კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

81 წლის ცნობილი ქურდი „სამსახურებრივი მოვალეობის“ შესრულებისას გარდაიცვალა

საბჭოთა კავშირის კრიმინალისტიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არაორდინარული ფიგურა იყო ცნობილი ქართველი ქურდი ამირან ვაშაკიძე, მეტსახელად „უნივერსალი“, რომელიც 6-ჯერ იყო ნასამართლევი, 81 წელი იცოცხლა და საპატიმროებში 20 წელი ჰქონდა გატარებული. ნიშანდობლივი კი ისაა, რომ ვაშაკიძეს სიცოცხლის ბოლომდე არ მიუტოვებია თავისი ხელობა და „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას“ გარდაიცვალა... გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ამ ადამიანის ცხოვრებიდან...
მეიდნელი ბაცაცები
1901 წელს დაბადებული ამირან ვაშაკიძე წარმოშობით თბილისიდან იყო და მეიდანზე ცხოვრობდა. კრიმინალური საქმიანობა მან ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში დაიწყო – ის 14 წლის იყო, როდესაც თავის უბანში ქურდების მცირეწლოვანთა ბანდა ჩამოაყალიბა, რომელსაც „მეიდნელ ბაცაცებს“ უწოდებდნენ. 13-14 წლის ბავშვები თაგვებივით მოედებოდნენ ხოლმე ძველ თბილისს და უყურადღებო მოქალაქეებს ძარცვავდნენ. მათ ანკესზე კი ძირითადად თბილისთან ახლომდებარე სოფლებიდან ჩამოსული გლეხები ეგებოდნენ, რომლებსაც დედაქალაქში სხვადასხვა პროდუქტი ჩამოჰქონდათ გასაყიდად. საკმარისი იყო, ვინმეს ხურჯინი მიეტოვებინა უყურადღებოდ ან ფულით სავსე ქისა გამოსჩენოდა ჩოხის კალთიდან, რომ ერთიცა და მეორეც მეიდნელი ბაცაცების ნადავლი ხდებოდა. მთელი დღის „ნამუშევარი“ ბავშვები ნაქურდალს ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ერთ ნესტიან სარდაფში აგროვებდნენ, საღამოს კი იყოფდნენ და მეორე დღისთვის აწყობდნენ გეგმებს. ტანმორჩილი, ამირანი თავისი „შაიკის“ უპირობო ლიდერი იყო და მასზე უფროსი ბიჭებიც ემორჩილებოდნენ. ბანდის „კვაჭი“ უფროსი სხარტი გონებითაც გამოირჩეოდა და ადვილად უღებდა ალღოს ყველაფერს. სწორედ მისი იდეა იყო ეგრეთ წოდებულ „ბუნტარებთან“ (ბოლშევიკ-რევოლუციონერები) კავშირის გაბმა და, გარკვეული გასამრჯელოს საფასურად მეიდნელი ბაცაცები არალეგალების დავალებებს ასრულებდნენ.
შავი საქაღალდე
1916 წლის თბილისი, რომ იტყვიან, დენთის კასრზე იჯდა, რადგან ცარისტულმა პოლიციამ და უშიშროებამ რევოლუციონერების წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიები დაიწყეს, ძალიან შეავიწროვეს ისინი და, ფაქტობრივად, მათი აგიტაცია-პროპაგანდის აღკვეთა მოახერხეს. არალეგალები იოლად ვეღარ ახერხებდნენ აკრძალული ფურცლების ქუჩაში გაკვრასა და მათ გადმოყრას ხალხმრავალ ადგილებში. ამიტომ, დახმარებისთვის მეიდნელ ბაცაცებს მიმართეს და ამ სვლამ გაამართლა. პროკლამაციებით დატვირთული ბავშვები ღამით მოედებოდნენ ხოლმე მთელ ქალაქს და ყველგან აკრავდნენ ფურცლებს, ხან კი რომელიმე სახლის სახურავიდან ყრიდნენ ქუჩებში, რისთვისაც საკმაოდ სოლიდურ გასამრჯელოს იღებდნენ. ერთ დღეს, 15 წლის ამირანი ცნობილმა რევოლუციონერმა, ფილიპე მახარაძემ დაიბარა სოლოლაკის ბინაში და უთხრა:
– შენთან ერთი სერიოზული საქმე მაქვს, ამო, მოჰკიდებ ხელს?
