ორი მამაკაცის საყვარელი ქალის შურისძიება სასტიკი მკვლელობით დასრულდა
24 წლის ზაზა წ-ია საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული: ერთი დაზიანება გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა, მეორე, საკონტროლო გასროლა კი თავის არეში ჰქონდა მიყენებული. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. სამართლადამცევლების მიერ მოპოვებული ოპერტიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს დანაშაულში ეჭვმიტანილი, 27 წლის ვახო ნ-ავა.
საქმის მასალების მიხედვით, ვახო ნ-ავამ ზაზა წ-ია ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ზაზა წ-ია და ვახო ნ-ავა მათმა საერთო ნაცნობებმა, მათ შორის, ზაზა წ-იას ძმამ, ერთად ნახეს. ისინი ერთმანეთს ახლოს არ იცნობდნენ, თუმცა ჰყავდათ საერთო ნაცნობი გოგონა, რომლის გამოც, როგორც მოგვიანებით დადგინდა, მოხდა დანაშაული. ზაზა წ-იას ძმის ჩვენების მიხედვით, მისთვის ცნობილი იყო, რომ მის უფროს ძმას მეგობარი გოგონას გამო მის ყოფილ შეყვარებულთან კონფლიქტი ჰქონდა.
ამონაწერი გარდაცვლილის ძმის ჩვენებიდან: „საღამოს ცხრა საათი იქნებოდა, როდესაც ჩემს ძმას სახლთან ვახო ნ-ავამ მოაკითხა. ის მეგობართან ერთად იყო მოსული, თუმცა, როცა ჩემი ძმა გარეთ გავიდა, მისი მეგობარი წავიდა და ვახო ჩემს ძმას ჩაუჯდა ავტომობილში, მოტივით, შენთან საქმე მაქვს და გავიდეთო. ერთი-ორჯერ იყვნენ შეხვედრილნი და, ვიცოდი, რომ მცირე კონფლიქტიც მოუვიდათ. ჩემს ძმას ვანიშნე, გამოგყვები-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა – მარტო წავყვებიო. სახლში ახლობელი მამაკაცი გვყავდა სტუმრად, მან იცნო ვახო და მითხრა, შორიდან ვიცნობ ამ ბიჭს, ისეთი თავზე ხელაღებულია, ზაზას რატომ არ გაჰყევიო. ამან ცოტა შემაშინა და ათ წუთში გადავურეკე ზაზას, რომელმაც მითხრა, მალე მოვალო, თუმცა ერთი საათის შემდეგ ტელეფონს უკვე აღარ პასუხობდა. რამდენჯერმე დავურეკე და მერე მისი ძებნა დავიწყეთ, მაგრამ ვერ მივაგენით. მერე, ნაცნობების მეშვეობით, ვახოს ძებნა დავიწყე, მაგრამ არც ის არ იღებდა ტელეფონს. უკვე დილა იყო, როდესაც სამართლადამცველები დაგვიკავშირდნენ და მათგან შევიტყვეთ, რომ ჩემი ძმა ავტომობილში მოკლული იპოვეს.“
საქმის მასალების მიხედვით, კონფლიქტი, რომელიც მკვლელობით დასრულდა, ახალგაზრდა მამაკაცებს შორის საქმის გარჩევას მოჰყვა. როგორც გამოძიებით დადგინდა და რაც დადასტურდა კიდეც, მამაკაცებს შორის დაპირისპირება მათი მეგობარი გოგონას, შორენა გ-შვილის გამო დაიწყო. შორენა გ-შვილი მკვლელობამდე სამი თვის განმავლობაში ზაზა წ-იას ხვდებოდა, თუმცა ის ადრე ვახო ნ-ავას მეგობარი იყო და მასთან ერთად ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მოგვიანებით გოგონამ გადაწყვიტა, მეგობარ მამაკაცს დაშორებოდა, რასაც მათ შორის კონფლიქტი მოჰყვა. გამოძიებამ დაკითხა შორენა გ-შვილი.
ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც დედა გარდამეცვალა, რასაც მერე ავიაკატასტროფაში მამის გარდაცვალებაც მოჰყვა. გამზარდეს ბებიამ და მისმა დამ. მათ მეზობლად, ნათესავებთან სტუმრად დადიოდა ვახო ნ-ავა, რომელიც 15 წლის ასაკში გავიცანი. თითქმის ორი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს და აქედან ერთი წელი ერთად ვიცხოვრეთ. მასთან ერთად დაქირავებულ ბინაში რომ გადავდიოდი, მისმა ნათესავმა მითხრა, კიდევ ერთელ დავფიქრებულიყავი, რადგან ვახოს რთული ხასიათი ჰქონდა. როდესაც მარტოებმა დავიწყეთ ცხოვრება, მალე მივხვდი, რომ მასთან დიდხანს ვერ გავძლებდი. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვახო ძალიან აგრესიული იყო, ცუდად მექცეოდა, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც მაყენებდა, რადგან ეჭვიანობდა, როგორც კი მის გარეშე სადმე წავიდოდი. გადავწყვიტე, როგორმე თავი დამეღწია მისგან, სწორედ იმ პერიოდში ქუჩაში შემთხვევით გავიცანი ზაზა. თავიდანვე მომეწონა. ვახოს ვერ გავუბედავდი, რომ აღარ მიყვარდა, ამიტომ, როცა შევთავაზე, დავშორდეთ-მეთქი, მოვატყუე, რომ ზაზამ გამაუპატიურა. ეს იყო ჩემი შურისძიება ვახოზე – ვიცოდი, ეს მისთვის მძიმე დარტყმა იქნებოდა. ზაზასთან ურთიერთობა ჩემი ნებით დავიწყე. ვახოს დავშორდი, ბინა დავიქირავე და საცხოვრებლად მარტო გადავედი. ვახომ ზაზას ვინაობის დადგენა დაიწყო. ერთ დღეს ზაზამ მითხრა, რომ ვახომ დაურეკა და შეხვედრა მოსთხოვა და სწორედ მაშინ დაიწყო მათი კონფლიქტი. ურთიერთობა მე და ზაზასაც გაგვიფუჭდა, სულ სამი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ მეგობრისგან გავიგე, რომ ვახო ზაზას ძალიან ემუქრებოდა. სიტუაცია ისე იყო გამწვავებული, აზრი აღარ ჰქონდა იმის მტკიცებას, რომ გაუპატიურების ფაქტი მოვიგონე – ვახო ამას არ დაიჯერებდა. მკვლელობამდე ორი დღით ადრე ზაზას დავურეკე და გავაფრთხილე, რომ ვახო მოკვლით ემუქრებოდა. ჩვენ თითქმის უკვე დაშორებულები ვიყავით ერთმანეთს, თუმცა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვახო ამ მუქარას სისრულეში მოიყვანდა”.
საქმის მასალების მიხედვით, ვახო ნ-ავამ ზაზა წ-ია სასაუბროდ სახლიდან მოშორებით, მიტოვებულ პარკში, მისივე მანქანით მიიყვანა. მათ შორის შელაპარაკება მაშინვე დაიწყო, როგორც კი ზაზა წ-იამ ავტომობილი გააჩერა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ვახო ნ-ავა ზაზა წ-იას პასუხს იმ ქალის გაუპატიურებისთვის სთხოვდა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მასთან ცხოვრობდა. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ვახო ნ-ავამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და ზაზა წ-იას ესროლა, უკვე გარდაცვლილს კი საკონტროლო გასროლა თავის არეში მაიყენა. საქმის მასალების მიხედვით, მკვლელმა შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარებამდე კვალი წაშალა – მან საკუთარი ტანსაცმლით გაწმინდა ავტომანქანის კარის სახელური, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან გზის გარკვეული მონაკვეთი ფეხით გაიარა, შემდეგ კი ტაქსით მივიდა სახლში, თავისი ნივთები სპორტულ ჩანთაში ჩაალაგა და გასაქცევად მოემზადა. იგი მკვლელობიდან მეორე დღეს, გაქცევის მცდელობისას, საზღვრის დატოვების დროს დააკავეს. ვახო ნ-ავა ჩადენილ დანაშაულს უარყოფდა და აცხადებდა, რომ, როდესაც ზაზა წ-იას დაშორდა, ის ცოცხალი იყო, თუმცა, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ის დამნაშავედ ცნეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით. სასამართლომ ვახო ნ-ავას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.