კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წვავდა ვატო კახიძე ნათურებსა და უთოებს და როგორ მოხვდა ის ასტროლოგიაში

 კომპოზიტორი და დირიჟორი ვატო კახიძე 14 წელია, თბილისის სიმფონიურ ორკესტრს ხელმძღვანელობს.  დიდმა მაესტრომ, ჯანსუღ კახიძემ, შვილს მაღალი თამასა დაუტოვა, რაც მისთვის  ყველაზე მთავარ  სწორებად იქცა. ამბობს, რომ  ყველაზე ემოციური იყო  მამის შეცვლა  სადირიჟორო პულტთან, მანამდე კი კომპოზიტორის საინტერესო და თავისუფალი ცხოვრება ჰქონდა.  მუსიკამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ   განსაზღვრა და მთავარი გატაცებაც  კი   აპოვნინა – ასტროლოგთა ოჯახში მოხვდა და,  უკვე ათეული წლებია, ამ საქმეს ვერ შეელია.   როგორია მისი ცხოვრება კადრს მიღმა, ამას თავად ვატო კახიძისგან შეიტყობთ, რომელიც საინტერესო მოსაუბრე და იშვიათი  რესპონდენტია.
ვატო კახიძე:  ბოლო წლებში  თითქმის სულ  ერთნაირი პერიოდი მაქვს: დატვირთული სამუშაო გრაფიკი, რეპეტიციები, კონცერტები, ახალი პროექტები. იმას გარდა, რომ ორკესტრის მთავარი დირიჟორი ვარ, ამ მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელიც გახლავართ და, შესაბამისად, ბევრი საორგანიზაციო საქმე  მაქვს გასაკეთებელი.  კონცერტი ისე რომ ჩატარდეს, როგორც ჩაფიქრებული იყო, ბევრი  საკითხის გადაწყვეტაა საჭირო და, ამას უკვე მივეჩვიე კიდეც –  მამას გარდაცვალებამდე თითქმის ათი წელი,  აქ საორგანიზაციო საქმეს მე ვუძღვებოდი – თვითონ გავათავისუფლე  მამა ამ საქმისგან, რომ შემოქმედებითად თავისუფალი ყოფილიყო. 
–  როდესაც მამის დატოვებულ საქმეს აგრძელებ, ემოციურად ადვილი არ  უნდა იყოს.
–  ყველაზე  ემოციური იყო მამას შეცვლა სადირიჟორო პულტთან – ასეთი დიდი დირიჟორის შემდეგ ითავო ორკესტრის ხელმძღვანელობა და შემოქმედებითი პოლიტიკა –  იყო ძალიან რთული, თუმცა, საკმაოდ მალე მოვირგე ეს როლი. უკვე 14 წელი გავიდა მამას გარდაცვალებიდან. ერთი მხრივ, თითქოს ეჩვევი ამას, მაგრამ, მეორე  მხრივ, მამის გარდაცვალება ყველასთვის მტკივნეულია,  განურჩევლად იმისა, სახელგანთქმულია ის თუ არა.  მე სულ მახსოვდა  ის პასუხისმგებლობა, რაც ახლდა  მამაჩემის საქმეს; სულ მაქვს სწორება იმ თამასაზე, რაც მან დატოვა. 
– მან განსაზღვრა თქვენი ცხოვრების პროფესიული გზა. სხვა არჩევანზე არ გიფიქრიათ?
