კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოუახლოვდა ტერორიზმის საფრთხე საქართველოს საზღვრებს და რატომ გადმოინაცვლებს სირიული ჯოჯოხეთი თურქეთის ტერიტორიაზე

გავრცელებული ინფორმაციით, ირანიდან ტვირთების ტრანსპორტირება ევროპისკენ შესაძლოა, აზერბაიჯანის გავლით განხორციელდეს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ამ მარშრუტმა საქართველოს გვერდი აუაროს და ადრესატამდე ტვირთებმა რუსეთის ან თურქეთის გავლით მიაღწიოს, რაც ჩვენთვის, ცხადია, არახელსაყრელია. რომელი მარშრუტია რეალური: რა საფრთხეებს შეუქმნის და რა ხეირს მოუტანს საქართველოს და, რაც მთავარია, ევროკავშირში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რატომ არ აქტიურობს ქართული სახელმწიფო აღმოსავლეთის მიმართულებით საკუთარი უსაფრთხოების გასაზრდელად და არ ეძებს პარტნიორებს ჩრდილოური ფაქტორის გასანეიტრალებლად, იმ შემთხვევისთვის, თუკი დასავლეთს ჩვენთვის არ ეცლება, –  ამ თემებზე ექსპერტთან ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ვასილ პაპავასთან ერთად ვისაუბრებთ.
– ირანული ტვირთების ტრანსპორტირების რომელი მარშრუტები განიხილება ირან-აზერბაიჯანის მიმართულებიდან?
– ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობა 2012 წლამდე პერმანენტული დაძაბულობით გამოირჩეოდა, იმ დონეზეც კი, რომ ალიევის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განადგურდა რამდენიმე პროირანული შიიტური დაჯგუფება. როგორც ბაქო აცხადებდა მაშინ, ისინი გეგმავდნენ ისლამური რევოლუციის ექსპორტს აზერბაიჯანში, ანუ მათ შორის მეტად ცივი ურთიერთობა იყო. მაგრამ ირანის ამჟამინდელი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ვითარება შეიცვალა, ირანს მოუხსნეს სანქციები და აზერბაიჯანმაც გადახედა თავის პოლიტიკას. ის ძველი პოზა, რაც მას ეკავა ირანთან მიმართებაში, აზრს კარგავდა, იმიტომ რომ, დასავლეთი აპირებდა ირანთან ურთიერთობის დამყარებას. გავიხსენოთ ალიევის ბოლო ვიზიტი ირანში, როდესაც რამდენიმე ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და ერთ-ერთი წამყვანი იყო თანამშრომლობა ეკონომიკურ სფერში. სომხეთთან ყარაბაღის გამო აპრილის დაძაბულობისას, ირანმა არერთგვაროვანი მესიჯი გაისროლა, როდესაც განაცხადა, რომ  მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. თავიდან ირანი მხარს უჭერდა სომხეთს, ამდენად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი იყო. კულუარებში დადის ხმები, რომ მოსალოდნელია თანამშრომლობა სამხედრო სფეროშიც. ისეთი მასშტაბური არა, როგორც თურქეთთან...
– ლამის შერწყმულია თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები და ეს შესაძლებელია თურქეთ-ირანის ურთიერთქიშპობის გათვალისწინებით რეგიონში პირველობისთვის?
– სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ყველაზე მოქნილი დიპლომატიური პოლიტიკა აქვს აზერბაიჯანს. მას აქვს ურთიერთობა დასავლეთთან, თურქეთთან, რუსეთთანაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის ომში სომხეთის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა რუსეთმა. ირანი არ არის ჩამოსაწერი ქვეყანა. ის მსოფლიოს ხუთეულშია ნავთობისა და გაზის მარაგების მიხედვით. თან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტექნოლოგიური განუვითარებლობის ფონზე, ირანის ინფრასტრუქტურა, მრეწველობის დონე ვერც კი შეედრება თურქეთსა და საუდის არაბეთს, ის ვერ წააქცია 37-წლიანმა სანქციებმა. ამდენად, ირანს აქვს დიდი პოტენციალი, რომ უახლოეს 20-30 წელიწადში გახდეს რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა და დაჩრდილოს თურქეთიც და საუდის არაბეთიც. აზერბაიჯანი ხედავს ამ პერსპექტივას. მეორე მხრივ, სირიის გეოპოლიტიკურმა კრიზისმა ერთმანეთს დააკავშირა რუსეთი და ირანი. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას: ირანს თავისი  ინტერესები აქვს: ბოლო 200 წლის განმავლობაში ირანი საერთოდ არ იყო წარმოდგენილი ამ რეგიონში, რადგან სამხრეთ კავკასია უკვე გადანაწილებულად ითვლება: აზერბაიჯანი –  თურქეთთან, სომხეთი –  რუსეთთან და საქართველო –  დასავლეთთან, ირანისთვის თითქმის არ რჩება ადგილი. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ირანის ეკონომიკურ პოტენციალს, თურქეთიც გვერდზე გაიწევა და რუსეთიც. პერსპექტივაში ვერც რუსეთი და ვერც თურქეთი ვერ შესთავაზებენ სამხრეთ კავკასიას ისეთ პროექტებს, რის შეთავაზებაც შეუძლია ირანს.
– სამხრეთ კავკასიაში პოზიციები აქვს გასაძლიერებელი ირანსო. აქ საქართველოა ყველაზე თავისუფალი პოტენციალური პარტნიორი ირანისთვის და შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ირანისთვის უფრო ხელსაყრელია, მისმა ტვირთებმა, მიუხედავად იმისა, აზერბაიჯანით გამოატარებს თუ სომხეთით, საქართველოზე გაიაროს თუ მაინც შეუძლია, აგვიქციოს გვერდი და აირჩიოს რუსეთზე ან თურქეთზე გამავალი მარშრუტები? იმას ვამბობ, საქართველო სჭირდება ირანს?
– ყველაზე ნაკლებხარჯიანი მარშრუტია აზერბაიჯან-საქართველოს გავლით. აზერბაიჯანიდან რუსეთზე გამავალი მარშრუტი უფრო ხარჯიანია, თუმცა ერთია ეკონომიკური და მეორე –  პოლიტიკური ასპექტი. სომხეთში რთული რელიეფია, თუმცა ისტორიულად კარგი ურთიერთობა აქვთ ირანსა და სომხეთს, მაგრამ სომხეთი ვერსად გაიქცევა და ირანს უნდა, რომ გააქტიურდეს იმ მიმართულებით, სადაც მისი პოზიციები სუსტია –  აზერბაიჯანსა და საქართველოში. საქართველომაც გამოხატა მზაობა, რომ დაათბოს ურთიერთობა ირანთან, ცოტა მოვგიანებით, მაგრამ მაინც. აზერბაიჯანს კი, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მისი უფროსი ძმაა, უნდა, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა იქონიოს ახლო მეზობელთან.
– მაგრამ ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ფაქტორი. რუსეთი აპრიორი სუსტდება, როდესაც ირანი პოულობს გასასვლელსა და დასაყრდენს სამხრეთ კავკასიაში. რის დაშავება შეუძლია რუსეთს, აქვს თუ არა პოტენციალი, რომ ჩაშალოს ეს პროექტები და მეორე საკითხი: რუსეთის ჩართულობა ამ პროექტებში შეიძლება, გახდეს რუსეთის განეიტრალების მექანიზმი?
