მთავარი ჰოსპიტალი „ღია გული” – ყოველთვის თქვენს გვერდით
მთავარი ჰოსპიტალი „ღია გული” ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა, სადაც მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობაა. კლინიკამ დაარსებიდან დღემდე წარმატებით განვლო ბევრი საფეხური. მის სამომავლო გეგმებში კიდევ უფრო გაფართოება და ახალი მომსახურებების დამატება შედის. ჩვენ კლინიკის აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ დავით მიქელთაძესა და კლინიკის სამედიცინო დირექტორს, პროფესორ გიორგი მეგრელიშვილს ვესაუბრეთ.
დავით მიქელთაძე: „ღია გული” 2001 წელს შეიქმნა, 2002 წელს კი მან დაიწყო ფუნქციონირება. იმ დროისათვის ეს იყო პირველი მაღალტექნოლოგიური კლინიკა, სადაც განხორციელდა კერძო ინვესტიციები. 2002 წლის ივნისიდან, კლინიკაში წლების განმავლობაში ჩამოდიოდნენ კარდიოქირურგიული ბრიგადები შვეიცარიიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, რომლებიც ადგილზე აკეთებდნენ ოპერაციებს და პარალელურ რეჟიმში ტრენინგებს უტარებდნენ ადგილობრივ კადრებს. დაახლოებით 2006 წლიდან უკვე ჩვენმა ქირურგებმა თავად დაიწყეს დამოუკიდებლად ოპერაციების გაკეთება. დღეს ჩვენს კლინიკაში კეთდება ყველა სახის კარდიოქირურგიული ოპერაცია, რომელთა რიცხვი წელიწადში დაახლოებით ხუთასია; ამასთანავე, ჩვენთან განვითარდა ინტერვენციული კარდიოლოგია. 2012 წელს მიღებული გამოცდილებებიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გაფართოების გადაწყვეტილება და სახელმწიფოსგან შევიძინეთ ყოფილი მეხუთე სამშობიარო. ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად დაიგეგმა კლინიკის რეკონსტრუქცია. მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოში ფუნქციონირებს სხვადასხვა განყოფილება, რომელთა შორისაა ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრია.
გიორგი მეგრელიშვილი: მსოფლიოში არსებობს ცენტრალური – მთავარი ჰოსპიტლის მოდელი და ჩვენი კლინიკაც ამ მოდელის მიხედვით განვითარდა. ეს მოდელი გულისხმობს იმას, რომ კლინიკაში მოსულმა პაციენტმა შეძლოს ერთ სივრცეში მიიღოს მრავალპროფილური და მაღალი ხარისხის მომსახურება. ეს, პირველ ყოვლისა, პაციენტების უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. როდესაც ადამიანი შემოდის ჰოსპიტალში სხვადასხვა სახის ჩივილით, ჩვენი ექიმები ახდენენ დიაგნოსტიკას და ხდება პაციენტის შესაბამის განყოფილებაში მოთავსება; თუ საჭიროება მოითხოვს, მას ერთდროულად კურირებს რამდენიმე განსხვავებული პროფილის ექიმი, ანუ ჩვენ არ გვიწევს მათი გადამისამართება სხვადასხვა კლინიკაში.
– რა მიმართულებებია ჰოსპიტალში?
