როგორ ჩაშალა ნინო მუმლაძის მკერდმა სპექტაკლი კინაღამ და რის გამო შეასრულა მან ეროტიკული ცეკვა ბარში
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობს, ნინო მუმლაძეს წლებია, მაყურებელი იცნობს. განსაკუთრებული აჟიოტაჟი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ნათიას როლს მოჰყვა, რომელიც დათოს საყვარელი გახლდათ. ამ ეტაპზე ნინოს „კომედი არხზე“ მიჰყავს გადაცემა „მუსიკალური ღილაკი“ გიორგი გაგლოევთან ერთად. თეატრში კი ახლახან დაიდგა უალიამ შექსპირის „აურზაური არაფრის გამო“ დიდებისთვის, რომელშიც, ბუნებრივია, ნინოც მონაწილეობს. პრემიერა გორში, კომედიის ფესტივალზე შედგა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. გარდა ამისა, ნინო ცოტა ხნის წინ, სერიალშიც კვლავ გამოჩნდა.
– ნინო, სერიალში ცოლიან მამაკაცთან გქონდა რომანი. სინამდვილეში შენს თაყვანიმცემელთა შორის თუ ყოფილან ცოლიანი მამაკაცები?
– ჩემს თაყვანისმცემელთა შორის ცოლიანი მამაკაცებიც ყოფილან და უცოლოებიც. მაგრამ, როცა რაღაც ბარიერი არსებობს, ამაზე წასვლა არ ღირს, რადგან ყოველთვის მეორე იქნები. რატომ უნდა გაიმწარო და გაირთულო ცხოვრება, როდესაც ძალიან ბევრი თავისუფალი მამაკაცი არსებობს?! (იცინის) სხვათა შორის, როცა სერიალში აქტუალური ვიყავი, ერთი ცოლიანი მამაკაცი ძალიან აქტიურად ცდილობდა ჩემი ყურადღების მიქცევას. ალბათ, ჩემს პერსონაჟთან მაიგივებდა და იმიტომ. როგორც ქალებისგან ვიმსახურებდი ნათიას როლის გამო კრიტიკას, წივილ-კივილს და ლანძღვას, ისე მამაკაცებისგან – ყურადღებას (იცინის). თუმცა, ვცდილობ, ცოლიან მამაკაცებთან დისტანცია დავიცვა, რადგან ზედმეტი პრობლემები არ მჭირდება. თან, ისინი სინამდვილეში ჩემი კი არა, ნათიას თაყვანისმცემლები არიან და მე არც მიცნობენ.
– შეგიძლია, თაყვანისმცემლებისგან მიღებული სასიამოვნო საჩუქრებისა და სიურპრიზების შესახებ მიამბო?
– ჩემთვის საჩუქარი მაშინაა ყველაზე სასიამოვნო, როცა ზუსტად ის არის, რაც იმ მომენტში მჭირდება. მახსოვს, ერთხელ ახალი წლის პერიოდი იყო და ძალიან გადაღლილი ვიყავი საქმეებით, თან, რაღაც ვირუსიც შემეყარა. იმ მომენტში ერთი ჩემი თაყვანისმცემელი ზუსტად მიხვდა, რაც მჭირდებოდა და მაჩუქა ორკაციანი ნომერი სიღნაღში, სიყვარულის ქალაქში რამდენიმე დღით. ზუსტად ის მივიღე, რაც მინდოდა: სიმშვიდე, სიწყნარე და არაჩვეულებრივი განტვირთვა. მე და ჩემი და წავედით და არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ.
– და ამ ურთიერთობას რა ბედი ეწია?
– იმ ადამიანთან ურთიერთობა არ მქონია. უბრალოდ, თაყვანისმცემელი იყო და ძალიან დიდი მადლობა მას. ასეთი საჩუქარი მირჩევნია, დაბადების დღეს ან ახალ წელს ვალდებულების გამო გაკეთებულს.
– იდუმალი თაყვანისმცემელი თუ გყოლია?
– კი. ორი წელი სიურპრიზები მხვდებოდა და არ ვიცოდი, ვისგან. სიმართლე გითხრა, ძალიან სასიამოვნო იყო (იცინის). მეორე წელს გავიცანი ჩემი იდუმალი თაყვანისმცემელი, მაგრამ ამ ურთიერთობას სერიოზული არაფერი მოჰყოლია.
