდ ორი-სამი ათეული წლის შემდეგ გაახსენდათ მათი არსებობა – ანუ მაშინ, როცა თავად დასჭირდათ მიხედვა და პატრონობა?! მაშინ რატომ არ შერცხვა არცერთს, მათ გარეშე ფეხადმულ და წარმატებულ შვილს რომ მიადგა კარზე თითოეული მათგანი და უცერემონიოდ გამოუცხადა – მე შენი მამა ვარ, შვილო და, შენი ვალია, მომხედო და მიპატრონოო?! თუმცა, ასეთ ადამიანებს საერთოდ რისი რცხვენიათ? ასე მოგვადგა მე და ჩემს დას მამაჩვენიც და ყველაფრიდან მოითხოვა წილი – იმ ბინიდანაც, რომელშიც დაგვტოვა (თუმცა, ის ბინა მისი და მისი მშობლების არ იყო) და იმ ქონებიდანაც, რომელიც მერე, წლების განმავლობაში შევაკოწიწეთ დედამ, მე და ჩემმა დამ. თან თავს გვაცოდებდა, მომაკვდავი ავადმყოფი ვარ, აფხაზეთის ომის გმირიო. მე მაინც ამიჩუყდა გული და მართლა დავაპირე ბინის დაშლა, რომ ქუჩაში არ დარჩენილიყო, მაგრამ ჩემი და უფრო მაგარი აღმოჩნდა – ყველაფერი გაარკვია და დაადგინა, რომ არც აფხაზეთში უბრძოლია, არც ავად არ ბრძანდება, კერძო სახლიც აქვს ქალაქის ცენტრში, სადაც ვიღაც ნაშასთან ერთად ცხოვრობს ამ ხნის კაცი და რაღაც ბიზნესიც ჰქონია, საიდანაც საკმაოდ ნორმალური შემოსავალი აქვს. მოკლედ, არ გაუვიდა ნომერი და მერე დედაჩემს მიაკითხა – ახლა მივხვდი, რომ მხოლოდ შენ მყვარებიხარ და შენთან უნდა ვიცხოვროო, მაგრამ დედამ პატრულს გამოუძახა და, მოკლედ, ძლივს მოვიშორეთ თავიდან.
არაფერში გვჭირდება ასეთი მამა. შეიძლება, ღვთის წინაშე არ ვართ მართლები. სინანულს რომ ვამჩნევდეთ, ცხადია, ვაპატიებდით, მაგრამ, აშკარად ჩანს, რომ ახლაც რაღაც არაკაცური აქვს ჩაფიქრებული და, არ გვინდა, დედამ ისევ ინერვიულოს მის გამო, სწორედ მისი საქციელის წყალობით შეერყა ჯანმრთელობა და ახლაც არ ეშვება.
არ გვინდა ასეთი მამა.
ელისო, 29 წლის.