როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ჩავლეიშვილი
უძველესი გვარია. გვარი აჭარაში ჩანს, ტბეთის მაჭახელის სულთა მატიანეში, მოხსენიებულია არსენ ჩავლაეთი, მჭედელი ანუ ჩავლაძე, ჩავლეიშვილი.
ამ გვარის ისტორია შესწავლილი აქვს მკვლევარ იოსებ ბექირიშვილს. ის წერს: „ანგისა-მეჯინისწყალში მცხოვრები ჩავლეიშვილების ნამდვილი გვარი შალიკაშვილია. გვარის წევრები ამბობენ, რომ მათი გვარი მესხეთიდან მოდის და ჩვენი წარმომადგენლობა იქ შალიკაშვილთა გვარს ატარებდაო. ოსმალები აჭარაში რომ შემოსულან, ქედის რაიონში შალიკაშვილები ჩალოღლებად მოუნათლავთ, ზოგი მათგანი (მაჭახელის ხეობაში) შალიკოღლებად დაუწერიათ, დღეს მათი შთამომავლები შალიკაძეები არიან. საღორიელი შალიკაშვილ-ჩალოღლები გასული საუკუნის დამდეგს ანგისაში, მეჯინისწყალსა და სხვაგანაც დასახლდნენ, დაიწერნენ ჩავლეიშვილებად.“
საქართველოში 669 ჩავლეიშვილი ცხოვრობს: ხელვაჩაურში – 186, ბათუმში – 125, ქობულეთში – 111. არიან სხვაგანაც.
სალუქვაძე
თავდაპირველად გვხვდება გვარი სალიქვა, ხოლო შემდეგ ამ გვარის წარმომადგენლები სალუქვაძეებად ჩაეწერნენ.
გვარი სალუქვაძე წარმომდგარია ორმაგი სიტყვისგან შედგენილი სახელებიდან – სალი+ქვა, ხელობა-საქმიანობა. ამ გვარის წევრებისთვის ჯერ მეტსახელი სალიქვა (სალიქვაძე) დაურქმევიათ, ხოლო მოგვიანებით ასო ი უ-ს შეუცვლია და სალუქვაძეები გამხდარან.
ალექსანდრე ღლონტი წერს: „სალიქვა – მეტსახელია გვარში სალიქვაძე-სალუქვაძე”.
მეათე საუკუნის მეორე ნახევარში მოხსენიებულია თაყა სალაქიძე, აჭის მღვდელი კი სალუქაძედ იწერებოდა – როგორც ჩანს, ასო „ვ“ შემდგომ ჩაემატა.
სალუქვაძეები არიან როგორც გურულები, ისე აჭარლებიც. აჭარლები ცხოვრობენ ქობულეთის რაიონის სოფლებში – ალამბარში, მუხაესტატესა და თვით ქალაქში.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის სალუქვაძეებს 332-ე ადგილი უჭირავთ.
საქართველოში 2 408 სალუქვაძე ცხოვრობს: ოზურგეთში – 1 038, თბილისში – 464, ბათუმში – 181. არიან სხვაგანაც.
საღარაძე
დღევანდელ საღარაძეთა წინაპრების გვარი პირველი საუკუნიდან იღებს სათავეს წინაპრის სახელიდან – საღის, საღარა, რაც იგივეა, რაც „შუბლთეთრი ცხენი“; ასევე, ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება გვარი, ანუ „დიდებულთა გვარი“ – საღირისძენი.
საქართველოში 276 საღარაძე ცხოვრობს: თბილისში – 114, ქუთაისში – 33, ხობში – 20. არიან სხვაგანაც.
პავლიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი პავლე, რომელიც ლათინური წარმოშობისაა და ქართულად „პატარას“, „მცირეს“ ნიშნავს.
1523 წელს პავლიაშვილი მოიხსენიება ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, რომელიც ავთანდილ ჯავახიშვილის ამირბარ მაღალაძისათვის მიუცია.
ასევე, 1718 წელს ბარათაშვილთა გაყრის წიგნში მოხსენიებულია გვარი პავლიაშვილი.
1721 წელს, ენაგეთში, პავლიაშვილები აზნაურებად არიან მოხსენიებულნი.
1818 წელს წინწყაროში მოიხსენიება მღვდელი დიმიტრი პავლიაშვილი.
საქართველოში 2 895 პავლიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 777, გორში – 681, სიღნაღში – 189. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით