მას სიკვდილი უნდოდა
პოლიციელმა ჯონსონმა ხიდზე გაჩერებული მანქანა შეამჩნია და მაშინვე მისკენ გაემართა – იცოდა, ასეთ დროს ხიდზე ან გამოუსწორებელი რომანტიკოსები მოდიოდნენ, ან თვითმკვლელები.
– კარგი ამინდია, არა?! – უთხრა მოაჯირს ჩაბღაუჭებულ, ძალიან სქელწარბებიან მამაკაცს, რომელიც წყლის ზედაპირს ჩაშტერებოდა...
– არ მაინტერესებს ამინდი. მე მარტო იმაზე ვფიქრობ, რა საშუალებით მოვიკლა თავი სწრაფად და ისე, რომ ძალიან არ მეტკინოს...
– რა სისულელეა, რატომ უნდა მოიკლათ თავი? – პოლიციელი პოტენციურ თვითმკვლელს ისეთ მანძილზე მიუახლოვდა, საჭიროების შემთხვევაში მისთვის ხელის ჩავლება რომ შესძლებოდა.
– იმიტომ უნდა მოვიკლა თავი, რომ სიცოცხლე აღარაფერში მჭირდება. ჩემი საყვარელი ცოლი მოკვდა... რა გავაკეთო მის გარეშე? აჯობებს, მეც მოვკვდე...
პოლიციელი კაცს დააკვირდა. მას მართლაც ძალიან სქელი წარბები ჰქონდა.
– წადით სახლში, გამოიძინეთ და ხვალ ყველაფერი სხვანაირად მოგეჩვენებათ. დამიჯერეთ, ეს წუთიერი სისუსტეა... რა გქვიათ?
– ედუარდ რაიტი.
– მისტერ რაიტ, წადით სახლში. ისე მოიქეცით, როგორც მე გითხარით. დილით ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავთ...
მისტერ რაიტმა თავი ჩაღუნა და მანქანისკენ გაემართა. პოლიციელი არ განძრეულა, სანამ ის თვალს არ მიეფარა. შემდეგ ბლოკნოტი ამოიღო და ჩაინიშნა: „ედუარდ რაიტი – მაღალი მამაკაცი ძალიან სქელი წარბებით. მოუკვდა ცოლი და ხიდიდან გადახტომას ცდილობდა...“
***
ფსიქიატრი ბობ სმიტი ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც უნდა გამოიყურებოდეს კვალიფიციური, რესპექტაბელური ექიმი... სავარძელში იჯდა მკერდზე ხელებდაწყობილი და ყურადღებით უსმენდა პაციენტს, ძალიან სქელწარბებიან მამაკაცს.
– აზრი დაკარგა ჩემთვის სიცოცხლემ – გუშინ ლამის ხიდიდან გადავხტი. ვიცი, ამ მდგომარეობიდან ვეღარ გამოვალ...
– აქ რომ ხართ, ჩემთან, უკვე კარგია, – გაუღიმა მისტერ სმიტმა.
– ექიმო, სანამ თქვენამდე მოვიდოდი, მთელი ყუთი ძილის წამალი დავლიე...
ფსიქიატრმა ამოიოხრა, ექთანს უხმო და პაციენტს კუჭის გამორეცხვის პროცედურა ჩაუტარეს. საბედნიეროდ, მოასწრეს – წამალი ჯერ კიდევ არ იყო სისხლში გადასული...
– იცოცხლებთ, – უთხრა ბობმა მამაკაცს.
– დიდი მადლობა, ექიმო.
– მადლობას ნუ მიხდით, ჯობია, თვითმკვლელობაზე ფიქრი შეწყვიტოთ.
მეორე დღეს, დილით, სქელწარბებიანმა მამაკაცმა იარაღის მაღაზიაში რევოლვერი შეიძინა.
– ძალიან კარგი რევოლვერია... უფრო კარგებიც არსებობს, მაგრამ ესეც ძალიან კარგია. იყიდით?
– დიახ, ტყვიებიც მომეცით.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მაგრამ, მისტერ რაიტ, ჟურნალში ხელი უნდა მომიწეროთ და თქვენი პირადი ნომერიც დატოვოთ – ასეთი წესია, მისტერ რაიტ. ზოგიერთს არ მოსწონს, მაგრამ, რას ვიზამთ, კანონს ვერ დავარღვევთ.
საღამოს 10 საათზე მისტერ ედუარდ რაიტის ბინის კარზე ვიღაცამ ზარი დარეკა. სქელწარბებიანი მამაკაცი კარს მიუახლოვდა, სათვალთვალოში გაიხედა და კარი გააღო:
– შემოდი, მარკ.
