რატომ გაშიშვლდა კიროვის ბაღში დოდო აბაშიძე და რის გამო გაარტყა მან მელიტონ ქანთარიას
დოდო აბაშიძეს ხშირად ადარებდნენ დევგმირს, რომელშიც სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ცოცხლობდა ბავშვი. მისი ბავშვობა კი მართლაც გასაოცარი იყო: ვერაზე პირველ დამრტყმელად და ყოჩად ითვლებოდა; გაუთავებლად ბურთს დასდევდა, ჩხუბობდა, ოღონდ, ჩხუბობდა ვაჟკაცურად – მხოლოდ მუშტით; იმავე ხელებს კი სხვა გატაცებაც ჰქონდა – პატარა დოდოს ყვავილების ქარგვა უყვარდა…
ვერა-ზემელი
დოდო აბაშიძე: „მე არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ კარჩაკეტილი კაცი. მეგობრები მყავდა გარშემო, ცოტა მაგარი ბიჭიც გახლდით. მაშინ ასე იყო მაძიებლები იყვნენ ყოჩობისა. მე ვერაზე ვცხოვრობდი. როგორი იყო, იცით, მაშინ ჩხუბი? დღეში 10-ჯერ, 15-ჯერ ვჩხუბობდით. ვამტვრევდით ერთიმეორეს. მაშინ ასეთი კანონი იყო: თუ სისხლი წაგსკდებოდა – დამარცხებული იყავი. გამარჯვებული იყო ის, ვისაც სისხლი არ წამოუვიდოდა. მერე შემოვიდა ახალი „კანონი“: ვისაც მეტი „სინიაკი“ ჰქონდა, ის ითვლებოდა დამარცხებულად და ასე დალურჯებულები დავდიოდით. მერე ესეც გადავიდა „მოდიდან“ და, ვისაც დაარტყამდი და წააქცევდი, ის იყო დამარცხებული. არავითარ იარაღს არ ვხმარობდით, ხელი იყო და გათავდა. მახსოვს, ერთხელ ვერიდან ქვემოთ, ზემელისკენ მივდიოდი და იქიდან, იარბურგიდან ამოდიოდა – ბუაძე იყო, ელგუჯა, საყვარელი, ძალიან ჯანიანი, ვაჟკაცი ბიჭი, ხარაგაულელი. მე და იმან დავარტყით 27-ჯერ. ათჯერ გავიმარჯვე მე. დანარჩენი – მან. ის იყო დარტყმის ოსტატი. პირველად რომ დაგარტყამდა, მერე რომ მომკვდარიყავი, ჩხუბში აღარ გამოგყვებოდა – წადი, ბიძიკო, დღეს შენი დღეა, შენთვის გათენებულაო. დარტყმები ინიშნებოდა მოსკოვის ქუჩის ზემოთ, რუსულ ეკლესიასთან. პლეხანოვზე – მუსკომედიის თეატრის უკან, გოგიჯანოვის ბაღი იყო მაშინ იქ. აი, ეს იყო გარტყმა-გამორტყმები. მერე სპორტს მოვკიდე ხელი, ცხენოსნობას და ნელ-ნელა მოვეშვი ჩხუბს. ბევრი შემთხვევა მქონდა და ბევრჯერ დამიხსნა თეატრალურმა ინსტიტუტმა და აკაკი ხორავამ. საშა კიკნაძე ბევრჯერ იყო ამის მომსწრე. ის სახლში იჯდა და ფანჯრიდან მიყურებდა, მე კი ზემელზე ვჩხუბობდი. წამავლებდა ყურში ხელს და ისე მივყავდი ინსტიტუტამდე…”
ნომერი 19
„თეატრალური ინსტიტუტი დიდ იმედებს ამყარებს სტუდენტ დოდო აბაშიძეზე და მიაჩნია, რომ ის დიდი მსახიობი გახდება“, – ამას უკვე თეატრალური ინსტიტუტის რექტორი აკაკი ხორავა ჩაწერს მის დახასიათებაში. არადა, თეატრალურ ინსტიტუტში ნაცნობობით მიიღეს, გამოცდაზე გრიშაშვილის ლექსს კითხულობდა (რ. შატაკიშვილი): „ჩამღერებით წავიკითხე და, თანაც, რაც ძალა და ღონე მქონდა, ვღრიალებდი. იმხელას ვყვიროდი, რომ მთელი პროფესურა აუდიტორიიდან გარბოდა. თურმე, მაჩერებდნენ კიდეც, მაგრამ მე არაფერი მესმოდა და ვერც ვერაფერს ვხედავდი. ინსტიტუტში დროებით, თებერვლამდე ჩამრიცხეს. აკაკი ხორავამ თქვა, დავტოვოთ გამოსაცდელი ვადით და მერე გადავწყვიტოთო. მერე დოდო ალექსიძემ მომიწყო გამოცდა – მომცა ეტიუდი და ეს ეტიუდი ისე შევასრულე, რომ მთელი ინსტიტუტი ამაზე ლაპარაკობდა. ეტიუდი ასეთი იყო, თითქოს მე მოვხვდი კიროვის ბაღში. ტანსაცმელი არ მაცვია, გავიხადე მაისური, დავსვარე აგურის ფხვნილით და დავაწერე ¹19 – ვითომ ამ ნომრით მორბენალი ვიყავი და გავრბივარ ქუჩაში. აქეთ მანქანა მიპიპინებს, იქით ხალხი რაღაცას მეძახის. ყველაფერი ვითამაშე ხმით, პლასტიკით და სახლში მივედი. ბატონი დოდო თვითონ მიკრავდა ტაშს, თუმცა გამოცდაზე ეს მიღებული არ იყო, ხალხი კი სიცილისგან იატაკზე ეყარა. ამის მერე ინსტიტუტში დამტოვეს. მე კიდევ, ისე მომეწონა კარგი ნიშანი, რომ მერე სულ კარგ ნიშნებზე ვსწავლობდი და მე და აკაკი დვალიშვილი მარჯანიშვილის პირველი სტიპენდიანტები გავხდით. 1949 წელს ჩამიყვანეს კიდეც რუსთაველის თეატრში…“
„დიდი მწვანე ველი”
რუსთაველის თეატრში დოდო აბაშიძემ მხოლოდ 7 წელი გაძლო და გაიქცა, გაიქცა... კინოში.
