არის თუ არა დღეს დედამიწაზე მეორედ მოსვლის ნიშნები და შეუძლია თუ არა კაცობრიობას მისი დაჩქარება ან გადადება
ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს საუბრობენ მეორედ მოსვლის, ბოლო ჟამის შესახებ. ამის დასადასტურებლად დღეს განვითარებული არაერთი მოვლენა მოჰყავთ. თუმცა, სახარებაში გარკვევით წერია, რომ ბოლო ჟამის შესახებ არავინ იცის, თვით ანგელოზებმაც კი. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):
– სახარებაში გასაგებად წერია, რომ დრო და ჟამი არავინ იცის, მხოლოდ მამამ, არც ანგელოზებმა და არც ძემ. რა თქმა უნდა, ძემ, ანუ იესო ქრისტემ, იცის ამის შესახებ; ძეში იგულისხმება კაცობრიობა, რომელმაც არ იცის, როდის იქნება მეორედ მოსვლა. დღეს და საუკუნეების წინაც, ბევრი აცხადებდა, რომ ამა და ამ წელს და ამ დღეს უნდა ყოფილიყო მეორედ მოსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ იყო სიმრავლე და კაცობრიობა დღემდე განაგრძობს არსებობას. ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა, მათ შორის მართლმადიდებლებმაც, დაიწყეს ამ თემით სპეკულაცია. ბევრი მიიჩნევს, რომ ვიღაც მამაომ თქვა, რომ ეს ასე იქნება; ბევრი სპეკულირებს იმითაც, რომ თითქოსდა მამა გაბრიელმა თქვა, რომ ის იქნება ბოლო ბერი საქართველოში, რომ მის გარდაცვალებას მალევე მოჰყვება მეორედ მოსვლა. ხშირ შემთხვევაში, ეს ყველაფერი მოგონილია, მამა გაბრიელს ბევრი რამ არ უთქვამს, რასაც მას მიაწერენ და მისი პიროვნებით ხდება თემების სპეკულირება, არასწორად გადმოცემა. რაც მთლიანობაში არაფერს ემსახურება, გარდა იმისა, რომ ისინი, ვინც ამას ავრცელებენ, თავიანთ ცრუ რელიგიურ აღტყინებას იკმაყოფილებენ, რადგან ერთგვარად ხიბლის მდგომარეობაში არიან. საბოლოოდ, ისევ იქამდე მივდივართ, რომ ადამიანებმა არ იციან სახარება. მოციქულები ამაღლების შემდეგ ელოდნენ მეორედ მოსვლას – რომ ეს მათი ხორციელი ცხოვრების დროს მოხდებოდა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ არ მომხდარა. ეს მოლოდინის რეჟიმი საუკუნეებია, გრძელდება და, შეიძლება, კიდევ საუკუნე გაგრძელდეს ან ერთ თვეში დასრულდეს.
– ნიშნებზეც ბევრს საუბრობენ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია საყოველთაო განდგომა, რომლის მაგალითიც დღეს ბევრი გვაქვს.
– არ ვიცი, საყოველთაო განდგომა რამდენადაა კავშირში მეორედ მოსვლასთან, თუმცა, ეს ნამდვილად ხდება. ადამიანებმა დაკარგეს სიყვარული, რწმენა. წარსული რომ გავიხსენოთ – ათეისტური რეჟიმის დროს არ ფუნქციონირებდა ეკლესიები, არ იყო რელიგიური განათლების მიღების იმხელა საშუალება, რაც დღეს არის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაშინ უფრო მეტი სიყვარული იყო, ჯანსაღი ურთიერთობები, ერთმანეთის პატივისცემა. დღეს ყველანაირი საშუალებაა, მივიღოთ ცოდნა, დავესწროთ წირვა-ლოცვას, მაგრამ ადამიანები მაინც გამოფიტულები არიან. დღეს ბევრი ადამიანი რელიგიურად არასწორად ვითარდება და ხშირად ვიღებთ არა განსწავლულ, რელიგიურად ჯანსაღ ადამიანს, არამედ, ხშირ შემთხვევაში, დაბრკოლებულ და ხიბლის მდგომარეობაში მყოფ პიროვნებას.
