რა შემთხვევაში ხდება ჩიყვი სიცოცხლისთვის საშიში და რატომ არის ქალბატონებში ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები უფრო გავრცელებული, ვიდრე მამაკაცებში
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები დღეს მთელ მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა, მათ შორის საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინა ჩიყვის მკურნალობის წარმატებულ მეთოდებს გვთავაზობს, სულ უფრო იმატებს ჩიყვით დაავადებულთა რიცხვი. იოდის ნაკლებობა, სტრესული გარემო, ზოჯგერ გენეტიკა, მზის რადიაცია, საკვები პროდუქტები – მიზეზების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. რა უნდა იცოდეს ამ მხრივ ადამიანმა და როგორ უნდა დაიცვას თავი, ამის შესახებ ისაუბრებს ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ნინო ესაკია.
– ჩიყვის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იოდის ნაკლებობაა. არსებობს ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სხვა გამომწვევი ელემენტები. მაგალითად, მწვავე თირეოიდიტის დროს, ვირუსულმა ინფექციამ შესაძლოა, გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ანთება. ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია გენეტიკა. თავის მხრივ, ფარისებრი ჯირკვლის გართულებაზე შესაძლოა, რადიაციამ მოახდინოს დიდი გავლენა. – ფარისებრი ჯირკვალი არის ორგანო, რომელიც სისხლში გამოყოფს ჰორმონებს, რასაც დიდი გავლენა აქვს სხვადასხვა ორგანოებზე. როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ნერვული სისტემა, მინერალური ცვლა, წონა, მეტაბოლიზმი და ასე შემდეგ. სხვადასხვა ფორმის ჩიყვის შემთხვევაში სიმპტომატიკა განსხვავებულია. ჰიპოთირეოზის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას, ადამიანი დეპრესიულ მდგომარეობაშია, კარგავს შრომისუნარიანობას, მიდრეკილია სიმსუქნისკენ. ამ სახის ჩიყვს ახასიათებს ფრჩხილების სტრუქტურის შეცვლა, თმის ხარისხის გაუარესება, კანის სიმშრალე, მოთენთილობა. მაშინ კი, როცა დაავადება მიდის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატებით, ადამიანებს აწუხებთ ფაღარათი. აღგზნებადობა, ძილის მოშლა, წონაში დაკლება, შესაძლოა, იყოს გამოხატული ვიზუალური ნიშნები, როგორიცაა გამომეტყველების შეცვლა, შეშფოთებული იერი, თვალის გუგის გაფართოება, ეგზოფთალმი. ქალებში ძალიან ხშირია მენსტრუალური ციკლის მოშლა. არსებობს ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემებიც. ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევას მოჰყვება გულსისხლძარღვთა დაავადებები, ტაქიკარდია, ასევე, უშვილობის პრობლემა, როგორც ქალბატონებში, ასევე მამაკაცებში. ისეც ხდება, რომ ადამიანი არ იცვლის ცხოვრების წესს და უცებ იმატებს წონაში, რაშიც ხშირ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვალი დიდ როლს თამაშობს. კუჭ-ნაწლავის მხრივ დამახასიათებელია შეკრულობა. გარდა ამისა, ფარისებრ ჯირკვალს კანზეც აქვს გამოვლინება. თირეოტოქსიკოზის, ტოქსიკური ჩიყვის დროს ხდება ჰორმონების ჭარბად გამოყოფა სისხლში. ამ დროს აღსანიშნავია ჭარბი ოფლიანობა, ხელების კანკალი. წონის კლება. ხანდახან არის შემთხვევა, როცა პაციენტი 20-30 კილოს იკლებს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია აქტიურად მოქმედებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებაზე. შესაბამისად, მისი ფუნქციის შეცვლა იწვევს სხვადასხვა სახის დარღვევას.
– როგორც ვიცი, ქალი გაცილებით უფრო მიდრეკილია პათოლოგიისკენ, ვიდრე მამაკაცი. დაორსულების შემთხვევაში, რა ხდება, როდის არის ნაყოფის მოცილება გარდაუვალი და რა მეთოდებით შეიძლება თავის დაცვა?