დოდო აბაშიძე: „მისვლისთანავე მთავარ როლებს მაძლევდნენ ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა „პეპო“, „ხევისბერი გოჩა“, „ნგრევა“… აღდგენილ „ყაჩაღებში“ მამაჩემის ნათამაშევი როლი ვითამაშე, ეპიზოდური როლებიც მითამაშია. 1956 წელს დოდო ალექსიძემ, რატომღაც, ოიდიპოსის როლზე დამიძახა, სამი ოიდიპოსი იყო უკვე – აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე და ეროსი მანჯგალაძე. მე ვთქვი: „რად მინდა მე ოიდიპოსი?“ მერე, რომ ვნახე, იმხელა ტექსტი იყო, ვიფიქრე, რა მასწავლის-მეთქი და გავიქეცი თეატრიდან, წავედი კინოში და, დავრჩი და დავრჩი კინოში. მერე კინომ მიმიჩვია იმით, რომ მას სიყალბე არ უყვარს. ტექსტები პატარაა, უფრო იოლია. ქე ვიყავი, გენაცვალე, ასე და, ვარ ამ დაწესებულებაში“...
კინოში მისი დებიუტი „ჭრიჭინაში“ შედგა; ჟოლობქვეშ, თავსხმაში მდგარ ბიჭიკოს კი ბედმა მერე 60 კინოროლი „დაასხა თავს“. დოდო აბაშიძემ მაყურებლის გულებისკენ პირველივე, თუნდაც ეპიზოდური როლებით გაიკვალა გზა. ქართულ კინოს წამყვან მსახიობად კი მაინც მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველის“ შემდეგ მოგვევლინა. სწორედ „დიდი მწვანე ველის“ გადასაღებ მოედანზე დაიბადა დიდი რომანიც – დოდო აბაშიძესა და მსახიობ ლია კაპანაძეს შორის. აღიარება მტკიცებულებათა დედოფალია. დოდო აბაშიძის გარდაცვალებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ქალბატონი ლია კაპანაძე განაცხადებს, რომ „დიდი მწვანე ველის“ გადაღებისას მათ დიდი, მწველი, ამაღლებული გრძნობა ეწვიათ…
დოდო, ბაში-აჩუკი და „კაგებე“
დოდო აბაშიძის მუშტის ძალაზე ლეგენდები დადიოდა. ჩხუბს თვითონ არასდროს დაიწყებდა, მაგრამ, თუ გამოიწვევდნენ, ვეღარავინ უმკლავდებოდა. გურამ ლორთქიფანიძემ ერთხელ ერთი ამბავი გაიხსენა (ავტ.ს. გაუჩო): „ეს შემთხვევა მამაჩემის მეგობარმა მიამბო. ვაკის პარკთან ღია რესტორანი იყო. ერთხელ დოდო იქ ქეიფობდა მეგობრებთან ერთად, თორმეტნი იყვნენ, ჩხუბის შემძლე ხალხი, მაგრამ, ძალიან ნასვამები. შემოსულა ოთხი ახალგაზრდა „კაგებეშნიკი”. დოდოს მაშინ „ბაში-აჩუკში” იღებდნენ და წვერი ჰქონდა მოშვებული. ამ ოთხმა გაუწყალა გული, დოდოს წვერს შეეხნენ და დაცინვა დაუწყეს. ისინი იარაღით იყვნენ. გადაკეტეს და წავიდა ჩხუბი. დოდოს უჩხუბია, როგორც ვეფხვს. მეორე დღეს ჩემთან რომ მოვიდა, რას ჰგავდა, იცით?! – ყური გახეული, ცხვირი მოგლეჯილი. ვერ წააქციეს თურმე, მარტომ იჩხუბა და გაიმარჯვა”.
მელიტონ ქანთარია და დოდოს აკადემიკოსები
რაიხსტაგზე დროშის აღმმართველი მელიტონ ქანთარია სიბერეში ცოტა გამომწვევად იქცეოდა ხოლმე. ერთხელ სოხუმში, სუფრაზე, დოდო აბაშიძეს აუხირდა, გაუწყალა თურმე გული. დოდომ ვეღარ მოითმინა და ალიყური უთავაზა. ქანთარია ისე დაიბოღმა, დოდო დააჭერინა. სასამართლო და ციხე ელოდა. ქანთარიას თბილისიდან აკადემიკოსები მიუგზავნეს შუამავლებად – ჩიქობავა, ვეკუა, ფიფია. არაფერმა გაჭრა. ბოლოს ვაკის პარკის რესტორნის დირექტორი უგულავა ჩაერია და მისი თხოვნით გაუშვეს. მელიტონ ქანთარიას უთქვამს, რესტორნის დირექტორი მომიგზავნა და როგორ არ გავუშვებდიო. „აკადემიკოსები ფეხებზე დაიკიდა,” – იხსენებდა გურამ ლორთქიფანიძე.