რის გამო თქვა ალეკო ბეგალიშვილმა თავიდან უარი დუდუს როლზე და შეჰქმნია თუ არა მას „წამლისგან” პრობლემები
მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ალეკო ბეგალიშვილი, რომელსაც მთელი საქართველო დუდუს სახელით იცნობს (სერიალიდან – „ჩემი ცოლის დაქალები“), სინამდვილეში ძალიან განსხვავდება საკუთარი გმირისგან. მსახიობს საკუთარ პერსონაჟზე, განვლილ ცხოვრებაზე, კინოსა და თეატრზე ვესაუბრეთ.
– თავიდან არ მომწონდა „დუდუობა“, მაწუხებდა, მერე ნელ-ნელა შევედი მუღამში. სერიალების მიმართ ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და, როლი რომ შემომთავაზეს, უარიც კი ვთქვი – რა სერიალი-მეთქი. მითხრეს, წვერი უნდა გაიპარსოო, რისი შანსიც არ იყო, რადგან ამ დროს სხვა პროექტზე ვმუშაობდი, სადაც წვერი და თმა მჭირდებოდა. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ უარი ვთქვი, მაგრამ მერე მითხრეს: დამტკიცებული ხარ, არ გინდა არც ქასთინგი და არც არაფერიო და, რაც მთავარია, წვერმა და თმამაც გაამართლა. დუდუც ხომ სტერეოტიპებს ამსხვრევს – შარვალ-კოსტიუმიანი და „გალსტუკიანი” ტიპი არაა. მე ცხოვრებაში საერთოდ სხვა, გაცილებით რბილი ტიპი ვარ. არადა, ვინც არ მიცნობს, ჰგონია, რომ მისნაირი ვარ. დაურეკავთ და უთხოვიათ კიდეც – ჩემს შვილს ჭკუა დაარიგეო. მე ვის რა უნდა დავარიგო, ჩემი თავის ვერაფერი გამიგია (იცინის).
– არც შვილებთან ხართ დუდუსავით მკაცრი?
– არა, რა მკაცრი, კაცო! კი ვჩხუბობ და ვჯაჯღანებ, მაგრამ, უფრო თანატოლების დონეზე ვურთიერთობთ. ბიჭთან არ მაქვს კონფლიქტები, აი, გოგოსთან უფრო ხშირად ვკამათობ და ისიც არ მითმობს. ისეთ ასაკშია, როცა თავისი შეხედულებები უყალიბდება და, ვცდილობ, გავუგო; ყოველ შემთხვევაში, არ ვზღუდავ. თავისუფლება მე თვითონაც ძალიან მიყვარს და, არ მესმის, შვილები რატომ უნდა შევზღუდო.
– თქვენ როგორი ბავშვი იყავით?
– აუჰ, მაგარი „ბრადიაგა“ ბავშვი ვიყავი. ფაქტობრივად, მარტო ვიზრდებოდი. მშობლები მუშაობდნენ – დილიდან საღამომდე რეპეტიციები და სპექტაკლები ჰქონდათ. მე ბებიასთან, მამის დედასთან ვიყავი, აბა, ის როგორ დამაკავებდა და სულ ქუჩაში ვეგდე (იცინის). თუმცა ძველბიჭურად არ მიცხოვრია, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეგეთი ცხოვრების წესი იყო. მე ბავშვობიდან უფრო ლიბერალი ვიყავი. არადა, ისეთ უბანში გავიზარდე, რომ მარტო ჩვენთან ხუთი ქურდი იყო. თუმცა ისინი ჩვენთვის არ იყვნენ ქურდები, რადგან ერთად გავიზარდეთ.
– ეგრეთ წოდებული „გარჩევები“ არ გქონდათ უბანში?