– გავრცელდა ხმები, რომ შენ და გიორგი გაგლოევს რომანი გაქვთ.
– ჰო, რაღაც გამოგვიგონეს... სინამდვილეში ჩემსა და გიორგის შორის რომანი არ ყოფილა და არც იქნება, რადგან უახლოესი მეგობრები ვართ.
– გიორგი კეკელიძესაც დაუკავშირეს შენი სახელი. მასთან რა გაკავშირებს?
– არაფერი, მეგობრობის გარდა. ძალიან ვაფასებ ამ ადამიანის ნიჭს. აბსოლუტურად დამოუკიდებლად, დიდ წარმატებას მიაღწია. ვფიქრობ, პატივსაცემია ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ამ ასაკში გახდეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ამასთანავე, იყოს ძალიან კარგი მწერალი, პოეტი. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ შორის რაღაც ხდება. ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა ისეთი ურთიერთობა, რომელზეც საქვეყნოდ საუბარი ღირდა. როცა გამოჩდება ადამიანი, რომელთანაც ცხოვრების დაკავშირება მომინდება, ამას ხმამაღლა ვიტყვი და ყველა გაიგებს. აქამდე ასეთი მამაკაცი არ შემხვედრია. ვისთან მაქვს ფლირტი და ვისთან ვერთობი, ეს საჯაროდ გამოსატანი არ მგონია.
– გახსოვს პირველი სიყვარული?
– სულ პირველად რომ შემიყვარდა, პირველ კლასში ვიყავი და ძალიან სასაცილო ისტორია გადამხდა. თუ არ ვცდები, ჯონი ერქვა იმ ბიჭს და მასწავლებელს შუა გაკვეთილზე განუცხადა, ნინო მიყვარსო. მასწავლებელს უთხრა, მე კი არა. პირველ კლასში პოპულარული გოგო ვიყავი, ბევრი ბიჭი მეპრანჭებოდა და საჩუქრები მოჰქონდათ, მაგრამ, ამან ხმამაღლა გამოაცხადა, ყველას წინაშე. ეტყობა, მეც მესიმპათიურებოდა და როცა მასწავლებელმა მკითხა, შენ რას ფიქრობო? მეც დავეთახმე და ასე გავხდით წყვილი. ძალიან სასაცილო იყო ეს ყველაფერი. ჩემი ჩანთა მოჰქონდა სკოლის შემდეგ და დავალებებს მაწერინებდა. უფროსი ძმა ჰყავდა, რომელიც სულ „ეღადავებოდა:“ აბა, როდის უნდა მოიტაცო და ცოლად მოიყვანოო. ის განიცდიდა, რადგან ხვდებდა, რომ ეგ ამბავი ჯერ არ გამოუვიდოდა (იცინის). 15 წლის ვიყავი, როცა ერთმა ბიჭმა ინიციატივა გამოხატა, მეც მომეწონა და ერთი თვე ვიყავით ერთად. მაშინ იყო მუცელში პეპლების შეგრძნება და პირველი კოცნა (იცინის).
– ამბობენ, ნინო ბოლო დროს ცოტა სკანდალური გახდაო. ამის მიზეზი, ალბათ, ის სკანდალური ფოტოა, რომელზეც ჩანს, რომ კლუბში ეროტიკულ ცეკვას ასრულებ.
– იმ პერიოდში გადაცემა „სპარინგ შოუში“ ვიყავი. გადაცემაში ნიძლავზე ვთამაშობდით და მე ეკა აბშილავასთან წავაგე. წაგებულს კი, რომელიმე ბარში ეროტიკული ცეკვა უნდა შეესრულებინა. რადგან მე წავაგე, წავედით, ვიცეკვე და გადავიღეთ სიუჟეტი – როგორ ვცეკვავ ბარში გამომწვევად. ეს სკანდალისთვის არ გამიკეთებია, უბრალოდ, გადაცემა მოითხოვდა და სხვათა შორის, ძალიან გავბრაზდი, როცა მხოლოდ ფოტოს აქვეყნებდნენ სხვადასხვა ინტერნეტ-პორტალები. ვითომ რაღაც სკანდალური ჩავიდინე და არ წერდნენ, რაში იყო საქმე. ძალით უნდათ, ჩემგან სკანდალური ადამიანის შექმნა, რაც ძალიან არ მსიამოვნებს. ცხოვრებაში სკანდალისა და პოპულარობის გამო არაფერი გამიკეთებია.
