კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ითამაშა ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტმა სპარტაკ ბაღაშვილმა მეფე ლუარსაბისა და ვაჟა-ფშაველას როლები

მიხეილ ჭიაურელი „არსენას“ იღებს. მაგრამ არსენა არ ჰყავს. რამდენი არ ეძება, სადღა არ ეძება, მაგრამ უშედეგოდ… იმედი  ეწურება… მუშტაიდის ბაღთან ძალიან ლამაზ ჭაბუკს მოჰკრა თვალი, რომელიც ორ გოგონას მისდევს. კინორეჟისორს ჭაბუკის გარეგნობა ისე გაიტაცებს, ისე ჰგავდა მის წარმოდგენილ არსენას, გადაწყვეტს შეაჩეროს. – რა გვარი ხარ, ყმაწვილო? – იკითხა რეჟისორმა. ჭაბუკმა შეუღრინა: თუ ჩემთან რაიმე ანგარიში გაქვთ, მეორე ქუჩაზე გადავიდეთ! – რეჟისორი ჭიაურელი გახლავართ.
– სულ ერთია ვინც უნდა იყოთ! – მოუჭრის ჭაბუკი და გოგონებთან ერთად სწრაფად გაშორდება მისი გარეგნობით აღტაცებულ რეჟისორს.
შინ მისული ჭაბუკი მამას ეტყვის, რომ ქუჩაში ვიღაც ჭიაურელმა გააჩერა. მამა მუშა მსახიობია – ლევან ბაღაშვილი (ავტორი – რ. შატაკიშვილი). მამა მეორე დღესვე მიიყვანს 21 წლის ჭაბუკს მიხეილ ჭიაურელთან. აღტაცებული რეჟისორი ალექსანდრე იმედაშვილს სთხოვს, სპარტაკ ბაღაშვილს მხატვრული კითხვა ასწავლოს. 2 თვის შემდეგ სპარტაკ ბაღაშვილი ოტელოს მონოლოგს წაუკითხავს მიხეილ ჭიაურელს. რეჟისორის აღტაცებას საზღვარი არ აქვს… გამოვა „არსენა“ და ჭიაურელის აღტაცება მთელ საქართველოს გადაედება, გადაედება სტალინსაც და 23 წლის ჭაბუკს სტალინურ პრემიას უბოძებს… მიხეილ ჭიაურელი კვლავ გადაიღებს სპარტაკ ბაღაშვილს, ამჯერად უკვე „დიად განთიადში“, შემდეგ დავით რონდელი – „კოლხეთის ჩირაღდნებში“, კონსტანტინე პიპინაშვილი – „ქაჯანაში“ და ისევ ჭიაურელი „გიორგი სააკაძეში“. სპარტაკ ბაღაშვილი ლუარსაბ მეფედ შემორჩება ჩვენს მეხსიერებას, არადა მიხეილ ჭიაურელს ის გიორგი სააკაძედ ესახებოდა. „სააკაძის“ ეკრანებზე გამოსვლიდან მრავალი წლის შემდეგ, იმდროინდელი ცეკას მდივანი კანდიდ ჩარკვიანი მერაბ კოკოჩაშვილთან იტყვის: „მე ვიხსენი ქართული ხელოვნება იმისგან, რომ სპარტაკ ბაღაშვილს ეთამაშა გიორგი სააკაძის როლი… როცა სცენარი წავიკითხე ვთქვი, არ შეიძლება, გიორგი სააკაძე ითამაშოს. ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა, როგორ შეიძლებოდა“…კოკოჩაშვილი ჩაეკითხება – „კი, მაგრამ მეფე რომ ითამაშა?“„მეფე სხვა არის, სტალინის რეზოლუცია იყო გიორგი სააკაძეზე და მე დავუშვებდი, სააკაძე ავადმყოფს ეთამაშა?“…
