კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ცდილობენ ბერძნები საქართველოსა და რუსეთის ეკლესიების დაპირისპირებას და მიანიჭებს თუ არა მსოფლიო საეკლესიო კრება აფხაზეთის ეკლესიას ავტონომიას

ისე მოხდა, რომ მსოფლიო საეკლესიო კრება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობის გარეშე გაიმართა. საქართველოს წმიდა სინოდმა არწასვლის მიზეზები განმარტა, თუმცა დღეს ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, არამედ ეკლესიის ისტორიის სპეციალისტ ზაზა აბაშიძის დახმარებით შევეცდებით, გავარკვიოთ, რა წინააღმდეგობებია მართლმადიდებელ სამყაროში, არის თუ არა მოსალოდნელი ამა თუ იმ მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის ფარგლების გადახედვა (ერთი მხრივ, უკრაინის ეკლესია მოითხოვს ავტოკეფალიას, მეორე მხრივ, აფხაზეთის სასულიერო პირები –  ავტონომიას მსოფლიო პატრიარქის ფრთებქვეშ და ქართული ეკლესიის ეპარქიად ყოფნას აპროტესტებენ), რით დასრულდება მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების დაპირისპირება პირველობასა და ეგრეთ წოდებული მესამე რომის მემკვიდრეობაზე.
– არ არის ახალი მოვლენა მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის დაპირისპირება,  მაგრამ, როდის დაიწყო ეს დაძაბული ურთიერთობა და რა გახდა ურთიერთქიშპის მიზეზი თავის დროზე?
– მე ვერ ვხედავ დიდ დაპირისპირებას მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის. მოსკოვის სინოდის განცხადება  იყო ყველაზე რბილი განცხადება და საკმაოდ კორექტული –  ვინაიდან რაღაც საკითხები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, უმჯობესია, კრება გადავდოთო. არ მგონია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაპირისპირება ძალიან მკვეთრად  გამოვლინდა, თუმცა, დაპირისპირება თუ არა, აზრთა სხვადასხვაობა მათ შორის არის და იყო, ოღონდ, ეს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებსაც. მოგეხსენებათ, მართლმადიდებელ სამყაროში, 14 მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ითვლება უპირველესად თანასწორთა შორის. ეს არის მისი პატივი და ის მიიჩნევა არა როგორც, ვთქვათ, რომის პაპი კათოლიკეთა მეთაურად, არამედ, უპირატესობა აქვს პატივით ყველა სხვა მართლმადიდებელ ეკლესიას შორის და დიპტიქში პირველ ადგილზე მოიხსენიება. ცნობილია კონსტანტინოპოლის დაპირისპირება რომთან –  რომი ცდილობდა, რომ კონსტანტინოპოლს ისეთივე პრივილეგიები არ ჰქონოდა, როგორიც რომს და იყო კიდეც რომი ძველ, გაყოფის დრომდე არსებულ დიპტიქში პირველ ადგილზე.
კონსტანტინოპოლის აღზევება იწყება 381 წლიდან, მსოფლიო მეორე საეკლესიო  კრებიდან. შემდეგ, მეოთხე საეკლესიო კრებაზე, ის, ფაქტობრივად, გაუთანასწორდა რომს უფლებრივადაც და პატივითაც. რომი ამას არ აღიარებდა, კონსტანტინოპოლი კი თავის პოზიციაზე იდგა და ეს დაძაბულობა რომსა და კონსტანტინოპოლს შორის ყოველთვის იყო. რაც შეეხება რუსეთის ეკლესიას –  მოსკოვის სამთავროს აღზევება იწყება სწორედ  ბიზანტიის იმპერიის დაცემის პერიოდში. 1453 წელს დაეცა ბიზანტიის იმპერია და 1448 წელს რუსებმა, ფაქტობრივად, კონსტანტინოპოლისგან დაუკითხავად აირჩიეს თავიანთი მიტროპოლიტი, რაც ნიშნავდა, რომ თვითონ გამოაცხადეს თავისი ავტოკეფალია, თუმცა ეს არ იყო ოფიციალური ავტოკეფალია და ის არ უცნია კონსტანტინოპოლს.
