კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სტრესისა და რთული პერიოდის გადალახვა მოუწია უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, ნინო პასიკაშვილს

24 წლის ნინო პასიკაშვილი პროფესიონალი  ფეხბურთელია, ცენტრალური ნახევარმცველი. ის ამჟამად საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში და თურქეთის ერთ-ერთ წარმატებულ კლუბში თამაშობს. მისი, როგორც ფეხბურთელის კარიერა კი წლების წინ დაიწყო, მაშინ, როცა ქალთა ფეხბურთი ძალიან ცოტა გოგონას აინტერესებდა. დღეს ნინო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მომავალში მწვრთნელის ამპლუაშიც შეიძლება მოგვევლინოს.
ნინო პასიკაშვილი: ბავშვობაში ჩოგბურთს ვთამაშობდი, მაგრამ ტრავმის გამო ვეღარ შევძელი გაგრძელება და მოვხვდი ფეხბურთზე. 12-13 წლის ასაკიდან ბადრი მაჭავარიანთან დავიწყე ფეხბურთის თამაში. ეზოში ბიჭებთანაც სულ ვთამაშობდი – ჩემი ძმა რომ კარში იდგა, მე თავდამსხმელი ვიყავი. თავიდან რუსთავის გუნდში ვთამაშობდი. ერთხელაც, ამხანაგური თამაში გვქონდა თბილისთან და ასე მოვხვდი ნორჩ „დინამოში“, შემდეგ – 17 წლამდე ეროვნულ ნაკრებში, შემდეგ – 19 წლამდე, შემდეგ – ეროვნულ ნაკრებში და, ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, 14 წლის ასაკიდან გადავედი პროფესიულ ფეხბურთში.
– როგორი დამოკიდებულება ჰქონდა შენი არჩევანისადმი ოჯახს?
– ეს 10 წლის წინ ხდებოდა და იმ პერიოდისთვის მაინც უცხო იყო, თუმცა, მშობლები დადებითად უყურებდნენ ამ ყველაფერს. მამამ თვითონ შემიყვანა ფეხბურთზე, მას ძალიან უყვარს სპორტის ეს სახეობა. როცა თამაში მქონდა, და-ძმაც ყოველთვის მგულშემატკივრობდა. სხვათა შორის, ქალთა ფეხბურთი 2-3 წელია, ოლიმპიურ თამაშებში შეიტანეს; ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები გვაქვს, ჩემპიონთა ლიგა. ნომერ პირველი სპორტია ქალებში. საქართველოში ნელ-ნელა უფრო მეტ წარმატებას ვაღწევთ. 2016 წელს ლევან კობიაშვილმა პირველად დაიწყო საქართველოს წლიური ჩემპიონატი, ბევრი გოგონა დაინტერესდა და ბევრი ნიჭიერი სპორტსმენი მოდის. როდესაც მე ვთამაშობდი, ძალიან რთული იყო, გოგონებს ვერც ვეთამაშებოდი. ბიჭები ძლიერები იყვნენ, სულ გვიგებდნენ და სტრესში ვიყავით. 13-14 წლის ბიჭთან თამაში, როცა შენც მაგ ასაკის ხარ, არ არის პრობლემა, მაგრამ, 16-17 წლის ასაკში ბიჭს მაინც ვერ გაუწევ კონკურენციას. სანამ პატარები ვიყავით, ვთამაშობდით ერთად, მაგრამ, სახლში რომ მივდიოდი, დედა მეუბნებოდა: რა გჭირს ხელებზე, მუხლებზე, გოგო ხარ თუ ბიჭიო – ყველგან იარა მქონდა. მარტოსაც მივარჯიშია თოვლში, წვიმაში. ზოგმა გათხოვების გამო დაანება თავი, ზოგს მამამ ან დედამ დაუშალა. იმ პერიოდში ქალთა ფეხბურთის თამაში წარმოუდგენელი იყო. მიხარია, რომ დღეს უფრო ბევრნი არიან ამ საქმით დაიტერესებულები, თან – ნიჭიერები და პერსპექტიულები. დღეს მე ცენტრალური ნახევარმცველის, ანუ გამთამაშებლის პოზიციაზე ვთამაშობ. საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციაა.
– როგორ დაიწყო შენი, როგორც ლეგიონერის კარიერა?
– 18 წლის ვიყავი, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, ბელორუსიაში სინჯებზე მიდიხარო. ჩავედი მინსკში და ორწლიანი კონტრაქტით ამიყვანეს მინსკის „მინსკში“, უმაღლესი ლიგაა. საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე, რადგან განსხვავებული ტრადიციის ხალხია, ძალიან ცივები. ვერავისთან იმეგობრებდი, რადგან მხოლოდ ვარჯიშზე მოდიოდნენ და ვარჯიშთან ერთად მთავრდებოდა ჩვენი ურთიერთობაც. თან, ზამთარი იყო, მინუს 20 გრადუსი, გარეთაც ვერ გამოვდიოდი სასეირნოდ და სულ სახლში ვიჯექი. ჩემი იქ თამაშის პერიოდში ბელორუსის ჩემპიონატი მოვიგეთ, ერთხელ კი მეორე ადგილზე გავედით. საკმაოდ დიდ კონკურენციას განვიცდიდი, „გრუპები“ იყო, ასე ვთქვთ, „გოგოური“ სიტუაციები – დაქალი დაქალს რომ უჩალიჩებს რაღაცეებს. ხან – რომელი დაქალი მომარტყამდა ფეხს, ხან რომელი, ჩვეულებრივი დაპირისპირება იყო. რაღაც პერიოდი გავუძელი, მაგრამ სეზონის ბოლოს კონტრაქტის შეწყვეტა მოვითხოვე და დავბრუნდი, თუმცა, ორ თვეში მივხვდი, რომ საქართველოში ვერ გავჩერდებოდი უმოძრაობა იყო, თან, გოგო ფეხბურთელს საქართველოში რთულად იღებენ. ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სორდია დამეხმარა, წავსულიყავი უკრაინაში, ხარკოვის გუნდში. ესეც, რა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგაშა, ორივე გუნდი, მინსკისაც და ხარკოვისაც, ჩემპიონთა ლიგას თამაშობდა. მაშინ, როცა ხარკოვის გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე უნდა მეთამაშა, ომი დაიწყო. ჩავფრინდი კიევში, მაგრამ ფიზიკურად არ შემიშვეს და ორწლიანი კონტრაქტის გაუქმება მომიწია, თუმცა მანამდე ძალიან კარგი პერიოდი გავიარე. როდესაც ხარკოვში ჩავედი, ჩვენს გუნდში სხვადასხვა გუნდებიდან საუკეთესო მოთამაშეები იყვნენ გადმოყვანილები. კონკურენციას არ განვიცდიდი. თუმცა, ხარკოვის ორი კლუბი იყო: „ხარკოვი 1“ და „ხარკოვი 2.” საუკეთესო ფეხბურთელებით იყო ორივე გუნდი დაკომპლექტებული და გვიჭირდა ხოლმე ერთმანეთთან თამაში, ასე რომ ვთქვათ, „ჯახი“ იყო. როგორც „ბარსელონისა“ და „რეალის“ თამაში, ასეთივე დერბად მიიჩნევა „ხარკოვი 1“ და „ხარკოვი 2“. მე პირველ გუნდში ვთამაშობდი, საბოლოოდ მოვიგეთ თამაში და ჩვენ გვიწევდა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა.
– უკრაინის შემდეგ უკვე თურქეთში თამაშობ.