–  გავიხსენოთ თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. როგორც კი ის წავიდა, რუსეთმა მაშინვე აამოქმედა მცოცავი ოკუპაცია, რათა დაენახვებინა ყველასთვის, რომ საქართველო არ არის სტაბილური პარტნიორი ასეთი მასშტაბური პროექტებისთვის. დავუშვათ, ირანი მთელი დატვირთვით გააქტიურდა სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯან-საქართველოს მიმართულებით –  ენერგოპროექტები, სატრანსპორტო მარშრუტები, საინვესტიციო პროექტები –  ზუსტად იგივე შეიძლება, გაიმეოროს რუსეთმა. იმიტომ რომ რუსეთის ინტერესია საქართველოს იზოლირება, მისი უფუნქციო სახელმწიფოდ გადაქცევა, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს თავისი დომინანტური როლის გამოვლინებას და დამკვიდრებას სამხრეთ კავკასიაში. სომხეთთან ისედაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს: იქ ჰყავს თავისი სამხედრო ბაზები; აზერბაიჯანთანაც კარგი ურთიერთობა აქვს, მიუხედავად ყარაბაღისა; ირანთან საერთო ინტერესები აქვს ახლო აღმოსავლეთში. რუსეთისთვის საქართველოს მარტივი როლი არ აქვს, იმიტომ რომ, საქართველო გეოგრაფიულად და ისტორიულად არის კავკასიის შუაგული, ცენტრი. ვერც სომხეთი და ვერც აზერბაიჯანი კავკასიის ცენტრი ვერ იქნება და იმიტომაც მოხდა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია, რომ რუსეთს მუდმივად ჰქონოდა საქართველოზე ზეწოლის ბერკეტი. რუსეთი ირანს სთავაზობს, რომ აზერბაიჯან-რუსეთის გავლით დაუკავშირდეს ევროპას. ეს ხარჯიანი იქნება, მაგრამ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც ურჩევნია, ეკონომიკურად წამგებიანი იყოს პროექტი, ვიდრე მისი პოლიტიკური როლი დაკნინდეს.
თუ ირანი შემოვა საქართველოში და დამკვიდრდება აზერბაიჯანში, მაშინ რუსეთი მოქნილ იმპერიალისტურ პოლიტიკას ვერ გაატარებს და მოუწევს ირანთან დაჯახება. ირანს კი დასავლეთი 37 წლის განმავლობაში ეჯახებოდა და ვნახეთ, რით დასრულდა: ირანის გამარჯვებით. იგივე ელის რუსეთსაც. რუსეთს ახლო აღმოსავლეთში არ ჰყავს ისეთი პარტნიორი, როგორიც ირანია და თუ ირანს დაუპირისპირდება, ირანი მთლიანად დასავლეთის ორბიტაზე გადავა, როგორც შაჰის დროს იყო, ოღონდ უფრო დამოუკიდებლად და ვითარება შეიცვლება. ამდენად, რუსეთისთვის ეს დიდი დანაკარგი იქნება, ამიტომ ცდილობს, ეკონომიკური და დიპლომატიური სვლებით, ირანი სამხრეთ კავკასიის გვერდის ავლით გავიდეს ევროპისკენ: ანუ აზერბაიჯან-რუსეთის გავლით, რომ საქართველო დარჩეს უფუნქციოდ. ამიტომ ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა იყო არა მხოლოდ ევროკავშირზე აპელირება, იმიტომ რომ, ბევრი რამ გამოგვეპარა ჩვენს რეგიონშიც კი. ვხედავთ, რომ თურქეთიც იძულებულია, დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან, თითქოს თუ ბოდიში არ მოუხადა, სინანული გამოთქვა ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის გამო.
– რა მიზეზების გამო დაუტკბა ერდოღანი პუტინს?
– პირველი მიზეზია სირია: არათუ ბაშარ ასადის რეჟიმი ვერ დაამხეს, პირიქით, გაცილებით საშიში მტერი მიიღო თურქეთმა გრძელვადიან პერსპექტივაში 100 000-მდე შეიარაღებული სირიელი ქურთის სახით. მათ როგორ განაიარაღებ?! მეორე მიზეზია ტურისტული ინდუსტრია: თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, შარშანდელთან შედარებით 80 პროცენტით შემცირდა რუსი ტურისტების ნაკადი თურქეთში. ერთ წელიწადში ეს დანაკლისი ვერ შეივსებოდა ევროპელი ტურისტებით. გერმანიასთან ურთიერთობა დაეძაბა. ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან, ანუ ევროპა ახლა ვერ მოიცლის თურქეთისთვის, რადგან თავიანთი პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი. ამიტომ თურქეთი, რუსეთმა და ირანმა რომ არ დაჩაგროს, იძულებულია, გადადგას ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის დათბობისთვის. ჩვენთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, ევროპას თავისი გასაჭირი აქვს. რასაკვირველია, უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა ევროპასთან, რათა ბალანსი შენარჩუნდეს: ევროპა თუ წავიდა რეგიონიდან, ადვილი წარმოსადგენია, რუსეთი  და თურქეთი რას მოიმოქმედებენ სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ იმ სახელმწიფოებთან მიმართებაში, რომლებიც დადებითად არიან განწყობილები საქართველოს მიმართ. მათ შორისაა ირანი, რომელსაც საქართველოსთან არანაირი პრეტენზია არ აქვს.