– სტატისტიკური მონაცემებით, ქალები სამჯერ მეტად ავადობენ ამ დაავადებით, ვიდრე მამაკაცები. თუმცა, ბოლო წლებში ჩიყვით დაავადებულ მამაკაცთა რიცხვიც საგრძნობლად გაიზარდა. ქალებში ავადობის მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებულია ფიზიოლოგიურ პროცესებთან. მოგეხსენებათ, ქალს გარდატეხის რამდენიმე ფიზიოლოგიური პერიოდი აქვს. ამ დროს ქალში თავს იჩენს ბევრი ის დაავადება, რაც მანამდე არ აწუხებდა. მამაკაცებს ფიზიოლოგიური გარდატეხის პერიოდები ნაკლებად აქვთ გამოხატული. თუ პაციენტს აღენიშნება ტოქსიკური, ანუ შხამიანი, ჩიყვი, იგივე გრეიფსის, ბაზედოვის დაავადება, ორსულობა არ არის სასურველი. ამ შემთხვევაში, თუ ქალი გეგმავს ორსულობას, ჯერ აუცილებლად უნდა იმკურნალოს. თუ ტოქსიკური ჩიყვის დროს მოხდა დაორსულება, რა თქმა უნდა, ბავშვი არის რისკის ჯგუფში. ამ დროს შესაძლოა, საჭირო გახდეს სპონტანური აბორტი. პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება მედიკამენტური მკურნალობა, რაც ბავშვის განვითარებაზე მოქმედებს მუცლად ყოფნის პერიოდში და აუცილებლად აისახება ახალდაბადებულის შემდგომ განვითარებაზე. შესაძლოა, დაბადებისას არ დაფიქსირდეს რაიმე სახის ანომალია, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ იჩინოს თავი სხვადასხვა სახის პრობლემით. ხშირად ისეც ხდება, რომ მხოლოდ ორსულობის პერიოდში იგებენ, რომ თურმე, ტოქსიკური ჩიყვი ჰქონიათ. ასეთ დროს ვიწყებთ პაციენტის დაუყოვნებლივ მკურნალობას. არსებობს ორი ჯგუფის მედიკამენტი. ერთი, რომელიც მავნებელია ბავშვისთვის და არის მეორე – საშუალო რისკის ჯგუფი, რაც მკვეთრ ანომალიებს არ იწვევს. თუმცა 100-პროცენტიანი არ არის უსაფრთხოების მხრივ. შესაძლოა, ბავშვიც დაიბადოს ტოქსიკური ჩიყვით. გარდა ტოქსიკური ჩიყვისა, არის ჰიპეოთიროზი, როდესაც სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები შემცირებულია. ასეთი ტიპის პაციენტებს უჭირთ ორსულობა, ხშირ შემთხვევაში ორსულობა ვერ ხერხდება. არის შემთხვევები, ქალი გათხოვდა, გავიდა წლები და ვერ ორსულდება. ამ დროს გენოკოლოგი მას ჩიყვის გამოსავლენად უნიშნავს TSH-ის ანალიზს, რადგან ხშირია, როცა ორსულობა არ დგება სისხლში მაღალი TSH-ის გამო. ამ შემთხვევაში ბევრად მარტივადაა საქმე, რადგან პაციენტი რა მედიკამენტსაც მიიღებს, ბავშვზე ზემოქმედებას არ მოახდენს, არანაირ ანომალიას არ იწვევს. ამერიკასა და ევროპაში გარკვეული დროის განმავლობაში აკვირდებოდნენ ორსულებს. ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოიყო სამი ჯგუფი: ჯანმრთელი ორსულები; ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის მქონე ორსულები, რომლებიც მკურნალობდნენ და ორსულები, რომლებმაც უარი თქვეს მკურნალობაზე. როდესაც სამივე ჯგუფის ორსულთა შვილები გაიზარდნენ და გახდნენ შვიდი წლის, შეაფასეს მათი ინტელექტის განვითარება. დაადგინეს, რომ სრულიად ჯანმრთელი ორსულების შვილებს იდეალური შედეგი ჰქონდათ; ორსულებს, რომლებმაც იმკურნალეს უახლოვდებოდნენ ჯანმრთელი ორსულების ნორმას და იმ ორსულებს, რომლებმაც არ იმკურნალეს, დაბალი განვითარების მქონე შვილები ეყოლათ. ვისაც ჩიყვი აწუხებს, ბუნებრივია, მზის აბაზანა არ არის სასურველი. ჩვენ კატეგორიულად ვუკრძალავთ პაციენტს მზის სხივების გადაჭარბებულად მიღებას. აი, მაგალითად, თუ ადამიანს აქვს ტოქსიკური ჩიყვი, აუტოიმუნური ჩიყვი, აუტოიმუნური თირეოდიტი, სასურველი არ არის მზის აბაზანები. ისინი პლაჟზე უნდა გავიდნენ აუცილებლად დილის საათებში და საღამოს 7-8 საათის შემდეგ. ზღვის წყალი ძალიან კარგია, რადგან გარდა იოდისა, შეიცავს ნატრიუმს, ბრომს. ამ შემთხვევაში მარტო ზღვა არ იგულისხმება. მაღალი ხარისხის რადიაცია მთის კურორტებისთვისაც არის დამახასიათებელი, რასაც ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ.
