რატომ დაინტერესდა საქართველოს პატრიარქი იულია სოროკინას თოჯინებით და რა თანხას უხდიან მას მილიონერები
იულია სოროკინას სახლში შესული, ნამდვილ ზღაპრულ სამყაროში ხვდებით. მის ოთახში თოჯინები ცოცხალი ადამიანებივით გამოყურებიან და ხვდები, რომ ადამიანის ნიჭს საზღვრები არ აქვს. იულია სულ რამდენიმე დღეში აცოცხლებს კინოფილმებიდან იმ პერსონაჟებს, რომლებიც ძალიან გვიყვარს და სახასიათო როლებია მსახიობებისთვის. მის მიერ შექმნილი ვერიკო ანჯაფარიძისა და სოფიკო ჭიაურელის თოჯინები, ნამდვილი სასწაულია. თუ რატომ დაინტერესდა საქართველოს პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მისი თოჯინებით, როგორ მოხვდა მისი ნამუშევრები ცნობილ ბიზნესმენთა ოჯახებში და რა თანხას უხდიან იულიას, მის მიერ შექმნილ „ცოცხალ“ თოჯინებში, ამაზე თავად გვესაუბრება.
იულია სოროკინა: ბავშვობაში, ჟურნალში ამოვიკითხე, მარილიანი ცომით როგორ კეთდებოდა თოჯინები. ვცადე და არ გამომივიდა. იმის მერე, გული ავიცრუე, ხელი ჩავიქნიე და ვიფიქრე, ეს ჩემი საქმე არაა, არასდროს გამომივა-მეთქი. კარგად ვხატავდი. ერთ დღესაც დედამ მითხრა: იულია, ჯობია, ხატვას თავი დაანებო და ისეთი პროფესია აირჩიო, რომელიც მომავალში გამოგადგებაო. დავუჯერე და სამედიცინოზე ჩავაბარე. ვერ დავასრულე სწავლა, რადგან გავთხოვდი და სამი შვილი გავაჩინე. გინეკოლოგი მინდოდა, გამოვსულიყავი და დღეს მეთოჯინე ვარ (იცინის). სხვათა შორის, ჩემი პირველი თოჯინის გაკეთებას საკმაოდ საინტერესო ისტორია ახლავს. მოკლედ, ტელევიზიით ვუსმენდი ასტროლოგიურ პროგნოზებს და გამოაცხადეს, თუ მერწყულებს ამ პერიოდში გასაღებს აჩუქებენ, ეს სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს, მას ეს ნივთი წარმატებას მოუტანს და ერთგვარ თილისმად ექცევაო. არ გავიდა რამდენიმე საათი, ჩემი ქმარი მოვიდა და მომცა პატარა გასაღები. მითხრა, ეს ქუჩაში ვიპოვე, შენ ატარე და ამით ყველა კარს გააღებო. როგორც კი მომცა, იმწამსვე იდეა მომივიდა, გამეკეთებინა, პატარა, ჯუჯა თოჯინა, რომელსაც ხელში გასაღები ეჭირებოდა. ეს გასაღები ტანსაცმელზე დავიკიდე და როგორც კი მას ჩავიცვამდი, ის ჯუჯა მახსენდებოდა. ერთ დღესაც ჩემმა შვილმა მოიტანა პლასტელინი. ჩავუჯექი და გამოვძერწე, გამომივიდა. ვიფიქრე, თიხითაც ვცდი-მეთქი. და საყვარელი, პატარა ჯუჯა გამოვძერწე, რომელსაც ის თილისმა-გასაღები დავკიდე.
– ამის შემდეგ ინტენსიურად დაიწყე თოჯინების კეთება და მიხვდი, რომ ეს მხოლოდ გატაცება არ იყო. ამას ცხოვრებაშიც შეიძლებოდა, დიდი წარმატება მოეტანა?
