რის უფლებას არ აძლევდნენ ნანა ლორთქიფანიძეს ქმრები და რის გამო აქვს მას სინდისის ქენჯნა
ნანა ლორთქიფანიძემ რომ მსახიობის პროფესია აირჩია, ბუნებრივია, რადგან რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძისა და მსახიობ ქეთევან კიკნაძის ოჯახში გაიზარდა. ბავშვობიდან, ისე მოსწონდა მშობლების საქმიანობა, რომ არც კი უფიქრია, სხვა პროფესიას დაუფლებოდა. მიუხედავად ამისა, როგორც თავად ამბობს, კარიერას ყოველთვის ოჯახს ამჯობინებდა. ახალგაზრდობაში, როცა უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონდა, ოჯახის გამო ბევრ დათმობაზე წასულა. ქალბატონი ნანა, თავის საინტერესო ცხოვრების შესახებ, თავად გიამბობთ.
ნანა ლორთქიფანიძე: პროფესიის თვალსაზრისით საკმაოდ აქტიური ვარ. ახლა დავამთავრე ორი ფილმი: „ჩემი ბედნიერი ოჯახი” და „შეშლილები”. თუმცა, რომ გითხრათ, ძალიან დატვირთული სამუშაო მქონდა-მეთქი – არა. „ჩემი ბედნიერი ოჯახის” გადაღებები იყო ცოტა რთული, რადგან ღამით მიმდინარეობდა და ღამეების გათენება გვიწევდა. რაც შეეხება მეორეს, ეს არის ვარსკვლავთცვენა, როგორც ფილმის რეჟისორი უწოდებს. მასში მონაწილეობენ: კახი კავსაძე, გურანდა გაბუნია. ამ ფილმში დედასთან ერთად მომიწია რამდენიმე ეპიზოდის თამაში და ძალიან კმაყოფილი ვარ. ასევე, ვმუშაობ გოგა ხაინდრავას სერიალში, სადაც ვთამაშობ პრეზიდენტის დედას. ძალიან საინტერესოა გოგასთან მუშაობა. სრული კომფორტი გვაქვს მსახიობებს. უზრუნველყოფილები ვართ ყველაფრით, მათ შორის, ტანსაცმლით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, როცა მსახიობი არ ფიქრობს, რომელი ტანსაცმელი ჩაიცვას, რომელი ფეხსაცმელი და ასე შემდეგ. ამ ფუფუნებას მიჩვეულები არ ვართ, რადგან სერიალებს არ აქვთ საკმარისი ბიუჯეტი. შესაბამისად, თავად ვზრუნავთ ჩვენს იმიჯზე. ეს რთული საკითხია, რადგან ის, რასაც ხვალ ქუჩაში ჩავიცვამ, გადაღებაზე არ გამომადგება. ამიტომ სულ თხოვებაში, გადაკეთებასა და მსგავს პროცესში ვარ. თუმცა, აქ კიდევ, სულ სხვა კომფორტზეა საუბარი, რომელიც უშუალოდ, გოგას პიროვნული დამსახურებაა. რაც შეეხება თეატრს, გვქონდა პრემიერა – „ლისისტრატე”. ლაშა ბუღაძის პიესაა.
– დედასთან ერთად მუშაობა რთული და საპასუხისმგებლო არ არის?
– დიახ, თუმცა იმავდროულად, ძალიან კარგი და სასიამოვნოც. მართალია, გადაღებების პროცესში ბევრ შენიშვნას მაძლევს, მაგრამ მაინც მაბედნიერებს მასთან ერთად თამაში.
– შენიშვნები და რჩევები მამისგანაც ბევრი გექნებოდათ.