– რამდენად დიდია საკვები პროდუქტების როლი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის გამომწვევ ფაქტორებში და რა რეკომენდაციას მისცემთ მკითხველს?
– ფარისებრი ჯირკვალი ის ორგანოა, რომელსაც ყოველდღიურად უნდა მიეწოდებოდეს იოდი. თუ მას იოდი არა აქვს, ვეღარ ხდება ჰორმონების პროდუცირება. ყოველდღიურ საკვებ რაციონში აუცილებელია, იყოს ისეთი ტიპის კონპონენტები, რომლებიც იოდს შეიცავს. ძალიან კარგია იოდიზებული მარილის გამოყენება საკვებ რაციონში, თუმცა ეს არ გულისხმობს მარილის ჭარბ მოხმარებას. აუცილებელია, იოდიზებული მარილის მოხმარების წესის დაცვა. იოდიზებული მარილი უნდა შეინახოს მინის ან პლასტმასის ქილაში, თავდახურული, სიბნელეში. იოდიზებული მარილი არ უნდა გამოვიყენოთ სადილში დუღილის დროს. იოდის ნორმირებული დოზა დღეში დაახლოებით 20 გრამია, რაც 3-4 ჩაის კოვზის ტოლია. გარდა ამისა, კარგია ის პროდუქტები, რომლებიც ბუნებრივად შეიცავენ იოდს, ეს ძირითადად ეხება თევზს, მაგრამ საუბარია ზღვისა და ოკეანის თევზზე. რაც შეეხება მდინარის თევზს, იოდს არ შეიცავს. უნდა შევიძინოთ ზღვისა და ოკეანის თევზი არა გაყინული სახით. გარდა ამისა, იოდით არის გამდიდრებული ნიგოზი, კარალიოკი, ფეიხოა. ზღვის წყალმცენარეები შეიცავენ იოდს დიდი რაოდენობით. მაგალითად, იაპონელები, რომლებიც ცხოვრობენ ოკეანისა და ზღვის სანაპიროზე და შესაბამისი პროდუქტებით იკვებებიან, არ იმყოფებიან იოდდეფიციტური დაავადებების რისკის ქვეშ. დავამატებ და გეტყვით, რომ ძალიან კარგია ცილის შემცველი პროდუქტები. ეს არის ხაჭო, ნადუღი, რძე, ყველი, კვერცხი, ასევე, სოკო და სოია. ცილის მარაგი ორგანიზმში აუცილებელია, მათ ხარჯზე შენდება ჰორმონები.
– რა შემთხვევაში ხდება ჩიყვი სიცოცხლისთვის საშიში?
– როდესაც ჩიყვი არ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას, ასეთ შემთხვევებში, უკვე ხდება ქირურგიული ჩარევა. შეიძლება, სახიფათო აღმოჩნდეს კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევები, როცა კვანძი გადაგვარებულია. დაგვიანების შემთხვევაში კი, ფატალური შედეგითაც შეიძლება დასრულდეს. სიტუაცია სახიფათოა ასევე მაშინ, როცა ფარისებრი ჯირკვალი გიგანტური ზომისაა. ის აწვება ტრაქეას, სასუნთქ ორგანოს, რაც იწვევს ჰაერის უკმარისობას, მოხრჩობის შეგრძნებას, ასეთ შემთხვევებში პაციენტი სასწრაფოდ საოპერაციოა.