– იმან, რომ მე მუსიკალურ ოჯახში დავიბადე და  მამაც და დედაც მუსიკასთან იყვნენ დაკავშირებულნი, ბევრი  რამ განსაზღვრა, თუმცა,    თავიდან ექიმობას ვაპირებდი – ძალიან კარგი პედიატრი იყო  დედაჩემის მამა, მაგრამ ის ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.  სკოლაში კარგად ვსწავლობდი და სერიოზულად ვფიქრობდი ექიმობაზე.  ნიჭიერთა ათწლედში ოთხი წელი ვისწავლე,  რომლის  დასრულების შემდეგ სამუსიკო ათწლედში კი არ გადამიყვანეს, ჩვეულებრივ სკოლაში გავაგრძელე სწავლა, რადგან არ მქონდა განსაკუთრებული სწრაფვა მუსიკისადმი. ოჯახში მეუბნებოდნენ, სამუსიკო შვიდწლედი მაინც დაამთვარეო და, აი, ზუსტად შვიდწლედში სწავლისას, ბოლო სემესტრში „გამეხსნა” მუსიკა.  ზოგი ბავშვობაშია ვუნდერკინდი  და მერე „იკარგება”, ზოგი 2-3 წლის ასაკიდან წერს მუსიკას, ზოგი გვიან – ყველას თავისი კარმული დანიშნულება აქვს.  ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად იპოვოს თავისი პროფესია, ისევე, როგორც უმნიშვნელოვანესია, სწორად იპოვო მეუღლე, მეგობრები. დღეს შემიძლია,  ვთქვა, რომ გამიმართლა – ზედმეტი დრო არ დავხარჯე იმისთვის, რომ ჯერ  სხვა მხარეს წავსულიყავი და  მერე უკან  დავბრუნებულიყავი მუსიკაში. როდესაც სამუსიკო სასწავლებელში ვაბარებდი,  იმ წელს, რატომღაც, არ იყო მიღება  საფორტეპიანო კლასში  და საგუნდო-სადირიჟოროზე ჩავაბარე.  მაშინ  უკვე ისე ვიყავი დაინტერესებული მუსიკით, საოცარ ტემპში გავიარე ის წლები. 16 წლისა კონსერვატორიის სტუდენტი  გავხდი და უკვე გავლილი მქონდა გარკვეული გზა: მიღებული მქონდა  გამოცდილება, დაგროვილი   მუსიკალური შთაბეჭდილებები. მამას იმ წლებში იმდენად აქტიური ცხოვრება ჰქონდა, სახლში იშვიათად ვხედავდი. როცა პროფესიულ არჩევანს ვაკეთებდი, მამა პოლონეთში მუშაობდა, ორი წელი გაატარა იქ. მაშინ უცხოეთთან  კავშირი იოლი არ იყო, პირველ წელს ერთი წერილი ძლივს გამოგზავნა. იმ დროს, როდესაც ბიჭს ძალიან სჭირდება მამა, ის ჩემ გვერდით არ იყო, თუმცა, როცა პოლონეთიდან ჩამოვიდა, უკან აღარ წავიდა – ბაბუა ინსულტის გამო ლოგინს იყო მიჯაჭვული და  ვეღარ  დატოვა. 
ვერ ვიტყვი, რომ მამის ფაქტორით როდისმე მისარგებლია.  იმ წლებში, როცა  ჩვენს ქვეყანაში არეულობა  იყო და ხელოვნებისთვის არავის ეცალა, ბევრმა დავკარგეთ იმედი – ამდენი ვისწავლეთ და, უცებ, არავის აღარაფერი უნდა!  ჩემი ბალეტი 4 წელი იდგმებოდა ოპერაში, მერე უცებ  ორი  მოცეკვავე წავიდა ოპერიდან – ვის რად უნდოდა ოპერა და ბალეტი!.. ეს იყო ძნელად გადასატანი წლები.  საათების განმავლობაში ვიდექი პურის რიგში. ჩემს ეზოში იყო პურის მაღაზია,  გამყიდველები ჩემი მეზობლები იყვნენ, მაგრამ მე არაფრით განვსხვავდებოდი სხვებისგან და საათობით ვიდექი რიგში. ასევე, მახსოვს ბენზინის რიგში გატარებული საათები. ამის მიუხედავად,  სულ რაღაცას ვიგონებდი, რომ თავი დამეღწია იმ  სიცარიელიდან. 