ისწავლეთ სწორად სუნთქვა და დაეხმარეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას
ახლა ის პერიოდია, როცა იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი და პიკს აღწევს ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების გამოვლინებები. ამიტომ, ყურადღება გაამახვილეთ კვებაზე, სრულფასოვან ძილზე და მეტი ივარჯიშეთ სუფთა ჰაერზე.
სახლის პირობებში შეგიძლიათ, გამოდევნოთ ტოქსინები ორგანიზმიდან. შხამებისგან ღვიძლის, თირკმელების, ნაწლავებისა და კანის გასათავისუფლებლად მიმართეთ ასეთ მარტივ მეთოდს: აფთიაქში შეიძინეთ არყის ხის ქერქი, შავთავა, როზმარინი და ბაბუაწვერა. მცენარეები თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს. ერთ ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ორი ჭიქა ადუღებული წყალი, ერთი საათით დააყოვნეთ და შემდეგ გადაწურეთ. დალიეთ ერთი ჭიქა დილით, უზმოზე, მეორე კი საღამოს, ძილის წინ. მკურნალობის კურსი ორი კვირაა.
ხალისიანი განწყობის შესაქმნელად დაგეხმარებათ კარგი კვება და ძილი. მთელი დღის განმავლობაში დატვირთვით რომ იმუშაოს, ტვინს ესაჭიროება შაქარი, ძირითადი ცხიმმჟავები, B ჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებით B1 და B6. ყველაფერ ამას კი შეიცავს ბრინჯი, ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები და ხორბალი. კარგია სპორტი. თამბაქო და ყავა კი ენერგიას შთანთქავს.
ჟანგბადით ცუდად მომარაგებული ორგანიზმი მალე იღლება და იხარჯება, ხოლო ღრმა სუნთქვა ერთგვარ მასაჟს უკეთებს შინაგან ორგანოებს, აადვილებს ნარჩენების გამოდევნას, აუმჯობესებს ძილს და სტიმულს აძლევს სისხლის ცირკულაციას. ამიტომ, ისწავლეთ სწორად სუნთქვა: დახურეთ პირი, მარცხენა ნესტოზე მიიჭირეთ თითი და მარჯვენა ნესტოთი ღრმად ჩაისუნთქეთ. შემდეგ მარჯვენა ნესტოს მიაჭირეთ თითი და მარცხენა ნესტოთი ამოისუნთქეთ. რამდენჯერმე გააკეთეთ მუცლით სუნთქვა, ცხვირით ჩაისუნთქეთ და პირით ამოისუნთქეთ.
მჟაუნა დაბალი ჰემოგლობინის დროს შეუცვლელია
მჟაუნას ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტინსა და ასკორბინის მჟავას, B1, B2, C და PP ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, კერძოდ კი: რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, გოგირდს, სილიციუმს. ასევე, ცილებს, შაქარს, ორგანულ მჟავებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს. სამკურნალოდ გამოიყენება მჟაუნას როგორც ფოთოლი, ასევე ფესვი, ღერო და თესლი. მჟაუნას აქვს ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ჭრილობების შემახორცებელი და სისხლის დენის შემაჩერებელი თვისებები.
*ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და მოსაწესრიგებლად, 1 სადილის კოვზ მჟაუნას გამხმარ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გაწურეთ და დალიეთ 2/3 ჩაის ჭიქა, დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ.
*ქოლეცისტიტის დროს 1 ჩაის კოვზ ახალგამოწურულ მჟაუნას ფოთლების წვენს დაუმატეთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრიანი წყალი და დალიეთ დღეში ორჯერ. უმჯობესია ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ. ის, ასევე, კარგი ნაღველმდენი საშუალებაა.
*ეგზემის დროს 6 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ მჟაუნას ფესვებს დაასხით 1 ლიტრი წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით ნელ ცეცხლზე. შემდეგ გააგრილეთ და გაწურეთ. დაასველეთ ამ ნაყენში მარლა და დაიდეთ მტკივან ადგილზე.
*ალერგიის დროს, 1 სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ მჟაუნას ფოთლებს დაასხით ორი ჭიქა წყალი. ადუღეთ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში, ნელ ცეცხლზე და დადგით ნახევარი საათით ოთახის ტემპერატურაზე. დალიეთ 1/4 ჭიქა, ჭამამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე. სვით მცირე ყლუპებით და ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით.
თუ კბილი გტკივათ, დაღეჭეთ მჟაუნას ფოთლები და ტკივილი აუცილებლად გაგივლით.
მჟაუნას ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, ამიტომ ის აუცილებლად უნდა მიიღოთ დაბალი ჰემოგლობინის დროს.
მჟაუნა არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აწუხებს წყლული, გასტრიტი ან ნიკრისის ქარი.