– ერთი ებრაელი ბიჭი გვყადა უბანში, „იზრაელას“ ვეძახდით. ერთხელ სახლში მომადგა – ვიღაც ტიპებთან შეხვედრა მაქვს და წამომყევიო. დიდი მოჩხუბარი მე არ ვიყავი, მაგრამ უარი როგორ უნდა მეთქვა?! გზაში შემთხვევით ჩემი ორი მეგობარი შეგვხვდა და, აღმოჩნდა, რომ ჩანთაში ველოსიპედის ჯაჭვი ედოთ. რად უნდოდათ, არ ვიცი, მაგრამ ბედად კი აღმოაჩნდათ. ისინი კაი მოჩხუბარი ტიპები იყვნენ, ოღონდ ჩხუბი გაეგოთ და მაშინვე მირბოდნენ. როცა გაიგეს, რა საქმეზეც მივდიოდით, რა თქმა უნდა, წამოვიდნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძმაკაცები იყვნენ და, თან, ამ „იზრაელასაც“ იცნობდნენ. მოკლედ, ზუსტად იმდენი დაგვხვდნენ, რამდენიც ჩვენ მივედით და დაიწყო „რაზბორკა“. მე ჩემთვის შორიახლოს ვიდექი, არც ვუსმენდი მათ. უცებ ჩხუბი ატყდა და, ვხედავ, ყველას ვიღაც შეხვდა პირისპირ – დაწყვილდნენ, რა! მეც ერთი ტიპი გამეჩითა. მახსოვს, დიდი, თავმოტვლეპილი ქურთის ბიჭი იყო. მიყურებს, ვუყურებ... აშკარად ჩვენც უნდა გვეჩხუბა. სანამ მე რამე მოვიფიქრე, იმან თავი გამოაქანა, შუბლი ცხვირში დამატაკა და უცებ სახეზე სითბო ვიგრძენი. ხელი მოვისვი, დავხედე და, ვხედავ, სისხლში მაქვს ამოსვრილი. ეტყობა, სისხლის დანახვაზე გადამეკეტა და გიჟივით ხელების ქნევა და გინება დავიწყე. როგორც ჩანს, არაადეკვატური გავხდი და იმას მაგრად შეეშინდა. ის გარბოდა, მე უკან მივდევდი და თან საშინლად ვაგინებდი. მახსოვს, იძახდა, ნუ მაგინებო (იცინის). ყველა გაჩერდა და ჩვენ მოგვცვივდა. ჩემმა ძმაკაცებმა სისხლიანი რომ დამინახეს, ამ ტიპს ეცნენ, შუაში მოიქციეს და სულ ის ველოსიპედის ჯაჭვი ურტყეს თავში. ისე წავიდა ბაზარი, რომ დანარჩენები ჩემებს ეხვეწებოდნენ, ეგრე ნუ სცემთ, დაინდეთო. მე ერთმა გვერდზე გამომიყვანა – იქვე წყალი იყო და პირს ვიბანდი. ეს ბიჭი ისევ წრეში ჰყავთ ჩაყენებული და მიდის ძიძგილაობა. მეგობარი მომიბრუნდა და მეუბნება, მიდი ახლა და დაარტყიო. მეთქი, მაიცა, რა დავარტყა, რომელი მოჩხუბარი მე ვარ... თან, ამ გაბრაზებამაც უკვე გამიარა. მაგრამ, ეს არ მეშვება – უნდა დაარტყაო, ბოლოს დამაგინა. სხვა გზა არ იყო, მივედი, ესენი გვერდზე გავწიე, მოვიქნიე ხელი და, არ ვიცი, ასეთი რა დავარტყი, დიდი ძალღონიანი ტიპი მე არ ვარ, მაგრამ, ფაქტია, რომ ყური გაეხა და სისხლმა გაასხა. ყველა გაგიჟდა, ამდენსაც არ ელოდნენ. მოკლედ, იმათი ჩხუბი გადაიზარდა ჩვენსაში და მეორე დღისთვის ორი „რაზბორკა“ დაინიშნა. უკვე ავტორიტეტები ჩავრთეთ საქმეში და მეორე დღეს მთელი კუკია ჩამოვიდა და მთელი ვარანცოვი დავხვდით (იცინის). თუმცა ის ბიჭი საერთოდ აღარ გამოჩენილა – არც იმ დღეს და არც არასდროს. ამიტომ, მხოლოდ პირველი საქმე გაირჩა და მოჩხუბრებიც შეარიგეს.
– სასმელთან ან „წამალთან” დაკავშირებით თუ შეგქმნიათ იმ პერიოდში პრობლემები?
– პრობლემები არ მქონია, თუმცა, სიმართლე რომ გითხრა, თავის დროზე „წამალიც” გამისინჯავს და სასმელზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. რაღაცეებიც მიყლაპია და ცუდადაც გავმხდარვარ – ერთხელ ვაგზალზე ძლივს მომასულიერეს. რაღაც სულელური ტაბლეტები ვიყიდე აფთიაქში, 30 თუ 50 კაპიკი ღირდა და 6 ცალი დავლიე. იმ საღამოს მე და ჩემი მეგობარი სამეგრელოში მივდიოდით მატარებლით. სანამ მატარებელი ბაქანზე ჩამოდგა, მე ბარგის „ნასილკებზე“ მასულიერებდნენ. მეგობარმა მირჩია, ძალიან მაგარიაო, თვითონ წინა დღით 10 ტაბლეტი ჰქონდა დალეული და კინაღამ მომკვდარა. თოვლში იწვა ტიტველი ტანით. მოკლედ, რაღაც საგიჟეთი იყო, კინაღამ დავიბრიდე. მერე ჯარშიც მომიწია ცუდი რაღაცეების გასინჯვა, თან კრასნოდარის მხარეში ვმსახურობდი, სადაც ეგეთი რამეები ბლომად იყო, მოსაწევი ქუჩაში იზრდებოდა. რომ გითხრა, დიდი მოყვარული ვიყავი და მორფინისტი გავხდი-მეთქი – არა, მაგრამ, გამისინჯავს. მერე ისე მოხდა, რომ მაგით ჩემი ძალიან ახლო მეგობარი გარდაიცვალა და, მივხდი, რომ სისულელეა, რა... გვიან, მაგრამ მაინც...