1992 წლიდან ცოტა  ამოძრავდა საქმე – წამოვიდა შეკვეთები პარიზიდან,  მონტე-კარლოდან.  სანამ დირიჟორობაში „გავყავი თავი”,  ბევრი საქმე მქონდა.  იმის გამო, რომ ჯანსუღ კახიძის შვილი ვიყავი, არანაირი უპირატესობა არ მქონია, პირიქით, ზოგჯერ  ეს ხელის შემშლელი ფაქტორიც იყო – ვიღაცას  რომ ჰგონია, რომ მამის გამო მივაღწიე რამეს, ამას დიდი ხნის წინ შევეჩვიე. ჩემზე ისიც უთქვამთ, მამა უწერს მუსიკასო – ასეთებიც ყოფილა, ზოგჯერ ჩვენი ხალხი ძალიან კეთილმოსურნე ხდება  (იცინის). როდესაც მოსკოვში ვაბარებდი, მამა ჩვეულებრივი მშობელივით იდგა  კონსერვატორიასთან, მაშინ მას  არავინ იცნობდა იქ.  შვიდი წელი ვსწავლობდი მოსკოვის კონსერვატორიაში. იმ დროს  ეს სულ სხვა ქალაქი იყო. ყველას შეეძლო, ეპოვა თავისი თავი. მე გამიმართლა, რადგან, ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა   ცნობილი ორკესტრების ჩამოსვლა მოსკოვში.    ნიუ-იორკის სიმფონიურ ორკესტრს რომ მოუსმენ იმ ჩაკეტილი წრისა და  წლების შემდეგ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს. 
– გარდა მუსიკისა, რა გერგოთ მამისგან მემკვიდრეობით, ხასიათი? ამბობენ, ის ძალიან მკაცრი იყო, რაც თქვენზეც გამიგონია.
–  მკაცრი იყოო,  ამას ის ადამიანები ამბობენ, ვინც მის დისციპლინას ვერ ერგებოდა – ისინი, რა თქმა უნდა, იტყოდნენ მასზე ასე. სამაგიეროდ,  უამრავი ადამიანი იყო მის გარშემო, ვინც ამბობს, რომ ის იყო თბილი, ყურადღებიანი, მეგობრული, კარგი იუმორით. მამა ვერ იტანდა უნიჭობას, უზრდელობას, უსაქციელობას; პირდაპირ იცოდა თქმა – ამ მხრივ ვგავართ ერთმანეთს (იცინის). მეც  მომთხოვნი ვარ, თუმცა, ბევრს არ ვითხოვ. რეპეტიციაზე რომ არ უნდა დააგვიანდეს ორკესტრანტს და აქოშინებული არ უნდა შემოვარდეს ინსტრუმენტით, ეს ხომ  რთული არაა?!  ძილი მეც მიყვარს, მაგრამ, პანიკური შიში მაქვს დაგვიანების. მე თუ უნდა გავიჭირვო და  მოვიდე დროზე,  შენ რატომ არ უნდა მოხვიდე?! სულ ვამბობ, რომ რეპეტიციის ოთხი საათი ორკესტრანტისთვის არის ბედნიერება, როცა შეგიძლია, მიუძღვნა შენი თავი იმ პროფესიას, რომელიც აირჩიე. როგორც კი აქედან გახვალ, გაგგზავნიან  ბაზარში, აფთიაქში, მოხვდები ქორწილში, პანაშვიდზე – ასეა ეს ცხოვრება. ერთადერთი ადგილი, სადაც ბოლომდე შეგიძლია, მიუძღვნა თავი საყვარელ საქმეს, არის კონცერტი და რეპეტიცია. მე მიწევს, ვიყო მკაცრი, როცა ვიღაც არღვევს წესებს, თუმცა ჩვენი რეპეტიციები მაინც სამაგალითოა – ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებთ.
– მუსიკის გარდა, თქვენც ხომ ხვდებით სხვა სამყაროში? კადრს მიღმა თქვენი ცხოვრება როგორია?
