ცნობილი გერმანული არისტოკრატიული ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი სინამდვილეში იოსებ სტალინის ვაჟი იყო
იოსებ სტალინის რევოლუციური მოღვაწეობის პერიოდი მის თითქმის ყველა ბიოგრაფსა და მკვლევარს ფართოდ აქვს გაშუქებული და ამიტომ ბელადის ცხოვრებით დაინტერესებულ მკითხველს მასზე თითქმის სრული ინფორმაცია გააჩნია. თუმცა, არსებობს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ნაკლებად ცნობილი ან, სულაც, უცნობი მომენტები, რომლებიც უინტერესო არ უნდა იყოს ჩვენი მკითხველისთვის.
ისტორიკოსი მაქსიმ პეტროვი წერს: „სტალინის მგზნებარე ცხოვრება თითქმის უწყვეტადაა დაკავშირებული მის რევოლუციურ მოღვაწეობასთან და თითქმის შეუძლებელია, იპოვო ამ ადამიანის ბიოგრაფიაში, ასე ვთქვათ, არარევოლუციონერული ეპიზოდი. თუმცა, ბრწყინვალე რუსი გრაფინიას, ანასტასია ობოლენსკაიას შვილიშვილის, არგენტინაში მცხოვრები ოსკარ მენდესის მიერ გასული საუკუნის მიწურულს გამოქვეყნებული თავისი დიდი ბებიის პირადი დღიურები სულ სხვა კუთხით წარმოაჩენენ რევოლუციონერი კობას სახეს და, ადრეული სტალინი, მართალია, მცირე ხნით, მაგრამ მაინც წარმოგვიდგება როგორც რომანტიკული რაინდი – გმირი, რომელიც ასე მგზნებარედ უყვართ ქალებს და მათი სიყვარული კუბოს ფიცრამდე მიჰყვებათ...
1877 წელს დაბადებული ობოლენსკაია ღრმა მოხუცებული, 93 წლის ასაკში, 1970 წელს გარდაიცვალა არგენტინის კურორტ მარ-დე-პლატაში – თავისზე ორი წლით უმცროს სტალინზე მან 19 წლით მეტი იცოცხლა...
24 წლის რუსი თავადი, ულამაზესი ქალწული ანასტასია ობოლენსკაია და „ოხრანკის“ მიერ ძებნილი 22 წლის რევოლუციონერი კობა ერთმანეთს 1901 წელს ბორჯომში შეხვდნენ. რუსი თავადის ოჯახი საქართველოს მინერალურ კურორტზე ისვენებდა – ანასტასიას მამა, ბორისი, რევმატიზმებს მკურნალობდა. კობა კი თბილისში მოწყობილი არეულობისთვის იძებნებოდა და თავისი მეგობრის, ანტონ კობაიძის სახლში აფარებდა თავს.
ობოლენსკაიას ჩანაწერების ერთ-ერთ ეპიზოდში ასეა აღწერილი ანასტასიასა და კობას შეხვედრა: „ბორჯომ-პარკში მე და ჩემი პატარა და, ფროსია, ვსეირნობდით. 5 წლის ფროსიამ პონიზე დაჯდომა აიჩემა და უარი რომ ვუთხარი, თავი გაიგიჟა და ბავშვი ცხენზე შევსვით. რადგან მარტონი ვიყავით და ვიცოდი, რომ ვერ გავუმკლავდებოდი, საბოლოოდ მაინც დავთანხმდი რაღაც მომენტში ცხენის მომვლელმა ყურადღება მოადუნა. ჩემმა პატარა დამ თავი ვერ შეიკავა და უნაგირიდან ჩამოვარდა. მართალია, არაფერი დაშავებია, მაგრამ შეშინდა და ისეთი ღრიალი მორთო შიშისგან, რომ იქაურობა აიკლო. ბავშვი მიწაზე იყო გართხმული და ღრიალებდა, მე კი მას ვერ ვაჩერებდი და უსუსურობისგან ცრემლები წამსკდა. ამ დროს ერთი საშუალო სიმაღლის, სასიამოვნო გარეგნობის, წვერულვაშიანი ახალგაზრდა მოგვიახლოვდა და ისე, რომ ჩემთვის არც კი შეუხედავს, ფროსია მიწიდან აიყვანა, ხელში დაიჭირა და თმაზე მოეფერა. შემდეგ სკამისკენ წაიყვანა, მუხლებზე დაისვა და რაღაცას ელაპარაკებოდა. სანამ მე მათთან მივედი, ჩემი ჭირვეული და უკვე უცინოდა უცნობს და წვერ-ულვაშსაც კი სწიწკნიდა...
