არჩევნების ეშხით
გონებაშეზღუდული ამომრჩეველი – კარგი ამომრჩეველი?!
რაკი არჩევნები მოდის და პოლიტპარტიები მისი ეშხით არათუ ღვინოს, თვით სამსალასაც კი შესვამენ, ოღონდაც სასურველ სკამებზე დაივანონ, არც დაპირებებს იშურებენ, არც ერთმანეთის უკიდეგანოდ ლანძღვაში – თავგანწირვას და არც იმ „ოქროს სარაიების“ დეტალურ აღწერას გვაშურვებენ, რომლებსაც (თუმცა არასდროს აგვიშენებენ), თვით თავიანთ „სარაიებზე“ ადრე აგვიგებენ.
გამონაკლისი არც ქ-ნი ბურჯანაძე და მისი გუნდია (ან კი რატომ უნდა იყოს?!). ჰოდა, რაკი არ არის, მათმა „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ საზოგადოებას ახალი ინიციატივა შესთავაზა, რომელიც, როგორც თავად უბნობენ, „იქნება ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის, სტაბილურობის, მშვიდობის, ტერიტორიული მთლიანობის და ეკონომიკური აღორძინების გარანტი“.
სახელდობრ (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე თავს უნდა დაემატოს მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველო გამოაცხადებს უბლოკო სტატუსს“.
ანუ, „დემოკრატიულად მოძრავთა“ აზრით, საქართველომ უარი უნდა თქვას ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე, შესაბამისად, საქართველოში არ უნდა იყოს განლაგებული არცერთი სახელმწიფოს არცერთი სამხედრო ორგანიზაციის ჯარი.
ინიციატივა სასურველ სიზმარს ჰგავს (სიდედრული პათოსით: „ორივე მტკვარში დაგვახრჩობია, შენც დაისვენებ, მეც“), თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ უბლოკო სტატუსი არა ამ სტატუსის მქონის, არამედ, სწორედაც რომ, სამხედრო ბლოკების, ესე იგი, „ნატოსა“ და რფ-ის გადასაწყვეტია და იმასაც დავუმატებთ, რომ შეუძლებელია, ეს არ იცოდეს ქ-ნმა ბურჯანაძემ, ზემომოტანილი ინიციატივით კიდევ ერთხელ ღრმავდება ეჭვი, რომ ეს ჩვენი მშობლიური პოლიტიკოსები (მეტნაკლებობით, რასაკვირველია), ამომრჩევლის სუსტად გონებაჩამორჩენილობის იმედზეა?! –