კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედაქალაქის გადასარჩენად

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-25(808)

 ***
ვაკის პარკიდან წამოსული ონილი შუაღამისას დაბრუნდა „მოდულის“ შენობაში, ნიუმანს ეახლა და უთხრა:
– ყველაფერი რიგზეა.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა ნიუმანმა.
– ბარაბაძეს შევხვდი და დავალება მივეცი. ახლა, ალბათ, უკვე ტყავს აძრობენ პროფესორს და დილის 8 საათზე ჩანაწერი მექნება. რვის ნახევარზე უნდა დავურეკო და შეხვედრის ადგილი დავუთქვა, – თვითდაჯერებულად თქვა დონალდ ონილმა და გააბოლა. ნიუმანმა კი ირონიით მიუგო:
– ძალიან თავდაჯერებული ხარ და, რომ არაფერი გამოვიდეს, მაშინ რას იტყვი?
– რა ყვავივით დამჩხავი – არ გამოვიდეს, არ გამოვიდესო! – ხმას აუწია ონილმა, – გამოვა!
– ღმერთმა ქნას, ღმერთმა ქნას, მაგრამ, მორიგი კრახი რომ განიცადო, გიმეორებ: მთელი პასუხისმგებლობა შენ დაგეკისრება და სათანადო პატაკსაც გავაშანშალებ, – მშვიდად მიუგო ნიუმანმა და მანაც გააბოლა.
– ეეჰ, ნიუმან, ნიუმან, თარსი კაცი ხარ შენ, თარსი... იმის მაგივრად, რომ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და გამამხნევო, სულ ცუდზე ლაპარაკობ.
ნიუმანმა სიგარეტი ჩააქრო და ონილს უთხრა:
– თარსი კი არა, პროფესიონალი ვარ და სწორედ იმიტომ გამომგზავნეს ასე სასწრაფოდ ვაშინგტონიდან, რომ შენი ჩაფლავებული საქმე გამოვასწორო. შენ კი ისევ ძველებურად იქცევი და უკვე იმ გამარჯვებას ზეიმობ, რომელიც არ მოგიპოვებია.
– მე რა, შენი აზრით, პროფესიონალი არ ვარ? – წამოწითლდა ონილი.
– ეგ ცენტრის გადასაწყვეტია.
– ცენტრმა ეგ უკვე გადაწყვიტა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა აქ სამუშაოდ გამომგზავნა.
– და, რა გააკეთე შენ?! – ხმას აუწია ნიუმანმა, – აწყობილი საქმე ჩააფლავე. ფაქტობრივად, აწყობილი და კარგად კონსპირირებული ქსელი გააშუქე და საუკეთესო კადრები გაგვინადგურე. ეს ცოტაა?
– რას ბოდავ, ნიუმან, ვინ გავაშუქე და გავანადგურე?
– თუ დაგავიწყდა, გაგახსენებ.
– მიდი, გისმენ, – თქვა ონილმა და სიგარეტს მოუკიდა.
– გაგახსენო? დარწმუნებული ხარ, რომ შენ ეს გინდა?
– მიდი, გამახსენე, – იხტიბარი არ გაიტეხა ონილმა.
ნიუმანს ჩაეცინა და თქვა:
– აბდულ-აზიზ ქემალით დავიწყებ: კადრი, რომელსაც თითქმის ორი წელი ვამზადებდით, ვმალავდით და საიდუმლო ოპერაციაში უნდა გამოგვეყენებინა, შენ მიერ გადმობირებულმა კრეტინმა აგენტებმა ღორის ხორცივით დაჩეხეს. რა, ტყუილია? რა პასუხს გამცემ ამაზე?
– ეს თვითონ ქემალის ბრალია. კრეტინი და მანიაკი იყო ეგ შენი საუკეთესო კადრი, ნამდვილი მანიაკი. ზუხრა გააუპატიურა, ის ქალი კი ანზორ ამირიძის საყვარელი იყო, ეს ამბავი რომ შეიტყო, პასუხი მოსთხოვა და მოკლა. შენ რა, ქართველებისა და მუსლიმანების ამბავი არ იცი? ამირიძე კი ქართველი მუსლიმანი იყო.
