კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი

სიკვდილის მოლოდინში
ადამიანს სიკვდილი უხილავად დასდევს და იქ დაეწევა, სადაც სრულიად არ მოელის; მაშინ დაეწევა, როცა არ ელის; ისე დაეწევა, არასოდეს რომ არ უფიქრია. ყოველთვის ისეთი იყავი, როგორიც აღსასრულის ჟამს გინდა იყო. იფიქრე ამაზე, იფხიზლე და არ მოგინდება არც პატივი, არც დიდება, არც სიმდიდრე, არც წუთისოფლის რაიმე უპირატესობა და სიამოვნება. იფიქრე, რომ დღეს ან ხვალ მოკვდები – მაშინ ყოველი ამაოება გაქრება შენი გულიდან. რად უნდა პატივი, დიდება, სიმდიდრე და უპირატესობა მომაკვდავს?! შესთავაზე მეფობა, ოქროს მთები – არავითარ ყურადღებას არ მიაქცევს ამ შეთავაზებას. ერთი აზრი აქვს, ერთი ზრუნვა: როგორმე ცხონებისა და ნეტარების იმედით წავიდეს ამქვეყნიდან. ამიერიდან შენც ამგვარი განწყობა მოიხვეჭე: შენი სიცოცხლის ყოველი დღე უკანასკნელად მიიჩნიე; ელოდე, რომ მოგიწოდებს უფალი შენი. ამგვარი განწყობით წუთისოფელში აღარაფერი მოგეჩვენება მიმზიდველად, და თუკი მუდმივად ამ სადარაჯოზე იდგები და იფხიზლებ, მშვიდობიანად შეხვდები სიკვდილს.
წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

რწმენის გარეშე...
ზეციური ცხოვრების რწმენის გარეშე, სიკვდილის შიში უბრალოდ თოკია კისერზე, რომლითაც სიკვდილი განსჯილებს საკუთარი ხახისაკენ მიათრევს. სიცოცხლე ურწმუნოსათვის სხვა არაფერია, თუ არა ქროლვა სიკვდილისა, ქროლვა, რომელიც აშლის და მიმოაბნევს მკვდარ ფერფლს, გაჰქექს და ჩატკეპნის მას მიწაში. უღმერთოს რომ შესძლებოდა ყველაფრის ბოლომდე, ლოგიკურად გააზრება, მას უნდა ეთქვა, რომ სიცოცხლე საერთოდ არ არსებობს; სიკვდილი – ერთადერთი რწმენაა მისი, სიკვდილი – ერთადერთი მარადიული ძალაა, სიკვდილი – ერთადერთი ღმერთია.
ჩვენთვის კი, ქრისტიანთათვის, სიკვდილი – ეს სკოლის დამთავრებაა, სამხედრო სამსახურის დამთავრებისა და სამშობლოში დაბრუნების სიგნალია; ქრისტეს მორწმუნეთათვის სიკვდილი თავისთავად არაფერია. უფალმა უთხრა მართას და ახლა ჩვენც გვეუბნება: „მე ვარ აღდგომაი და ცხოვრებაი. რომელსა ჰრწმენდეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე“.
წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი  (ველიმიროვიჩი)

