კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ეძებდნენ სტალინი და გერმანელები ხვამლის მთაზე

რა საიდუმლოს მალავს ხვამლის მთა? მის შესახებ ცნობებს „ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ. ამ მთას ბევრი მითი უკავშირდება, რომელთა დიდი ნაწილიც წყაროებით დასტურდება. ხვამლის მთა არის მეფეთა განძთსაცავი; სწორედ აქ არის მიჯაჭვული პრომეთე (ქართული მითოლოგიით – ამირანი); აქ იყო ცნობილი ოქროს საწმისი და ამ მთას მოადგნენ არგონავტები მის ხელში ჩასაგდებად. როგორც ჩანს, ხვამლი უძველესი ცივილიზაციის კერაა და, შესაბამისად, არქეოლოგებისთვის აურაცხელი მასალის საბადო, თუმცა მისი ბოლომდე შესწავლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ხვამლის მთის შესახებ მკვლევარსა და რეჟისორ დავით გოგუაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც მისი საიდუმლოების შესახებ ორი ფილმი გადაიღო.
დავით გოგუაძე: „მეცამეტე საუკუნეში ჯალალ-ედ-დინის  შემოსევით ძალაგატეხილი საქართველო მსოფლიო დამპყრობლებს – მონღოლებს შეეჯახა და დამარცხდა. „ქართლის ცხოვრებაში” ვკითხულობთ: „მაშინ არღარა იყო ღონე. დაამტკიცეს, რათა გაყონ სამეფო და საჭურჭლე ორად. დააჩნინეს თავადნი სამეფოსანი და განყვეს ორად. თბილისი – ორად, ქუთათისი – ორად და თავადნი და ერისთავნი ურთიერთ შეასწორეს ნიკოფსიით დარუბანდამდის. და განყვეს  სამეფო და საჭურჭლისი, გარდა ხვამლისა ქვაბისა, რომელი იდვა. მცირე გამოიღეს და გაიყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს. ხოლო იგი ჯაჭვსა ხელდებული სალმასური და თვალი იგი პატივცემული გრდემლი და მარგალიტი იგი დიდი, რომლისა სწორი არავის სადა უხილავს, ესე სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიხვდა“.
– სად მდებარეობს მეფეთა განძთსაცავად მოხსენიებული ხვამლის მთა?
– ხომლის, ანუ იგივე ხვამლის კლდოვანი მასივი ისტორიულ ლეჩხუმში მდებარეობს, მდინარე რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის. ზედა უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2 002 მეტრია. მასივის სიგრძე – 10,5 კილომეტრი, სიგანე – 7 კილომეტრი. კლდის მასივი 300 მეტრითაა ამოზიდული და მნახველზე გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს. იგი იურული პერიოდის კირქვებისგან არის აგებული. უხვი მღვიმეებითა და მიწისქვეშა წყალსატევებით მთლიანად კარსტულ მასივს ქმნის. ხვამლის მთას ლეჩხუმელები თაყვანს სცემენ, როგორც ამინდისა და ჭექა-ქუხილის ღმერთის სამყოფელს. გარშემო მცხოვრებნი მის მიხედვით საზღვრავენ ამინდს.
– როგორც ვიცი, რამდენიმე ექსპედიცია განხორციელდა ამ მთაზე. თუ იპოვეს იქ ისტორიულად ცნობილი განძი?
– 1944 წელს ხვამლზე ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით 11-კაციანი ექსპედიცია ავიდა. მათ ექვსი დღე დაყვეს იქ, ვერაფერი ნახეს და დაასკვნეს, რომ განძი იქიდან დიდი ხნის გატანილი ყოფილა. საინტერესოა, რომ მანამდე, 1939 წელს, ალიოშა ჯაფარიძე აქ ორ მუშასთან ერთად ყოფილა ასული იმავე მიზნით. როგორც ამბობენ, იგი სტალინის პირადი დავალებით მოქმედებდა.  1944 წელს გერმანიის არმიის ხელმძღვანელობამ სტრატეგიულად ყოვლად გაუმართლებელი მანევრი განახორციელა და კავკასიის მთებში დესანტი გადმოსხა. ელიტურმა სამთო დანაყოფმა – „ედელვაისმა“, კავკასიის მთავარი ქედის უმაღლეს მწვერვალზე, იალბუზზე, მესამე რაიხის დროშა ააფრიალა. „ედელვაისი” მარუხის უღელტეხილზე ქართულმა სამთო დივიზიამ გაანადგურა. დღესაც დაზუსტებით არავინ იცის, რას ემსახურებოდა გერმანელთა ეს ოპერაცია. არის მოსაზრება, რომ ისინი კავკასიის მთებში წარსულის საიდუმლო რელიკვიებს ეძებდნენ.
