როცა თავს ღმერთად გრძნობ...
ეს ამბავი შეიძლებოდა ასეც დაწყებულიყო: იყო ორი ძმა, არისტოკრატიული გვარის, დიდებული წარსულისა და ციხე-კოშკის მქონე, მაგრამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები... უილფრიდ ბოენი ბოლო დროს მეტისმეტად რელიგიური გახდა. მათი საგვარეულო მამულის ახლოს, მაღალ კლდეზე იდგა უძველესი ინგლისური ეკლესია, სადაც ხშირად ხედავდნენ უილფრიდს – ის თვალებდახუჭული იდგა და ლოცულობდა. განსაკუთრებით ერთი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული – ანგელოზის ვიტრაჟიანი კედელი. იქვე კარი იყო, რომელიც ეკლესიის ვრცელ, ქონგურებიან აივანზე გადიოდა, საიდანაც მთელი შემოგარენი ხელისგულივით ჩანდა. ეკლესიასთან ახლოს, რამდენიმე მეტრში, იქაური მჭედლის სახლი იყო; მოშორებით – დუქანი, სადაც ადგილობრივები იკრიბებოდნენ და ლუდს სვამდნენ... არავინ იცის, როდის გაუჩნდა უფროს ბოენს ღვთის შიში, მაგრამ მას მერე ძმასთან კონფლიქტები გაუხშირდა. ბონი ბოენი უწესოდ ცხოვრობდა: გათხოვილ ქალებთან დადიოდა, სვამდა და თრიაქს ეწეოდა...
იმ დილით, სისხამზე, ძმები ერთმანეთს დუქანთან შეხვდნენ. უილფრიდს, ჩვეულებისამებრ, მკაცრი და პირქუში იერი ჰქონდა; ბონის კი – გამოუძინებელი კაცის.
– სალოცავად მიდიხარ, ძმაო? – ჰკითხა ბონიმ დამცინავი ღიმილით, – ჩემი სულისთვისაც ილოცე.
– შენ საით გაგიწევია ასე ადრიან?
– მჭედელს უნდა შევუარო.
– მჭედელს? სახლში არ არის, გუშინ გრინფორდში წავიდა.
– ვიცი და ამიტომაც უნდა შევუარო – მისი ლამაზი ცოლი უნდა მოვინახულო.
უილფრიდ ბოენი სიბრაზისგან გაწითლდა:
– ბონი ბოენ! გვარს არცხვენ, მეც მარცხვენ, უფალსაც და რწმენასაც... ღვთის რისხვის არ გეშინია? არ გეშინია, რომ, ერთხელაც, შენს ბინძურ, ცოდვებით დამძიმებულ სხეულს თავისი მახვილით განგმირავს?
– უილფრიდ, მეც ჩემი რწმენა მაქვს და, სანამ ცოცხალი ვარ, ღმერთისგან ნაბოძებ სიცოცხლეს ისე გავატარებ, როგორც მინდა. მეეჭვება, ღმერთს ჩემთვის ეცალოს, როცა გაცილებით მნიშვნელოვანი საქმით არის დაკავებული.
უილფრიდი უფრო მოიღუშა და ძმას მოსცილდა, ბონიმ კი მჭედლის სახლისკენ განაგრძო გზა...
ერთი საათი ან ცოტა მეტი იქნებოდა გასული, როცა ანგელოზის გამოსახულებასთან თავდახრილ უილფრიდ ბოენთან ადგილობრივი ინსპექტორი მივიდა და მხარზე მოწიწებით შეავლო ხელი:
– მომიტევეთ, სერ... ასეთ დროს თქვენი შეწუხება არ მიდოდა, მაგრამ, მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა: თქვენი ძმა... ის... მოკლედ, ის მკვდარია, მოკლეს... ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდეთ.
უილფრიდმა თავი ასწია და ინსპექტორს შეხედა:
– მკვდარია?! ვიცოდი, რომ, ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდებოდა. სად არის?