– კი, რა თქმა უნდა, გავუკრიტიკებივარ კიდეც, თან ძალიან ბევრჯერ. უფრო მეტად თეატრში – მიწუნებდა ხოლმე შესრულებეულ როლებს. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როცა შევუქივარ. მეც ხშირად მივსულვარ რჩევისთვის პრემიერამდე, გადასაღებ მოედანზე გასვლამდე. სხვათა შორის, ახლა დედასთან ვარ ზუსტად ასე – ახლი სცენარით ან პიესით მივდივარ მასთან და ერთად განვიხილავთ. მამას აღფრთოვანება ყველაზე მეტად მახსოვს, როცა მარიას როლი ვითამაშე რობერტ სტურუას სპექტაკლში „შობის მეთორმეტე ღამე”. გიგა ვერ მალავდა ემოციებს, ძალიან ბედნიერი და ამაყი იყო. ერთხელ ვითამაშე რეზო კლდიაშვილის პიესაში და კარგად მახსოვს, მამა საგრიმიოროში ძალიან გაბრაზებული შემოვიდა და მეუბნება: რა არის ეს, ცხელი კარტოფილი გაქვს პირში? (იცინის). ჩემს თავს ახლაც მამაჩემის გადმოსახედიდან ვამოწმებ. მე ხომ ვიცი, როგორი გემოვნება ჰქონდა და როცა რაღაცას ვაკეთებ, ვფიქრობ, გიგას, როგორ მოეწონებოდა, რას მეტყოდა.
– ყოფილა როლები, რაზეც უარი გითქვამთ?
– კი, როგორ არა. შედარებით ახალგაზრდა რომ ვიყავი, მქონდა რაღაც ისეთი შემოთავაზებები, რაც ჩემთვის მიუღებელია. მაგალითად, ეროტიკული სცენა და ასე შემდეგ. ყოფილა შემთხვევა, როცა სცენარი წამიკითხავს და ჩემი ადგილი ვერ მიპოვია. სხვათა შორის, მამას ამ საკითხზე სულ სხვა შეხედულება ჰქონდა. მეუბნებოდა, რომ მსახიობმა ყველა როლი უნდა ითამაშოსო. მართალია, არ ესიამოვნებოდა ეროტიკულ სცენაში რომ ვენახე, მაგრამ მაინც. ახლა ბევრ რამეს ვნანობ. უარს ვამბობდი როლებზე ჩემი სისულელით – ხან რეჟისორი არ მომწონდა, ხან რა. როცა ახალგაზრდა ხარ, გგონია, ყველაფერი წინ გაქვს. მეც ასე ვიყავი და თუ რეჟისორი არ მომწონდა, არ ვთამაშობდი; არ მომწონდა პიესა – უარს ვამბობდი. ეს ზედმეტი ამპარტავნების ბრალი იყო, ალბათ, რის გამოც ბევრი რამ დავკარგე. პირადი ცხოვრების გამოც მაქვს უარი ნათქვამი როლზე. სხვა რეჟისორი კი არა და მამაჩემს არ დავთანხმდი ფილმში თამაშზე, რადგან ზუსტად მივხვდი, რომ ეს როლი ჩემი არ იყო. მამაჩემს არ ეშლებოდა როლზე მსახიობის შერჩევა, მაგრამ ბოლოს აღიარა, რომ მართალი ვიყავი. მაშინ, იღებდა ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით პატარა სერიალს, სადაც სოფლის მასწავლებლის როლი უნდა შემესრულებინა. ძალიან სახასიათო და კარგი როლი იყო. გიგას პირდაპირ ვუთხარი, ეს არ არის ჩემი როლი და დედამ უნდა ითამაშოს-მეთქი. დედაჩემი გაგიჟდა, რას ჰქვიაო, მაგრამ არაფრით დავთანხმდი. გაამართლა ჩემმა რჩევამ და დედა იყო იდეალური ამ როლში. მართალია, თავიდან მამას უარი არ ესიამოვნა და ჩემგან გაუკვირდა მსგავსი საქციელი, მაგრამ დავუსაბუთე და მიხვდა, რომ მართალი ვიყავი.
– თქვენს მეუღლეებსაც ამ სფეროსთან ჰქონდათ შეხება და გიკრძალავდნენ კონკრეტულ როლში თამაშს? ისე, როგორი შვილი იყავით, დამჯერი?
