როგორ გახდა პაპუნა შარიქაძე სიმღერაში ნიუ-იორკის ჩემპიონი და რატომ მისცა მას „ბერკლიმ“ 4-წლიანი სწავლების სრული დაფინანსება
პიანისტი პაპუნა შარიქაძე „ბერკლის“ მუსიკალური კოლეჯის სტუდენტია. მას რამდენიმე წლის წინ „ბერკლიმ“ ოთხწლიანი სწავლება სრულად დაუფინანსა და ახლა „მუსიკალურ სამოთხეში“ კიდევ უფრო მეტს სწავლობს და გამოცდილებასაც იძენს.
პაპუნა შარიქაძე: 6 წლის ვიყავი, როცა პირველად გამოვამჟღავნე ჩემი მუსიკალური მონაცემები. აღმოჩნდა, რომ აბსოლუტური სმენა მქონდა, რაც, სავარაუდოდ, მამაჩემისგან გამომყვა. შემდეგ შემიყვანეს სამუსიკო სასწავლებელში, სადაც ვსწავლობდი კლასიკურ მუსიკას და პარალელურად ვმღეროდი ხალხურ ანსამბლ „ერქვანში“; ასევე, დავდიოდი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში. 11 წლის ასაკში „ანა-ბანაში“ გამოვედი, გავიმარჯვე და გამიშვეს პარიზის „დისნეი ლენდში“. 12 წლის რომ გავხდი, გარდატეხის პერიოდი მქონდა, ხმაზე პრობლემები დამეწყო და გადავწყვიტეთ, ცოტა ხანს გავჩერებულიყავი. რაღაც ხომ უნდა მეკეთებინა, ამიტომ, მამაჩემის სურვილით, დავიწყე ფორტეპიანოზე ჯაზის შესწავლა. მამაც ჯაზმენი იყო, მომღერალი, ნატო მეტონიძესთან ერთად მღეროდა კვარტეტში „სამს პლუს ერთი“. ერთ-ერთ კონკურსზე ფულადი ჯილდოც მოიგეს და იმ თანხით ვიყიდეთ ის სახლი, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. ისე ჩამითრია ჯაზმა და დაკვრამ, რომ სიმღერა მეორეხარისხოვანი გახდა. თუმცა, ჯაზის დაკვრა რომ დავიწყე, პარალელურად ვოკალურ კვინტეტში – აკაპელას ჯაზ-კვინტეტშიც დავიწყე სიმღერა, რომელიც მარინა ბერიძემ და ბუკა კარტოზიამ ჩამოაყალიბეს. უცხოეთში ძალიან ბევრ საერთაშორისო კონკურსზე მივიღეთ მონაწილეობა და პირველ-მეორე ადგილებზე გავედით, ვენაში სოლო კონცერტიც გვქონდა. მერე ნიუ-იორკშიც ვიყავით, სადაც მონაწილეობა მივიღეთ კონკურსში, რომელიც არ იყო საერთაშორისო – მხოლოდ ამერიკის მასშტაბით ტარდებოდა და ჩვენ ისე მოვეწონეთ, რომ ვიყავით ერთადერთი არაამერიკული ჯგუფი. ნახევარფინალში ავიღეთ პირველი ადგილი და გავხდით ნიუ-იორკის ჩემპიონები. ფინალი უკვე სან-ფრანცისკოში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა შტატის გამარჯვებული ჯგუფები მთელი ამერიკის მასშტაბით. ისე მოხდა, რომ ჩვენ ფინალში ნიუ-იორკი წარვადგინეთ და საბოლოოდ მეორე ადგილი ავიღეთ.
– რა იყო შენი, როგორც პიანისტის, პირველი წარმატება?