საინტერესო არგუმენტია…  ფსიქიატრიულში ნაწოლს არ შეიძლებოდა, ეთამაშა გიორგი სააკაძე და შეეძლო, ეთამაშა წამებული მეფე… არ შეიძლებოდა ეთამაშა სააკაძე და შეეძლო, ეთამაშა ვაჟა-ფშაველა („აკაკის აკვანში“)…  27-28 წლის ჭაბუკს როლი „აართვეს“… სტალინის საყვარელ მსახიობს, ასევე სტალინის საყვარელი მსახიობი, თან ბევრად გამოცდილი და სახელოვანი – ხორავა დაუპირისპირეს… სპარტაკ ბაღაშვილი 1944 წელს კინოსტუდიასთან არსებულ კინოსამსახიობო სკოლას ამთავრებს და პროფესიონალი მსახიობი ხდება. იტაცებს ლიტერატურა, მხატვრული კითხვა… 1946 წლის ოქტომბერში სტალინი სპარტაკ ბაღაშვილს, აკაკი ხორავას და აკაკი ვასაძეს, თავის სიყრმის მეგობრებთან ერთად, სოჭში, თავის აგარაკზე პატიჟებს…
აკაკი ვასაძე თავის მემუარებში დეტალურად გაიხსენებს სტალინის მასპინძლობის ამბებს. პირველსავე ვახშამზე სტალინი შემწვარი ბატკნის აქნისას იტყვის: „ისე არავინ მომწონს ჩვენს კინოში, როგორც ეს კაცი და აი, კიდევ ესა“. იტყვის და ხელს ჯერ ხორავასკენ გაიშვერს, შემდეგ სპარტაკ ბაღაშვილისკენ. ხორავა თვალზე ცრემლმომდგარი ძლივს იტყვის სამადლობელ ორიოდ სიტყვას… სპარტაკმა, ცოტა პათეტიკურად, მაგრამ გულწრფელად და ლამაზად მიმართა: „ჩვენ რა, ბატონო იოსებ, ჩვენი ქვეყნის ფესვი თქვენა ბრძანდებით. ჩვენ კი კენწეროები ვართ და იმიტომ ვყელყელაობთ და მაღლა-მაღლა ვჩანვართ“… სტალინს ჩაეცინება – „აი, კიდევ ბატონოს მეძახის“…  სტალინის ყურადღება საყვარელი მსახიობის მიმართ სადღეგრძელოთი არ იწურება: „შენ, ჩემო კარგო, დასვენება გჭირდება, აბა, მითხარი, რამდენი წელიწადია, რაც არ დაგისვენია?“ ახალგაზრდა მსახიობი გამოტყდება, რომ სპეციალურად დასასვენებლად არასდროს წასულა. „ჰოდა უნდა დაისვენო,“ – არის სტალინის პასუხი, შესთავაზებს ამოირჩიოს ნებისმიერი აგარაკი და ვისთან ერთადაც სურს, დაისვენოს. მაგრამ, ვარსკვლავი ჯიუტობს: „დასვენება რას მიქვიან, მუშაობა მინდა, რაც შეიძლება მეტი მუშაობა“… ბელადს ეტყვის, რომ „აკაკის აკვანში“ უნდა ითამაშოს. „ბიჭო, „აკაკის აკვანი“ არსად გაგექცევა, ჯანმრთელობას კი სწორედ მუშაობისთვის უნდა გაუფრთხილდე. შენ ჯერ დაისვენე და მერე უკეთ დაარწევ იმ აკვანს“, – ეტყვის სტალინი. მსახიობი ისევ ცივ უარზეა… მუშაობა უნდა… ვასაძის მოგონებიდან: „სტალინი ერთხანს დუმდა, მიაჩერდა სპარტაკს; თან მოალერსე, თან რაღაც უცნაურად შთამნერგავი მზერით და უფრო დინჯად, თითქმის დამარცვლით წარმოთქვა: „გაიგე, რომ შენ „აკვანზე“ მეტი გაქვს გასაკეთებელი; რომ მაგ შენს ნიჭს გამოვლენის ძალა, გამძლეობა სჭირდება და ამისთვის უნდა დაისვენო“. ამას რომ ეუბნებოდა სტალინი და თვალებში მისჩერებოდა, სპარტაკმა თვალები დახარა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. „თუ თქვენ აგრე მიგაჩნიათ საჭიროდ, დავისვენებ“… მე მაშინ გამიკვირდა სპარტაკის ქცევა, მერე მასზე სიტყვა რომ ჩამოვუგდე ამხანაგ კანდიდ ჩარკვიანს, მიმანიშნა, შიზოფრენია ემუქრებაო და გულწრფელად შევწუხდი, ამ ნიჭიერი, ჯერ ახალგაზრდა კაცის საშინელი ავადმყოფობის გამო…“ იმ ღამეს გამთენიისას აიშლება სუფრა. სტალინი თავის სიყრმის მეგობრებს, აკაკი ვასაძესა და სპარტაკ ბაღაშვილს ეტყვის: „თქვენ ჩემთან უნდა დაგტოვოთ და დაგაძინოთ, ვინ იცის, კიდევ როდის შევხვდებით ერთმანეთს და ეს ერთი ღამეც ახლობლურად, ერთ ჭერქვეშ მოვისვენოთ“. უარს ვინ შებედავდა სტალინს… მაგრამ შებედა სპარტაკ ბაღაშვილმა… „კადნიერებად ნუ ჩამითვლით, წყენად ნუ მიიღებთ ჩემს თხოვნას, ბატონო იოსებ. თქვენ გვერდით, ერთ ჭერქვეშ სუნთქვაც კი მიჭირს და გამიშვით, წავალ, თორემ ვგრძნობ, მთელი ღამე ვერ მოვისვენებ, ძილი არ მომეკარება“. იტყვის და რამდენჯერმე მოიბოდიშებს თავაზიანად. სტალინი არ დააძალებს დარჩენას, გაუშვებს. მეორე დილით მოიკითხავს სპარტაკ ბაღაშვილს. „შეუძლოდ არის, ვეღარ გეახლათ,“ – მოახსენებს კანდიდ ჩარკვიანი. „ეს ბიჭი, როგორც ჩანს, სერიოზულადაა ავად, უშველეთ რამე, სანამ დროა…“ – იტყვის სტალინი… სპარტაკ ბაღაშვილი ითამაშებს „აკაკის აკვანში“ – ითამაშებს სამ როლს – გამზრდელს, ესტატე მეწისქვილეს და ვაჟა-ფშაველას. დაამტკიცებს, რომ გარდასახვის უბადლო ნიჭი აქვს. საერთოდ, ყველა აღიარებდა მის ტალანტს, ის თამაშობდა ძალდაუტანებლად, ზედმეტი თეატრალობის გარეშე – როგორც შეშვენის კინოს ნამდვილ ოსტატს. მაგრამ, აძლევდნენ პათეტიკურ, ზედმეტად თეატრალურ როლებს. ის მაინც ქმნიდა ღირებულ სახეებს და იყო ბუნებრივი ნამდვილ ფილმებში – აბულაძის „ვედრებაში“, ფარაჯანოვის ფილმებში, ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას „თეთრ ქარავანში“… სხვაგან კი რა ექნა, როცა სქემებს აძლევდნენ როლის ნაცვლად? თანაც, რატომღაც, ერთი აკვიატებით – ეთამაშა შეშლილი…  ის არ გააკარეს სცენას. ითამაშა ოტელო, სტალინის ბრძანება არ შესრულებულა. მოგვიანებით ეკრანიდანაც განდევნეს. რადიოში ბარათაშვილს კითხულობდა ადამიანურად, გულში ჩამწვდომად… სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე კი უკვე ქუჩაშიც კითხულობდა ლექსებს – ხალხი ხედავდა უკვე მართლაც ავადმყოფ მსახიობს, ხშირად მთვრალსაც… ინანიშვილი მოგვიანებით იტყვის: „შემომხედა და თავისი ბიბლიური ხმით მითხრა: ადამიანმა წინასწარ რომ იცოდეს, რა ელის ცხოვრებაში, მას ვერავითარი ძალა ვერ გამოიყვანს დედის საშოდან.“

скачать dle 11.3