ნიკრისის ქარი არ ექვემდებარება განკურნებას, მაგრამ მისი კონტროლი შესაძლებელია
ნიკრისის ქარი არასწორი ცხოვრების წესით არის გამოწვეული. ამიტომ, მისი კონტროლი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ცხოველური ცილები და ზედმეტი ალკოჰოლი არღვევს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას. ხორციანი, მსუყე კერძების ხშირად და გადამეტებულად ჭამა ნიკრისის ქარით დაავადებას უწყობს ხელს.
სანამ ნიკრისის ქარი თავს იჩენს, რამდენიმე წელი შეუმჩნევლად მიმდინარეობს. დაავადების მიზეზი ორგანიზმში შარდმჟავას დონის მომატებაა, რომელიც თავისი სტრუქტურით კოფეინს ჰგავს. ეს უკანასკნელი კი სტიმულს აძლევს გონებას. ამიტომ, მედიკოსები აზროვნების გაუმჯობესებას შარდმჟავას მიაწერენ ხოლმე. ზოგიერთი მეცნიერი კი ამტკიცებს, რომ ამ ნივთიერების ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში, ადამიანს დამატებით შანსს აძლევს, მეტად გამოავლინოს თავისი გონებრივი შესაძლებლობები.
ორგანიზმში შარდმჟავას სიჭარბეს იწვევს პურინებით მდიდარი საკვები. ზედმეტი ალკოჰოლი კი ანელებს და ართულებს ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფას თირკმელების საშუალებით. მემკვიდრეობითი ფაქტორი რისკს უფრო მეტად ზრდის. დროთა განმავლობაში, ჭარბი შარდმჟავა კრისტალდება და ილექება კანქვეშა ჯირკვლებსა და კვანძებში, ძირითადად კი, სახსრებში. დაგროვილი კრისტალები იწვევს ანთებით პროცესს, ზღუდავს მოძრაობას და ადამიანი სივდება. ერთი ან რამდენიმე სახსრის მწვავე ანთებითი პროცესით, მაგალითად, ართრიტით, ვლინდება ნიკრისის ქარი.
გაცილებით საშიშია შეუმჩნევლად და უმტკივნეულოდ მიმდინარე შარდმჟავას დალექვა თირკმელებში, რაც დროთა განმავლობაში ქვების წარმოქმნას და თირკმლის უკმარისობას იწვევს.
ნიკრისის ქარი არ ექვემდებარება განკურნებას, მაგრამ მისი კონტროლი ნამდვილად შესაძლებელია. მკურნალობა პრობლემური მაშინ ხდება, თუ თირკმელებიც ჩათრეული და დაზიანებულია. მათი ფუნქციის მოშლა იწვევს სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მკვეთრ ზრდას. გართულებებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა, შარდმჟავის დონის კონტროლია. ამიტომ, ადამიანმა ამ დროს უნდა შეამციროს პურინებით მდიდარი საკვების მიღება. იშვიათად მიირთვით ღვიძლი, ტვინი, ენა, ხორცი, თევზი, შებოლილი პროდუქტი, სოკო, თალგამი, ყვავილოვანი კომბოსტო, შოკოლადი, ყავა, ალკოჰოლი და პრობლემაც ადვილად გადაწყდება.
კარგია, თუ კვირაში ერთხელ კუჭს დაასვენებთ და განტვირთვის დღეს მოაწყობთ. ამ დღეს ჭამეთ მხოლოდ ხილი, ბოსტნეული და ხაჭო, ასევე, მიაყოლეთ მინერალური წყალი.
ხშირად მიირთვით კარტოფილი
მენიუში კარტოფილის ხშირი ჩართვით ორგანიზმს აუცილებელი, შეუცვლელი ამინომჟავებით ამარაგებთ, განსაკუთრებით კი, ლიზინით, ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით. სრულფასოვანი კვებისთვის საკმარისია, მიირთვათ დღეში 100 გრამი კარტოფილი.
კარტოფილის წვენით, ძველი, ხალხური მედიცინის რეცეპტით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს კურნავდნენ.
*კიდურების შეშუპების დროს, გაფცქვენით უმი კარტოფილი და გახეხეთ. მიღებული მასა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში დაიდეთ შესიებულ ადგილზე და შეიხვიეთ.
*თუ ჰიპერტონია გაწუხებთ, ხშირად მიირთვით ჰაერღუმელში კანიანად შემწვარი კარტოფილი.
*ოსტეოქონდროზის დროს კარგია გახეხილი კარტოფილისა და თაფლის ნარევის კომპრესი, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. კომპრესი დაახლოებით საათ-ნახევარი უნდა გაიჩეროთ.