– ასეა, მაგრამ ყველაზე მეტი აზიატები ჩემი მეუღლეები აღმოჩნდნენ (იცინის). ერთხელ ერთ-ერთმა მეუღლემ მითხრა: სცენაზე ვინმემ „მიყვარხარ“ რომ გითხრას, შეიძლება, დარბაზში გული გამისკდესო. ვინმესთვის მეკოცნა ან რაიმე მსგავსი, ამაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. არადა თვითონ სცენაზეც კოცნიდნენ და ეკრანზეც აკეთებდნენ ყველაფერს (იცინის). მე ამის უფლება არ მქონდა. სხვათა შორის, ბუნებით ვარ ასეთი, ოღონდ კონფლიქტი არ იყოს და ბევრ რამეს დავთმობ. ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის ჩემთვის. მაშინ, ამის გამო უთანხმოება არ მიღირდა. პირადი ცხოვრების გამო, მიღირდა რაღაცეები დამეთმო. მე არასდროს მესმოდა იმ მსახიობების, ვინც წლების განმავლობაში იკავებდნენ თავს შვილების გაჩენისგან და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩემი და მშობლების ურთიერთობას, ეს თემა ყოველთვის სალაპარაკოდ მაქვს. საერთოდ, მამას კი არა და ნებისმიერს შეიძლება, შეეწინააღმდეგო, მაგრამ მე და მამა ყოველთვის თანამოაზრეები ვიყავით. მისი აზრი დიდ გავლენას ახდენდა ჩემზე. მამა ბუნებით დემოკრატი იყო, თანამედროვე აზროვნების ადამიანი. სიცოცხლის ბოლო წუთამდე საოცრად თანამედროვე გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
– საუბრიდან გამომდინარე, კარიერას ოჯახი ამჯობინეთ?
– ჩემთვის ოჯახი ყოველთვის უპირატესი იყო. როცა აუცილებლობა მოითხოვდა, ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი, მაშინ კარიერაზე ვერ ვიფიქრებდი. ახლაც ყველაფერი შემიძლია, მივატოვო მის გამო. აქედან გამომდიანრე, რასაკვირველია, ოჯახი ბევრად მნიშვნელოვანი გახლდათ.
– თუმცა, სამჯერ იყავით გათხოვილი და სამივეჯერ თქვენი ოჯახი დაინგრა. თქვენი დღევანდელი გადმოსახედიდან, რა იყო ამ ყოველივეს მიზეზი?
– სამწუხაროდ, ასე მოხდა. მთავარ მიზეზს ვერ ვიტყვი და ერთ კონკრეტულ რამეს ვერ დავასახელებ. ურთიერთობებში რაღაც იცვლება, რაღაც გროვდება. თუმცა, ფაქტია, რომ სამივეჯერ დიდი სიყვარულით შევქმენი ოჯახი, სხვაგვარად, მე არ შემიძლია. ძალიან ვნანობ პირველი ოჯახის დანგრევას და ეს სინანული მთელი ცხოვრება გამყვება. ჩემი შვილის მამა, ჩემი პირველი ოჯახი, ჩემი მეუღლე ილიკო – დარჩება საოცარ, მოუნელებელ ტკივილად. რაც ჩვენ შორის მოხდა და რის გამოც ოჯახი დაინგრა, სასაცილოა. მაშინ პატარები ვიყავით და რაღაცეები ვერ გავითვალისწინეთ. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. ცოტა უფრო დიდი რომ ვყოფილიყავი და მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება მქონდოდა, იმ ოჯახს არ დავანგრევდი და შვილს მამას შევუნარჩუნებდი. ამ ნაბიჯით, იქნებ, მისი ცხოვრებაც სხვაგავარად წასულიყო და დღეს ცოცხალიც ყოფილიყო. გულწრფელად რომ გითხრათ, რაღაც სინდისის ქენჯნას ვგრძნობ, რადგან შემეძლო, გადამერჩინა ჩვენი ოჯახი, უბრალოდ, აღარ მოვინდომე.