– არასერიოზული საქმე როდის გაგვიკეთებია, ძია ფილიპე?! – მიუგო მახარაძეს პირში პაპიროსგაჩრილმა ბავშვმა და დაამატა: – თქვი, გისმენ.
– პოლიციის სამმართველოს შენობაში თუ შეძლებ ისე შეძრომა-გამოძრომას და იქიდან ერთი რაღაცის გამოტანას, რომ არ „დაიწვა“?
– შევძლებ, – მტკიცედ მიუგო ბავშვმა.
პოლიციის მაშინდელი სამმართველო დღევანდელი საპატრიარქოს შენობაში იყო, რომელსაც შეიარაღებული გუშაგები იცავდნენ. 1916 წლის 2 ივნისს, დღისით, მზისით, პატარა ამირანი ხვლიკივით შეძვრა პოლკოვნიკ ბროლოვის კაბინეტში და, იმ დროს, როდესაც პოლკოვნიკი სადილისთვის იყო გასული, მისი საწერი მაგიდის უჯრიდან ტყავის შავი საქაღალდე მოიპარა და მახარაძეს მიუტანა, რისთვისაც გასამრჯელოდ ხუთი ოქროს თუმნიანი მიიღო... საქაღალდეში კი რევოლუციონერთა რიგებში შეგზავნილი პროვოკატორების ვინაობა ეწერა. ასე დაეხმარა პატარა ქურდი რევოლუციონერებს მოღალატეების გამოაშკარავებაში.
პირველი „სროკი“
კომუნისტებისთვის გაწეული დიდი დახმარების მიუხედავად, ამირან ვაშაკიძე სწორედ კომუნისტებმა გამოამწყვდიეს ციხეში.
მეიდნელი ბაცაცების ერთპიროვნულმა ლიდერმა წლებთან ერთად ქურდული გამოცდილებაც შეიძინა და თავისი პროფესიული უნარ-ჩვევებიც მეტად გააფართოვა. ბინის ქურდობასა და ჯიბგირობასთან ერთად, ამირანი თაღლითობის ხელოვნებასაც დაეუფლა და „მედვეჟატნიკობაც“ უზადოდ აითვისა, რაც სეიფების გამხსნელს ნიშნავს. 1920-23 წლებში მან 6 მსხვილი დანაშაული  ჩაიდინა, რომლებიც ვერ გახსნეს და უკვე „უნივერსალად“ წოდებული ამირანი მოხერხებულად დაუსხლტა საბჭოთა მილიციის კლანჭებს. მას ფულიც საკმაოდ ჰქონდა და ცოტა ხნით პაუზის აღებაც კი შეეძლო, მაგრამ ქურდული ჟინი არ ასვენებდა და ძალიან სარისკო საქმე ჩაიფიქრა – მთაწმინდაზე მდებარე საქართველოს „ჩეკას“ გაძარცვა და სალაროდან ჩეკისტების ხელფასის გატაცება განიზრახა. 1929 წლის 19 ოქტომბერს ვაშაკიძემ და მისმა ორმა თანამზრახველმა – შუქრი ომანიძემ და კაპკო გასვიანმა, ღამის 2 საათსა და 30 წუთზე „ჩეკას“ შენობის მეორე სართულზე შეაღწიეს, რისთვისაც შიშველი ხელებით კედელზე აცოცება მოუწიათ. გუშაგები კი, რომლებსაც აზრადაც არ მოსვლიათ, რომ მათ მრისხანე უწყებაში თანამშრომელთა გარდა სხვა ვინმეც მოინდომებდა ნებაყოფლობით შესვლას, მშვიდად იყვნენ თავიანთ პოსტებზე და ერთხელაც არ აუხედავთ ზემოთ... ამასობაში კი ქურდებმა ჯერ სალაროს კარი გააღეს უხმაუროდ, შემდეგ კი ვაშაკიძემ სეიფი გახსნა და იქიდან 45 ათასი მანეთი გამოიღო. თანხა ქურდებმა იქვე გაინაწილეს და იმავე გზით დაბრუნდნენ უკან, რომლითაც შევიდნენ. ქართველი ჩეკისტები გაოგნებულები იყვნენ ამ თავხედური დანაშაულით და ბოროტმოქმედების ძებნა დაიწყეს, თუმცა მათ მხოლოდ 8 თვის შემდეგ მიაკვლიეს, როდესაც მთელი თანხა დახარჯული ჰქონდათ. ეს დანაშაული შუქრი ომანიძის წყალობით გაიხსნა, რომელიც მილიციამ ბათუმში ქურდობის ფაქტზე დააკავა და შეშინებულმა  ქურდმა ყველაფერი „დაფქვა“. დანარჩენი დამნაშავეების დაკავება დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენდა. ქურდები გაასამართლეს და 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
