კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ვერ გათვალა სიკვდილის წინ ლაშა-გიორგიმ და რას ვერ წარმოიდგენდა ის დისგან

დიდი საქართველოს მეფეთა მეფე გიორგი მეოთხე-ლაშას, ხლათის სულთანმა მისი დის, რუსუდანის ხელი სთხოვა. რაღაც მიზეზის გამო ლაშამ უარი უთხრა ხლათელს.
შემდეგ შარვან-შაჰი შემოეხვეწა ჩვენს ხელმწიფეს, შენი და მომათხოვეო. მეფე დათანხმდა. შირვანში გააგზავნეს ქართლის ერისთავი. თვითონ მეფე ბაგავანს გაემგზავრა. ბაგავანი უნდა ყოფილიყო შირვანის საზღვართან ახლოს. იქიდან უნდა გაეტანებინა თავისი და შირვან-შაჰისთვის.
1223 წელი იდგა, იანვრის თვე. ათი დღე იდგნენ ბაგავანში. მოულოდნელად ხელმწიფე ცუდად გახდა, იმდენად ცუდად, რომ მიხვდა, კვდებოდა. შეიძლება მონღოლებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობის გამო, შეიძლება რაიმე სენი შეეყარა, შეიძლება ვინმეს უნდოდა მისი სიკვდილი.... ამაზე არასოდეს გვექნება პასუხი.
ხელმწიფეს სამეფო ვალდებულება ჰქონდა და უნდა გაეცა უკანასკნელი განკარგულება, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, სამეფოს ნორმალური ცხოვრება გაეგრძელებინა და სამეფო ოჯახში ყველაფერი გარკვეული ყოფილიყო. ამიტომ, მოიწვია სახელმწიფოს დიდებულები, თავისი და – რუსუდანი და მიმართა ცრემლმორეულმა:
„საქართველოს მესვეურნო, ვიცი, თქვენი პატიოსნება და მეფეებისადმი ერთგულება. ღვთის წინაშე გაბარებთ ჩემს დას, რუსუდანს, რათა ჩემს შემდგომად მეფედ ჰყოთ, როგორც არის ჩვეულება თქვენი წარმომავლობის ადამიანებისა. ერთგულად ემსახურეთ და თქვენი სიმხნით უვნებლად დაიცავით სამეფო ტახტი მტრებისგან. მართალია, მამაკაცი არ არის,  ქალია, მაგრამ არ აკლია სიბრძნე და სამეფო საქმეების ცოდნა.
თქვენ, სამეფოს წარჩინებულებმა იცით და გახსოვთ წყალობა, ნიჭი და პატივი თქვენდამი, სანატრელისა და კეთილად მოხსენიებულის, მეფეთა შორის ბრწყინვალის, ჩემი დედისგან. ასევე, თუ ღმერთი ინებებს, ჩემი დაც გცემთ პატივს. გთხოვთ, ღვთის წინაშე, მეფედ ჰყოთ ჩემს შემდგომად.
ხოლო ჩემს დას, რუსუდანს, ვუბარებ ღვთის წინაშე და თქვენს გასაგონად, აღზარდოს ჩემი შვილი დავითი და როცა შეეძლება მეფობა და მხედრობა, გაამეფოს.
დავითი დაადგინეთ მეფედ და მემკვიდრედ ჩემი მეფობისა.
ახლა პატარაა, მაგრამ თუ ღმერთი ინებებს მის გაზრდას, ვფიქრობ, შეძლებს მეფობას, რადგან ჯანმრთელი და საღი ჩანს“.
დაასრულა ანდერძი და გარდაიცვალა საქართველოს მესამოცე მეფე. ეს მოხდა 1223 წლის 18 იანვარს.
ლაშა-გიორგიმ ანდერძით სცადა, მემკვდრეობის წესი ჩვეულებრივად გაგრძელებულიყო მისი სიკვდილის შემდეგ. თავის მემკვიდრედ ის მიიჩნევდა ერთადერთ ვაჟს, რომელიც მაშინ პატარა იყო. მაგრამ, იცოდა რა, მცირეწლოვანი  ვერ შეძლებდა გამეფებას, შეიძლება პრობლემები შექმნოდა, ამიტომ, მეფობა გადააბარა დას, რუსუდანს.