– არც კი გვესაზღვრება, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
–  თუ დღევანდელ ირანს გავაიგივებთ შაჰ-აბასის ირანთან, ამ ლოგიკით: დღეს არც თურქეთი უნდა იყოს ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. უნდა გავითვალისწინოთ ერთი ფაქტორი: ირანს არ უღიარებია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და არც მხარი დაუჭერია სეპარატისტებისთვის, განსხვავებით ჩვენი რამდენიმე მეზობლისგან. ირანს პოსტსანქციურ პერიოდში სჭირდება გასასვლელი ევროპისკენ და მისთვის ყველაზე ხელსაყრელი მარშრუტია საქართველოს გავლით. ჩვენთვის არანიარი მნიშვნელობა არ აქვს, სომხეთზე გავლით შემოვა ეს ტვირთები თუ აზერბაიჯანზე გავლით. გამორიცხულია, ირანმა თურქეთით გაიტანოს მთელი  თავისი ენერგოსიმძლავრეები. ეს მარტივად იხსნება: ისტორიულად თურქეთი ირანის დაუძინებელი მტერია. სირია-ერაყის კონფლიქტიც ათწლეულობით გაგრძელდება, ამიტომ ირანს ხმელთაშუა ზღვით სტაბილური მარშრუტი კარგა ხანს ვერ ექნება. იმისდა მიუხედავად, თურქეთი მოუხდის თუ არა ბოდიშს რუსეთს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა თავიანთი ინტერესებით უნდა იმოქმედონ და თბილისმა უფრო მეტი დიპლომატიური აქტივობა და მოქნილობა უნდა გამოიჩინოს ირანთან მიმართებაში. იმიტომ რომ ჩვენი დამატებითი უსაფრთხოების გარანტი შეიძლება, გახდეს ის პროექტები, რომლებიც შესაძლოა, ირანმა საქართველოში განახორციელოს. თუ ჩვენ დასავლეთისა თუ ვინმე სხვა პარტნიორების რჩევით დავბლოკეთ ეს პროექტები, ეს გამართლებული არ იქნება. მათ ირანთან თავიანთი ანგარიშები აქვთ, ჩვენ კი ირანთან არანაირი ანგარიში არ გვაქვს, თუმცა დღეს ირანთან ვურთიერთობთ სხვადასხვა ქვეყნის მითითებებით ან თხოვნით. ამით ზარალდება ჩვენი ინტერესი, თორემ არცერთი თავს არ დაიღუპავს.
ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ როგორც ირანის, ისე სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით, იმიტომ რომ, ჩვენი უსაფრთხოების გარანტია დევს მძლავრი სახელმწიფოების ინვესტიციებში ჩვენს ტერიტორიაზე. თუ ასეთი პროექტები განხორციელდება, ეს გაანეიტრალებს რუსეთს. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში რუსეთის ჭიდილი საქართველოსთან უკავშირდება შემდეგს: როდესაც ევროპაზე განაწყენდება, მაშინ გვეჭიდავება ჩვენ, მაგრამ ტრანსნაციონალურ კორპორაციებთან ჭიდილი, გინდა ათი პუტინი იყოს, მაინც მტკივნეული და არასასურველი იქნება და ყველა მოერიდება.

скачать dle 11.3