– მჭედლის სახლის ეზოში. უნდა გაგაფრთხილოთ, სერ, საშინელი სანახავია – ვიღაც სასტიკად გაუსწორდა...
უილფრიდი უსიტყვოდ გაჰყვა ინსპექტორს და ისინი მჭედლის ეზოში შევიდნენ. ბონი ბოენის თავგაჭეჭყილი გვამი იქვე, სამჭედლოსთან ეგდო და სისხლში ცურავდა. დანაშაულის ადგილას უკვე მოეყვანათ ექიმი. იქვე იყო პადრე და კიდევ ერთი ღვთისმსახური... მალე მათ მეწაღეც შეუერთდათ, რომელსაც ეს საშინელი ამბავი ეკლესიის მნათემ შეატყობინა. მან გვამს დახედა და ჩაილაპარაკა:
– ძლიერი დარტყმაა... თავს ასე ვერ გაუჭეჭყავ ადამიანს, თუ მკლავში ხარის ძალა არ გაქვს. ყველაფერი ნათელია...
– გიბს, თუ ამით იმის თქმა გინდა, რომ მკვლელობა მჭედელმა ჩაიდინა, ცდები – ის გუშინ გრინფორდში, სექტის შეკრებაზე წავიდა და უამრავი მოწმეც ეყოლება, ვინც მის ალიბის დაადასტურებს, – თქვა ღვთისმსახურმა.
– სამაგიეროდ, მას მოტივი აქვს – ქმრები ხშირად უსწორდებიან იმ მამაკაცებს, რომლებიც მათ ცოლებთან დაძვრებიან. ასე არ არის, ინსპექტორო?
– შეიძლება, ასეცაა, – პირქუშად ჩაილაპარაკა ინსპექტორმა, – მაგრამ, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ. მართალია, მჭედელი ნორმანი ათლეტური აღნაგობითა და იშვიათი ძალით გამოირჩევა, მაგრამ, გარდა იმისა, რომ ასპროცენტიანი ალიბი ექნება, არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რაც გაფიქრებინებს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია.
ამ სიტყვების გაგონებაზე უილფრიდ ბოენს კრუნჩხვისმაგვარი რაღაც დაემართა და ერთიანად გაფითრდა, მაგრამ, თავს მოერია და ინსპექტორს ნაძალადევი სიმშვიდით ჰკითხა:
– რა გარემოებაზე ლაპარაკობთ, ინსპექტორო?
– მკვლელობის იარაღზე... – ინსპექტორმა გვამის სიახლოვეს მიგდებული მომცრო ზომის ჩაქუჩზე მიუთითა, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა მოკლულის თმა და თავის ქალის ძვლის ნამსხვრევები – განა საეჭვოდ არ გეჩვენებათ, რომ მკვლელმა ეს პატარა ჩაქუჩი გამოიყენა, როცა გარშემო რამდენიმე სხვადასხვა უროა? მით უმეტეს, მჭედელი უროს დაავლებდა ხელს...
– ამაზე მეც ვფიქრობ, – საუბარში ჩაერთო პადრე, რომელიც მანამდე დაეჭვებული მისჩერებოდა მკვლელობის იარაღს, – ასეთ ჩაქუჩს, ალბათ, უფრო ქალი მიანიჭებდა უპირატესობას....
ამ სიტყვების გამგონე მეწაღემ ხელი ხელს შემოჰკრა და შეჰყვირა:
– მართალია, ზოგჯერ საყვარლებს ქალები კლავენ და არა მათი ქმრები!
– ეგ დიდი სისულელეა, – თავი გააქნია ინსპექტორმა, – შეხედეთ იმ ქალის სუსტ ხელებს, – და მან იქ მყოფები მჭედლის სახლისკენ მიახედა, რომლის წინაც ლამაზი, წითურთმიანი ქალი იდგა და ტიროდა, – გამორიცხულია, მას ასეთი დარტყმა მიეყენებინა. თავის ქალა კვერცხის ნაჭუჭივით არის გახეთქილი და დაფხვნილი. რაღაცაშია საქმე... პადრე, თქვენც სწორედ ამაზე ფიქრობთ, ხომ მართალია?