რუსუდანს გამეფებაში ნაკლები პრობლემა შეექმნებოდა, რადგან ზრდასრული იყო და თან, თამარის შვილი. საქართველოში უკვე არსებობდა პრეცედენტი ქალის გამეფებისა. საქართველოს ერთიანი სამეფოს, მანამდე მისი ძველი წინამორბედი სახელმწიფოების - ქართლის, კოლხეთისა და დიაოხის, ასევე ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შესული სამეფო-სამთავროების, აფხაზეთის, ქართველთა სამეფოს (ტაო-კლარჯეთის), კახეთ-ჰერეთის ტახტებზე არასოდეს ასულა ქალი.
ბაგრატიონების გვარში ქალის ხაზით სამეფო მემკვიდრეობაც არ გადადიოდა. ანუ, მეფის ასულები არა მარტო თვითონ ვერ ადიოდნენ ტახტზე, არამედ ბაგრატიონის გვარსაც ვერ გადასცემდნენ შთამომავლობას და მით უმეტეს, სამეფო ტახტზე ვერ აჰყავდათ შვილები.
 გამონაკლისი იყო მხოლოდ წმიდა თამარი. ყველას ახსოვდა, თამარ ქალი ტახტზე ავიდა იმიტომ, რომ სხვა მემკვიდრე ქვეყანას, ბაგრატიონთა სამეფო ოჯახს, აღარ ჰყავდა. თამარის მამამ, თავისი აღზრდილი, ტახტის მემკვიდრე, უფროსი ძმის, მეფე დავით მეხუთის ერთადერთი ვაჟი, დიმიტრი (დემნა) სასტიკად დასაჯა აჯანყებისთვის.
თვითონ გიორგი მესამეც ანდერძით იყო შეკრული თავისი ძმის მიერ, რომლის მიხედვით, დემნას სრულწლოვანების მიღწევისას, გიორგის მეფობა უნდა დაეთმო ძმისწულისთვის. დემნა უფლისწული აჯანყდა, რადგან ბიძა ტახტის დათმობას არ აპირებდა. დამარცხებულ უფლისწულს თვალები დასთხარეს, რათა ვერ გამეფებულიყო. ბრმას ან ჯანმრთელობის პრობლემის ადამიანს ეკრძალებოდა ტახტზე ასვლა. ის დაკოდეს, რათა, შთამომავლობა არ მისცემოდა, მემკვიდრეები აღარ ჰყოლოდა, გიორგის ასულ თამარს კონკურენტები რომ არ გასჩენოდა.
გიორგი მესამემ პრეცედენტი შექმნა და ტახტზე აიყვანა ქალი. აჯანყების დამარცხების მერე, თვითმპყრობელ მეფეს შეწინააღმდეგება ვეღარავინ გაუბედა. გიორგის გარდაცვალების შემდეგ დიდებულთა რამდენიმე დაჯგუფებამ სცადა, ესარგებლა ახალი ხელმწიფის სქესით, როგორც თვითონ ფიქრობდნენ - სისუსტით. არაფერი გამოუვიდათ. თამარ მეფემ ბრძნულად გადაჭრა ყველა პრობლემა, მშვენივრად შეძლო სამეფოს გაძღოლა და არაერთი წარმატება მოუტანა სახელმწიფოს.
ასე რომ, რუსუდანს სქესის გამო ტახტზე ასვლაში პრობლემა არ შეექმნებოდა – ფიქრობდა სიკვდილის წინ მეფე გიორგი-ლაშა. რუსუდანი გაზრდიდა მის ვაჟს. მოყვარული ძმა, ლაშა-გიორგი ვერ წარმოიდგენდა, თუ მისი საყვარელი დაიკო რაიმეს დაუშავებდა თავის ერთადერთ, ობოლ ძმისწულს. მაგრამ, მაინც, მომაკვდავმა თამარის ძემ დიდებულების თვალწინ, თავისი მეფობის მემკვიდრედ გამოაცხადა საკუთარი ძე, ხოლო ანდერძით რუსუდანს, ფაქტობრივად, დროებითი მეფის ძალაუფლება გადასცა. თან, მოსთხოვა, როგორც კი სრულწლოვანებასა და მეომრის ასაკს მიაღწევდა მისი ვაჟი, დაეთმო ტახტი. სრულწლოვანებაში მაშინ, ალბათ, 21 წელი იგულისხმებოდა. ამ ასაკიდან შეეძლო, მეფეს გაძღოლოდა არმიას ბრძოლაში.