– როდესაც უკრაინიდან წამოვედი, ჩემი მეგობარი ნინო სუთიძე, რომელიც თურქეთის „იზმირში“ თამაშობს,  დამეხმარა, რომ თურქეთში მოვხვედრილიყავი. ადანის გუნდში მოვხვდი. ადანაში თამაში და ცხოვრება საკმაოდ რთული იყო, თურქებმა ინგლისური არ იცოდნენ, ჩვენ – თურქული და ვერ ვეკონტაქტებოდით. თან, საღამოს 7 საათის მერე გარეთ ვერ გახვიდოდი, ვერც იქაურ საკვებს ვეგუებოდი – ვერასდროს ვიგებდი, რას ვჭამდი. თან, ისინი იატაკზე ისხდნენ და ისე ჭამდნენ, ბოლოს მიხვდნენ და მაგიდა მოგვიტანეს. ადანას თამაში ჰქონდა სტამბულის გუნდთან – „ათაშერთან“. მწვრთნელს მოვეწონე და წელს იანვარში გადავედი ამ კლუბში, სადაც დღემდე ვთამაშობ. ძალიან კარგი გუნდია, სამწუხაროდ, ნინო სუთიძის გუნდის დიდი კონკურენტები ვართ. არ უყვართ ერთმანეთი და ხისტი თამაში მიდის ხოლმე. ორივე ძლიერი კლუბია, სერიოზული, ორივეს ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გასვლა და, შესაბამისად, დიდი დაპირისპირება აქვთ. ხან ერთია პირველ ადგილზე, ხან – მეორე. ასევე, სხვა კლუბებთანაც გვაქვს თამაში. ისეთი კლუბია, სადაც ღირს თამაში, მაღალი დონის არის, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პრეტენზია აქვს. თურქეთში ქალთა ფეხბურთს დიდი ყურადღება ექცევა, მეტი ინტერესი აქვთ, სულ სავსეა ტრიბუნები, ყველა მნიშვნელოვანი თამაშები შუქდება. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ თამაშზე ტრავმა მივიღე და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე თამაშში ვერ მივიღე მონაწილეობა. თან, როგორც იქნა, მოვხვდით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ვერ ვთამაშობ ამ თამაშებს. ერთი თამაში დარჩა შვეიცარიასთან. პირველად მოვხვდით ასეთ სერიოზულ ნაკრებებთან, ვერცერთი თამაში ვერ მოვიგეთ, მაგრამ მომავალ ჩემპიონატზე, ვფიქრობ, კონკურენტუნარიანები ვიქნებით და მეც შევძლებ, ვითამაშო.
– როგორი რეაქცია აქვთ როდესაც იგებენ, რომ ფეხბურთელი ხარ, განსაკუთრებით ბიჭებს?
– გოგონები უფრო შურიანები ხდებიან ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, მეგობრებთან ვყოფილვარ სადღაც, იქ ბევრი სიმპათიური ბიჭი ყოფილა და, რომ მითქვამს, ფეხბურთელი ვარ-მეთქი, ყველა ბიჭის ყურადღება მიმიქცევია. არ აინტერესებთ, როგორი ჩაცმულია გოგო, მაშინვე ათას კითხვას გისვამენ, თან, ზოგი ფეხბურთის აზრზე არ არის – მე მესის გუნდი მიყვარსო... ფეხბურთს ვთამაშობ-მეთქი, რომ ვამბობ, შოკი ემართებათ, მერე გეკითხებიან: სად თამაშობ? გუნდი გყავს? – და, უხარიათ, როდესაც იგებენ, რომ ქალთა ფეხბურთი საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეზეა.
– რა ხდება პირადში, შენი რჩეული აუცილებლად სპორტსმენი უნდა იყოს?
– დარწმუნებული ვარ, ვერცერთი ბიჭი ვერ გაუძლებს გოგოს, რომელიც ერთი თვე ირლანდიაშია, ერთი თვე – თურქეთში. საქართველოშიც იშვიათად ჩამოვდივართ და, როცა ჩამოვდივარ, მე და ჩემი დაქალი კარვებით დავდივართ. ძალიან კარგად და ბედნიერად ვცხოვრობ, შეზღუდვები არ მაქვს. ალბათ, ჩემი მეორე ნახევარი სპორტში იქნება ან სპორტი ეყვარება ძალიან. დარწმუნებული ვარ, ვერასდროს გავუძლებ ისეთ ბიჭს, რომელიც მთელი დღე ოფისში იჯდება.

скачать dle 11.3