– 12 წლის რომ გავხდი, ნიჭიერთა ათწლედში ჩავაბარე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მოვხვდი ძალიან მაგარ პედაგოგთან – ზურა რამიშვილთან. მასთან რომ არ მოვხვედრილიყავი, შეიძლება, ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო. მან მთელი თავისი ენერგია ჩააქსოვა ჩემში. იმ დროს ვაკეში ჯაზ-კლუბი იყო, „ჯაზი საზღვრებს გარეშე“ ერქვა და ზურა იქ უკრავდა. მეც წამიყვანა და ყოველკვირა მაკვრევინებდა. მაშინ 13 წლის ვიყავი და ძალიან დიდი გამოცდილება და პრაქტიკა მივიღე. უფრო მეტად რომ განვვითარდი, ჯაზ-ფესტივალებში მონაწილეობა გადავწყვიტე. პირველი იყო ლატვიაში – საულკრასტის ჯაზ-ფესტივალი, შემდეგ იტალიაში – უმბრიის ჯაზ-ფესტივალი; საიდანაც დაიწყო ყველაფერი – იქ მოვიგე „ბერკლის“ საზაფხულო, ხუთკვირიანი სკოლის დაფინანსება. როცა ჯაზის დაკვრა დავიწყე, ჯერ კიდევ იმ დღიდან მქონდა „ბერკლისკენ“ გეზი აღებული და უცებ დავდექი ფაქტის წინაშე. თან, კონკურსი არც ყოფილა – აღმოჩნდა, რომ, თურმე, გაკვირდებიან და შემდეგ რამდენიმე ბავშვს არჩევენ, რომელთა შორის მეც აღმოვჩნდი. ზაფხულში ჩავედი „ბერკლიში” და ახლა იქ მოვიგე სწავლების სრული დაფინანსება. ის 5 კვირა ძირითადად „ბერკლის“ გაცნობა იყო, უფრო მეტად გასართობი და შესაგუებელი. ბოლოს იყო გამოცდა, სადაც გავედი და, ბოლო დღეს. ჯერ კონცერტი ჩატარდა, შემდეგ – დაჯილდოების ცერემონიალი, დაბალი დაფინანსებიდან დაიწყეს და ბოლოს გამოაცხადეს ისინი, ვინც სრული დაფინანსება მიიღო. ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს, არ ვიცი, რა დამემართა, აღარ მახსოვს. 4-წლიანი დაფინანსება მივიღე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. გარდა ამისა, დანარჩენ ხარჯებს მთლიანად კულტურის სამინისტრო მიფინანსებს, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. შემდეგ ერთი წელი საქართველოში ვიყავი და, 18 წლის რომ გავხდი, ჩავედი „ბერკლიში“. ზამთარში, როდესაც არდადეგები მქონდა, ნიუ-იორკში ჩავედი და გავჩერდი ნონა და გია შენგელაიებთან – თავად შემომთავაზეს მათთან დარჩენა. ძალიან თბილად მიმიღეს და წამიყვანეს ძალიან ცნობილ ჯაზ-კლუბ „ბერდლენდში“, სადაც მეპატრონე გამაცნეს. იქ ჯემ სეიშენი დამაკვრევინეს და მეპატრონე მისმენდა, რადგან შემდეგ ის წყვეტს, ხარ თუ არა ღირსი, დაგაკვრევინოს. ძალიან მოვეწონე და მითხრა, თებერვალში ერთ დღეს დაგითმობთო. ასე რომ, „ბერდლენდში“ ჩემი სოლო კონცერტი თებერვალში დაიგეგმა. ეს კლუბი ძალიან ცნობილი და ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ-კლუბია არა მხოლოდ ნიუ-იორკში, არამედ მთელ ამერიკაში. ძალიან ცნობილი მუსიკოსები უკრავენ. გავაკეთე ტრიო: მე, დრამერი, ბასისტი და ჩავატარეთ კონცერტი, რომელზეც ძირითადად ჩემი დაწერილი კომპოზიციები დავუკარით. ძალიან კარგად ჩაიარა. რაც მთავარია, ჩემს კონცერტზე მოვიდა ლეგენდარული ბასისტი ედი გომესი, რომელიც, დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ასაკშია, ჯაზში ერთ-ერთ საუკეთესო ბასისტად მოიაზრება. ის თავის დროზე ბილ ევანსთან ერთად უკრავდა. ნონამ და გიამ გამაცნეს და შემდეგ კონცერტზე დავპატიჟე, ემაილზე არც გაუცია პასუხი. დავინახე, როგორ იდგა სალაროსთან მარტო და ბილეთს ყიდულობდა და ძალიან გამიხარდა. რომ დამთავრდა, მოვიდა ჩემთან და თითოეულ კომპოზიციას სათითაოდ გაუკეთა კომენტარი – მითხრა, რა მოეწონა, რა არ მოეწონა.
