ცოლები და საყვარლები
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-25(808)
პერსპექტივა... – უცნაური სიტყვაა, მაგრამ მასზე დაფიქრება ნამდვილად ღირს, თუკი, რა თქმა უნდა, ცხოვრების გაგრძელებას აპირებ და ერთი დღის სიამოვნებას არ ხარ აყოლილი. ნორმალურია, მომავლის პერსპექტივაზე იფიქრო, მაგრამ, თუ ხვდები, რომ საკუთარი ხელით გაანადგურე შესანიშნავი პერსპექტივა, ისღა დაგრჩენია, ხელი ტეკილის ბოთლს მოჰკიდო და დარდები სასმელში ჩაახრჩო.
გაბრიელამ ამრეზით შეხედა უკვე შემთვრალ ლევანს და კომოდზე შემოწყობილი შიშველი ფეხები კალთაში ჩაუწყო.
– შენ ასე აპირებ გაგრძელებას? – ჰკითხა პრეტენზიული და აგრესიული ტონით.
ლევანმა წარბშეკვრით ახედა:
– სამსახურში ხომ მიდიოდი? გაბრიელა, შენ გეკითხები.
– ჰო, მივდიოდი, – გამოაჯავრა გოგომ და ენა გამოუყო, – მაგრამ აღარ მივდივარ. დავიღალე, ორი თვეა, გელოდები, როდის მოჰკიდებ საქმეს ხელს და, როგორც ვატყობ, არაფრის გაკეთებას არ აპირებ. შენ რა, გგონია, დიდი ხანი იცხოვრებ კიდევ ჩემს ხარჯზე?
– შენს ხარჯზე ცხოვრებას არ ვაპირებ, მაგრამ, არ შემიძლია, უცებ წამოვხტე და მტვირთავად დავიწყო მუშაობა. ცოტა მაცადე, ვიპოვი რამეს, უფრო შესაფერისს.
გაბრიელამ გადაიხარხარა და კაცს მსუბუქად წაარტყა ხელი თავში.
– რას აკეთებ? – აღშფოთდა ლევანი.
– ცოტას გამოგაფხიზლებ, თორემ, ნელ-ნელა სულ გამოშტერდი.
– გეყოფა, გაბრიელა, ნერვებს ნუ მიშლი, ისედაც არ ვარ გუნებაზე!
– ამ ორი თვის განმავლობაში, რაც ერთად ვართ, მხოლოდ ერთი კვირა იყავი კარგ გუნებაზე, მას მერე იბღვირები. მე მადანაშაულებ რამეში?
– არა, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ შენ გარეშე მოხდა ის, რაც მოხდა.
გაბრიელა წამოხტა, შუა ოთახში დადგა და გაავებული მიაჩერდა კაცს:
– შენ... შენ... აუტანელი და საზიზღარი ვინმე ხარ! სახლში შემომივარდი და შენ გამო... ჰო, სწორედ შენ გამო გამომაგდო მამაჩემმა! ხომ ნახე, სად ვცხოვრობდი და როგორ? შეველიე ყველაფერს და გამოგყევი...
– მერე, რას მომყვებოდი?! – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ლევანმა და ხელი ჩაიქნია.
გაბრიელას ზიზღით მოებრიცა ლამაზი ტუჩები:
– როგორ შევცდი შენში...
– ოჰო, – ჩაიცინა ლევანმა, – არ მითხრა, რომ შეგიყვარდი, მაინც არ დავიჯერებ.
– რა თქმა უნდა, არ გეტყვი. სიყვარული დიდი სისულელეა, თუმცა, ვაღიარებ, რომ რაღაც მიზიდულობის კანონი ნამდვილად არსებობს.
– მაგაში კი გეთანხმები... მაგ მიზიდულობის ძალამ დამღუპა სწორედ.
– აღიარებ, რომ დაიღუპე? კარგია... ნელ-ნელა გინათდება გონება და შინაგანი ხმაც გელაპარაკება, რომლისაც გესმის კიდეც. იცი, რა? ადექი და წადი, უკვე აღარ შემიძლია შენი ატანა!
– გადასარევია. სად უნდა წავიდე? წასასვლელი აღარსად მაქვს.
– ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა, ცოლს რომ ღალატობდი. გავიგე, რომ მაგარი ქალი ყოფილა, ძალიან მაგარი. თურმე, ყველა სურვილს გისრულებდა. მაინც, როგორი სულელი ხარ... თვალები უნდა გაახილო და სიმართლე დაინახო.
– რა სიმართლე? მარტო ერთი სიმართლე არსებობს – სულელი ვარ!
– ჰო, ეგეც არის, ვადასტურებ. შენ ვერ დააფასე ის, რაც დაუმსახურებლად დაგეცა თავზე. მსუბუქი შოკი მიიღე, რომლიდანაც ვეღარ გამოხვედი. არ ვიცი, რა იპოვა შენში შენმა ცოლმა, მაგრამ, არაფრად ღირხარ. მამაჩემი მართალი იყო – ჩემნაირ გოგოს არ იმსახურებ...
გაბრიელა პატარა კარადასთან მივიდა. გამოაღო და ტანსაცმლის გადმოყრა დაიწყო.
– რას აკეთებ?
გაბიმ ლევანს აგდებით გახედა:
– შენი საქმე არ არის, მაგრამ გეტყვი, – მივდივარ. არ გირჩევ, გამაჩერო ან გამომეკიდო, დარწმუნებული ვარ, ამისი სურვილი აუცილებლად გაგიჩნდება...
– მამიკოსკენ აპირებ გაქცევას? მერე, გაპატიებს? ძალიან გააბრაზე, როცა ჩემნაირ უღირსს ჩამოეკიდე კისერზე.
– როგორი სასაცილო ხარ, უსუსური და არარაობა... როცა ცოლთან ცხოვრობდი და ჩემთან დადიოდი, ასეთი აშკარად არ იყავი. ყოველ შემთხვევაში, მე თავს მაჩვენებდი, რომ არ იყავი... ახლა ვხვდები: შენ მამაკაცთა იმ კატეგორიას მიეკუთვნები, მხოლოდ ქალის ხარჯზე რომ არიან ძლიერები და მამაკაცურები... სექსიც კი აღარ გინდა...
– საიდან მოიტანე? უბრალოდ, ვიცოდი, რომ სამსახურში მიდიოდი.
– შენ წინ თითქმის შიშველი ვდგავარ და შენ იმაზე ფიქრობ, მე სამსახურში არ დამაგვიანდეს? ნუ მაცინებ.
– გაბრიელა, ცუდად იცნობ კაცებს. როცა კაცს პრობლემა აქვს, სექსზე ვეღარ ფიქრობს – ეს მარტივი ჭეშმარიტება როგორ არ იცი?
– ჰო?! რადგან ასეა, მეც მაქვს ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომლის ცოდნაც ნამდვილად არ გაწყენს – პრობლემებიანი კაცი არაფერში მჭირდება.
– ანუ, ეს რას ნიშნავს?
გოგომ მხრები აიჩეჩა:
– თავად გადაწყვიტე. უკვე გითხარი, რომ მივდივარ. თვის ბოლომდე ბინის ქირა გადახდილია. შეგიძლია, დარჩე და იფიქრო შენს პრობლემებზე. იმედია, რამეს მოიფიქრებ. წარმატებას გისურვებ!
ლევანმა ჩაიცინა:
– ყველაფერი გასაგებია.
– კარგი. მით უმეტეს, დამშვიდებული მივდივარ. წადი, ჩაუვარდი მუხლებში შენს ცოლს. იქნებ მოწყალება გაიღოს და დაგაბრუნოს. თუმცა, მის ადგილას მე ამას არ გავაკეთებდი... – გაბრიელამ ხელი დაავლო ტანსაცმლით გაძეძგილ ჩანთას და კარი გაიჯახუნა.
***
ზურამ ზარის ღილაკს თითი დააჭირა და სიგარეტის ნამწვი სადარბაზოს ფანჯრიდან მოისროლა. კარი ნამძინარევმა კახამ გაუღო და შეშფოთებული მიაჩერდა.
– მოხდა რამე? ამ დილაუთენია რამ მოგიყვანა? არ მითხრა, რესტორანს წაეკიდა ცეცხლიო.