– საყვარელი იყო, ცოლი ხომ არა? თუნდაც ცოლი ყოფილიყო, უნდა მოეკლა და საქმე გაეფუჭებინა? ქემალი ოთხ კედელში იყო გამომწყვდეული, ქალი მოუნდა და სქესობრივი აქტი ჩაატარა, რა არის ამაში უცნაური?
– შენ არ ამბობ, ჩვენი საუკეთესო კადრი იყო და ორი წელი ვამზადებდითო?  ჰოდა, კარგად ვერ მოგიმზადებიათ. თუ სუპერმენი იყო, თავიც უნდა შეეკავებინა და სხვის ქალს არ უნდა დასტაკებოდა.
– შენ, შენ რატომ არ გაითვალისწინე ყოველივე და ისეთი ხალხი რატომ შემოიყვანე ქსელში, ვინც ასეთ გაუაზრებელ საქციელს ჩაიდენდა? არ იცი, რომ მათ, ვისაც ერთმანეთთან სქესობრივი კავშირი აქვთ, ერთ საქმეში არ ვრთავთ?
– მე რა ვიცოდი, ისინი საყვარლები თუ იყვნენ? უფრო სწორად, ისინი საქმეში ჩართვის შემდეგ გახდნენ საყვარლები.
– უნდა გაგეკონტროლებინა. შენი აგენტები იყვნენ და შენ აგებდი მათზე პასუხს, – მაგიდაზე ხელი დაჰკრა ნიუმანმა. იგივე გაიმეორა ონილმაც და უღრიალა:
– შენ, შენ რატომ ვერ გააკონტროლე შენივე მომზადებული აგენტი?
– საიდან, ვაშინგტონიდან?
– უფრო კარგად უნდა მოგემზადებინა და მის კრეტინ თავში ჩაგენერგა, რომ ასე არ მოქცეულიყო.
– აქ, ადგილზე კონტროლი უკვე შენი მოვალეობა იყო და მთელი პასუხისმგებლობა შენ გეკისრება – ასე მიაჩნიათ ცენტრში და, ილოცე, რომ მორიგი ჩავარდნა არ მოხდეს, თორემ, შენგან სველ ადგილს არ დატოვებენ.
– რატომ ჩემგან? შენ ხომ პროფესიონალი ხარ და აქ მდგომარეობის გამოსასწორებლად გამოგგზავნეს? ჰო და, ჩავარდნაც შენს კისერზე იქნება.
– ცდები, ონილ, ძალიან მწარედ ცდები. აქ მე შენი კადრები დამხვდა და შენ ხარ მათი კოორდინატორი. ისინი შენი დავალებით მოქმედებენ და მე ჯადოქარი არ ვარ, რომ ჯოხის ერთი აქნევით გამოვასწორო საქმე.
– რატომ, შენ ხომ პროფესიონალი ხარ? – ირონიით თქვა ონილმა. ნიუმანმა კი ყურადღება არ მიაქცია ირონიას და განაგრძო:
– ამ მაწანწალების მკვლელობები ხომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მაინც, სად იპოვე ეგ ბარაბაძე და მისი კრეტინი ხელქვეითები? იმის მაგივრად, რომ კვალი წაეშალათ, უფრო მეტი კვალი დატოვეს და პოლიცია და პროკურატურა მათ კუდზე ასხედან. რომ არა ჩემი ძალისხმევა, მათ ეს საქმეები უკვე გახსნილი ექნებოდათ და სააშკარაოზე ვეყოლებოდით გამოყვანილი. თუმცა, ეგ ვარლამ კაკუბავა ისეთი გამოცდილი და ეშმაკი კაცია, იქნებ, ყველაფერს მიხვდა და, ვინ იცის, რას გვიმზადებს? ან, ჯერ რა საჩქარო იყო ბიძინა გაბიძაშვილის ლიკვიდაცია?
– მან ძალიან ბევრი იცოდა; თანაც, შეპირებული ვიყავი, რომ შტატებში გავამგზავრებდი და მდიდრულად ვაცხოვრებდი. ის ძალიან ხშირად მახსენებდა ამას, რაც მომავალი ოპერაციისთვის, შეიძლება, კატასტროფა ყოფილიყო. ვთქვათ და, ვინმესთვის რომ გაემხილა, ამერიკის საიდუმლო სამსახურზე ვმუშაობდი და ხალხს ვნიღბავდიო, რა მოხდებოდა? დავუშვათ და, ეს რუსებისთვის ეთქვა? ის ისეთი კაცი იყო, რომ ფულისთვის ნებისმიერ სამსახურში ჩადგებოდა, მით უმეტეს, რომ მის ბინაში ყველა იმ ადამიანის სურათი იპოვეს, ვინც შეუნიღბავს. ეს კი ძალიან საშიში იყო და ასე სწრაფად იმიტომაც მოვიშორეთ თავიდან.
– გაბიძაშვილიც შენი ნაპოვნი იყო და ნუ დაგავიწყდება ეს. მისი არასანდოობაც შენ მოგეკითხებოდა.
– ჰოდა, სწორედ ამიტომაც მოვიშორე.
– მისი მანქანა რატომ გაქრა გარაჟიდან?
–  ვეჭვობდით, რომ იქ კომპრომატების სამალავი ჰქონდა.
– მერე, აღმოაჩინეთ რამე?
– არა.
– რა უყავით მანქანას?
– კოჯრის ტყეში დააგდეს, – მიუგო ონილმა ნიუმანს.
– ბარაბაძის ბანდამ, ხომ?
– კი.
– ბარაბაძე და მისი კრეტინები ძალიან ბინძურად, არაპროფესიონალურად მუშაობენ და, როგორც კი ჩანაწერის ამბავი გაირკვევა, უნდა გავანადგუროთ, – უთხრა ონილს ნიუმანმა.
– ვაპირებ კიდეც, – ჩაეცინა ონილს.
– როგორ?
ონილმა საათს დახედა და ნიუმანს უთხრა:
– ახლა ღამის ორის ნახევარია. ექვს საათში ბარბაქაძეს დავურეკავ და ჩანაწერის გამოსართმევად შეხვედრის ადგილს დავუთქვამ რუსთავის გზატკეცილზე. ვეტყვი, რომ ყველანი მოვიდნენ გასამრჯელოს ასაღებად და ახალი დავალების მისაღებად. ხოლო, როცა მათ შევხვდები, ოთხივეს იქვე მივაკლავ და მათი ოდისეაც ამით დასრულდება. ჩანაწერი ჩვენ გვექნება, ყველა კვალი წაიშლება და ხელ-ფეხი გაგვეხსნება ოპერაციის დასაგვირგვინებლად. შემდეგ კი სამშობლოში დავბრუნდებით და დავისვენებთ, – უთხრა ონილმა ნიუმანს და დაამატა: – არნოლდ, რაც იყო, იყო. ვიჩხუბეთ და ორთქლი გამოვუშვით – სად არ ხდება ეს. ახლა კი ჩხუბის დრო არაა. მთავარია, ჩვენი ძირითადი მისია შევასრულოთ. რას იტყვი, შევრიგდეთ?
– შევრიგდეთ, – მიუგო ნიუმანმა და კოლეგას ხელი ჩამოართვა, გულში კი გაიფიქრა: „ვითომ შევრიგდით, ონილ. მთავარია, ყველაფერმა წარმატებით ჩაიაროს და თარსს გიჩვენებ მე შენ...“
ონილი, რომელიც ნიუმანზე არანაკლებად ბოროტი იყო, იმავეს ფიქრობდა გულში. მან კოლეგას გაუღიმა და ჰკითხა:
– რატი პეტრიაშვილი ისევ კონსპირაციულ ბინაშია, ხომ?