– ამის ერთ-ერთი მიზეზი ეკლესიაში მოღვაწე ადამიანებიც არიან, რომლებიც არაჯანსაღ მართლმადიდებლობას ასწავლიან მრევლს.
– ამის ბევრი მიზეზი არსებობს და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი, შეიძლება, იყოს კონკრეტული ეპისკოპოსი, მღვდელი, სასულიერო პირი, რომელსაც აქვს უფლება, ასწავლოს მრევლს. შეიძლება, ადამიანი 50 წელი დადიოდეს ეკლესიაში, მაგრამ მას არანაირი სულიერება და ზნეობრიობა არ გააჩნდეს. შეიძლება, მას ეკლესიაში სიარულის პრაქტიკა ჰქონდეს, მაგრამ არასწორად ვითარდებოდეს და მისთვის ბევრი რამ მიუღწეველი დარჩეს. თითოეული ჩვენგანისთვის სარწმუნოება, ქრისტიანობა, მარტივად რომ ვთქვათ, არის ის, რაც მას ასწავლის საკუთარ თავს, ანუ, ვინ არის იგი: ასწავლის ადამიანობას, უხელს თვალს, რომ ფარდის მიღმა დაინახოს თავისი თავი. და, მეორე – რა წარმოდგენა გააჩნია მას ღმერთის მიმართ და ღმერთს – ადამიანის მიმართ. რელიგიაში ადამიანის პირადი ღვაწლი ძალიან მცირეა; რასაც ის უნდა აკეთებდეს ღმერთისთვის – მიზერია. ღმერთისთვის სულერთია, ადამიანი მრუშია, ქურდი თუ ყაჩაღი, ღმერთი არ გამოარჩევს მათ. ამ საკითხზე ჩვენი წარმოდგენა ხშირად ქრისტიანობისთვის თავს მოხვეული სწავლებაა, რომლის მიხედვითაც ღმერთი არის ზეციური არსება, რომელსაც აქვს იმის ძალაუფლება, რომ ადამიანები დასაჯოს, თუ საჭირო იქნება, მოკლას ან ერთმანეთს წააჩხუბოს, გაყაროს, შეარიგოს, ანუ ყველაფერს ღმერთი წყვეტს. არადა, ეს ასე არ არის. ღმერთი არსებობს, ღმერთს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ ის არ განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას; ინდივიდი თავად განსაზღვრავს თავის ყოფიერებას. ქრისტიანისთვის არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა იმას, თუ როდის იქნება მეორედ მოსვლა. ეს დღე ოდესღაც აუცილებლად დადგება ჩვენთვის, თუმცა ეს არ იქნება გამოცდა იმ გაგებით, როგორც დღეს გვაქვს წარმოდგენილი: უნდა ვიჯდე თავჩაღუნული მოსწავლესავით, მასწავლებელი კი, ძლიერი დიქტატორი, შეამოწმებს ჩემს განვლილ ცხოვრებას. ცუდი საქციელისთვის გამტყიპავს, არ შემიშვებს სამოთხეში, კარგი საქციელისთვის კი შემაქებს. რა თქმა უნდა, ეს მცდარი წარმოდგენაა. საშინელი სამსჯავროც იმიტომ ჰქვია, რომ ჩვენ თავად გადავწყვეტთ საკუთარ ბედს – ავირჩევთ ქრისტეს ან უარს ვიტყვით მასზე.
– და ეს ყველაფერი აქ, დედამიწაზე ჩვენი ცხოვრებისას მოხდება, და არა, როგორც ფიქრობენ, გარდაცვალების შემდეგ?