ლოცვა მიცვალებულთათვის
მიცვალებულისათვის ლოცვის ყოველი სიტყვა მწყურვალისთვის წვეთი წყლის ტოლფასია. უმალვე იზრუნეთ ორმოცდღიან მოსახსენიებელზე, ანუ ორმოცი დღის განმავლობაში მიცვალებულის წირვებში ყოველდღიურ მოხსენიებაზე. ჩვეულებრივ, ეკლესიებში, სადაც წირვა ყოველდღე სრულდება, მიცვალებულებს, რომელთაც იქ აუგეს წესი, ორმოც დღეს და მეტხანსაც იხსენიებენ, მაგრამ, თუ წესის აგება შესრულდა ტაძარში, სადაც ყოველდღე არ აღესრულება წირვა, მაშინ ნათესავებმა თავად უნდა იზრუნონ და ორმოცდღიანი მოსახსენიებელი იქ უნდა შეუკვეთონ, სადაც წირვა ყოველდღიურად სრულდება. კარგია აგრეთვე მონასტრებში მიცვალებულის მოსახსენიებლად შესაწირავის გაგზავნა; აგრეთვე – იერუსალიმში, სადაც წმიდა ადგილებში განუწყვეტლივ აღესრულება ლოცვა. ორმოცდღიანი მოხსენიება სიკვდილის უმალ უნდა დაიწყოს, როდესაც სულს ლოცვითი შემწეობა განსაკუთრებით სჭირდება და ამიტომაც მიცვალებულის მოხსენება იმ მახლობელ ტაძარში უნდა დაიწყოს, სადაც წირვა-ლოცვა ყოველდღიურად სრულდება.
მთავარეპისკოპოსი იოანე
(მაქსიმოვიჩი)


როდის მიატოვებს ღმერთი ადამიანს
თუკი ღმერთი ადამიანს მიატოვებს, ეს ორგვარად ხდება: ერთია მხსნელი მიტოვება, რომელიც შეაგონებს ადამიანს, კვლავ ღმერთისკენ მოიქცეს; მეორე კი – საბოლოო მიტოვებაა და ღმერთისგან ადამიანის სრულ უარყოფას გულისხმობს. მხსნელ, ანუ ადამიანის დამმოძღვრავ მიტოვებას ღმერთი იმისთვის მიმართავს, რომ გამოასწოროს, იხსნას და განადიდოს ვნებული ადამიანი, ანდა მისი მეშვეობით სხვა ადამიანებსაც შთაუნერგოს საღმრთო მოშურნეობა და კეთილმსახურება, თავისი განდიდებისათვის განაწყოს ისინი. საბოლოო მიტოვებით კი მაშინ სჯის ღმერთი ადამიანს, როცა ეს უკანასკნელი, მიუხედავად ღმერთის მხრივ ყოველი ძალისხმევისა მის სახსნელად, კვლავ შეუსმენელი, უგრძნობელი და განუკურნავი რჩება, ანუ ისეთი, რომლის განკურნებაც უკვე სრულიად შეუძლებელია, რამეთუ ეს განკურნვაც მხოლოდ მისი თავისუფალი ნებით და არჩევნით უნდა მოხდეს. აი, მაშინ კი ამგვარი ადამიანის ხვედრი საბოლოო დაღუპვაა, ისეთი, როგორიც უფლის გამცემ იუდა ისკარიოტელს ეწია.
წმიდა იოანე დამასკელი

ნუ განიკითხავ!
მეტისმეტს როდი გთხოვს ქრისტე იმისათვის, რომ თავისი წმინდა ნიჭები გიბოძოს, მხოლოდ აღიარე: თუ გაქვს კიდეც რაიმე კარგი – ყველაფერი მისია. და თანაუგრძნე მას, ვისაც არა გააჩნია რა. ნუ განიკითხავ იმისთვის, რომ უქონელია, რომ ცოდვილია, ავი, უკეთური, მოლაყბე, ქურდი, მეძავი და ცრუა. თუ ამგვარ ცოდნას შეიძენ, ვერასდროს შეძლებ ადამიანის განკითხვას, სასიკვდილო ცოდვაშიც რომ იხილო, რადგან მყისვე ამბობ: „არა აქვს, ქრისტე ჩემო, შენი მადლი, ამიტომ სცოდავს. თუ მიმატოვებ, მე უარესს ჩავიდენ. თუკი ვდგავარ, იმიტომ, რომ შენ მატარებ. ძმა, როგორც ხედავს, ისე იქცევა. ბრმაა. როგორღა ითხოვ, რომ მდიდარი იყოს? მიეცი სიმდიდრე, რომ ჰქონდეს. მიეცი თვალები, რომ ხედავდეს“.
იოსებ ათონელი

скачать dle 11.3