– არა, – ჩაეცინა ნიუმანს.
– აბა, სად?
– შავნაბადას მთაზე რომ ანტიტერორისტული ცენტრია, იქ არის. იზოლირებულადაა და ჩემები მას უკვე ყოველმხრივ ამზადებენ მომავალი ოპერაციისთვის. ერთი საათის წინ განკარგულება გავეცი და სამოცდათორმეტ საათში ოპერაცია უნდა ჩატარდეს. დრო უკვე ჩართულია და სრულ მზადყოფნაში იყავი, დონალდ, – უთხრა ნიუმანმა ონილს და საათს დახედა.
***
სიმონმა, იგივე ნოდარ გეგეჭკორმა, „გრუს“ კონსპირაციულ აგარაკზე შეკრებილ ოფიცრებს გადახედა და თქვა:
– პროფესორი დროებით ცალკე ოთახში მოათავსეთ და თქვენს კოლეგებს დაუძახეთ. სალაპარაკო გვაქვს და დრო არ ითმენს.
ერთ-ერთი გრუელი თავისი კოლეგების ამოსაყვანად წავიდა, მეორემ კი პროფესორს ანიშნა წამომყევიო. გაგნიძე გაფითრდა და სიმონს უთხრა:
– ოთახიდან მიტყუებთ, რომ მომკლათ, ხომ?
სიმონს გაეცინა და მიუგო:
– კი არ გიტყუებთ, დროებით გაგვყავხართ სხვა ოთახში სწორედ იმიტომ, რომ მოსაკლავი არ გაგვიხდეთ. თქვენი მოკვლა რომ მდომოდა, უკვე მკვდარი იქნებოდით.
– მართლა თუ მატყუებთ? – ამოილუღლუღა პროფესორმა.
– მართლა. ახლა კი გთხოვთ, დროებით დაგვტოვოთ. უბრალოდ, მეორე ოთახში მოიცადეთ. არც დარაჯს გიყენებთ და არც საკანში გათავსებთ. გაქცევა თქვენს ინტერესებში არაა, აქ კი ყველაზე საიმედოდ იქნებით დაცული, – უთხრა სიმონმა გაგნიძეს და ერთ-ერთი გრუელის თანხლებით ოთახიდან გაისტუმრა.
როდესაც დიდ ოთახში „გრუს“ ორი ჯგუფის რვავე ოფიცერი შეიკრიბა, სიმონმა მათ გადახედა და უთხრა:
– მეგობრებო, ერთი საათის წინ ცენტრიდან დამიკავშირდნენ და ყველა ჩვენი ქვედანაყოფის სრულ მზადყოფნაში მოყვანა მიბრძანეს. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ამერიკელები უახლოეს საათებში ოპერაციის დაწყებას აპირებენ. რა და როგორ, ჯერჯერობით არავინ იცის, მაგრამ ამ ამოცანის ამოხსნაზე სერიოზული ხალხი მუშაობს და ჩვენც გვევალება ეს. დანარჩენ ჯგუფებს უკვე ვესაუბრე და სათანადო განკარგულებებიც გავეცი. ყველა თავის ადგილზეა და იციან, რა უნდა გააკეთონ. საჭიროების შემთხვევაში დამიკავშირდებიან და ასევე მოვიქცევით ჩვენც. ახლა კი ბარაბაძე და მისი ხალხი უნდა დავკითხოთ – იქნებ მათგან გავიგოთ რამე ფასეული.
– ცენტრს რატომ მიაჩნია, რომ ამერიკელები მალე დაიწყებენ მოქმედებას? – ჰკითხა სიმონს ერთ-ერთმა ოფიცერმა.
