როდის ცხოვრობს ქალი ქმართან მხოლოდ მოვალეობის გამო
არსებობენ ქალები, რომლებსაც ურჩევნიათ, არ უყვარდეთ, თუმცა გათხოვებაზე უარს არ ამბობენ. რა პრინციპით არ უნდათ სიყვარული? – თავდაცვის ძლიერი ინსტინქტის გამო. ანუ, რას ნიშნავს ეს – ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სიყვარული იწვევს მხოლოდ მწარე იმედგაცრუებას, რადგან არ არსებობს ერთგული მამაკაცი. მაშინ, რა საჭიროა სიყვარული, თუკი მაინც გული უნდა გვეტკინოს და ცხოვრება უსიყვარულოდ გავაგრძელოთ... შეიძლება, ეს შეცდომაა, მაგრამ ამ „სიმართლესაც“ აქვს არსებობის უფლება.
გვანცა (41 წლის): ხშირად ვფიქრობ, ნუთუ მართლა აღარ მაინტერესებს საკუთარი ბედნიერება? ვეკითხები ხოლმე თავს და ხან მაქვს პასუხი, ხან – არა... ფაქტი ისაა, რომ ჩემი ქორწინება ის არ არის, რაც უნდა იყოს. ვერ ვიტყვი, რომ ვოცნებობდი ამაზე. რომელი ქალი ოცნებობს, გათხოვდეს და არ იყოს ბედნიერი... შეცდომა დავუშვი, მაგრამ ახლა ამ შეცდომის გამოსწორება ძვირი დამიჯდება.
– ფიქრობთ, თქვენი პრობლემა არასტანდარტული და განსაკუთრებულია?
– არა, რა თქმა უნდა. პირიქით, იმაშიც კი დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი პრობლემა ბევრი გათხოვილი ქალისთვის არის ნაცნობი. ხუთი წლის წინ იმედით, ნდობით და სიხარულით სავსე ვიყავი. იმასაც ვფიქრობდი, როგორ გამიმართლა-მეთქი. ჩემმა ქმარმა თავისი საუბრით მომხიბლა. მაშინ ჯერ კიდევ დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე, მარტო ჩემთვის ლაპარაკობდა...
– რას გულისხმობთ?
– იმას, რომ ვერ მივხვდი, ვისთან მქონდა საქმე. კომპლიმენტებს, რომლებსაც სულ მეუბნებოდა – დილიდან დაღამებამდე და დაუღალავად, ისე ისროდა, ჰაერზე და სულაც არ ამოსდიოდა გულიდან, სიყვარულით. ზუსტად ასე ეუბნებოდა აბსოლუტურად ყველა ქალს, რომელიც კი თვალში მოუვიდოდა. ასეა დღესაც... კაბიანს არ უშვებს ხელიდან. ტყავიდან ძვრება, რომ თავი მოაწონოს. გულისამრევი მექალთანეა.
– იქნებ მხოლოდ ფლირტის პროცესი მოსწონს. მაშინ, ეს არც ისეთი ტრაგედიაა.
– საკმაოდ დიდხანს ვიმშვიდებდი თავს ამ მითით. როცა პირველად შევამჩნიე ქმარს მანკიერი ჩვევა, შოკირებული ვიყავი. ეს მოხდა გათხოვებიდან ძალიან მალე. ჯერ ჩემს დაქალს დაუწყო „შებმა“ – რაც ძალიან სერიოზულად არ აღმიქვია და ალბათ, არც არაფრად ჩავთვლიდი, თავად ჩემი დაქალი რომ არ აღშფოთებულიყო. რაც არ დამალა და პირდაპირ მითხრა: ეს შენი ქმარი რა დღეშია, ვინ ვგონივარ. შენ გცემ პატივს, თორემ მე ვიცი, რასაც ვუზამდიო... „გავუტარე“ – რა სისულელეა, ეტყობა, უნდოდა მასზე შთაბეჭდილება მოეხდინა, იმან კი ასე უკუღმართად გაიგო-მეთქი. ანუ, ვცდილობდი, როგორმე გამართლება მომეძებნა ქმრის საქციელისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, თავად არ მომცა ამის საშუალება. ისევე განაგრძო, როგორც მანამდე იქცეოდა. ბოლოს უკვე ქალს არ უშვებდა, მისი „შებმა“ რომ არ ეცადა. მეც კი აღარ მერიდებოდა.