– თქვენ მე მიხსენით, ჩემი და რომ დაამშვიდეთ, – ვუთხარი უცნობს და, რადგან მართლაც ძალიან დავალებული ვიყავი მისგან, იმის გამო, რომ ფროსიას დამშვიდება ურთულესი საქმე იყო, ხელი გავუწოდე და წარვუდექი: – ბრწყინვალე თავადის ასული ანასტასია ობოლენსკაია.
უცნობი გალანტურად მეამბორა ხელზე. გამიღიმა და თავადაც წარმომიდგა:
– აზნაური დიმიტრი ცინცაძე (სტალინი სწორედ ამ გვარით იმალებოდა ბორჯომში), – შემდეგ შემათვალიერა და დაამატა: – გრაფინია, ეს არაჩვეულებრივი ბავშვი თქვენი შვილი მეგონა, ის კი თურმე, თქვენი და ყოფილა.
დიმიტრი ცინცაძემ წასვლა დააპირა და გამომშვიდობება უნდოდა. ფროსია კი გადაეკიდა და, სანამ ახალგაცნობილ აზნაურს ჩვენს აგარაკამდე არ მიაცილებინა თავი, ხელი არ გაუშვია მისთვის. დიმიტრი განსაკუთრებული სილამაზით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მას ჰქონდა რაღაც იდუმალი შარმი, რაც ასე აღაფრთოვანებს ქალებს და, მისი სიყვარული უმალვე ჩამივარდა გულში...“
საგულისხმო ფაქტია, რომ გრაფინია ობოლენსკაიას სტალინი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მიაჩნდა აზნაურ ცინცაძედ და, უკვე ემიგრაციაში მყოფი, ხშირად აკეთებდა ჩანაწერებს თავის დღიურებში, სადაც მასთან გატარებულ იმ ორკვირიან რომანტიკას იხსენებდა, რაც ქალს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. ცინცაძის ნამდვილი ვინაობა კი ანასტასია ობოლენსკაიამ მხოლოდ 1929 წელს შეიტყო. ემიგრანტი გრაფინია მაშინ ლონდონში იმყოფებოდა მეჯლისზე სამეფო ოჯახის მიწვევით და ინგლისურ ენაზე გამოცემულ და დასურათებულ სტალინის ბიოგრაფიას წააწყდა შემთხვევით. წიგნის ერთ-ერთ სურათზე კი ქალმა თავისი სიყმაწვილისდროინდელი სიყვარული ამოიცნო და მღელვარებისგან, მეუღლის, გერმანელი თავადის, გრაფ ვალტერ მანციგერშტაინისა და თავისი ერთადერთი ვაჟის, 1902 წელს დაბადებული ფრიდრიჰ მანციგერშტაინის თვალწინ გული წაუვიდა... ქალი მალევე მოასულიარეს და, როდესაც გულის წასვლის მიზეზი ჰკითხეს, მან სისუსტე დაასახელა. სინამდვილეში კი ის მოულოდნელმა აღმოჩენამ გახადა ცუდად და, კიდევ იმანაც, რომ საყვარელი ადამიანი, რომელიც აზნაური ეგონა და საბჭოთა კავშირის მმართველი აღმოჩნდა, მისი ვაჟის, ფრიდრიჰის მამა იყო.