–  რასაკვირველია, მიწევს ბევრი სხვა ყოფითი საქმის მოგვარება. მოწესრიგებულობა სხვისიც მომწონს და ჩემიც. კაცს როგორი ხასიათი  და ცხოვრება აქვს, რიგში დგომის დროსაც  კი ამოიცნობ, ან, თუნდაც, ავტომანქანას როგორ ატარებს – გაჰყევი უკან და „გაშიფრულია” (იცინის). მეც დამირღვევია წესები, მაგრამ ხშირად არა. ოჯახურ ცხოვრებაში ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული,  შვილები ბაღშიც მიტარებია  და სკოლაშიც. მამაჩემის გარდაცვალებამდე აქტიური  და საინტერესო კომპოზიტორული ცხოვრება მქონდა. იმდენი პროექტი  და შეკვეთა იყო როგორც აქ, ასევე უცხოეთიდან, მოცლის საშუალება არ მქონდა, თუმცა მომწონდა ის, რომ თავისუფალ რეჟიმში მიწევდა ცხოვრება. თუ ღამით „გეწერინება” მუსიკა, ღამე წერ, სულ არაა აუცილებელი, დილის 9 საათზე გაიღვიძო, შენ თვითონ გეგმავ შენს დღეს. როცა მიწევდა მუშაობა მსხვილი ფორმატის ნაწარმოებზე, მივდიოდი ხოლმე ბორჯომში, კომპოზიტორთა სახლში და თვეების განმავლობაში ვრჩებოდი  იქ – კოტეჯში ვიყავი ჩაკეტილი და ვმუშაობდი როგორც მონა.   
– შვილებმა გააგრძელეს კახიძეების პროფესიული  „დინასტია”?
–  ჩემი უფროსი შვილი, ანუკა, იესემში სწავლობდა ბიზნესსკოლაში, მაგრამ მერე მოტრიალდა მუსიკისკენ და კონსერვატორიაში ჩააბარა; უმცროსი შვილი მარჯანიშვილისა და სამეფო უბნის თეატრების მსახიობია და, ამავე დროს, კარგად მღერის. ვფიქრობ, არ დაირღვა ოჯახური ხაზი, ორივეს აქტიური  შეხება აქვს მუსიკასთან.    მუსიკასთან არის დაკავშირებული ჩემი მეუღლეც, რომელიც მრავალმხრივი ადამიანია. ის განათლებით ისტორიკოსი და  არქეოლოგია. ჩემი სიმამრი წლების განმავლობაში კაიროს კონსერვატორიის რექტორი იყო და მათ ოჯახს წლების განმავლობაში ეგვიპტეში მოუწია ცხოვრება. ჩემს მეუღლეს დამთავრებული  აქვს  კაიროს კონსერვატორია და კონცერტებზეც უკრავდა. ორი მუსიკოსის ერთად ცხოვრება ძნელია.  მას შემდეგ, რაც ჩვენი ცხოვრება გადაიკვეთა,   ჩემმა  მეუღლემ თავისი  გეგმები ჩემი კარიერის სანაცვლოდ გადადო, უნდა ვაღიარო, რომ საჩემოდ  (იცინის). მე ძალიან მადლობელი ვარ ჩემი მეუღლის, მას ბევრი რამ აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ მე მქონოდა საშუალება, მეკეთებინა ჩემი საქმე.  ვაღიარებ, რომ მარტივი არ იყო და არ არის ჩემთან ცხოვრება. დღეს ისეთი დაკავებული ვარ, ყველა საზრუნავი ჩემს მეუღლეს აქვს აღებული თავის თავზე. თუ გვერდით არაა ადამიანი, ვინც ზურგს გიმაგრებს და ბევრ რამეს გარიდებს, წარმოუდგენელია, წარმატებას მიაღწიო.  ვერ ვიტყვი, რომ სახლში ძალიან პრეტენზიული ვარ – ამის არაქათი აღარც მრჩება. ეს აქ რატომ დევს,  მასტიკა რატომ არ მოუსვი, უჩემოდ ფარდები რატომ დაკიდე და სხვა ასეთი ჭირვეულობები არ მჭირს (იცინის).
