რა თანხა მოიგო მიშა ანდღულაძის ძმამ „გააცინე და მოიგეში” და რამდენი ხნით აუკრძალეს მას ამ შოუში მონაწილეობა
ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც იუმორისტულ გადაცემა „გააცინე და მოიგეში” მიშა ანდღულაძის ძმა – დავით ანდღულაძე გავიდა. თუმცა, მისმა იუმორმა ჟიურის წევრები სათანადოდ ვერ მოხიბლა. ორი, არც თუ ისე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ის აღარსად გამოჩენილა. რატომ ვერ შეძლო ჟიურის წევრების გაცინება და როგორ შეაფასა ძმამ მისი გამოსვლა, ამ და სხვა საინტერესო თემებზე თავად დავით ანდღულაძე გვესაუბრა.
დავით ანდღულაძე: მე მიშაზე ოთხი წლით უფროსი ვარ, სხვა დედმამიშვილი არ გვყავს. ძალიან ტკბილი ბავშვობა გვქონდა. ხშირად ერთად დავდიოდით ბანაკებში, სადაც სხვადასხვა სიტუაციაში გვიწევდა ერთმანეთის დაცვა. მიშა რატომღაც ხშირად ხვდებოდა კონფლიქტურ სიტუაციებში. ერთმანეთთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ, ქუჩაც იყო ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ყველაფერი ზომიერების ფარგლებში, ჩხუბისთავები არასოდეს ვყოფილვართ. იუმორთან ორივეს კარგი დამოკიდებულება გვაქვს. მახსოვს, კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა ბებიაჩემს. ამ მხრივ მას არც მამაჩემი ჩამოუვარდება და ალბათ, ეს მემკვიდრეობით დაგმოგვეცა მე და მიშას. მაგრამ, ისე მოხდა, რომ ამ კუთხით მიშამ უფრო ბევრის გაკეთება შეძლო, ვიდრე მე.
– რა არის იუმორი თქვენთვის?
– არსებობს ასეთი გამოთქმა: „იუმორი მაშველი რგოლია მღვრიე ტალღებში”. მართლაც ასეა. ჩემთვის იუმორს ეს დატვირთვა აქვს. ის მიადვილებს სხვადასხვა ბარიერის გადალახვას. ასეა მიშას შემთხვევაშიც. ის ეკრანს მიღმა ძალიან სერიოზულია, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში, ისიც იუმორით ცდილობს სიტუაციის განმუხტვას.
– გადაცემა „გააცინე და მოიგეში” გამოდიოდით, მიშამ გირჩიათ მონაწილეობის მიღება?
– არა, ხშირად ვუყურებდი ამ გადაცემას და გადავწყვიტე, მეც მეცადა ბედი. ზოგჯერ ისეთ ხუმრობებზე ეცინებათ, რომ ვიფიქრე, ამაზე უკეთესად როგორ ვერ გამოვალ-მეთქი. ტელევოზორიდან ადვილი ჩანს, მაგრამ ცოტა ვღელავდი, გარკვეული წინააღმდეგობებიც შემხვდა. ერთხელ მივედი, 400 ლარი მოვიგე და შევწყვიტე თამაში, მეორედაც გავედი და როდესაც უკვე 1 000 ლარზე ვთამაშობდი, მაშინ წავაგე. კიდევ მქონდა მონაწილეობის სურვილი, მაგრამ ალეკო მალხაზიშვილმა მითხრა: ხალხი ალაპარაკდება, მიშას თავისი ძმა მოჰყავს და ფულს აგებინებსო. ამიტომ, დაახლოებით ერთი წელი ნუღარ მიიღებ მონაწილეობას, რომ ხალხს დაავიწყდეო. ერთ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ვერ გავედი. ხალხი ყოველთვის რაღაც მიზეზს იპოვის საჭორაოდ, ამიტომ ვფიქრობ, ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ჩემ გარშემო ყველა მეუბნებოდა, შენი ძმა ასეთი პოპულარულია და შენ რატომ არ ცდი ბედსო. ვცადე, მაგრამ რატომღაც აღარ მომეცა გაგრძელების საშუალება.
– ხუმრობების მოფიქრებაში მიშა არ დაგეხმარათ?
– არა, ჩემით მოვიფიქრე ხუმრობები. მიშას მოეწონა ჩემი გამოსვლები. შინაგანად მეორედ უფრო გაბედულად ვიყავი, მაგრამ მაინც არ გამიმართლა. მიშაც არის ხოლმე ამ გადაცემის ჟიურიში, თუმცა, ჩემი არცერთი გამოსვლის დროს არ ყოფილა. ეს კარგიც არის, რადგან, ალბათ, ორივე უხერხულად ვიგრძნობდით თავს.