– ჰოსპიტალი ძალიან ბევრ დისციპლინას მოიცავს. არსებობს ორი ძირითადი მიმართულება: ქირურგიული და თერაპიული. ქირურგიული მოიცავს: აბდომინალურ და ზოგად ქირურგიას, პროქტოლოგიას, ანგიოქირურგიას, კარდიოქირურგიას, პლასტიკურ და აღდგენით ქირურგიას, ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიას. რაც შეეხება თერაპიულ მიმართულებას, აქ არის: ნევროლოგია, კარდიოლოგია, ზოგადი თერაპია, ფსიქიატრია და ასე შემდეგ. ერთ-ერთი წამყვანი ბლოკია რეანიმაცია და ინტენსიური თერაპია. რაც მთავარია, ჩვენთან არის ის იშვიათი გამონაკლისი, რასაც ჰქვია მრავალპროფილურ ჰოსპიტალში მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტი. ჩვენი კლინიკა იწყებს რეფერალური ანუ მიმართვითი ცენტრის სახელისა და ფუნქციის დამკვიდრებას. როდესაც ქალბატონები მოდიან სამშობიაროდ და მათ აქვთ რაიმე სახის თანმხლები დაავადება ან გართულება, ჩვენ ადგილზე, ყოველგვარი გადაყვანის გარეშე ვუწევთ მაქსიმალურ დახმარებას. ცოტა ხნის წინ გაიხსნა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამშობიარო განყოფილება, სადაც ყველანაირი კომფორტია შექმნილი მშობიარეებისთვის. რაც შეეხება ბავშვებს, გვაქვს ახალშობილთა და დღენაკლულთა რეანიმაცია, სადაც შექმნილია ყველა პირობა პრობლემური ბავშვების გადარჩენისა და გამოზრდისთვის. კლინიკაში, ასევე, ფუნქციონირებს ხელოვნური განაყოფიერების განყოფილება – ეს პროექტი ესტონელ კოლეგებთან ერთად განხორციელდა.
– რას გვეტყვით თქვენი ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალზე?
– ჩვენი მუშაობის სტილი დაფუძნებულია კორპორაციულ გამოცდილებაზე. ჩვენი ექიმების გუნდი შეკრებილია დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტებისგან, ორივე ერთად კი – პროფესიონალიზმი და გამოცდილება – არის პაციენტების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გარანტი. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კლინიკა სრულყოფილად არის ტექნიკურად აღჭურვილი და აქ არსებული რესურსი მაქსიმალურად გვაქვს ათვისებული. ამ მხრივ ჩვენი კლინიკა თამამად შემიძლია შევადარო ბევრ რეიტინგულ დასავლურ კლინიკას.
– როგორია ჰოსპიტლის სამომავლო გეგმები?
– ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება საქართველოში ერთ-ერთი ნაკლებად განვითარებული მიმართულების პაციენტების უზრუნველყოფა – ეს არის ფიზიოთერაპია და აღდგენითი მედიცინა. კლინიკიდან გაწერილი პაციენტები, ეს განსაკუთრებით ეხება ნევროლოგიურ, ორთოპედიულ, კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ პაციენტებს, რეალურად მიდიან სახლში და რეაბილიტაციის ეტაპზე რჩებიან თავიანთი თავის ანაბარა. ჩვენს შემთხვევაში, ისინი ყველა პრობლემის კლინიკაშივე მოგვარებას შეძლებენ. ჩვენ ვაპირებთ ამ კულტურის დამკვიდრებას, რომ ჩვენმა პაციენტებმა აღიდგინონ თავიანთი ჯანმრთელობის სტატუსი შესაბამის სპეციალიზებულ ცენტრში. გვინდა, რომ ეს ჯაჭვი იყოს უწყვეტი: როდესაც პაციენტი ჩვენთან გაიკეთებს ოპერაციას ან ჩაიტარებს სხვა სახის მკურნალობას, აქვე გაივლის რეაბილიტაციას და აბსოლუტურად ჯანმრთელი და შრომისუნარიანი დაუბრუნდება საზოგადოებას. ამისათვის კლინიკის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია მშენებლობა და მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა.
მისამართი: თბილისი, თემქა,
მე-11 მიკრორაიონი, I კვარტალი;
საკონტაქტო ტელეფონი:
ცენტრალური მისაღები –
+995 (32) 214-66-52; (10:00-17:00)
კარდიოლოგიური კლინიკა
„ღია გული“: +995 (32) 252-05-25
(10:00-17:00)
გადაუდებელი სამედიცინო დახმარება: +995 (32) 260-19-07 (24/7).
ვებ-გვერდი: www.openheart.ge