– ანუ მეთხუთმეტე საუკუნის შუა წლებამდე რუსეთის ეკლესიას ავტოკეფალია არ ჰქონია?
– არა, 1448 წლამდე არ ჰქონიათ, მანამდე მათ მიტროპოლიტს ნიშნავდა კონსტანტინოპოლი, რადგან რუსეთის ეკლესია ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. პირველი დიდი განხეთქილება რუსებსა და ბერძნებს შორის მოხდა მას შემდეგ, რაც წარმოშობით ბერძენმა მოსკოვის მიტროპოლიტმა ისიდორემ ფერარა-ფლორენციის კრებაზე რუსეთის ეკლესიის სახელით ხელი მოაწერა უნიას კათოლიკურ ეკლესიასთან. ამან ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია რუსეთში, ისიდორე გადააყენეს და შემდეგ გააძევეს რუსეთიდან. რამდენიმე წელიწადში კი რუსეთის ეკლესიამ თავად აირჩია მიტროპოლიტი და, მას შემდეგ, რაც ბიზანტიის იმპერია დაეცა, რუსეთში გაჩნდა ცნობილი რელიგიურ-პოლიტიკურ-თეოლოგიური ფორმულა: „ორი რომი დაეცა, მესამე დგას და მეოთხე არ იქნება.” ეს ფორმულა ეკუთვნის ფსკოველ ბერ ფილოთეოსს, რომელმაც რამდენიმე ეპისტოლე მისწერა მოსკოვის მთავარს, ვასილი მესამეს. ამ ეპისტოლეებში ის არ ამბობს, მესამე რომი ვართო, მაგრამ მთავარს ეუბნება, რომ დღეს შენ დარჩი ერთადერთი მართლმადიდებელი ხელმწიფე, რომელსაც შეგიძლია, ქრისტიანები გააერთიანო და მათი ქომაგი გახდე. ბიზანტია დაეცა და შენ ხარ მისი მემკვიდრე და ხელში უნდა აიღო ქრისტიანთა დაცვის ფუნქციაო.
– კონსტანტინოპოლის გამოხსნაზე მიუთითა, რასაც დღეს პუტინი ამბობს, უნდა დავუბრუნო კონსტანტინოპოლი მართლმადიდებლებსო? ეს პათოსი თუ იკითხება ფსკოველი ბერის მიმართვაში მოსკოვის მთავრისადმი?
– არა, ფილოთეოსი ამაზე არ წერდა, ამას შემდეგ წერდნენ რუსები. დაჟინებით ამბობენ, რომ გახდნენ მესამე რომი, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ქრისტიანობაში. როგორც კი რომელიღაც ქრისტიანული ქვეყანა ძლიერდება, ცდილობს, საკუთარ თავზე აიღოს ქრისტიანთა დაცვის ფუნქცია. საქართველოშიც ასე იყო: დავით აღმაშენებელი მესიის მახვილს რომ უწოდებს თავს და ამას მონეტას აწერს არაბულად, ამით ეუბნება მთელ მაჰმადიანურ სამყაროს: მე ვარ მესიის მახვილი, მე ვარ ქრისტიანთა ქომაგი და დამცველი. გერმანიაში მეათე საუკუნეში თავიანთ იმპერიას არქმევენ საღმრთო რომის იმპერიას, რადგან თავს ძველი რომის მემკვიდრეებად მიიჩნევენ  (უნდათ, რომ მიიჩნიონ) და, რაკი „საღმრთოს” უმატებენ, გულისხმობენ, რომ ეს მათთვის ღვთისგან დადგენილი ფუნქციაა. ასევეა რუსეთიც –  როგორც კი ძლიერდებოდა, თავის თავზე იღებდა ქრისტიანთა დაცვას. ვასილიმ კარგად შეითვისა ფილოთეოსის ეს სწავლება და შემდგომი რუსი მეფეებიც იმეორებდნენ ამ ფორმულას: „მოსკოვი არის მესამე რომი და მეოთხე აღარ იქნება”.