– კონკრეტულად რას აკეთებდა თქვენ თვალწინ?
– აღარ ერიდებოდა თავისი ჭეშმარიტი სახის გამოჩენას. ქორწინების დასაწყისში თუ ცოტათი მაინც აკონტოლებდა თავის საქციელს, ჰქონდა რაღაც მორიდების განცდა, მერე უკვე აღარ მერიდებოდა. ფეხმძიმეს კონსულტაციებზე რომ დამყვებოდა, ექთანთან ისე იქცეოდა, შემრცხვა. შესციცინებდა და ეკეკლუცებოდა, „თვალებით ჭამდა“. უღიმოდა და რაღაცეებს ეჩურჩულებოდა... ისეთი ამაზრზენი იყო, ლამის ცუდად გავხდი. ექიმმაც კი შეამჩნია მისი არაადეკვატური საქციელი. ისე შემომხედა, მივხვდი, შევეცოდე.
– ანუ, თავს დამცირებულად გრძნობდით მისი საქციელის გამო?
– თავიდან ნამდვილად მხოლოდ შეურაცხყოფის განცდა იყო. ეჭვიანობა მერე მოვიდა და საკმაოდ მძაფრადაც. ანუ, ქალურ თავმოყვარეობას დაემატა ისიც, რომ, როგორც ცოლმა, ვიეჭვიანე. რა საშინელი განცდაა ეჭვი, ამას ახსნაც არ სჭირდება. კიდევ უარესი ქალური თავმოყვარეობის შელახვაა. გავნადგურდი. პირველი, რაც ვიფიქრე, ის იყო, რომ უნდა გავყროდი, თანაც სასწრაფოდ. ნებისმიერი თავმოყვარე ქალი ჩემს ადგილას სწორედ ამას იფიქრებდა. მაგრამ, მერე დავჯექი და დავფიქრდი – რომ გავეყარო, ამით რა შეიცვლება-მეთქი. დიდად არ ინერვიულებდა... არც მოღალატე ქმართან ცხოვრება მინდოდა, მაგრამ პირველი პერსპექტივა გაცილებით უარესი იყო. გადავწყვიტე, თვალი დამეხუჭა.
– თვალი რაზე უნდა დაგეხუჭათ, ღალატზე?
– მე ფაქტზე არ გამომიჭერია. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მღალატობს კიდეც, მაგრამ არ ვუღრმავდები – რისთვის: მირჩევნია, ასე ვიცხოვრო. იდეალური მამაა ჩემი ქმარი და მირჩევნია ამაზე ვიფიქრო. რაღაც დადებითი ხომ მაინც აქვს? მართლა იდეალური მამაა – მზრუნველი, ყურადღებიანი, მოსიყვარულე. როცა ბავშვი მასთან არის, მშვიდად ვარ. მაგრამ, როგორც ქმარი – უკვე პრობლემაა. ჩემი ქორწინება ჩვეულებრივი ფარსია. მე ვიცი, რომ ერთგული მეუღლე არ მყავს და არც მეყვარება. საერთოდ, რაში მჭირდება სიყვარული. ადრე ასე არ ვფიქრობდი, მაგრამ ამან ბედნიერი ვერ გამხადა. არ არსებობს კაცი, რომელიც გულს არ გატკენს. ჩემი ქმარი გამონაკლისი არ არის. ყველა ცოლი რაღაცაზე ხუჭავს თვალს. არა უშავს, ცხოვრება ამით არ მთავრდება. მყავს შვილი, რომელიც იმსახურებს იმას, დედაც ჰყავდეს და მზრუნველი მამაც. მისი ბედნიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი.
– გეთანხმებით, რომ შვილის ბედნიერება მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პირად ბედნიერებაზე რას იტყვით?
– თავს ვარწმუნებ, რომ ასეც მშვენივრად ვიცხოვრებ, ყოველგვარი ქალური ბედნიერების გარეშე. მარტო კაცი ხომ არ არის ბედნიერება. ქალები საკუთარი ხელით ვითხრით სამარეს, როცა ცხოვრების აზრს კაცის სიყვარულში ვხედავთ.