*თუ თავი გტკივათ და გული გერევათ, დალიეთ უმი კარტოფილის წვენი, დღეში ორჯერ, ნახევარი ჭიქა. თუ კარტოფილის წვენს სტაფილოსა და ნიახურის წვენსაც შეურევთ, მაშინ ორგანიზმს შლაკებისგანაც გაწმენდთ.
სამკურნალოდ კარტოფილის სახამებელიც გამოიყენება. კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს მას ანთების საწინააღმდეგო საშუალებად იყენებენ.
მოწამვლის დროს კი, მოხარშული კარტოფილი ძალიან მარგებელია.
შავი ქლიავი სამკურნალო ხილია
შავ ქლიავს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს. ის მდიდარია პექტინებით, უჯრედისით, სორბიტით, ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტებით. მას ახასიათებს საფაღარათო, შარდმდენი და ნაღველმდენი თვისებები. შავ ქლიავს იყენებენ ქრონიკული შეკრულობის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს.
ანემიის შემთხვევაში, განსაკუთრებით ეფექტურია ქლიავის ახალგამოწურული წვენი, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, მარილებსა და ასკორბინის მჟავას. სწორედ ამითაა განპირობებული მისი სისხლწარმომქმნელი სტიმულაციაც.
ქლიავი, ასევე, კარგია მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს. ის ანეიტრალებს კუჭის წვენს და ბაქტერიოციდულად მოქმედებს ლორწოვანზე.
შავი ქლიავი, ფიტონოციდების შემცველობის წყალობით, გამოირჩევა ბაქტერიოციდული თვისებებით და ახასიათებს მადეზინფიცირებელი მოქმედება არა მარტო კუჭ-ნაწლავის, არამედ, პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების დროსაც. შავი ქლიავი ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდია. ის გამოდევნის მავნე ნივთიერებებს, მაგალითად, ქოლესტერინს, კანცეროგენებს, მძიმე ლითონების შემცველ მარილებს. ამიტომ, ის აუცილებლად უნდა მიიღოს მოწამლულმა ადამიანმა.
ორგანიზმის გაჯანსაღებისა და სიმსივნური დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, 2 კვირის განმავლობაში მიირთვით 1 ჩაის ჭიქა გატარებული ქლიავისა და 1 კოვზი თაფლის ნარევი.
ქლიავის ჭამა არ არის სასურველი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ან ჭარბი წონის მქონე პირებისთვის, რადგან ის დიდი რაოდენობით შეიცავს გლუკოზას.
ვინც ბევრ ტკბილეულს მიირთმევს, არ შეექმნება სექსში პრობლემები
გარდა იმისა, რომ სანელებლები კერძებს განუმეორებელ და სპეციფიკურ გემოს აძლევს, ასევე, აუცილებელი საკვები დანამატია.
ვანილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძლიერი სქესის წარმომადგენელთა სექსუალურ ცხოვრებაში. მამაკაცი მისი მიღების შემდეგ განსაკუთრებით აქტიური პარტნიორია. ამიტომ, ვინც ბევრ ტკბილეულს მიირთმევს, მას ნაკლებად შეექმნება სექსში პრობლემები.
ქინძი კარგი საშუალებაა სექსუალური პრობლემების მოსაწესრიგებლად. ის ამაღლებს სექსუალურ პოტენციას, ხელს უწყობს სპერმატოზოიდების გააქტიურებას.
მიხაკ-დარიჩინი სანელებელთა შორის ყველაზე ძლიერია სექსუალურობის ასამაღლებლად. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მისი გადამეტებული მიღება სახიფათოა, რადგან, შესაძლებელია, გამოიწვიოს სექსუალური აგრესია.
მუსკატის კაკალი სასიკეთო ძვრებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, თუმცა, მისი გადამეტება საპირისპირო შედეგს იძლევა, კერძოდ, ადუნებს ორგანიზმს და იწვევს ჰალუცინაციებს.
E ვიტამინი ორგანიზმის ბიოაქტიური ფაქტორების მუშაობის კოორდინატორია. მას „ახალგაზრდობისა და სექსუალურობის ვიტამინსაც“ უწოდებენ. ამ ვიტამინის გარეშე, ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები ადამიანისთვის არათუ სასარგებლო, არამედ ზიანის მომტანიც კი იქნებოდა. E ვიტამინი როგორც უძლიერესი ანტიმჟანგავი და ანტიოქსიდანტი, ხელს უშლის დაბერების პროცესს. ამიტომ, აუცილებელია, რომ სელის ზეთი ყოველდღიურ რაციონში შეიტანოთ. სასარგებლო ნივთიერებები, რომლებსაც ეს პროდუქტი შეიცავს, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში და აუცილებელია ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება და სექსუალური უძლურება. ნახევარი სუფრის კოვზი სელის ზეთი უზრუნველყოფს უჯერი ცხიმების მჟავის დღეღამურ მოთხოვნილებას.