– ცნობილია, რომ კარგი კულინარი  და გასტრონომიული გემოვნებით გამორჩეული ადამიანი  ხართ.
– რატომ შემექმნა ასეთი იმიჯი, არ ვიცი. გურმანი ვარ, მაგრამ, კულინარი – ნამდვილად არა, ერბოკვერცხის შეწვაც კი არ ვიცი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მოვინდომო, კარგი კულინარი დავდგები. დედა იმერელი მყავს, იმერეთში საჭმლის მომზადება ხომ კერპის დონეზეა აყვანილი. როცა პატარა ვიყავი, ზაფხულობით ხშირად  ჩავდიოდით იმერეთში და კარგად მახსოვს ის დრო, თუმცა, მე მაინც უფრო ასფალტისა და კაფელის კაცი ვარ (იცინის). ამის მიუხედავად,  სოფლის პეწიც  ვიცი, იმერული სამზარეულოც და  კარგი ტყემლის გემოც. 
– როგორც ვიცი, თქვენი  ერთ-ერთი ყველაზე დიდი გატაცება ასტროლოგიაა.
–   ეს უკვე გატაცება აღარაა, გატაცება იყო მაშინ, როდესაც ათეული წლების წინ დავინტერესდი ამ ამბით. მე დღეს შემიძლია, ნებისმიერი ადამიანის ჰოროსკოპი შევადგინო, თუ მექნება მისი მონაცემები. ასტროლოგიით მაშინ დავინტერესდი, როცა გავიცანი ცოლ-ქმარი შტაინმაიერები. ისინი პროფესიონალები იყვნენ და მუსიკასთანაც ჰქონდათ შეხება. ვთხოვე, ჩემთვისაც ესწავლებინათ ასტროლოგია. თავიდან იფიქრეს, რომ ეს გატაცება იყო და მალე გამივლიდა, მაგრამ, მერე მიხვდნენ, რომ ეს გატაცება არ იყო და თვითონაც აენთნენ – ჩემამდე მოწაფე არ ჰყოლოდათ და, აბა რა იქნებოდა! ეს პროცესი მათთვისაც საინტერესო იყო. მათ ჰქონდათ ძალიან დიდი ლიტერატურა, რაც მათთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ისინი ამერიკაში, სან-დიეგოში წავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ასტროლოგიის მსოფლიო ცენტრია, მთელი ეს ლიტერატურა მე დამიტოვეს.
– რა „განძი”  ჩაგიგდიათ ხელში! დღეს მთვარის პოზიციის მიხედვით  გეგმავთ მნიშვნელოვან მოვლენებს?
– დიახ, გარეთ ისე არ გავალ, მთვარის პოზიცია  თუ არ  ვიცი (იცინის). ის ლიტერატურა, რაც მე წლების წინ დამრჩა, იმ პერიოდისთვის სერიოზული მასალა იყო. პლანეტა ურანი, რომელიც წარმართავს  ასტროლოგიას, ასევე, ელექტრობის პლანეტაც არის. როდესაც ადამიანი ინტერესდება ეზოთერიკული მეცნიერებებით, ურანი ძალიან  აქტიურდება და ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც: როდესაც სტუმრად მივდიოდი, ნათურები  გადაიწვებოდა ხოლმე – სუსტი ენერგოსისტემა ვერ უძლებდა ჩემს გააქტიურებულ ურანს, აი, უთოების გადაწვაზეც რომ გადავედი, მივხვდი, რომ იმ „ოჯახში” ვიყავი, რასაც ასტროლოგია ჰქვია (იცინის).

скачать dle 11.3