საინტერესო და უაღრესად საგულისხმო ფაქტია ის, რომ 1934 წლამდე გერმანიაში, კერძოდ კი ბავარიაში მცხოვრები მანციგერშტაინების ოჯახს უკვე ხელისუფლებაში მოსული ფაშისტები ავიწროებდნენ. მათ მამული ჩამოართვეს და ვალტერ მანციგერშტაინი „გესტაპომ“ დაკითხა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სულ მალე მათ დაიჭერდნენ... ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ მანციგერშტაინების ოჯახი გერმანიიდან ამერიკაში გაიქცა და, როგორც საარქივო დოკუმნტებიდან გახდა ცნობილი, მათ ამაში არც მეტი, არც ნაკლები, გერმანიაში მოქმედი „ჩეკას“ სპეცჯგუფი დაეხმარა, რომელსაც ცნობილი საბჭოთა მზვერავი იური ორლოვი, იგივე იური ეიტინგონი ხელმძღვანელობდა. შემდგომში თავად ეიტინგონი გაექცა სტალინს, ამერიკის შეერთებულ შტატებში დასახლდა და, მართალია, სახელმწიფო საიდუმლოებები არ გაუმხელია ამერიკელებისთვის, მაგრამ ერთ საიდუმლოს მაინც ახადა ფარდა – მან თქვა, რომ ფრიდრიჰ მანციგერშტაინი სინამდვილეში სტალინის ვაჟი იყო. ეიტინგონ-ორლოვი წერდა: „ჩვეულებისამებრ, ასეთი ოპერაციების ვიზას თავად სტალინი აძლევდა „ჩეკას“ და, როდესაც მსგავსი ბრძანება მივიღეთ, გამიკვირდა კიდეც. ჩემი გაკვირვება კი იმან გამოიწვია, რომ გერმანელი გრაფის ოჯახის წევრები არც ჩვენი აგენტები იყვნენ, არც კომუნისტები და არც კომუნისტების მომხრეები. ყველაფერს კი მაშინ მივხვდი, როდესაც 32 წლის ფრიდრიჰ მანციგერშტაინს შევავლე თვალი – ახალგაზრდა გერმანელი არისტოკრატი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა საბჭოთა დიქტატორს...“
თავის დღიურებში ობოლენსკაია აღნიშნავდა, რომ აზნაური ცინცაძე ბორჯომიდან ისევე მოულოდნელად გაქრა, როგორც გამოჩნდაო. გრაფინია მამამისის, ბორისის სიტყვებსაც იხსენებდა და ამბობდა, რომ აზნაურ ცინცაძეს მან 12 ათასი ოქროს მანეთი მისცა, მაგრამ, რა საჭიროებისთვის, ამას ქალი არ აკონკრეტებდა. სავარაუდოდ, კობამ ეს ფული რევოლუციონერთა შვეიცარიაში გასამგზავრებლად გამოიყენა, სადაც ბოლშევიკები ლენინის მიერ მოწყობილ შეკრებაზე გაემგზავრნენ. ეს შეკრება კობას ბორჯომიდან გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ გაიმართა და იგი თავადაც იქ იმყოფებოდა...
ბორჯომიდან დაბრუნებული ანასტასია უკვე ფეხმძიმედ იყო, ორი კვირის შემდეგ კი იგი ვალტერ მანციგერშტაინს გაჰყა ცოლად. წყვილი სამოგზაუროდ ნიცაში გაემგზავრა, სადაც დარჩნენ კიდეც და ნიცაშივე დაიბადა პატარა ფრიდრიჰიც...
ფრიდრიჰ მანციგერშტაინი დედის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ის არგენტინის კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი იყო, სტალინს აღმერთებდა და, მართალია, ხმამაღლა არასდროს განუცხადებია ეს, მაგრამ, ალბათ, იცოდა, ვინ იყო მისი ნამდვილი მამა.“