ხორციანი დიეტა
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, ამ დიეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ხორცი (ცხადია, უცხიმო), მაგრამ, სანამ კონკრეტულად დიეტას შემოგთავაზებთ, გაგაცნობთ ჰოლანდიელი მეცნიერების ახალი გამოკვლევების შედეგებს ხორცის სწორად გამოყენების შესახებ. მათ დაადგინეს, რომ საქონლის ან ცხვრის ხორცის მონელებისას გამოიყოფა განსაკუთრებული მოლეკულა, რომელსაც აქვს კანცეროგენური მოქმედების უნარი. ამიტომ, ხორცი არ უნდა მიირთვათ, როგორც ცალკე პროდუქტი; მისი ჭამა უმჯობესია მწვანილთან და ბოსტნეულთან ერთად. ქლოროფილი, რომელსაც მწვანილი და ბოსტნეული შეიცავს, ანეიტრალებს ამ მოლეკულას. ქლოროფილს ყველაზე მეტად შეიცავს: ისპანახი, ბროკოლი, ნებისმიერი სახის კომბოსტო, კიტრი, ნიახური, სალათის ფოთლები და მწვანილი. გაითვალისწინეთ, რომ ამ დიეტის დროს მწვანილისა და ბოსტნეულის რაოდენობა 3-ჯერ უნდა აღემატებოდეს ხორცის ულუფას.
დიეტა 3-დღიანია და გამოიყენება ქათმის ან ინდაურის ფილე, კურდღლის ხორცი და საქონლის ხორცი (ცხადია, ყველა მოხარშული). მწვანილი და ბოსტნეული, შეგიძლიათ, მიირთვათ, როგორც უმი, ისე ოდნავ მოშუშული სახით.
დღეში ნებადართულია 600 გრამი მოხარშული ხორცი. კვება არის 5-ჯერადი და ხორცი არ უნდა მიირთვათ მხოლოდ დილით (პირველ საუზმეზე) და საღამოს (ვახშამზე). შუა 3 კვებისას თითო ჯერის ნორმაა 200-200 გრამი მოხარშული ხორცი (მონაცვლეობით), თქვენთვის სასურველი გარნირით (ცოცხალი სალათა, მწვანილი ან ბოსტნეული).
სითხე დღის განმავლობაში – 2-დან 3 ლიტრამდე (ტემპერატურის მატების გამო).
პირველი საუზმე: 1 ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი, 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი უცხიმო ყველი.
მეორე საუზმე: 200 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, თითო ცალი კიტრისა და პომიდვრის სალათა მწვანილებით. 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი ან იოგურტი.
სადილი: 200 გრამი მოხარშული მჭლე საქონლის ხორცი; სალათის ფოთლების, კიტრისა და ბოლოკის სალათა მწვანილებით. 1 ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი (უშაქროდ).
სამხარი: 200 გრამი მოხარშული კურდღლის ხორცი; ბროკოლის, სტაფილოს, მწვანე ხახვისა და კიტრის სალათა მწვანე ხახვითა და სხვა მწვანილებით. 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი. ხილის ასორტი (200 გრამი).
ვახშამი: 1 ჭიქა უცხიმო მაწონი ან კეფირი, 1 ულუფა უცხიმოდ მოხარშული წიწიბურა 1-2 პატარგა ტოსტი უცხიმო ყველით.
შუალედებში – ჩვეულებრივი სასმელი წყალი.
დიეტის პერიოდში მთლიანად აკრძალეთ ფასტფუდის საკვები, წიწაკა, პილპილი, ნამცხვრები, ცომეული, ნაყინი, კანფეტები და ტკბილი გაზიანი სასმელები.
თითოკვირიანი შუალედებით დიეტის განმეორება შეგიძლიათ რამდენჯერმე.