– დიახ, ზუსტად ასე იყო. ჩავუჯექი ინტერნეტს და მოვიძიე მასალა, როგორ კეთდებოდა თოჯინები თიხით. პოლიმერული თიხა შევიძინე, რომლის მოხმარება სახლის პირობებში საკმაოდ ადვილია და დავიწყე თოჯინების სერიული კეთება. სხვათა შორის, ახალგაზრდა თოჯინის სახის გაკეთებას სხვა თიხა სჭირდება, ასაკში შესულისას – სხვა. სულ, დაახლოებით, ორმოცამდე თოჯინა მაქვს გაკეთებული და საკმაოდ სწრაფად ვაკეთებ. მაგალითად, გოგონა კაბარედან, ხუთ დღეში გავაკეთე, ზოგ თოჯინას კი ჩავუჯდები და შეიძლება, ერთი თვეც მოვუნდე. პირველად რომ გადავწყვიტე გამოფენის მოწყობა, საკმაოდ საინტერესო ფაქტი ახლდა თან, რასაც ჩემს ბედისწერასაც დავარქმევ. მირჩიეს, გამოფენისთვის ცნობილი პერსონაჟების თოჯინები გააკეთე, უფრო საინტერესო იქნებაო. ბევრი არ მიფიქრია და ლუარსაბი გავაკეთე. ჩავუჯექი წიგნს, გულდასმით წავიკითხე და ზუსტად ის ხასიათი ჩავდე მასში, რაც რეალურად შეიძლებოდა, ჰქონოდა. მაგრამ, მივხვდი, ლუარსაბი დარეჯანის გარეშე არ ივარგებდა და მისი ცოლის გაკეთებაც დავიწყე. ასე შევავსე ეს ორი პერსონაჟი. მოკლედ, კიდევ რამდენიმე თოჯინა გავაკეთე, წავიღე მათი ფოტოები დასაბეჭდად. იქიდან რომ მოვდიოდი, ეს ფოტოები ხელში მეჭირა და შემთხვევით, შემხვდა ნაცნობი. მან მითხრა, ეს რა სურათებიაო. ვაჩვენე. მან კი, დედა ელისაბედს აჩვენა, რომელმაც მირჩია, იქნებ გეცადა და სამების საგამოფენო დარბაზში მოგეწყო გამოფენაო. შევიტანე განცხადება გამოფენის მოწყობაზე სამების ახალგაზრდულ ცენტრში, მაგრამ ისე გავიდა ოთხი თვე, არავინ შემხმიანებია. ხელი ჩავიქნიე. გადავწყვიტე, გალერეა „ვაჩეში“ მომეწყო თოჯინების გამოფენა და დავგეგმე კიდეც. მაგრამ, ალბათ, ესეც ბედისწერა იყო, იმ საღამოს ტელეფონზე გაისმა ზარი და სამების ტაძრიდან ორგანიზატორმა დამირეკა. მითხრა, მე ახალი ორგანიზატორი ვარ, ვათვალიერებდი გადასაყრელ განცხადებებს და თქვენი განცხადება ამოვარდა. წავიკითხე და იქნებ მობრძანდეთ, გამოფენა დავგეგმოთო. სულ 14 თოჯინა მქონდა გატანილი გამოფენაზე – მათ შორის, ლუარსაბი, დარეჯანი და ფუფალა. გამოფენის დღეები კი დაემთხვა იმ დღეებს, როცა უწმიდესი და უნეტარესი, ჩვენი პატრიარქი ყოველდღიურად ატარებდა წირვას სამების საკათედრო ტაძარში. მითხრეს, ილია მეორეს ძალიან უყვარს ასეთი რაღაცეები, ინტერესდება და კარგი იქნებოდა, ენახაო. გამოფენის ბოლო დღე იყო. ძალიან მინდოდა, პატრიარქს ენახა ჩემი ნამუშევრები და მოვიფიქრე – დავიჭირე ხელში ჩემი თოჯინა, მივედი წირვაზე და გამოსაჩენ ადგილას, წითელ ხალიჩაზე დავდექი. ლოცვის შემდეგ, პარტიარქი ჩამობრძანდა და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა. მკითხა, ეს რა არისო. ვუპასუხე: უწმიდესო, ეს ჩემი გაკეთებული თოჯინაა, გამოფენა მაქვს ქვევით და