– რა პროფესიის ხართ?
– განათლებით სახელმწიფო მართვის მოხელე ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია, ისევე როგორც მიშას. მიშამ სტომატოლოგიური დაამთავრა, მაგრამ სტომატოლოგად არც მას უმუშავია. სკოლის პერიოდიდანვე აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა იუმორისტულ შეჯიბრებაში. „კავეენმა” დიდი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში. მეც მინდოდა „კავეენში” მონაწილეობა. ერთხელ ვუთხარი მიშას და მითხრა: შენ შენი გუნდი გაათეკე და შემეჯიბრეო. დედაჩემი სულ ეუბნებოდა, სადამდე გეყოფა ეს მაიმუნობაო და სტომატოლოგიურზე ჩააბარებინეს, მაგრამ მისი „მაიმუნობით” მოდის დღემდე და საკმაოდ წარმატებითაც. გარედან ადვილი ჩანს, მაგრამ იუმორისტული ნომრების მოფიქრება და დადგმა, ძალიან რთულია. ხშირად უთქვამს მიშას: ხანდახან ორი ხუმრობაც ვერ მომიფიქრებია, ასე ადვილად არ არის ყველაფერი, როგორც ერთი შეხედვით ჩანსო და აბსოლუტურად ვეთანხმები.
– კურიოზულ სიტუაციებში ხშირად თუ აღმოჩენილხართ ძმები?
– ყველა ბავშვი თავისებურად ცელქია და ჩვენც არ გვაკლდა ამ მხრივ თავგადასავლები. ერთხელ მე და ჩვენმა მეზობელმა მიშას ველოსიპედი არ ვათხოვეთ და გაბრაზებულმა მეცხრე სართულიდან ქვების სროლა დაიწყო, რომელიც ქვემოთ მდგარ მანქანას დაეცა და შუშა ჩაამტვრია. ბავშვობაში საკმაოდ ხიფათიანი იყო. ერთხელ ფოთში ვიყავით, ერთი გოგო მოვიდა და მიშას ეხვეწებოდა, მეცეკვეო. მიშას ცეკვა არ უნდოდა და რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, ჩემთან გადმოამისამართა. ეს ჩემი ძმაა და ამას ეცეკვეო. რომ შემომხედა იმ გოგომ, მიხვდა, რომ მართლა მისი ძმა ვიყავი, გარეგნულად ვგავართ ერთმანეთს. მე ვუთხარი, ოღონდ მიშას მოეშვი და მე გეცეკვები, არ არის პრობლემა– მეთქი. ის გოგო იფიქრებდა, ლეღვი თუ არა, ფოთოლი ხომ მაინც შემრჩაო. ერთხელ ღამე მე და მიშა მანქანით მოვყევით კოკისპირულ წვიმაში, საქარე მინის საწმენდი გაგვიფუჭდა, მერე საბურავი გაგვისკდა. სრულიად უცხო ადამიანები დაგვეხმარნენ. ერთ-ერთი ეუბნება მეორეს მიშაზე, იცანი ეს ვინააო? მან უთხრა, ვერაო. როგორ ვერ იცანი, ნანულიაო. ის დაიბნა. ამან ჩხუბი დაუწყო, ნანული როგორ ვერ იცანი, თმის ვარცხნილობაზე შეხედეო. ერთხელ მიშამ მამაჩემის სიგარეტი აიღო. მამას ეგონა, რომ მე მოვპარე და ვიდრე გაერკვეოდა, ვინ იყო დამნაშავე, ორივე მკაცრად დაგვსაჯა. ალბათ, ამის დამსახურებაა, რომ დღეს არცერთი არ ვეწევით.
– დაოჯახებული ხართ?
– არა, მყავს საცოლე და უახლოეს მომავალში ვაპირებთ დაქორწინებას. ის პროფესიით ექიმია და რაც მთავარია, მასაც კარგი იუმორი აქვს. თუმცა, ჩემი იუმორი არ მოსწონს ხოლმე.
– ხალხი გიცნობთ როგორც მიშას ძმას. არ გინდათ, რომ გაგიცნონ როგორც დავით ანდღულაძე?
– რა თქმა უნდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არც მიცდია, რომ მაგალითად, იუმორისტული ნომრები დამეწერა და ვინმესთვის შემეთავაზებინა... პრინციპში, ამის დაინტერესებაც არ არის. მე არასდროს გამიცვნია თავი უცხო ადამიანებისთვის როგორც მიშას ძმა. ძირითადად, სხვები წარმადგენენ ხოლმე ასე. მიშას ყველა იცნობს და ამიტომ ადვილი ხერხია გასაცნობად.