– ძალიან საინტერესოდ შეასრულეს ქრისტიანთა დაცვის ფუნქცია, როდესაც საქართველოს ავტოკეფალია გააუქმეს. ადეკვატურია რუსეთის მესამე რომობის პრეტენზია?
– საქართველოს ეკლესიამ ჯერ კიდევ ბიზანტიის ეკლესიის არსებობის პირობებში განაცხადა, რომ ის არის ბიზანტიის მემკვიდრე, რომ დავით აღმაშენებელი არის ქრისტიანთა დამცველი. სხვათა შორის, ასეც იქნებოდა, რომ არა მონღოლები, ოსმალეთის გამოჩენა… საქართველო კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა; მუსლიმთა გარემოცვაში მყოფი ვერ იკისრებდა ამ ფუნქციას, პირიქით, მეთხუთმეტე საუკუნიდან იწყება ქართველთა სწრაფვა, როგორმე დაუკავშირდნენ რუსეთს. აქ ჩანს, რომ რუსეთი ძლიერდება და, როგორც მართლმადიდებელ სახელმწიფოს, მას ბევრნი, მათ შორის ქართველები, იმედით უყურებდნენ, რომ ის იქნებოდა მათი მხსნელი. ამიტომ რუსეთის პრეტენზია მესამე რომობისა  შუა საუკუნეებში აბსოლუტურად გამართლებული იყო, მაგრამ დღეს უკვე სხვა ვითარებაა. კონსტანტინოპოლს ეჯიბრებიან იმიტომ, რომ ბევრნი არიან, თორემ, რუსეთის ეკლესია ერთი ჩვეულებრივი ადგილობრივი, ავტოკეფალიური ეკლესიაა.
– ჩვენზე ექვსი საუკუნით გვიან გაქრისტიანებული, სწორედ რუსეთის მიერ ჩვენი ავტოკეფალიის გაუქმების გამო არ გვითვლიან წინა პერიოდს და გვითვლიან მეოცე საუკუნიდან. გავიხსენოთ საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ისტორიაც.
– ბიზანტია ძალიან რთულად და ძნელად აძლევდა ავტოკეფალიას თავის იურისდიქციაში შემავალ ეკლესიებს. რამდენჯერმე მისცა და წაართვა ბულგარეთსა და სერბეთს. გაუჯანჯლა რუმინეთს, რუსეთთანაც ჰქონდა უთანხმოება, მაგრამ 1589 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქი იძულებული გახდა, დასწრებოდა კრებას რუსეთში და ეღიარებინა მათი ავტოკეფალიაც და რუსეთის  ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო უფლებებიც. ის იძულებული იყო: რუსეთი ფულს აძლევდა და უფრო ძლიერებიც იყვნენ, ვიდრე დაქცეულ მდგომარეობაში მყოფი ანტიოქია, იერუსალიმი, კონსტანტინოპოლი და, მით უმეტეს –  ალექსანდრია, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ამდენად, ბიზანტიისთვის ძალიან მტკივნეული იყო ავტოკეფალიის მინიჭება და ძალიან რთულად უშვებდა თავისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ეკლესიებს ავტოკეფალიური უფლებებით. ზღუდავდა მათ ავტოკეფალიას, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით ბიზანტიის ეკლესიის ნაწილი, ვექვემდებარებოდით ანტიოქიას და, ვფიქრობ, რომ მეხუთე საუკუნიდან, ვახტანგ გორგასლის პერიოდიდან მივიღეთ ავტონომიური მმართველობა. მაშინ ავტონომიური მმართველობა და ავტოკეფალია ერთსა და იმავეს ნიშნავდა, ანუ თვითმმართველობა მივიღეთ ვახტანგ გორგასლის დროს და შემდეგ უფრო და უფრო განვამტკიცებდით მას. კონსტანტინოპოლი არაფერ შუაში იყო, მაშინ, დედაეკლესიამ მოგვანიჭა ავტოკეფალია?! დღეს იმაზეც ბჭობენ, თუ ვინ უნდა მიანიჭოს თანამედროვე ეკლესიებს ავტოკეფალია: დედაეკლესიამ თუ კონსტანტინოპოლმა. კონსტანტინოპოლი ფიქრობს, რომ მან უნდა მიანიჭოს.
– შეუძლია, რომ უკრაინის ეკლესიას მიანიჭოს ავტოკეფალია?
– უკრაინის ეკლესიას, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება, აქვს ავტონომია, ჰყავს საკუთარი სინოდი, აქვს უფლება, შერაცხოს წმიდანები და მიიღოს ადგილობრივი კანონები მართვა-გამგეობის შესახებ და ასე შემდეგ.  მაგრამ უკრაინაში არის კიდევ ორი თუ სამი ავტოკეფალიური ეკლესია, არაკანონიკური, იმიტომ, რომ მათ არავინ ცნობს ოფიციალურად, რადგან თვითგამოცხადებული ავტოკეფალიებია. მართალია, იბრძვიან, რომ ოფიციალური გახდეს მათი ავტოკეფალია, მაგრამ კონსტანტინოპოლის პატრიარქს ამის გაკეთება არ შეუძლია. ამის გადაწყვეტა შეუძლია მსოფლიო კრებას, მაგრამ, ვინაიდან მსოფლიო კრებას არ ესწრება დედაეკლესია, ანუ რუსეთის ეკლესია ამ საკითხის გადაწყვეტა გაჭირდება.
– აფხაზმა სასულიერო პირებმა მიმართეს კონსტანტინოპოლის პატრიარქს…
– ადრეც არაერთხელ მიუმართავთ.
–  ამჯერად კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მათ ნება დართო, მიემართათ კრებისთვის ავტონომიურობის მოთხოვნით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში.
– კონსტანტინოპოლის ეკლესიას არ აქვს არანაირი უფლება, ჩაერიოს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში! ამას ვერ გააკეთებს და, თუ გააკეთებს, ეს იქნება უკანონო ნაბიჯი. ისევ და ისევ დედაეკლესიასთან უნდა განიხლოს ეს საკითხი. ამ შემთხვევაში დედაეკლესია წინააღმდეგი იქნება, მსოფლიო კრებამ კი, არ მგონია, განიხილოს ეს საკითხი საქართველოს ეკლესიის დაუსწრებლობის პირობებში.
– მაგრამ როდემდე არ დაესწრება საქართველოს ეკლესია მსოფლიო კრებებს?
– კრება შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, რამდენიმე წელიც კი. შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ეს შეკრება ჩაითვალოს კრების პირველ სესიად და მეორე სესია გამართონ რამდენიმე თვის ან ერთი წლის შემდეგ –  ასეთი რამ პრაქტიკაში შესაძლებელია; ან, მალევე მოიწვიონ მეცხრე კრება. ბევრი ისეთი საკითხია, რომლებზეც ვერ შეთანხმდნენ და, მომავალში, ალბათ, დიდი ხანი დასჭირდება ამ საკითხებზე ფიქრს, რომ მართლმადიდებელ სამყაროში არ მოხდეს განხეთქილება.
– როგორ აღმოჩნდა რუსეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიაზე წინ დიპტიქში, რაშიც კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხელი ურევია. იმასაც ამბობენ, ფულიც აიღოო?