ხომ არ ჩამობრძანდებით და ნახავთ-მეთქი. გაეღიმა და დამპირდა აუცილებლად ჩამოვალო. მოკლედ, მართლაც ჩამობრძანდა, დიდხანს, ყურადღებით აკვირდებოდა თოთოეულ მათგანს. დაინტერესდა, სად გაქვს ესენი შენახულიო. ვუთხარი, სახლში-მეთქი. მითხრა: ეს ყველამ უნდა ნახოს, რა გიჯდება მასალა, რამდენ ხანში აკეთებო. მეც მოვუყევი. მიუტრიალდა სასულიერო პირებს, ვინც ახლდა თან და რაღაც უთხრა. მათ კი საკმაოდ სოლიდური თანხა ამოიღეს და მომცეს. შევწუხდი, ვერ გამოგართმევთ, ფული არ მინდა-მეთქი. გამიღიმა, დამლოცა და მიპასუხა: შენ ეს საქმე უნდა აკეთო. არ გაჩერდე, ეს მასალის ფულია, აკეთე თოჯინებიო. ამის შემდეგ, პატრიარქთან აუდიენციაც მქონდა და მას ვაჩუქე მთელი ჩემი კოლექცია. ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. სულ ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა ისეთი, რომ ეკლესიასთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი და თავში გამიელვა ფრაზამ კინოფილმიდან „მონანიება“ – „ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?“ და, მივხვდი, უნდა შემექმნა ვერიკო ანჯაფარიძის ორეული. ორ კვირაში გავაკეთე.
– როგორც ვიცი, შენს თოჯინებს ყიდულობენ ცნობილი, უცხოელი ბიზნესმენები და კოლექციონერებიც საკმაოდ მაღალ თანხას გიხდიან.
– კი ასეა. ძალიან მოსწონთ ჩემი თოჯინები და აქტიურად ყიდულობენ. მაგალითად, ჩემი თოჯინა აქვს ბევრ უცხოელ ბიზნესმენს და კოლექციონერს. არ მიყვარს შეკვეთები. უბრალოდ, მე ჩემი ხედვითა და გემოვნებით ვაკეთებ და არც მათი გაყიდვა მიჭირს. პრაღელმა მილიონერმა მარია ანტუანეტა შეიძინა და ათას ევრომდე გადაიხადა მასში. ჩეხეთის ელჩმა და კონსულმაც შეიძინეს ჩემი თოჯინები. ყაზახეთში, უკრაინაშიც აქტიურად ინტერესდებიან. ბევრს უნდა ვერიკო ანჯაფარიძისა და სოფიკო ჭიაურელის ყიდვა, მაგრამ მათ ვერ ვყიდი, სახლში მიდევს. კოკო შანელის თოჯინა რომ იყიდეს, ისე მომენატრა მისი ნახვა, მეორეც გავაკეთე (იცინის). თუმცა, ის ახლა ჩეხეთის კონსულის საკუთრებაა, მან შეიძინა. ყველაზე ძვირი კონკია დამიჯდა, მასალა უცხოეთიდან მქონდა ჩამოტანილი და დამთავრებული არ მქონდა, რომ გაიყიდა ყაზახეთში. მილიონერმა კოლექციონერმა შეიძინა. ადრე, სიზმარში ვნახულობდი პერსონაჟებს, რა უნდა გამეკეთებინა. ვიღვიძებდი და ვიწყებდი კეთებას. ბევრი თოჯინა მიჩუქებია ისეთისთვის, ვისაც არ აქვს საშუალება იყიდოს, მაგრამ გულით უნდა და გაუფრთხილდება. საქველმოქმედო გამოფენებშიც ხშირად ვმონაწილეობ. ახლა იდეაში მაქვს, შიშველი ქალის სხეული გავაკეთო. ამისთვის ფსიქოლოგიურად ვემზადები. აქტიურად ვკითხულობ ქალის ანატომიაზე ლიტერატურას. ვხუმრობ ხოლმე, მიქელანჯელოს არ უყვარდა ქალის სხეული, მე კი მამაკაცის შიშველი სხეული არ მიყვარს-მეთქი (იცინის).