– რა იყო „ბერკლიში“ სწავლისას შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
– მიდგომები ძალიან სხვანაირია, ლიბერალური, საერთოდ არ არის სიმკაცრე. შენ უკვე ზრდასრული ადამიანი ხარ, იცი, რა გჭირდება, რა არა და, რასაც საჭიროდ ჩათვლი, ის იმეცადინე. შენ თუ არ გინდა, არავინ არ აიტკიებს თავს. სტრესს არ განიცდი, რაც ძალიან მომწონს. პედაგოგები არიან უმაღლესი დონის; მუსიკის ყველა სფეროს ეხები, სწავლობ მუსიკალურ პროგრამებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი პიანისტი დანილო პერეზი – ძალიან ცნობილი და კარგი პედაგოგი. მასტერკლასებსაც გვიტარებდა და კერძო გაკვეთილებიც მქონდა. ასევე, გავიცანი ცნობილი ბასისტი ჯონ პატიტუჩი და მასთანაც მქონდა გაკვეთილები. არის სიტუაციები, თვითონ უკრავენ და უცებ დაგიძახებენ: მოდი, ერთად დავუკრათ! ასე ხშირად ხდება და დამიკრავს მათთან ერთად. როცა მათთან მივდივარ, პირველი, რასაც ვეუბნები, არის: „მე საქართველოდან ვარ და ბექა გოჩიაშვილის მეგობარი ვარ”, რადგან მათ ძალიან უყვართ ბექა და ერთხელ მაინც აქვს ბექას მათთან დაკრული. ამ სიტყვების შემდეგ უკვე კარგად განეწყობიან და მიმეგობრდებიან. ერთი ძალიან კარგი პედაგოგი მყავდა – ტენეს ბლანშარდი, ცნობილი მესაყვირეა და მის ანსამბლში მოვხვდი. მას „ბერკლის“ სტუდენტებისგან აქვს გაკეთებული ანსამბლი, რომელსაც თავად მენტორობს. „ბერკლიში“ რამდენიმე კარგი ანსამბლია, მათ შორის – ჰალკრუკის, რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადია – ყველას უნდოდა მასთან მოხვედრა, რადგან ერთ-ერთი საუკეთესი პედაგოგია. ეს წელი „ბერკლიში” მისი ბოლო წელი იყო, რადგან უკვე ასაკშია და განსაკუთრებით დიდი კონკურენცია იყო. მე მოვასწარი და მოვხვდი მის ანსამბლში. ამისთვის სპეციალურ გამოცდას გადიხარ და შემდეგ პედაგოგი წყვეტს, აგიყვანოს თუ არა. მთელი წლის განმავლობაში ანსამბლებში ყოველკვირა გაქვს რეპეტიციები, ბოლოს კი – კონცერტი.
– რატომ აკეთებენ პედაგოგები შენზე არჩევანს, რა მოსწონთ შენში, როგორც პიანისტში?
– ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ვარ უკვე გამართული, ჩამოყალიბებული მუსიკოსი; მეუბნებიან მუსიკალურად თანამედროვედ აზროვნებო. პირველად ტენესთან რომ მქონდა გაკვეთილი, მანაც მითხრა: ვინ იყო თბილისში შენი მასწავლებელი, უკვე ჩამოყალიბებული პიანისტი ხარო. „ბერკლიში“ პიანისტებს შორის დიდი კონკურენცია ვერ დავინახე. ბევრი კარგი ბასისტი, დრამერია, მაგრამ პიანისტები არა. ჩემთვისაც კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ვინმე, რომელიც მართლა ჩემი კონკურენტი იქნებოდა. ზოგადად, კონკურენცია, როგორც ასეთი, არ არსებობს, უბრალოდ, როცა ვინმე უკეთესია, უფრო მეტი მოტივაცია გაქვს. ვერ გეტყვით, რომ რომელიმე პიანისტისგან მივიღე ისეთი მუხტი, რომ მერე მეც მომინდა, ბევრი ვიმეცადინო.
– სამაგიეროდ, შენ აძლევ სხვა პიანისტებს ასეთ მუხტს.
– ალბათ. თუმცა, სხვა მუსიკოსებისგან ვიღებ ამ მუხტს, რადგან „ბერკლიში“ ისეთი სტუდენტები არიან... ესაა ჯაზის მომავალი თაობა.
– შენს თავს არ ხედავ მათ შორის?
– თავმდაბლობის გარეშე რომ გითხრათ, ვხედავ და, მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
– „ბერკლიში“ ხომ არ აპირებ ვოკალის გაკვეთილების აღებას?
– „ბერკლიში“ მებრძვიან: არ უნდა დაანებო სიმღერას თავი, იმღერეო. სტუდენტებმა შემთხვევით ნახეს ჩემი ვიდეოები და გაგიჟდნენ – ეს შენ ხარო?! მე თავი დავანებე იმას, რასაც ბევრი წელი შევწირე. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ პიანისტი გავხდებოდი. „ბერკლიში“ ადვილია, ავიღო ვოკალის გაკვეთილები. პირველ წელს ვერ მოვაბი თავი, მაგრამ მივაქცევ ყურადღებას.