– კარგი. სხვა რამეებზეც ვისაუბროთ. მითხარი, სამოსის შერჩევისას რის მიხედვით იღებ გადაწყვეტილებას? ოღონდ არ მითხრა, რომ მკერდზე არ აკეთებ აქცენტს.
– ყველა ქალს აქვს რაღაც დადებითი და რაღაც უარყოფითი. თუ გინდა, კარგად გამოიყურებოდე, შენი პლუსები და მინუსები უნდა გაითვალისწინო. ვიცი, რომ კარგი მკერდი მაქვს და ამას ალბათ „ტრიპაჩობაში“ არავინ ჩამითვლის, რადგან ასეა და ამაში ვერავინ შემეწინააღმდეგება (იცინის). თუმცა, ისიც ვიცი, რომ ძალიან გრძელი ფეხები არ მაქვს. ამიტომ, როცა სამოსს ვყიდულობ, ვცდილობ, მეტად წარმოვაჩინო, რაც კარგი მაქვს და დავფარო, რაც შედარებით ცუდი მაქვს.
– შენი მკერდი ცალკე თემაა. მასთან დაკავშირებით რამე სახალისო შემთხვევა თუ გახსენდება?
– კი (იცინის). თეატრში დავდგით სპექტაკლი „სამეფო ძროხა“, რომელშიც მაცვია კორსეტი და უზარმაზარი დეკოლტე მაქვს. ერთ სცენაში გული მიმდის და სცენის ნაპირზე ვვარდები. წინა რიგში სამი-ოთხი წლის ბავშვი იჯდა და როცა გული წამივიდა და მის წინ ამხელა მასა დაეცა ჩემი მკერდის სახით, ბავშვმა სრულ სიჩუმეში ბოლო ხმაზე იყვირა: „ჯუჯუებიიი“! (იცინის) სპექტაკლი გაჩერდა და ერთი ოთხი წუთი მთელი დარბაზი, მაყურებლები თუ მსახიობები ამაზე ვიცინოდით. ჩემმა „ჯუჯუებმა“ კინაღამ სპექტაკლი ჩაშალა (იცინის).
– უცებ ამ ბავშვის ადგილას ზრდასრული მამაკაცი წარმოვიდგინე.
– მამებიც მოჰყვებიან ხოლმე ბავშვებს, დიდი ინტერესით უყურებენ ამ სპექტაკლს და ბოლოს ძალიან დადებითი კომპლიმეტებით მავსებენ (იცინის). თუმცა, ეს სიახლე აღარაა, რადგან უკვე მივეჩვიე ჩემს მკერდზე აქცენტის გაკეთებას. ერთი მსახიობი გვყავს თეატრში – ვასიკო ამურველაშვილი, რომელსაც სადღაც წაუკითხავს: თუ მამაკაცი 12 წუთის განმავლობაში უყურებს ქალის მკერდს, იმდენ კალორიას დაწვავს, რამდენსაც ნახევარ საათში ფიტნესდარბაზში ვარჯიშისასო. მოვიდა და მეუბნება, რასაც ამ სპექტაკლში შენს მკერდს ვუყურებთ, ამ თეატრში, წესით, სულ დაკუნთული და გაჩხიკინებული ბიჭები უნდა ვიყოთო (იცინის). ამის შემდეგ რომ შემხვდებოდა, მავარჯიშე, მავარჯიშეო – მეხუმრებოდა (იცინის). ერთხელ სპექტაკლის დაწყებამდე ვერ ვნახე და პირდაპირ სცენაზე შევხვდით. ბუნებრივად, თვალი მკერდისკენ გამოექცა, არც მაცია არც მაცხელა და პირდაპირ სცენაზე ვკითხე, ვარჯიშობ-მეთქი? სიცილი ვერცერთმა ვეღარ შევიკავეთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხუმრობით. უბრალოდ, ამ სპექტაკლში ჩემი დიდი დეკოლტე თვალში გხვდება და ეს სულ ხუმრობის თემაა.