მისალმების ნაცვლად, მისულმა რაიტს გაავებით დაუყვირა:
– შენ ის მოკალი, ედ! მოკალი ჩემი ერთადერთი სიყვარული! ჩვენ შესახებ გაიგე... გითხრა, შენთან გაშორებას რომ აპირებდა?
– ხომ არ გაგიჟდი? – აღშფოთდა რაიტი, – ეს უბედური შემთხვევა იყო...
– ნუ ტყუი! ზუსტად ვიცი, რომ შენ მოკალი! – მარკის ხელში რევოლვერი გაჩნდა, რომლის ლულაც რაიტს მუცელზე მიაბჯინა, – მოგკლავ!
– ვერ მომკლავ, სიკვდილით დაგსჯიან. შენ ჩემსავით მოხერხებული არ ხარ. მე ისე მოვაწყვე ყველაფერი, რომ უბედურ შემთხვევას დამსგავსებოდა. ჰო, მე მოვკალი, თავში ჩავარტყი, – რაიტი თვალს არ აშორებდა რევოლვერის ლულას, – ჰო, ასე იყო... გამაგიჟა ამბავმა მისი ღალატის შესახებ. ხელი ვკარი და კიბეზე დავაგორე. ჩემი ცოლი ლოგინში ჩაიწვინე და კიდევ აქეთ მემუქრები?
– გემუქრები? კი არ გემუქრები, ახლა იმას გააკეთებ, რასაც მე გეტყვი. არ გაპატიებ ელეონორას სიკვდილს. დაჯექი და დაწერე, მე გიკარნახებ!
რაიტმა ყოყმანით შეხედა. მარკმა თითი რევოლვერის სასხლეტს დაადო. ედუარდი მაგიდას მიუჯდა და ფურცელი აიღო.
– დაწერე! – უბრძანა მარკმა, – „ჩემი საყვარელი ცოლის სიკვდილმა ბოლო მომიღო. ვერ ვუძლებ და აღარ მინდა, ვიტანჯებოდე. ამჯერად უკვე მეყოფა ძალა, გამოვეთხოვო სიცოცხლეს...”
– ეს რა სისულელეა, პოლიცია არ დაიჯერებს, რომ თავი მოვიკალი.
მარკმა ჩაიცინა:
– შეტრიალდი..
– რა?
– შეტრიალდი-მეთქი, თორემ, გესვრი და მთავარ ამბავს ვერ გაიგებ.
– მარკ, განწირული ხარ. თუ მომკლავ, აუცილებლად დაგიჭერენ.
– არ დამიჭერენ. შემომხედე.
ედუარდ რაიტი შებრუნდა და მეგობარს შეხედა – რაღაც ეუცნაურა მის გარეგნობაში.
– ხედავ? ახლა მე შენ გგავარ – წარბები მივიკარი და პარიკიც მოვირგე. სამი დღეა, შენ მაგივრად „ვცდილობ“ თავის მოკვლას: გუშინწინ ხიდიდან ვხტებოდი და პოლიციელმა გადამარჩინა; გუშინ ფსიქიატრმა კუჭი ამომირეცხა, რადგან მთელი კოლოფი ძილის წამალი დავლიე... არავინ დამსჯის შენი „თვითმკვლელობისთვის“, მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ეჭვი არავის შეეპაროს შენს თვითმკვლელობაში. შეცდომა დაუშვი, ედუარდ, არ უნდა მოგეკლა ელეონორი... მას აღარ უყვარდი და არც შენ გიყვარდა. უნდა გამოგეშვა ჩემთან და ახლა ყველანი ბედნიერები ვიქნებოდით.
– ის მოღალატე იყო, შენც მოღალატე ხარ!
– ეს არგუმენტი უკვე ვეღარ გიშველის, – თავი გადააქნია მარკმა, – დაწერე? ძალიან კარგი. მშვიდობით, რაიტ! – ამ სიტყვებით მარკმა რევოლვერის ლულა პირში ჩაუდო ედუარდ რაიტს და სასხლეტს თითი გამოჰკრა... გასისხლიანებული გვამისთვის თვალი არ მოუშორებია. მშვიდად გაწმინდა რევოლვერი ნათითურებისგან და მიცვალებულს მარჯვენა ხელში ჩაუდო.
სანამ ბინიდან გავიდოდა, კიდევ ერთხელ სინანულით გაიხედა მოკლულისკენ: – შეიძლებოდა, სამივენი ბედნიერები ვყოფილიყავით. მართლა გული მწყდება, რაიტ. მშვიდობით, ელეონორას მოკითხვა გადაეცი...