მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რა ევალება ავადმყოფს?
პასუხი: ღირსი თეოდორე სტუდიელი ამის შესახებ ამბობს: „ნუ შექმნი ავადმყოფობას უსაქმურობის საბაბად“. ავადმყოფმა უნდა იკითხოს საღვთო წიგნები ან მოუსმინოს მათ და ილოცოს, რათა არ აჰყვეს უქმ აზრებს.
კითხვა: როგორ უნდა ჩავიცვათ, როდესაც ეკლესიაში მივდივართ – შევარჩიოთ საუკეთესო ტანსაცმელი, თუ ამას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება?
პასუხი: კეთილმსახურ საეკლესიო მოღვაწეთა ცხოვრებიდან ვიგებთ, რომ, როდესაც ისინი მიდიოდნენ ტაძარში, იმოსებოდნენ რიგიანად, ოღონდ, არა მდიდრულად და ფუფუნებით.
კითხვა: რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ამა თუ იმ სამუშაოს ვასრულებთ?
პასუხი: როდესაც საქმეს აკეთებთ, მიაქციეთ ყურადღება, თუ რა სულიერი მდგომარეობით ასრულებთ მას – ბუზღუნითა და მრისხანებით, უკმაყოფილებით, მკრეხელური აზრებით თუ ლოცვითა და ღვთის მადლიერებით. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, უკეთურად შესრულებული საქმე უმადლო და უშედეგო აღმოჩნდება.
კითხვა: ყოველთვის ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ყინწვისის ანგელოზის ნახვა. თუ შეიძლება, მიპასუხეთ, რაზე მიგვითითებს ანგელოზი თითით?
პასუხი: ყინწვისის ანგელოზი აღდგომილი მაცხოვრის საფლავისკენ მიგვითითებს და მენელსაცხებლე დედებს ამცნობს ამ დიდ სასწაულს.
კითხვა: შეიძლება თუ არა, წამლობის მიზნით სიწმიდეთა მიცემა მოუნათლავთათვის ან ურწმუნო მონათლულთათვის?
პასუხი: არც მოუნათლავთათვის, არც ათეისტთათვის სიწმიდეთა მიცემა, თუნდაც წამლობის მიზნით, გამართლებული არ არის.
კითხვა: ხალხში გავრცელებული ტრადიციით, რომელ დღესაც დაიბადება ბავშვი, იმ დღეს მისი დაბანა არ შეიძლება. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
პასუხი: ეს არის ცრუმორწმუნეობა, მსგავს ცრუ შეხედულებებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას.