ქართული სისხლის ფასი
თქვა რუქამ, ანუ ნიკოლამ არაკი?!
აქეთ – დიდი ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს, იქით – ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ეფიცება ფარულ ვნებას მოსკოვს, ოკეანის გადაღმა – დონალდ ტრამპს გაუსკდა სიყვარულის ბუშტი პრ. პუტინისადმი, სადღაც შუაში კი – ერთ დროს ევროკავშირისა და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი უძღვნის დითირამბებს კრემლს (ანუ, საითაც გავიქეცი, იქით წავიქეცი?!).
სულ ახლახან ზემოხსენებულმა ბ-ნმა სარკოზიმ სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მაღალ დონეზე შეაფასა რუსეთის როლი ევროპული და საერთაშორისო პრობლემების მოგვარებაში და უფრო მეტიც: რფ-ისთვის სანქციების მოხსნის სურვილიც გამოხატა (ეგ სურვილიანი, ეგა!).
თავიც კიდევ ერთხელ მოიწონა (მოვიხმობ ციტატას): „საქართველოს კრიზისი 4 დღეში ისე გადავწყვიტეთ (მთელი გულით ვუსურვებ საფრანგეთს კრიზისების ანალოგიურად გადაწყვეტას!), სიტუაცია ისე მოვაგვარეთ, რომ არცერთს თავისი სახე და ღირსება არ დაუკარგავს... “
და, რაც მთავარია, აღიარა: „ნატოს“ ბუქარესტის სამიტზე მე წინააღმდეგობა გავუწიე, სხვათა შორის, მადამ ანგელა მერკელთან ერთად საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას“, ოღონდ, იქვე დასძინა: „ჩვენ რომ ჯორჯ ბუშის დაბეჯითებული მოთხოვნისათვის დაგვეჯერებინა და საქართველო „ნატოს“ წევრად მიგვეღო, 2008 წლის კონფლიქტს უფრო მეტად სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა.“
რა თქმა უნდა, მოჰყვებოდა, ვინაიდან: ქართული სისხლი და მიწა ევროპულ სისხლსა და მიწაზე იაფიანია?! –