– იმიტომ, რომ რატი პეტრიაშვილი ანტიტერორისტულ ცენტრში გადაიყვანეს, სავარაუდოდ, მას ფინალისთვის ამზადებენ, – სიმონმა აგარაკის უკან მდებარე მთისკენ გაიშვირა ხელი და დაამატა: – აი, იმ მთაშია მოთავსებული ეს ცენტრი, ჩვენგან სულ რაღაც ოთხასიოდე მეტრში. იქ ჩვენი კაცი გვყავს და სწორედ მან შეატყობინა მოსკოვს რატის ამბავი.
– გასაგებია, – ერთხმად მიუგეს სიმონს გრუელებმა.
– თუ კითხვები აღარ გაქვთ, სარდაფში ჩავიდეთ და ბარაბაძის ბანდა დავკითხოთ, – თქვა სიმონმა და სავარძლიდან წამოდგა.
ბარაბაძე და მისი დანარჩენი სამი მეგობარი სპეციალურ ფოლადის ძელებზე იყვნენ ხელბორკილებით მიბმულები. თავდაპირველად ოთხივე თავხედურად იქცეოდა და სიმონის კითხვებს აგდებულად პასუხობდნენ, ყველაფერს უარყოფდნენ და ცინიკურად იცინოდნენ. ბოლოს, პოლკოვნიკს მოთმინების ფიალა აევსო და ბარაბაძეს უთხრა:
– თუ არ გინდა, რომ ბოლოს თევზებთან გაგაცინო, წესიერად მოიქეცი და კითხვებზე მიპასუხე. ნუ მაიძულებ, რომ ცოცხლად გაგაძროთ ტყავი ოთხივეს და სიკვდილი მოგანატროთ, – სიმონმა ერთ-ერთ გრუელს სამართებელივით ალესილი ხანჯალი გამოართვა, ბარაბაძეს ახლოს მიუტანა და დაამატა: – გაგატყავო თუ ალაპარაკდები?
ბარაბაძე მიხვდა, რომ ხანჯლიანი არ ხუმრობდა და უთხრა:
– მაინც, რა გაინტერესებთ?
– ყველაფერი, – მოკლედ მოუჭრა პოლკოვნიკმა.
ბარაბაძემ დაწვრილებით უამბო სიმონს, როგორ გადაიბირა ის ონილმა, როგორ დახოცეს ონილისვე ბრძანებით საბურთალოელი მაწანწალები, როგორ მოკლეს და დაწვეს ბიძინა გაბიძაშვილი და როგორ უნდა მოეპოვებინათ მერაბ გაგნიძისგან ჩანაწერი, რომელიც დილით ონილისთვის უნდა გადაეცათ. ბარაბაძის მონაყოლში მხოლოდ ის იყო პოლკოვნიკისთვის უცნობი, თუ როგორ მოხდა ბარაბაძის გადაბირება, რაც დიდ ინტერესს არ წარმოადგენდა მისთვის, დანარჩენი კი კარგად იცოდა. თან, მისმა გამოცდილმა თვალმა ზუსტად შეატყო ბარაბაძეს, რომ მან მეტი არაფერი იცოდა, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, ხანჯალი სახესთან მიუტანა და კბილებში გამოცრა:
– თქვი, კიდევ რა იცი, თორემ, შენს გატყავებას ვიწყებ.
– მეტი მართლა არაფერი ვიცი. თუ ჩემი გატყავება გინდათ, გამატყავეთ, მაგრამ ახალს ვერაფერს გეტყვით. რაც ვიცოდი, ყველაფერი მოგიყევით, – ამოილუღლუღა ბარაბაძემ. სიმონი დარწმუნდა, რომ მასთან ლაპარაკში მხოლოდ დროს კარგავდა, არადა, პოლკოვნიკს ის აინტერესებდა, თუ რა მისია დააკისრეს ამერიკელებმა რატის, მაგრამ ბარაბაძემ ეს არ იცოდა. არც არავინ ეტყოდა მას ამას და მისი დაკითხვა მხოლოდ წყლის ნაყვა იყო.