პადრემ არაფერი უპასუხა, ის ისევ ჩაქუჩს უყურებდა და გვამს გარშემო უვლიდა. მერე შედგა და, რატომღაც, ეკლესიისკენ გაიხედა.
– სერ, – მიმართა უილფრიდ ბოენს, – შეგიძლიათ, ცოტა ხნით ეკლესიაში გამომყვეთ? მინდა, თქვენი ძმის სულისთვის ლოცვა წავიკითხო და, კარგი იქნება, თუ დაესწრებით. ბევრი მსმენია თქვენი ღვთისმოსაობის შესახებ.
უილფრიდ ბოენმა თავი დაუქნია და ხმის ამოუღებლად გაჰყვა უკან. როცა იმ ადგილამდე მიაეღწიეს, სადაც ბოენს ლოცვა უყვარდა ხოლმე, პადრე აივანზე გავიდა და უილფრიდსაც მოუხმო.
– კარგია, არა, როცა ღმერთის სიახლოვეს გრძნობ... თქვენ ხომ აქ დგახართ ხოლმე, როცა ლოცულობთ?
– დიახ, ანგელოზის სიახლოვე სულის სიმშვიდეს მგვრის.
– და ღმერთთან სიახლოვის განცდასაც... ასეთ დროს თავადაც ღმერთად გრძნობ თავს, ასე არ არის? ამიტომ, მე არასოდეს ავდივარ აივანზე ან ქანდარაზე სალოცავად... ქვემოდან ზემოთ მივმართავ ლოცვებს, რომ საკუთარი არარაობა უფრო თვალნათლად დავინახო უფლის წინაშე...
უილფრიდ ბოენი წაბარბაცდა და აივნის რკინის მოაჯირს ისე ჩაებღაუჭა, თითებიც კი გაუთეთრდა.
– არასწორად ლოცვა ხშირად ღმერთად გვაგრძნობინებს თავს და ეს პირდაპირი გზაა ჯოჯოხეთისკენ. ძმა ხომ თქვენ მოკალით... უარყოფას აზრი არა აქვს. შემიძლია, დანაშაულის მთელი სურათი აღგიდგინოთ: მისი მოკვლა გადაწყვეტილი არ გქონდათ. ლოცვისთვის იყავით მზად და დაინახეთ, როგორ მიდიოდა მჭედლის სახლისკენ. თქვენი გული რისხვამ აავსო, მჭედლის ეზოში უჩუმრად შეხვედით და ჩაქუჩი აიღეთ, შემდეგ სწრაფად ამოხვედით აქ და მჭედლის სახლიდან გამოსულ თქვენს ძმას, რომლის ნასიამოვნებმა სახემ კიდევ უფრო დაგარწმუნათ იმაში, რომ განგების „ხელი“ იყავით, ყოყმანისთვის ადგილი აღარ დაგიტოვათ და ჩაქუჩი მთელი ძალით ამ აივნიდან ესროლეთ...
– რა იცით, თქვენ ხომ აქ არ ყოფილხართ?! – შეჰყვირა ერთიანად აკანკალებულმა უილფრიდმა.
– სამაგიეროდ, ადამიანებს ვიცნობ კარგად – თქვენი მზერა, როცა ძმის გვამს უყურებდით... მე ისიც ვიცი, რომ ახალგაზრდობაში დედოფლის სამეფო კარის გვარდიელი იყავით და დედოფალმა პირადად დაგაჯილდოვათ საუკეთესო მსროლელის საპატიო ბაფთით... აღიარება გიხსნით, შვილო ჩემო... აღიარება აგარიდებთ უფსკრულს, რომელიც გელით...
უილფრიდმა თავზე იტაცა ხელები და დაიგმინა:
– მე ძმა მოვკალი...