– რატომ?
– არ ვიცი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ გრძნობა აღარ იყო. ის გრძნობა, რაც მეუღლის მიმართ მქონდა გაყრის მომენტში, მას შემდეგ და დღესაც, ეს არის ის, რითაც ოჯახები ცხოვრობენ მყარად. ძალიან ბევრ რამეს განაპირობებს ადამიანის გარეგნობა – როცა ვიღაც სულ მოგწონს ფიზიკურად. ასეთი დამოკიდებულება მქონდა ილიკოსთან, რადგან საოცრად ლამაზი ბიჭი იყო. მოკლედ, ჩემს თავს ვადანაშაულებ ამ ყველაფერში. მას დიდი სურვილი ჰქონდა, ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ არ ვიცი, ვერც კი ვაყალიბებ... 26 წლის ვიყავი, როცა გავშორდი. ახლა იმიტომ არ ვლაპარაკობ მასზე ასე, რომ გარდაცვლილია. მე სულ ვნანობ იმ ოჯახის დანგრევას, რადგან დამნაშავე ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩემი ბრალი არ იყო. ორი ადამიანის ურთიერთობაში ორივე დამნაშავეა.
– შვილთან თუ გისაუბრიათ ამ თემაზე?
– როგორი მეგობარიც არ უნდა იყოს შვილი, ყველაფერზე მაინც ვერ ისაუბრებ, თუნდაც იმიტომ, რომ გული არ ატკინო. არ გინდა, გაანაწყენო მამაზე, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ის. იმდენად გავაიდიალე ილიკო ჩემი შვილისთვის, რომ ბავშვმა ძლივს გადაიტანა მისი გარდაცვალება, საშინელ დეპრესიაში ჩავარდა და წამლებზე მყავდა. ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ ჩემს გოგოს არასდროს უსაყვედურია იმის გამო, რომ ოჯახი დავანგრიეთ. დაახლოებით იცის მიზეზები და რაღაცეებს გაგებით ეკიდება. ყველა ახალგაზრდას მინდა, ვურჩიო, კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩემს შვილსაც ვურჩევდი, მაგრამ არ გამოუვიდა გათვალისწინება. მასაც დაენგრა ოჯახი. ჰყავს ორი ბიჭი. ძალიან ცუდია ოჯახის დანგრევა, მაგრამ, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს”. წინააღმდეგობას ვერ გაუწევ თავს, როცა გრძნობა აღარ არის, როცა ერთ ენაზე ვეღარ საუბრობთ, როცა ერთმანეთის აღარ გესმით. ოდესღაც ის გრძნობაც ქრება – ასე რომ არ იყოს, როგორ დაიწყება ახალი სიყვარული?
– ღალატის გამო ხომ არ დასრულებულა რომელიმე ურთიერთობა?
– არ ვიცი, ყოველი შემთხვევისთვის, ჩემი მხრიდან არ ყოფილა. იყო, რაღაც ეჭვიანობა, მაგრამ ეს ბუნებრივია – როცა გიყვარს, ეჭვიანობ კიდეც. ჩვენი გაყრის ძირითადი მიზეზი ეს არ ყოფილა.
– თქვენს ყოფილ მეუღლეებთან თანამშრომლობაც გიწევთ. ეს რთული არ არის?
– მიშასთან არ მიწვეს ურთიერთობა, ზაზათან – კი. პირველ ხანებში ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა და ხანდახან მავიწყდება კიდეც, რომ ცოლ-ქმარი ვიყავით. არცერთთან არ მქონია ცუდი ურთიერთობა გაშორების შემდეგ და ვერ ვიტან, ვერც ერთ ჩემს მეუღლეზე ვინმე გადაბრუნებულს თუ იტყვის. საშინლად არ მომწონს, ძალიან მაღიზიანებს.