– არ ვიცით, როგორ აღმოჩნდა, რადგან, არ ვიცით, როგორი დიპტიქი იყო მაშინ. ჩვენ ვიცით ერთი რამ: 1590 და 1593 წლებში კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და ალექსანდრიის საპატრიარქოებმა ოფიციალურად მიანიჭეს რუსეთს მეხუთე ადგილი. საქართველოს ეკლესიის იგნორირება, ალბათ, იმიტომ მოხდა, რომ საქართველო ამ დროს უკვე დასუსტებული იყო და აღარ შეეძლო, განსაკუთრებული პრეტენზია გამოეთქვა. ჩვენ მანამდეც არ გვაქვს ცნობები დიპტიქში საქართველოს ეკლესიის ადგილის შესახებ. ერთადერთი ცნობა, რომელიც მოგვეპოვება, ეს არის ფლორენციის კრებაზე საქართველოს ეკლესიის მეთაურის მოხსენიება მეექვსე ადგილზე რომის შემდეგ, ანუ მართლმდიდებელ ეკლესიათა დიპტიქში მეხუთე ადგილზე, მე ვფიქრობ, რომ ეს ირიბი ცნობაა და, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს არანაირი წერილობითი წყარო, რომ კონსტანტინოპოლი ან ანტიოქია საქართველოს ეკლესიას მოიხსენიებდნენ მეხუთუ ადგილზე.
– მე არ ვიცი, როგორ ანიჭებენ დიპტიქში ადგილებს, მაგრამ საქართველოს, ერთ-ერთი უძველესი ეკლესიის ჩამოქვეითება, ცოტა უსამართლო და არაქრისტიანულიც კი მგონია.
– საქართველოზე ძველი ეკლესიაა კვიპროსის, მაგრამ დიპტიქში მეათე თუ მეთერთმეტე ადგილზეა, თუმცა მესამე საეკლესიო კრებამ მიანიჭა ავტოკეფალია, ოღონდ, არ არის საპატრიარქო ეკლესია. საპატრიარქო ეკლესიებს შორის რუმინეთი, ბულგარეთი და სერბეთი ჩვენზე წინ დააყენეს ბერძნებმა, იმიტომ, რომ ჩვენი ავტოკეფალია ცნეს მხოლოდ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში.
– უსამართლობაა, არადა, ჩვენ ვლაპარაკობთ ეკლესიაზე, სულიერებაზე, ქრისტიანობაზე.
– ბერძნები ძალიან ეშმაკურად იქცევიან. ისინი გვეუბნებიან, თქვენ უნდა მოითხოვოთ მეხუთე ადგილიო, რაც ნიშნავს, რომ მათ უნდათ, დააპირისპირონ რუსეთისა და საქართველოს ეკლესიები. საქართველოს არ აქვს მეხუთე ადგილის პრეტენზია და თანახმა ვართ მეექვსეზე, მაგრამ, არა მეცხრეზე! საერთოდაც, ბერძნების დიპტიქში არ ვიყავით რამდენიმე ათეული წლის წინათ და მხოლოდ საქარველოს პატრიარქის ჩარევით ცნეს საქართველოს ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტული. მაშინ კეთილი ინებეს და მეცხრე ადგილზე დაგვასახელეს, მაგრამ მეცხრე ადგილი ნამდვილად  უსამართლობაა, იმიტომ, რომ ჩვენ რუმინელებზე, ბულგარელებსა და სერბებზე ადრე მივიღეთ ავტოკეფალია.
– რუსებზე ადრეც.
– 1589 წელს რუსეთს დაუმტკიცდა ავტოკეფალია; ფულით იყიდეს თუ ძალაუფლებით, უკვე აქვთ მეხუთე ადგილი. ახლა ჩვენზეა ლაპარაკი. მეექვსე ადგილი ნამდვილად გვეკუთვნის, მაგრამ ბერძნები მეცხრე ადგილზე გვაყენებენ.

скачать dle 11.3