– არა, კაცო, მშვიდობაა. სალაპარაკო მაქვს შენთან.
– კარგი, შემოდი და ვილაპარაკოთ. რა საქმე გაქვს ამისთანა, რომ საღამომდე ვერ მოიცადე? – უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა კახამ და მეგობარს სამზარეულოსკენ გაუძღვა.
– აქ დავსხდეთ. თეოს და ბავშვს ჯერ ისევ სძინავთ. არ მინდა, გავაღვიძო... ყავას დალევ?
ზურამ თავი დაუქნია და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო.
– შეიძლება, მოვწიო?
კახამ კარი მიხურა, ფანჯარა გააღო და მადუღარაში ყავა ჩაყარა.
– აბა, მოყევი...
– მოკლედ, ლევანს ველაპარაკე, პრობლემები აქვს..
– ჰო? მერე, მე რატომ მეუბნები ამას? – სახე შეეცვალა კახას და ერთბაშად აფეთქდა: – შენ რა, ისევ გგონია, რომ მასთან ვალში ვარ? სხვათა შორის, მე ველაპარაკე და ყველაფერი ვუთხარი...
ზურას ტუჩებთან მიტანილი სიგარეტიანი ხელი გაუშეშდა:
– რა უთხარი?
– ყველაფერი... ჩემი და თეონას ამბავი. ვერ ვიტყვი, რომ მისთვის შოკი იყო, ასე რომ, ტყუილად გამომეცხადე დილაუთენია სინდისის ანგელოზივით.
– მოიცა, რას ავარდი, პრობლემები აქვს-მეთქი.
– მერე, მე რა ვუშველო აქედან? პრობლემების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და ეს ახალი ამბავი არ არის. ეგეთ კაცს ვერ გამოასწორებ. რა, ჩამოსვლას აპირებს?
– ეგ არ უთქვამს, მაგრამ, მგონი, იმ ქალთან აღარ ცხოვრობს. ვიღაც ჰყავს, სხვა...
– ჰა, ჰა, ჰა! მერე, ეგაა პრობლემა? რას მიყურებ, ზურა, ლევანი თავის ჩვეულ ამპლუაშია და ნუ დარდობ შენ, არაფერი მოუვა... კიდევ თქვა რამე, თუ ამით მორჩა.
– არ გიფიქრია იმაზე, რომ, შეიძლება, ჩამოვიდეს?
– ჩამოვიდეს. მერე მე რა შუაში ვარ? – მხრები აიჩეჩა კახამ და ყავა მოსვა. უნდოდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაგრამ არ გამოუვიდა, ძალიან მოჩვენებითი იყო ეს სიმშვიდე.
– კარგი. თუ არაფერ შუაში ხარ, წავალ მაშინ...
– ჰო, წადი...
ზურა რომ გააცილა და ოთახში დაბრუნდა, თეონას უკვე გაღვიძებოდა, საწოლზე იჯდა და დამფრთხალი თვალებით შეჰყურებდა.
– ყველაფერი გავიგონე, – ჩაილაპარაკა შიშნარევი ხმით.
– რა გაიგონე? – ნაძალადევად გაუღიმა კახამ.
– ყველაფერი. ახლა რა მოხდება?
– რა უნდა მოხდეს, თეონა, რა სისულელეს მეკითხები?
– მართლა ჩამოვა?
კახამ ცოლს წყრომით შეხედა:
– იცი, როგორ დავიღალე მაგ კაცის აჩრდილთან ბრძოლით? ძალიან, ძალიან დავიღალე... დროა, ეს კოშმარი დასრულდეს...
– დაიფიცე, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, ბავშვზე არასოდეს ეტყვი.
– თეონა!
– არა, უნდა დაიფიცო. შენ არ იცი, ეს ამბავი გულზე ლოდივით როგორ მაწევს... – ქალმა სახეზე ხელები აიფარა და ასლუკუნდა.
კახა შეწუხდა, თეონას მოეხვია და გულში მაგრად ჩაიკრა.
– როგორი სულელი ხარ, როგორი სულელი... ვერაფრით დაგარწმუნე ჩემს სიყვარულში. გეფიცები, შენც ჩემი ხარ და ბავშვიც. ლევანი რომც ჩამოვიდეს... ჰო, რომც ჩამოვიდეს, ამით არაფერი შეიცვლება, ოღონდ, გთხოვ, დღეიდან არცერთი სიტყვა აღარ მითხრა ამ თემაზე... აღარასოდეს, გესმის? თორემ, წავალ და... – კახამ სათქმელი აღარ დაასრულა. თეონამ ისე შეხედა, რომ შეეცოდა ქალი. ამოიოხრა, აკოცა და მისი თავი მკერდზე მიიკრა.
***
ნანამ სიგარეტი ბუხარში შეაგდო და კარის გასაღებად გაემართა.
– სტივ? გამარჯობა, შემოდი... – გვერდზე გადგა და კაცს გზა დაუთმო.
– არ მაკოცებ?
ნანამ შეხედა და არაფერი უთქვამს. კაცმა ამოიოხრა.
– ჰო, ვხვდები, არ გაქვს ჩემი კოცნის სურვილი. მაშინ, პირდაპირ გეტყვი – დენიმ დამირეკა.
– მართლა? მერე, რა გითხრა, მიხედე, აუზში არ გადავარდესო?
– კარგი, რა, ნანა... გიცნობ და ვიცი, რომ ამას არ გააკეთებ. დენის სხვა რამე აწუხებს.
– ვიცი, რაც აწუხებს და სულ ტყუილად... უკვე დიდი გოგო ვარ და როგორმე მივხედავ საკუთარ თავს. შენი გამოძახებაც არ იყო აუცილებელი. მეეჭვება, მოგწონდეს სასწრაფო დახმარების როლში ყოფნა.
– სულ ასე არ ვიყავი? – გაეღიმა კაცს და ქალს მიუახლოვდა, – ნანა, გეყოფა, დროა ის ტიპი თავიდან ამოიგდო და ძველებურად ვიცხოვროთ.
ნანამ ყოფილი ქმრის ხელი უხეშად მოიშორა და ხმამაღლა გაიცინა.
– ძველებურად ვიცხოვროთ? მერე, როგორ ვცხოვრობდით? ტყუილში.... აღარ მინდა, გესმის? მივხვდი, რომ აღარ მინდა...
– მე არასდროს მომიტყუებიხარ.
– ჰო, ვიცი, მაგრამ, მე გატყუებდი: რობერტოსთან ვიწექი... სხვებთანაც ვიწექი... – ნანამ ყოფილ ქმარს გამომწვევად, თითქოს ნიშნის მოგებით შეხედა. სტივენი გაფითრდა, ქალს ზურგი შეაქცია და ბართან მივიდა. ჭიქაში ვისკი დაისხა და სულმოუთქმელად გამოცალა. მერე ქალისკენ შებრუნდა – მის გამოხედვაში არანაირი ემოცია არ იგრძნობოდა.
– არ ვიცოდი... – თქვა უბრალოდ და გაიღიმა.
ნანამ თავი გადააქნია:
– ანუ, მაპატიე? რატომ მაპატიე? თუმცა, ვიცი – გიყვარვარ, მაგრამ ეს შენს თავმოყვარეობას არ ლახავს? იცოდი, ბარმენთან რომ გიღალატე, მაგრამ არ შეიმჩნიე... ახლა მოდიხარ და მეუბნები, რომ ჩემს თავმოყვარეობაზე უნდა ვიფიქრო. არ გეჩვენება, რომ ეს ყველაფერი სასაცილოა?! მე ხომ ისეთს არაფერს ვაკეთებ, რაც შენ არ გაგიკეთებია: თუკი შენ შეგეძლო, ჩემთვის ღალატი გეპატიებინა, მე რატომ არ უნდა ვაპატიო კაცს, რომელიც მიყვარს? მიპასუხე, სტივ, ოღონდ, გულახდილად – ერთი მიზეზი მაინც მითხარი, რის გამოც ლევანს ღალატი არ უნდა ვაპატიო...
სტივენმა თავი გადააქნია. ჭიქა დადგა და გასასვლელისკენ გაემართა.
– უკვე მიდიხარ? ესე იგი, მიზეზი არ არსებობს.
– ჰო, არ არსებობს, – ერთბაშად აგრესიული გახდა სტივენი და ყოფილ ცოლს ავად შეუბღვირა, – უსინდისო ძუკნა ხარ და იმ იმედით მივდივარ, რომ შენი იაფფასიანი რომეო უკან არასოდეს დაბრუნდება...
***
დენიმ მობილური გათიშა და საწოლზე მიაგდო.
ისევ არ პასუხობს. გაბრაზებულია ჩემზე – მიხვდა, სტივენს მე რომ ვუთხარი...
სამანტამ შიშველ სხეულზე ზეწარი შემოიხვია, ბიჭთან ცალ ფეხზე ხტუნვით, ასკინკილათი მივიდა და მხარზე ხელი დაადო.
– დედაშენზე ძალიან ბევრს ფიქრობ და ნერვიულობ, ის კი საკმაოდ ჭკვიანია და ნამდვილად არ სჭირდება ისეთი მზრუნველობა, რაც თავს პენსიონერ ინვალიდად აგრძნობინებს. უკვე დროა, ამას მიხვდე.
დენიმ უკმაყოფილოდ შეხედა მოღიმარ გოგოს:
– სამანტა, მაინც, როგორ მოახერხე, რომ ჩემს სახლში გადმობარგდი და ტვინსაც მიბურღავ?
გოგომ გაიცინა:
– არ მითხრა, რომ ჩემი აქ ყოფნა არ გსიამოვნებს?
დენიმ მხრები აიჩეჩა:
– არ ვიცი. არ მინდა, მაგაზე სერიოზულად დავფიქრდე.
– ძალიანაც კარგი ... ფიქრი, მით უმეტეს, სერიოზული, სექსს ხელს უშლის, – სამანტამ ზეწარი მოიხსნა, იატაკზე დააგდო და ბიჭს მოეხვია...
***
ლევანი დიდხანს იჯდა სანაპიროზე... ოკეანეს გასცქეროდა და ფიქრობდა... ხვდებოდა, არჩევანი რომ არ ჰქონდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება უჭირდა. იმიტომ არა, რომ თავმოყვარეობა ან სირცხვილის გრძნობა უშლიდა ხელს... იმის ეშინდა, რომ ქალი არ აპატიებდა და კარს ცხვირწინ მიუჯახუნებდა... რა თქმა უნდა, შეეძლო, დღიური სამუშაოთი გაეტანა თავი... შიმშილით არ მოკვდებოდა. ჯიბეში რამდენიმე ათეული დოლარიც ედო... წინდახედულად მოიქცა და გაბრიელასთან თანაცხოვრების ორი თვის განმავლობაში არ დახარჯა... უკიდურეს შემთხვევაში, სამშობლოში დასაბრუნებელ ფულსაც გამოიმუშავებდა როგორმე, მაგრამ ის არ იცოდა, ამის მერე რა უნდა ექნა... განცდილი მარცხის უსიამოვნო სუნმა ნესტოებში „შეუღიტინა“ ფეხზე წამოდგომა აიძულა.. რამდენიმე ასეული მეტრი გაიარა, გზატკეცილზე გავიდა და პირველივე მანქანას ხელი დაუქნია...
ნანა აუზის ნაპირას იჯდა... ფეხები წყალში ჰქონდა ჩაშვებული და თითებით მის ზედაპირს ეხებოდა. ეზოს ჭიშკარი უხმაუროდ გაიღო. მაგრამ ქალმა მაინც გაიგონა, უფრო სწორად იგრძნო, რადგან ელოდა... ზუსტად იცოდა, რომ ეს მოხდებოდა... კაცი ნელი, გაუბედავი ნაბიჯებით უახლოვდებოდა... ქალი არ შემობრუნებულა... ლევანი გაჩერდა და მუხლებზე დაეშვა... ნანა კისერზე მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა.
– ნანა... – გაუბედავად, ყოყმანით წარმოთქვა და გაჩუმდა.
– წადი, შხაპი მიიღე, ყარხარ... – თქვა ქალმა და აუზში ჩახტა...