– მხოლოდ მეფეთა განძი იგულისხმება იქ არსებულ სიმდიდრეში თუ სხვა რამეც?
– არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულმა ბრინჯაოსა და რკინის ნივთებმა კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი ვარაუდი ამ ტერიტორიაზე მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არსებობის შესახებ. ამ ადგილებში დაფიქსირდა განვითარებული მეტალურგიის კერა. წიდები და მადნის ზოდები, ფაქტობრივად, მიწის ზედაპირზე იყო მიმოფანტული. ხვამლს გაცილებით მეტის მოცემა შეუძლია, ვიდრე დღეს არის ჩვენთვის ცნობილი. ბოლო გათხრებზე ისეთი წრიული ნაგებობები ვნახეთ, რომლებიც მანამდე აფხაზეთის ტერიტორიის გარდა არსად იყო დაფიქსირებული. მათ „აცანგუარებს“ ეძახიან და მიაწერენ მითიური, პატარა, დაბალი ტანის ადამიანების ნამოქმედარს. ეს ნაგებობა გავთხარეთ და შიგ აღმოვაჩინეთ მინერალი ჰემატიტი, რომლის შემადგენლობაშიც 70 პროცენტი რკინაა. საერთოდ, ძველ სამყაროში რკინის წარმოების დაწყება კავკასიას უკავშირდება.  რაჭაში იყო სოფლები, რომლებიც მხოლოდ მისი მოპოვებითა და გადამუშავებით იყვნენ დაკავებულები და ტექნოლოგიას საიდუმლოდ ინახავდნენ. ჩვენი ექსპედიცია 2006 წლიდან დაიწო გურამ გაბიძაშვილის მეთაურობით, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა და ბოლო წლებში ჩვენ მოგვიწია ექსპედიციის გაგრძელება დავით სულხანიშვილის ხელმძღვანელობით.
– მოსახლეობა ხვამლის მთას მისტიკურ მოვლენებს უკავშირებს: მოჩვენებები, ქალის ლანდები, კივილის ხმები და ასე შემდეგ...
– ექსპედიციის დროს ღამით ვიყავით გამოქვებულში და მთელი ღამის განმავლობაში უცნაურ ნათებას ვხედავდით. რომ ჩამოვედით, ადგილობრივებმა გვკითხეს, რას ისროდითო, არადა, ჩვენ არაფერს არ ვისროდით, ნათება სხვა რამემ გამოიწვია. რა ხდებოდა იქ, რა ბუნებრივ პროცესებთან გვაქვს საქმე, ამის დადგენას კიდევ ცალკე კლიმატოლოგიური შესწავლა სჭირდება.
– იმასაც ამბობენ, ყველა დაიღუპა, ვინც კი ამ მთის შესწავლა სცადაო.
– დიახ, ასეთ ამბებსაც უკავშირებენ ამ მთას. ჩვენი ექსპედიციიდან ორი ადამიანი დაიღუპა: გურიკა ექსპედიციის დროს გარდაიცვალა გულით, ახლახან კი, პაკო სიმონიშვილი, პოეტი, რომელთან ერთადაც ხვამლის მთის შესახებ გადაღებულ ფილმზე ვმუშაობდი – კიბოთი. თუმცა, მათი გარდაცვალების უშუალო მიზეზი ხვამლი არ გამხდარა, ამ შემთხვევაში, მთელ ექსპედიციას უნდა დაგვმართნოდა რამე. თუმცა ფაქტია, რომ ამ მთას ბევრი მითი უკავშირდება და არაერთი მათგანი სხვადასხვა წყაროებით დასტურდება კიდევაც.