– მერე რომ აღმოჩნდეს, რამე დაგვიმალე, იცოდე, დანაპირებს შეგისრულებთ ოთხივეს, – უთხრა სიმონმა ბარაბაძეს და ალესილი ხანჯალი გრუელს დაუბრუნა.
– არ აღმოჩნდება. გარწმუნებთ, რომ, რაც ვიცოდი, ყველაფერი გითხარით, – თქვა ბარაბაძემ და სიმონმა ჰკითხა:
– ჩვენ რას გვიპირებთ?
– გარემოება გვიჩვენებს, – მოკლედ მოუჭრა სიმონმა.
– ჩვენს დახოცვას აპირებთ?
– ვნახოთ. ისე მოვიქცევით, როგორც სიტუაცია გვიკარნახებს, ჯერჯერობით კი აქ იქნებით – ეს ადგილი თქვენთვის ყველაზე უსაფრთხოა ამჟამად.
– დაგვცინით, ხომ? მეშოკში გყავართ, როგორც უსუსური კნუტები და, უსაფრთხო როგორაა ჩვენთვის აქ? თქვენ თვითონ არ თქვით ახლა, სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთო? ალბათ, რომ დაგჭირდეთ, სულსაც თვალის დაუხამხამებლად ამოგვხდით, – ამოილუღლუღა ბარაბაძემ. პოლკოვნიკმა კი მიუგო:
– აქ, გადარჩენის შანსი მაინც გაქვთ. ამერიკელები კი იმ წამსვე გამოგიყვანდნენ წირვას, როგორც კი ჩანაწერს ჩაიგდებდნენ ხელში. ტვინი გაანძრიე, ბარაბაძე და მიხვდები, რომ სიმართლეს ვამბობ.
– ასე რატომ ფიქრობთ?
– იმიტომ, რომ მათ თავიანთი შავბნელი საქმეების ზედმეტი მოწმეები არ სჭირდებათ. ჯერ თქვენი მეშვეობით მოიშორეს ყველა მოწმე; ამავეს უპირებდნენ გაგნიძესაც. ბოლოს კი თქვენც დაგახურდავებდნენ, ნუთუ იმდენს ვერ ხვდები?
– ანუ, თქვენი სიტყვებიდან გამოდის, რომ, როგორც კი ჩანაწერს მივუტანდით ონილს, ის იქვე დაგვხოცავდა?
– როგორც იქნა, მიხვდი. სწორედაც რომ, დაგხოცავდათ და თვალსაც არ დაახამხამებდა, – უთხრა სიმონმა ბარაბაძეს, საათს დახედა და დაამატა: – ახლა ღამის ორი საათია. ექვსი საათის შემდეგ კი, თუკი თქვენ თქვენს დავალებას შეასრულებდით, ის ოთხივეს წირვას გამოგიყვანდათ. ასე რომ, მშვიდად იყავით და ინატრეთ, რომ ცოცხლები გადარჩეთ. თუმცა, ჩემი აზრით, თქვენ სასიცოცხლოები არ ხართ და სიკვდილს იმსახურებთ.
– რატომ ვიმსახურებთ სიკვდილს? ეს ჩვენი პროფესიაა და ასე გვზრდიდნენ, – თქვა ბარაბაძემ.
– სამშობლოს მოღალატეებად და ამერიკელების ლაქიებად, ხომ?
– რუსები რით ჯობიან მათ?
– თუნდაც იმით, რომ საქართველოში ქაოსს ეწინააღმდეგებიან, – ხმას აუწია სიმონმა, – გვეყოფა პოლემიკა. თქვენი ხმა აღარ გავიგო, სანამ რამეს არ გკითხავთ, თორემ, ახლავე მოგიზღავთ საკადრისს. წყნარად იყავით. ჩვენ უნდა გავიდეთ და, როცა დაგვჭირდებით, ისევ მოგაკითხავთ, – უთხრა სიმონმა ბარაბაძეს და გრუელებთან ერთად დატოვა სარდაფი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3