უკანასკნელი საქმე
ვაშაკიძე ციხიდან 10 წლის ნაცვლად 4 წელიწადში გამოვიდა. მას მერე „უნივერსალი“ კიდევ ხუთჯერ დაიჭირეს და, საერთო ჯამში, მან  20 წელი გაატარა ციხეში. ამ ხნის განმავლობაში ამ არაორდინარულმა ბოროტმოქმედმა ცოლი მოიყვანა, ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი გაუჩნდა. შეიძინა ქონება და თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად შეძლებულად ცხოვრობდა. თუმცა, „პენსიაზე გასვლა“ არასდროს უფიქრია და ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდა, ამაში კი მას ჯანმრთელობაც უწყობდა ხელს და ქურდული ჟინიც, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ განელებია.
გასული საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისში ამირან ვაშაკიძე მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და ძირითადად იქ საქმიანობდა. მას კარგად იცნობდნენ „მურის“ ოპერმუშაკები და ყველა მსხვილი თაღლითობისა თუ ქურდობის გამო, ხშირად მიჰყავდათ დასაკითხად, შემდეგ კი, თუ დანაშაულს ვერ უმტკიცებდნენ, ათავისუფლებდნენ.
1982 წლის 9 აგვისტოს, იმ დღეს, როდესაც მოსკოვის ცენტრალურ სტადიონზე საბჭოთა კავშირის საფეხბურთო თასის ფინალური მატჩი იმართებოდა, ვაშაკიძე, გივი დოჩია, მეტსახელად „ხუხუ“ და ვიაჩესლავ ივანკოვი, ცნობილი „იაპონჩიკი“, ცნობილი ფეხბურთელის, ნიკოლაი სტაროსტინის ბინის გასაქურდავად გაემართნენ, რომელიც ფინალური მატჩის სანახავად იმყოფებოდა სტადიონზე. „უნივერსალი“ იმ დროს 81 წლის იყო. ქურდებმა იოლად შეაღწიეს ბინაში, ძვირფასეულობა და მცირე ზომის ანტიკვარული ნივთები ჩაალაგეს ჩანთებში (სულ 190 ათასი მანეთის ღირებულების) და ბინიდან გამოვიდნენ. ნაქურდალი ნივთები ხაკისფერი ტომრით ვაშაკიძეს მიჰქონდა, რომ მოხუცზე ეჭვი არავის აეღო და შემთხვევით ქუჩაში მილიციელს არ გაეჩერებინა. დოჩია და იაპონჩიკი კი ცალ-ცალკე წავიდნენ. ნახევარი საათის შემდეგ ისინი კონსპირაციულ ბინაში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, რომელიც ჩერიომუშკების დასახლებაში მდებარეობდა. ვაშაკიძე მეტროთი გაემგზავრა. მატარებელი ბოლო სადგურზე რომ გაჩერდა და ხალხისგან დაიცალა, ჩამოვლაზე მყოფმა მემანქანემ სკამზე მჯდარ, თავჩაქინდრულ მოხუცს მხარზე ხელი დაადო და უთხრა:
– გაიღვიძე, ბაბუ, ბოლო გაჩერებაა...
ეს ბაბუ იყო ვაშაკიძე, რომელსაც მეტროში ჩაეძინა და ძილში გარდაიცვალა. მილიციამ მის ჩანთაში ნაქურდალი ნივთები აღმოაჩინა.
„უნივერსალი“ მოსკოვის პრესტიჟულ სასაფლაოზე დაკრძალეს და მის გასვენებას იმ პერიოდში გარეთ მყოფი ყველა ცნობილი ქურდი დაესწრო.

скачать dle 11.3