– რა თქმა უნდა, ეს არჩევა დედამიწაზე ხდება. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი სადღაც გეოგრაფიულად არ არსებობს. ადამიანისთვის ჯოჯოხეთი და სამოთხე მის გულში, სულიერ სამყაროშია და მის თავში ხდება გადამწყვეტი არჩევნის გაკეთება: სამოთხეში შეგვყავს ისინი, რომლებიც ეკლესიაში მოღვაწეობენ ან დადიან ეკლესიაში; ან – წესიერი მოქალაქეა და არ იპარავს გადასახადებს, ანუ, ფიზიკურობით ვაფასებთ თითოეულ მათგანს. მაგრამ ღმერთი ამის მიხედვით არ განგვსჯის, მისთვის სულერთია, იპარავდა თუ არა ვინმე გაზის გადასახადს – ამას თავად ადამიანი წყვეტს. ჩვენ გვაქვს მცნებები, რომლებიც ღმერთმა მოგვცა და, როგორ მოვირგებთ, როგორ შევასრულებთ მას, ეს განაპირობებს ჩვენს ცხოვრებას, ცხონება-არცხონებას და, კიდევ, მთავარია სიყვარული, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს. თუ ჩვენში არ არსებობს შინაგანი წესიერება, სიყვარული, სინდისის ქენჯნა, არ ავყვებით ჩვენს სინდისს, მაშინ ცხონება-არცხონებაზე საუბარი ზედმეტია და, მას, ვინც ამ ყველაფერს მისდევს, საკუთარ სინდისს უსმენს, ასრულებს იმას, რასაც ეს სინდისი ეუბნება, გააჩნია სიყვარული და წესიერება, აქვს შანსი, აირჩიოს ქრისტე. ოღონდ ქრისტე იმიტომ კი არ უნდა აირჩიოს, რომ ის ლიდერია და ამიტომ უნდა გაჰყვეს მას, არამედ, იმიტომ, მისი და ქრისტეს ცხოვრება იდენტურია და იგი იქცევა ისე და აკეთებს იმას, როგორც ქრისტე იქცეოდა თავისი კაცური ბუნებით, რისი შესრულებაც ჩვენც შეგვიძლია და, ამას ნაწილობრივ მაინც თუ შევძლებთ, მაშინ გვექნება იმის სურვილი და საშუალება მეორედ მოსვლისას, რომ ინდივიდუალური სამჯავროს დროს ავირჩიოთ ქრისტე – ეს უნდა იყოს ქრისტიანისთვის ამოსავალი წერტილი და არა ის, როდის იქნება მეორედ მოსვლა, რომელსაც წინ უძღვის სეტყვები, მიწისძვრები. დღეს სეტყვაც არის და მიწისძვრებიც, მაგრამ, არსებობდა დრო, როცა ასეთი რაღაცეები არ მომხდარა?! დღევანდელ დღეზე გაცილებით უარესი კატაკლიზმები ხდებოდა. ამიტომ, ამ ყველაფრის მეორედ მოსვლასთან შეფარდება არასწორი იქნება. არსებობს ქრისტიანული მორალი, რომლის მიხედვითაც, კაცობრიობას შეუძლია, მეორედ მოსვლა დააჩქაროს, ან, პირიქით – გადადოს. ამის გაკეთება ადამიანებს ძალუძთ, თუმცა, გააჩნია, რა მოწოდებაზე იდგება კაცობრიობა. მაგრამ, ის, რომ ადამიანებს ადრე უფრო მეტად უყვარდათ, ვიდრე დღეს და ამიტომაც მეორედ მოსვლაა საჭირო, რა თქმა უნდა, არასწორია. ჩვენ ვიცით, რომ კაცობრიობა დღევანდელთან შედარებით უარეს მდგომარეობაში ყოფილა როგორც მენტალობით, ისე მსოფლმხედველობითა და აზროვნებით. დღეს გაცილებით სხვა დონეზე ვდგავართ, თუმცა, ახლაც შეგვიძლია ერთმანეთის ჭამა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეორედ მოსვლა ახლოს არის. ზოგადად, ჩემთვის ეკლესიაში ასეთი აზროვნება მიუღებელია. იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი 21-ე საუკუნეში მოხდება, ჩემთვის მჩხიბავობა, მკითხაობაა და მეტი არაფერი, რადგან, თავად ქრისტე ამბობს, რომ ამ ჟამის შესახებ არავინ იცის.