ყოფნა-არყოფნა?!
ის რომ მოდიოდა, ჩვენ მივდიოდით
სანამ ჩვენ გულისფანცქალით ველით, ევროკავშირის წევრობას ვინ ჩივის, უვიზო მიმოსვლას, დიდ ბრიტანეთში დიდ ევროპულ ოჯახში ყოფნა-არყოფნის მორიგი რეფერენდუმი ჩატარდა. მას მოსახლეობის 84-მა პროცენტმა შეაწია ხმა. გასული კვირის დაისზე კი ხმებიც დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ გასვლის მომხრეა 51,9 პროცენტი, ხოლო დარჩენილი 48,1 – დარჩენისა.
თუმცა საბოლოო სიტყვა ბრიტანეთი მრავალჭირნახულ პარლამენტზეა, ფაქტია, რომ ევროკავშირს ბზარი გაუჩნდა, რაც მასთან გაყრის მსურველებს კიდევ უფრო გაუცხოველებს ჟინს, ხოლო, თუ შედეგად შოტლანდიელებმაც მოითხოვეს რეფერენდუმით დიდ ბრიტანეთთან გაყრა, ევროპულ სახელმწიფოებსაც გაუჩნდებათ სეპარატისტული ბზარები.
ერთი სიტყვით, უცნობია, როგორ დასრულდება პროცესები, მაგრამ, შესაძლოა, ევროპის ტერიტორიაზე სახელმწიფოთა ოდენობა გაიზარდოს, რაც, ცხადია, კიდევ უფრო აბუნდოვნებს საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მცდელობა-ლტოლვას.
მეორე მხრივ, აშკარაა, რომ ამ ორომტრიალში ჩვენთვის ნაკლებად ეცლებათ, რაც ნიშნავს, რომ საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართულებები უნდა განვსაზღვროთ მხოლოდ საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან უკვე ბრმისთვისაც ნათელია, რომ ობლის კვერს დედობილ-მამობილისა თუ დედინაცვალ-მამინაცვლის იმედად გამოცხობა არ უწერია. –