– ამ მთას უკავშირებენ პრომეთეს, ოქროს საწმისსა და არგონავტების მითსაც. მოგვიყევით მათ შესახებ.
– ამ გამოქვაბულიდან წლის სხვადასხვა პერიოდში გადმოედინება მდინარის მძლავრი ნაკადი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის ხან ცხენისწყლის ხეობისკენ მიდის, ხან – რიონის. როგორც ჩანს, გამოქვაბულის სიღრმეში არსებობს რაღაც სისტემა, რომელიც წლის სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად მოქმედებს. ამასთან დაკავშირებით ლეგენდაც კი არსებობს: თურმე იქ გველეშაპია გაწოლილი და, საითაც გადაბრუნდება, წყალსაც იმ მიმართულებით უცვლის გეზსო. შემოდგომით შეიძლება გამოქვაბულში შესვლა, ჩვენც შევედით, მაგრამ, 50 მეტრის გავლის შემდეგ სიფონს (მიწისქვეშა წყალსატევი) გადავაწყდით და შევჩერდით. საინტერესოა ფაქტი, რომ ამ ქვაბულს ვერძისთავა ეწოდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის დაკავშირებული უნდა იყოს არგონავტებთან და ოქროს საწმისთან. მითებიდანაა ცნობილი, რომ იოს დავალებით ჰერაკლე უნდა აუყვეს ფასის მდინარეს (დღევანდელი რიონი), მარცხენა მხარეს მიადგეს გამოქვაბულს, საიდანაც წყალი გადმოედინება, გადააგდოს ეს წყალი, შევიდეს შიგ და გაათავისუფლოს პრომეთე. ჰერაკლემდე კი აქ არგონავტები მოვიდნენ. აპოლონ როდოსელი თავის „არგონავტიკაში“ წერს: „იქ, კუტაიას ხმელეთზე და კირკეს ველზე ამარანტის შორეული მთებიდან მომდინარე მორევიანი ფაზისი მოაგორებს თავის ფართო ნაკადს ზღვისკენ... ვაჟკაცების ხელმარცხნივ ახლა იყო მაღალი კავკასიონი, აიას ქალაქი ქუტაისი“. სწორედ აქ მოესმათ არგონავტებს პრომეთეს გმინვა, რომლსაც ზევსის არწივი უკორტნიდა ღვიძლს. დღეს კავკასია ზოგადი სახელია მთათა მასივისა, ძველ დროში კი, როგორც ჩანს, რომელიღაც კონკრეტულ მთას ან კლდეს ერქვა, სადაც  პრომეთე იყო მიჯაჭვული. ამაზე მიუთითებს არიანეს ჩანაწერები და სტრაბონის ცნობები, რომელთა თანახმადაც, პრომეთე და კოლხ იბერთა გმირი (ამირანი) ერთი და იგივე უნდა იყოს. ხვამლის კლდე პრომეთეს მიჯაჭვის ადგილად მოხსენიებული აქვს მწერალ ფანტასტ ჟიულ ვერნს სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი“: „სწორედ აქ, ამ მთებში, ჰორიზონტზე რომ აღმართულა ხომლის კლდეზე, რომელიც თანამედროვე ქალაქ ქუთაისს გადაჰყურებს, ციური ცეცხლის მამაცურად მოპოვების გამო მიაჯაჭვეს პრომეთე, რომელსაც სვავი სამარადისოდ უკორტნის გულს“. ასე რომ, მრავალი წყაროს თანახმად, პრომეთე სწორედ ხვამლის მთაზე ყოფილა მიჯაჭვული, ხოლო მის მიერ მოტაცებული ზეციური ცეცხლი გარკვეულ ცოდნასთან ასოცირდება, რომელმაც კაცობრიობა განვითარების სულ სხვა საფეხურზე აიყვანა. ბერძენთა გმირები კოლხეთში ოქროს საწმისისთვის მოვიდნენ, რომელიც არესის ჭალაში ინახებოდა და რომელსაც უზარმაზარი გველეშაპი სდარაჯობდა. ერთი შეხედვითაც კი, ხვამლის მასივი გაწოლილი გველეშაპის ასოციაციას იწვევს. მისი სახელი – ხვამლი – ცასთან არის დაკავშირებული და „ვარსკვლავთ კრებულს” ნიშნავს, რასაც კოსმიური დატვირთვა აქვს. ძველ დროში ასტრონომიულ ცოდნას ფლობდნენ ქურუმები და ისინი ამბობდნენ: „ყველაფერი, რაც ხდება დედამიწაზე, აისახება ცაზე და – პირიქით”. იან გეველის ატლასში ჰიდრას თანავარსკვლავედს თუ მოვძებნით, უცნაურ პარალელს გავავლებთ ხომლთან: გაწოლილ ვეშაპს თასი ზურგზე ადგას, კუდთან კი ყორანი ზის. ჰიდრას ქვემოთ „არგოს“ თანავარსკვლავედია, გვერდით – კენტავრის, რომელსაც ძველად „მხედარი” ერქვა. შეიძლება, წარმოვიდგინოთ, რომ ეს თასი იგივე გრაალია – ოქროს საწმისი, ის უძველესი და საკრალური ცოდნა, რომლის დაუფლებასაც ასე ცდილობდნენ ბერძნები. ეს ყორანი კი სწორედ ის მტაცებელია, რომელიც კავკასიის, ანუ ხვამლის კლდეზე მიჯაჭვულ პრომეთეს უკორტნის გულ-ღვიძლს.
– როგორც ვიცი, თქვენ გაშიფრეთ ხვამლის კედელზე აღმოჩენილი ნახატები. რა ინფორმაცია მიიღეთ მათგან?
– კვლევებმა მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ კედელზე არსებული ნახატები კოსმოგონიურ სფეროს უნდა განეკუთვნებოდნენ და, შეიძლება, მასში რამე იყო დაშიფრული. ფიგურები ზოდიაქოს ნიშნებს გამოსახავენ. ესენია: მერწყული, თხის რქა, ცხენზე მჯდომი მერკური და ვენერა – იგივე ისიდა და ოსირისი, მშვილდოსანი, პატარა ცხენი და შუბოსანი მეომარი – იგივე მარსი, მზის სიმბოლო და ოთხკუთხედში ჩახაზული გასაღები, რომელიც ანკის გასაღებს – ოსირისისა და ისიდას ყველაზე წმიდა სიმბოლოს ჰგავს. არსებობს სპეციალური პროფესიული ასტრონომიული პროგრამები, რომელიც საშუალებას გვაძლევს, აღვადგინოთ ვარსკვლავიანი ცის მათემატიკური მოდელირება წარსულის ნებისმიერ დროს, დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან. კედელზე გამოხატული ფიგურების განლაგებამ გვიკარნახა, მოგვეძებნა პლანეტების შესაბამისი წყობა ვარსკვლავიან ცაზე. ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა. კვლევის დროს ვეყრდნობოდით იმ ვარაუდს, რომ ეს უნდა ყოფილიყო გაზაფხულის ბუნიობა – 18-21 მარტი, საიდანაც ძველად ბევრი ხალხი იწყებდა ახალი წლის ათვლას.  ამან გაამართლა და ბოლოს შევძელით მსგავსი კონფიგურაციის დადგენა. რაც უნდა საოცარი იყოს, ეს აღმოჩნდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5604 წლის 18 მარტი, დილის 9 საათი და 11 წუთი. დროის ამ პერიოდში მზის, მარსის, მერკურისა და ვენერას განლაგება მერწყულის, თხის რქისა და მშვილდოსნის თანავარსკვლავედში ხდება; აქვეა პატარა ცხენის თანავარსკვლავედიც. აღსანიშნავია, რომ მთვარე ამ მომენტში უხილავია, ანუ ცის იმ ნახევარსფეროშია, რომელიც ჰორიზონტს ქვემოთაა. ალბათ, სწორედ ამას მიგვანიშნებს ფიგურა, რომელიც ოთხკუთხედშია ჩახაზული.  შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს კომბინაცია არ მეორდება არცერთ სხვა წელს. ჩვენი გაოცება გამოიწვია იმან, რომ ეს რიცხვი ემთხვევა როგორც შუმერთა წელთაღრიცხვის დასაწყისს, ასევე, ქართულ ქორონიკონს, რომელიც დასაბამიდან აქამომდე, თანამედროვე გადათვლით, ზუსტად 5604 წელია. ჩნდება კითხვა: რატომ მაინცდამაინც 5604 წელი? ისტორიიდან ცნობილია, რომ თითქმის ყველა ხალხი თავის წელთაღრიცხვას იწყებს რამე განსაკუთრებული მოვლენიდან. ამ შემთხვევაშიც, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო და, თანაც, ეს ხვამლის კლდესთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. მითის მიხედვით, კლდეზე მიჯაჭვული პრომეთე აფრთხილებს თავის შვილს, დევკალიონს, მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ, რომელიც ზევსმა უნდა მოუვლინოს ადამიანთა მოდგმას და ურჩევს, ააგოს ხომალდი-კიდობანი. ეს ისტორია სხვადასხვა ვარიაციით მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის მითებშია მოცემული. საერთოდ, ძველეგვიპტელი ქურუმები ამბობდნენ, რომ დედამიწაზე რამდენიმე წარღვნა იყო. წარღვნის ისტორია ერთ-ერთი მთავარია ბიბლიაშიც და მის შესახებ მოგვითხრობს ძველი შუმერული ეპოსი „გილგამეშიანიც“. საინტერესოა, მაინც როდის იყო ბოლო წარღვნა? 1998 წელს ორმა ამერიკელმა მეცნიერმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის გეოლოგებმა – უილიამ რაიანმა და უოლტერ პიტმანმა, გამოაქვეყნეს მტკიცებულებანი შავ ზღვაში ბოსფორის სრუტიდან წყლის მასიური მოვარდნის შესახებ, რომელიც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 5600-5700 წლებში უნდა მომხდარიყო. მანამდე შავი ზღვა დიდი მტკნარი ტბა იყო, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 8000 წელს კავკასიისა და კარპატების მთებში კლიმატის გლობალური ცვლილების, ყინულის დნობის შედეგად ჩამოყალიბდა. შემდეგ კი, 5600 წლისთვის, დედამიწაზე კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ოკეანეების დონის აწევა გამოიწვია. წყლის უზარმაზარმა მასებმა ბოსფორის კლდოვანი ბარიერი გაარღვია და საშინელი სისწრაფით ჩაიღვარა შავ ზღვაში. შედეგად შავი ზღვის დონე 100 მეტრით აიწია, 155 000 კვადრატული კილომეტრი დაფარა და მნიშვნელოვნად გააფართოვა სანაპირო ზოლი შავი ზღვის დასავლეთით და ჩრდილოეთით. ამასვე ადასტურებს ცნობილი არქეოლოგი ბალარდი, რომლის წყალქვეშა ექსპედიციამაც თურქეთის სანაპიროსთან, 100 მეტრ სიღრმეზე ადამიანთა საქმიანობის კვალი აღმოაჩინა. ბრაიან-პიტმანის თეორიის თარიღი – ძველი წელთაღრიცხვის 5600 წელი – საოცრად ემთხვევა შუმერთა და ქართველთა წელთაღრიცხვების დასაწყისს – 5604 წელს. ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ ხვამლის კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქვაბულის კედელზე არსებული პიქტოგრამა სიმბოლურად გადმოგვცემს უძველესი ქართული წელთაღრიცხვის დასაწყისის თარიღს. ის ათვლას იწყებს იმ უდიდესი კატასტროფიდან, რომელიც მაშინდელ მსოფლიოში მოხდა. როგორც ჩანს, გადარჩენილმა მოსახლეობამ მთებს შეაფარა თავი, ხოლო ქურუმებმა, რომლებიც ფლობდნენ ასტონომიულ ცოდნას, ხვამლის კლდეზე დაგვიტოვეს კატასტროფისა და ახალი ცხოვრების დაწყების თარიღი. ხვამლის მთაზე არსებული უძველესი ასტრონომიული ნაშთები კი გვაფიქრებინებს, რომ საქმე უძველეს ობსერვატორიასთან გვაქვს

скачать dle 11.3