ყველაფერი გათვალა, შეძლებისდაგვარად, მომაკვდავმა ლაშა-გიორგიმ. მას სხვა გზაც არ ჰქონდა. სასიკვდილო სენი უცებ ეწვია, ვეღარ მოასწრებდა მცირეწლოვანი ვაჟის თანამეფედ კურთხევას, როგორი ტრადიციაც უკვე იყო ქვეყანაში, როცა მისი დედა აკურთხეს 12 წლის ასაკში, მამის, მეფე გიორგის თანამეფედ. თვითონაც დედის, თამარ მეფის თანამეფედ ეკურთხა ჭაბუკობისას.
რა იცოდა მომაკვდავმა მეფემ, რომ მასთან ერთად, დიდი საქართველოც მოკვდებოდა. რა იცოდა დის მოყვარულმა ძმამ, რომ, მასთან ერთად, მის სათაყვანებელ ოჯახში დედმამიშვილობის სიყვარულსაც მოეღებოდა ბოლო...
რუსუდანმა შეიფერა მეფობა, სულ მალე თავის სახელზე ფულიც მოაჭრევინა, ქმრადაც ის მოიყვანა, ვინც მოეწონა. ვაჟი შეეძინა და გადაწყვიტა, შვილი ექცია თავის მემკვიდრედ და არა „ვიღაც ველისციხელი ქალის ნაბუშარი“, როგორც იტყვიან ხოლმე, როცა ვინმეს რაიმე უნდა, წაგლიჯონ.
აღზევებულ დიდებულებსაც აწყობდათ რუსუდანის მეფობა, მით უმეტეს, მხარგრძელთა რამდენიმე შტოდ დაყოფილ, ყველაზე მდიდარ და გავლენიან საგვარეულოს. რუსუდანი ვერც სახელმწიფოს მართავდა და ხელისუფლებიდან მათ ჩამოშორებასაც არ ცდილობდა. მისი ქმარიც ჩვარი იყო. განსაკუთრებით ივანე მხარგრძელი იყო კმაყოფილი. ათაბაგობაც ჰქონდა, ანუ უფლისწულის აღმზრდელის პატივი, ამირსპასალარიც იყო, ანუ სამხედრო მინისტრი, ლორეში „სომეხთა მეფის ადგილზეც“ იჯდა, მწიგნობართუხუცესიც, ფაქტობრივად, დამორჩილებული ჰყავდა და განაგებდა ქვეყანას, როგორც უნდოდა.
რუსუდანს, როგორც კი წამოეზარდა უფროსი შვილი, თამარი, გაათხოვა რუმის სელჩუკთა სულთანზე. მაყარში გააყოლა ძმისწული და სიძეს მოსთხოვა, საპატიმროში ჩაესვა დავით ლაშას ძე. მემატიანე იმასაც კი ამბობს, შეუთვალა სიძეს, მოკალიო...
თვითონ კი თავისი მცირეწლოვანი ვაჟი, დავითი, თანამეფედ აკურთხებინა ქუთათისში.
იქნებ გრძნობდა ლაშა-გიორგი სიკვდილის წინ  საშიშროებას შვილის სიცოცხლესთან დაკავშირებით და გაზრდამდე, სრულწლოვანობამდე გადაავადა საფრთხე რუსუდანის გამეფებით. გაიზრდება და თვითონ მიხედავსო თავს, იქნებ იფიქრა,.. ვინ იცის...
ღმერთმა გადაარჩინა ლაშას ძე და მაინც ავიდა ტახტზე, თუმცა ის აღარ იყო უძლეველი სახელმწიფოს ტახტი.

скачать dle 11.3