– სკოლაში როგორი იყავით?
– სკოლაში მაგარი ზარმაცი ვიყავი, სულ ვაგვიანებდი. იყო ასეთი კედლის გაზეთი – „შოლტი“, რომელშიც ზარმაც და ოროსან მოსწავლეებს აკრიტიკებდნენ და მასში მეც მოვხვდი. ერთმა ჩემი კარიკატურა გააკეთა: თავთან მაღვიძარა რეკავს და მე თვალები მაქვს დაქაჩული (იცინის). დღესაც ასეა – ყველგან დაგვიანების პრობლემა მაქვს. მეექვსე კლასში მე და ჩემს ორ მეგობარს „ბითლზებზე“ გადაგვეკეტა. მეორე გაკვეთილის შემდეგ თითქმის ყოველთვის ვიპარებოდით, ერთ-ერთთან მივდიოდით, მამამისისეულ ორ-სამ ჭიქა არაყს გადავკრავდით, „ბითლზებს“ ჩავრთავდით, ვუსმენდით და ვტიროდით (იცინის). სკოლას სულ ვაცდენდით და სულ საშემოდგომოები გვქონდა. მერე ნელ-ნელა ჯგუფი შევქმენით და სხვადასხვა საღამოზე გამოვდიოდით. თავიდან სკოლაში ტუალეტებთან ვუკრავდით, ერთი შრომის მასწავლებელი გვყავდა – გელა, რომელმაც ანსამბლი „სუნი“ დაგვარქვა ტუალეტთან დგომის გამო (იცინის).
– ოჯახზეც გკითხავთ. სამი ძმა იყავით, სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ უფროსი ძმა – მსახიობი ზურა ბეგალიშვილი გარდაიცვალა.
– ციროზით გარდაიცვალა. ფაქტობრივად, მაგის ხელში ვარ გაზრდილი. მამას სხვა ოჯახი ჰქონდა და ჩვენთან არ ცხოვრობდა. ყურადღებას არ გვაკლებდა, მაგრამ მამის მაგივრობა უფრო უფროსმა ძმამ გამიწია. ეგ მაკონტროლებდა და შემოურტყამს კიდეც (იცინის). კაი მაკვარანცხი ტიპი ვიყავი და ვაგიჟებდი, ნერვებს ვუშლიდი მასაც და დედასაც. ერთხელ დედაჩემის ახალი, ძალიან მაგარი ჩექმა ავიღე, ჩავიცვი, მუხლებზე ამოვჭერი, დავდიოდი და გავიძახოდი, ფანფან ტულპანი ვარ-მეთქი და მაგისთვისაც მომხვდა (იცინის). მერე ფეხებზე რეზინის ხელთათმანები ჩავიცვი მამალი ვარ-მეთქი, „ქანდარაზე“ შევდექი და იმდენი ვიხტუნავე, სარდაფში ჩავვარდი და ძლივს ამომათრიეს იქიდან. იყო პერიოდი, მე და ჩემი მეგობარი ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი ვიყავით: ღამის 4 საათზე მივდიოდით, სარდაფებს ვთხრიდით და განძს ვეძებდით. ზურას რაც შეეხება, მისგან ძალიან ბევრ რამეს ვიღებდი, მუსიკის სიყვარულიც მისგან ვისწავლე – დიდი მელომანი იყო. კი, ცოტას ძველბიჭობდა, როლებიც ისეთი აქვს და ასეც იცხოვრა, მაგრამ, ძალიან მაგარ მუსიკას უსმენდა. ერთი პერიოდი „ბითლზებზე“ რომ „შევჯექი”, მითხრა, მარტო ეგ არაა კარგიო და ბევრი მაგარი ვიღაც მომასმენინა. თან, მეგობრები ჰყავდა უცხოეთში და ისეთი ფირფიტები ჩამოსდიოდა, თბილისში აზრზე რომ არ იყვნენ. მეორე ძმა, ბადრი – უმცროსია. ჩვენ ცოტა მოგვიანებით დავიწყეთ ურთიერთობა. ის ცალკე ცხოვრობდა, მამასთან ერთად, 6 წლის იყო, რომ გავიცანი და მას მერე სულ ერთად ვართ: ერთ თეატრში ვმუშაობთ, პარტნიორებიც ვართ და ძმაკაცებიც.